e2-e4

დედოფლის ბედნიერებისთვის მებრძოლი პაიკის ბლოგი

Archive for აგვისტო 2009

ერთგული თაგვი

with 5 comments

Mouse Erectus - Homo Sapiensცვლილებების დროა ჩემს “მინისტრთა კაბინეტში”, კერძოდ კი სიზმრის მინისტრია გადასაყენებელი, რა არის სულ ვირთხები რომ მესიზმრება. ეს რა უბედურებაა, ეს რა დოზანაა! წუხელაც ერთ ხელში ცოცხი მეჭირა, მეორეში იატაკის ჯოხი და მთელი ღამე თინეიჯერ წრუწუნებს დავდევდი მოსაკლავად.  ე.ი. სიზმრის მინისტრს გადავიყვან ახლადშექმნილ ექსპერიმენტების სამინისტროში, იყოს იქ და ატაროს ექსპერიმენტები თავის ვირთხებზე, სიზმრის სამინისტროს კი შევუერთებ სიმშვიდის სამინისტროს – არ მინდა მე არც ფერადი და არც შავ – თეთრი ზმანებები.

სხვათაშორის მსოფლიოში უკვე 100 წელია რაც თაგვებზე ცდებს ატარებენ და მე ახლა მაინც ავუწყო ფეხი მეცნიერების პროგრესს. თაგვებზე ცდებს 100 წლის უკანაც ატარებდნენ, მაგრამ ოფიციალურად 1909 წელს ჰარვარდის უნივერსიტეტის მეცნიერმა გამოიყვანა “სუფთა ხაზის” თაგვები და აქედან იწყება მრავალი ექსპერიმენტი. ახლა გეტყვით რას ნიშნავს “სუფთა ხაზის” თაგვი. საქმე იმაშია რომ ცდების ჩასატარებლად საჭიროა ერთგვაროვანი გენეტიკური მონაცემების მქონე ცხოველები, მათი გამოყვანა კი იმბრედინგის საშუალებით მოახერხა კლარენს კუკ ლიტლმა ჰარვადიდან. იმბრედინგის პრინციპი ასეთია: ერთი წყვილის შთამომავლობას აჯვარებენ ერთმანეთს, შემდეგ მათ ნაშიერებს აჯვარებენ და ასე რამოდენიმე თაობის შემდეგ გამოდის “სუფთა ხაზის” ლაბორატორიული თაგვი. ერთი სიტყვით იმბრედინგი არის ინცესტი ცხოველებს შორის. იმბრედინგის გზით გამოყვანილი თაგვები გარდა იმისა რომ ერთნაირი გენეტიკა აქვთ, ადვილადაც მრავდებიან. ლაბორატორიული თაგვი 5 –7 კვირაში აღწევს სქესობრივ სიმწიფეს, ფეხმძიმობის პერიოდი კი 20 დღე გრძელდება.  ამის გარდა ისინი უფრო ამტანები არიან, ზომით პატარები, ცოტა საჭმელი ჰყოფნით და ა. შ. მათ არსებობა ძალიან მძიმე პირობებში უწევთ.მანათობელი თაგვი თაგვების დღე იწყება დილის გამამხნევებელი ვარჯიშით, მბრუნავ ბორბალზე წონასწორობის დაცვის სავარჯიშოებით, ორიენტაციისთვის ლაბირინთში ძრომიალი, ინექციების მიღება… მაგრამ ისინი ამით თავის ვალს იხდიან ადამიანების წინაშე. ასეთი თაგვი კი მსოფლიოში ყოველწლიურად 25 მილიონია საჭირო. წარმოიდგინეთ ერთ “მშვენიერ” დღეს ყველა თაგვი ერთდროულად რომ გაიქცეს ლაბორატორიებიდან, როგორც ქართულ ფილმ “უძინართა მზეში” მოხდა. მაშინ კი ყოველ ფეხისნაბიჯზე შეგვხდება: “პელე” (ვა, პელე, ცოცხალი ხარ ტო?! ) “სოკრატე”, არისტოტელე”…

უკანესკნელ წლებში მეცნიერებმა ნობელის პრემია მიიღეს იმის გამო, რომ მათ მოახერხეს მწვანედ მანათობელი თაგვების გამოყვანა. მათ თაგვებში ადამიანის ნეირონები გადანერგვის გზით გამოიწვიეს შიზოფრენია და აუტიზმი, რაც როგორც წესი ცხოველებს არ ემართებათ. შეიქმნა თაგვები რომლებსაც კატის არ ეშინიათ. ერთგულების გენის დახმარებით კი ისეთი ერთგული მამალი თაგვი მიიღეს, რომელიც თავის მეუღლეს არ ღალატობს…

უცნობი მითოლოგიური არსებაერთგულებაზე და ექსპერიმენტებზე ფრანგი მწერლის, პოლ ბურჟეს რომანი – “ცოდვა სიყვარულისა” – გამახსენდა. წიგნის მთავარი გმირი საშინელი ეჭვით არის შეპყრობილი ცოლის მიმართ – მიუხედავად იმისა რომ ქალი არანაირ საფუძველს არ აძლევს ეჭვიანობისთვის – ამის გამო იგი უახლოეს მეგობარს დახმარებას სთხოვს. ჩანაფიქრის მიხედვით, მეგობარი, თავის მეუღლეს უნდა გაეარშიყოს და თუ ქალმა თავი შორს დაიჭირა მაშასადამე ცოლი პატიოსანია. თავიდან მართლაც არაფერი არ ხდებოდა საგანგაშო, მაგრამ ქმარმა თავისი სულელური (რა რბილი ნათქვამია) ცდებით იმდენი მოახერხა რომ ბოლოს პატიოსანი ცოლიც დაკარგა, უახლოესი მეგობარიც და სანაცვლოდ კი ორი დიდი რქა ამოუვიდა თავზე. აბა რა ეგონა დიდი ხნის მანძილზე ცოლს განზრახ რომ ტოვებდა სხვა მამაკაცთან.

ამით იმის თქმა მინდოდა, რომ ადამიანის და თაგვის ჩონჩხის მსგავსების მიუხედავად, ადამიანი თაგვი არ არის და მასზე უგუნური (ისევ რბილია) ცდების ჩატარება არ შეიძლება!

Advertisements

Written by ჯორჯ პაიკი

აგვისტო 28, 2009 at 01:27

მონოლოგი სატელეფონო ხულიგანთან

with 13 comments

სატელეფონო ხულიგანი

გასულ კვირას დიდი ოდენობით ჯგუფ “The Beatles” ვუსმინე, რამაც რამოდენიმე თვის უკან მეგობრისადმი მიწერილი წერილი გამახსენა. მაშინაც ბითლზის მუსიკის ფონზე გადიოდა დღეები. მუსიკა საშუალებას იძლევა ასოციაციებით ბევრი რამ წარმოვიდგინოთ. მაგალითად კლასიკური მუსიკის მოსმენისას თვალწინ წარმომიდგება ხოლმე ლამაზი მინდვრები, პეპლები, მოზუზუნე ფუტკრები… ძალიან არ მიყვარს ფუტკრის კბენა და ალბათ მაგის გამოა რომ კლასიკურ მუსიკას ნაკლებ დროს ვუთმობ, ვაიდა ფუტკარმა მიკბინოს?! ამიტომ ვუსმენ ბითლზს და ვფანტაზიორობ. ესეც ძველი წერილი მცირე შესწორებებით:

ახალგაზრდა ყმაწვილკაცი 15 კვადრატული მეტრის ფართობის ოთახში ზის თავის საყვარელ კომპიუტერთან და genius-ის ფირმის დინამიკებით “The Beatles”–ის სიმღერებს უსმენს. ამავდროულად იგი მარცხენა ხელისგულზე ლოყა დაყრდნობილი სტატიას კითხულობს ინტერნეტში: –“Саудовские женщины против мужчин-продавцов белья”. აი რას ამბობს 20 წლის სტუდენტი რანა ჯადი: “Девушки очень стесняются, когда покупают белье у продавцов-мужчин, дающих советы насчет размеров. Это просто ужасно, когда они говорят “я думаю, это тебе будет мало, а это – слишком велико”. Продавец смотрит на тебя оценивающим взглядом. Это ужасно неприлично…”

ამ დროს, სრულიად მოულოდნელად, ლურჯი ფერის ტელეფონი აზარუნდა… ალო, გისმენთ… დუმილი. რამოდენიმე წამში კავშირი წყდება. 2 წუთის შემდეგ კვლავ ისმის ტელეფონის ზარის ხმა, გისმენ, პასუხობს ბიჭი. (ბიჭს გიორგი ჰქვია) ისევ სიჩუმე… გიორგი გაბრაზდა, ტელეფონის ყურმილი მარჯვენა ხელიდან მარცხენა ხელში გადაიტანა და კბილებში გამოცრა – გ ი ს მ ე ნ. აშკარა იყო რომ კაბელის მეორე მხარეს გართობის ხასიეთზე მყოფი სატელეფონო ხულიგანი გოგონა იყო. გოგონა იმიტომ რომ მისი მკერდისმიერი სუნთქვის ხმა ბიჭმა კარგად გაარჩია. ბითლზიც გოგონებს უმღეროდა – “Girl”. გიორგის გაბრაზებამ მალევე გაუარა და ხუმრობის ხასიათზე მოვიდა, – ხოდა უსმინე, ბითლზმა პირადად შენ მოგიძღვნა ეს სიმღერა, მერე რა რომ იმ დროს დაბადებულიც არ იყავი – მიმართა უცნობს. რადგან გოგონა ხმას არ იღებდა ახალგაზრდამ მონოლოგი განაგრძო.

– რა გქვია? გინდა შენი სახელი გამოვიცნო? შენ არც მეტი, არც ნაკლები Michelle გერქმევა, როგორც ბითლზის ამ სიმღერას ”Michelle”… დინამიკებმა ხმას მოუმატეს.

– იცი რა პრობლემები აქვთ შენს არაბ თანატოლებს? მოგიყვე? – დუმილი თანხმობის ნიშანიაო და მანაც ყველაფერი დაწვრილებით უამბო გოგონას რაც იცოდა.

– ნამდვილად რევოლუციის დროა არაბეთში, ასე გაგრძელება აღარ შეიძლება. ბითლზმა გიორგის მხარი აუბა სიმღერით “Revolution”.

– ეხ გოგონი, გოგონი… შენ სულ არ გადარდებს არაბების ბედი. შენთვის მხოლოდ სიყვარულია მთავარი – “All You Need Is Love”

– რა უცნაური ვინმე ხარ! შენთან შედარებით, ხარუკი მურაკამის რომანის, “Norwegian Wood”– ის (ბითლზის სიმღერაც არის ასეთი, აი მოუსმინე) ერთ–ერთი გმირი ქალი ახლოსაც ვერ მოვა უცნაურობით. მას კი კინოთეატრში პორნოგრაფიული ფილმების ყურების დროს მაყურებლების ნერწყვის ყლაპვის ხმის მოსმენა უყვარდა. მომწონს ორიგინალური ქალები!

– მოიცა, იქნებ ქართული არ გესმის? მაშინ უცხო ენაზე დაგელაპარაკები, ისევ და ისევ ბითლზის დახმარებით… “Ob-La-Di, Ob-La-Da”

– ვაა, მაინც ვერაფერი ვერ გავაგებინე ამ გოგოს. მიშველეთ, “Help!”

ყველაფრის მიუხედავად დუმილი მაინც არ დაირღვა და ბოლო აკორდმაც არ დააყოვნა – “Hello, Goodbye” – მგონო ჯობდა თავიდანვე ამ სიმღერით დამეწყო საუბარი…

P.S. ამბავი იმდენად არარეალურია რომ თავისუფლად შეიძლებოდა მომხდარიყო. მასში გამოყენებული სახელები სინამდვილეს არ შეეფერება, ნებისმიერი დამთხვევა შემთხვევითია.

Written by ჯორჯ პაიკი

აგვისტო 24, 2009 at 11:22

ფსიქეა, ანუ სად აქვს ამურს თავის მოფხანვის დრო

with 9 comments

უილიამ ბუგერო "ამური და ფსიქეა" სურათზე კარგად ჩანს, ამურს ორივე ხელი დაკავებული აქვს და რომც უნდოდეს თავს ვერ მოიფხანს. გარდა ამისა სიყვარულის ღმერთს იმდენი შეყვარებული წყვილი ჰყავს მისახედი… სამაგიეროდ მე მაქვს ორივე ხელი თავისუფალი, ასე რომ თავს მოვიფხან და დავიწყებ წერას.

დიდი დრო არ გასულა მას შემდეგ რაც პირველად გავიგე ფსიქეაზე. პირველად მარაოს შესახებ წერის დროს ინფორმაციის ძიებისას მივადექი მას. მივადექი პირდაპირ საწოლში, სადაც იმ დროს, როცა მისი მეუღლე სახლში არ იყო, მივიდა დასავლეთის ქარის ღმერთი ეოლი და კოცნა დაუწყო. მერე მეუღლე დაბრუნდა და ნანახით გაბრაზებულმა ეოლს ფრთები დააგლიჯა. ხმაურზე ფსიქეას გამოეღვიძა, ძირს დაცვენილი ფრთები აიღო და მეუღლის სიმამაცით მოხიბლულმა კეკლუცად განიავება დაიწყო.

ფსიქეასთან დაკავშირებული მთავარი ლეგენდა  კი ასეთია: იყო ერთი მეფე, რომელსაც სამი ქალიშვილი ჰყავდა. მათგან ყველაზე უმცროსი – ფსიქეა – დიდი სილამაზით გამოირჩეოდა. მისი სილამაზის ამბავი მთელ დედამიწას მოეფინა – როგორც ღრუბელი ცას. ეს ყველაფერი ქალღმერთ ვენერას ყურამდეც მიაღწია. ფსიქეას სილამაზის მიმართ შურით შეპყრობილმა ქალღმერთმა მასზე შურისძიება გადაწყვიტა და იმდენი მოახერხა რომ ფსიქეას მამა იძულებული გახდა თავისი ულამაზესი ქალიშვილი მითითებული კლდის ძირში მიეყვანა და დაეტოვებინა, იქ კი გოგონა დრაკონს უნდა შეერთო ცოლად. როცა ფსიქეა მარტო დარჩა კლდის პირას, მოულოდნელად ქარმა დაუბერა და იგი ლამაზ, იდუმალებით მოცულ სასახლეში გადააქროლა. ფსიქეას დღისით უჩინარი არსებები ემსახურებოდნენ, ღამე კი ასევე უჩინარი არსება მასთან მიდიოდა და სიამოვნებას ეძლეოდნენ. ცხოვრობდა ასე ბედნიერად ფსიქეა თავის უხილავ მეუღლესთან ერთად. სანაცვლოდ კი მის წინაშე ფიცი ჰქონდა დადებული, რომ მისი ვინაობის დადგენას არ შეეცდებოდა, რადგან საიდუმლოს გამჟღავნება მათ ტანჯვას და განშორებას მოუტანდა. უმცროსი დის ბედნიერებით  გამწარებულმა უფროსმა დებმა ფსიქია დაარწმუნეს, ვითომდა მისი დრაკონი მეუღლე შეჭმას უპირებდა და სანამ რამე საშინელება მოხდებოდა თავად მიპარულიყო ქმართან და მოეკლა იგი. ერთ ღამეს, დებისგან წაქეზებულმა და საკუთარი ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად, მიცემული პირობა დაივიწყა, მძინარე ქმარს ანთებული ლამფით მიუახლოვდა და სახეზე შეხედა – საწოლში ულამაზესი ჭაბუკი, თვით ამური იწვა. მოულოდნელობისგან გაოგნებულ ფსიქეას ხელი აუკანკალდა, ლამფიდან ცხელი ზეთის წვეთი ამურის სხეულს დაეცა და მძინარე გამოაღვიძა.  პირობის დარღვევით და უნდობლობით შეურაწყოფილმა ამურმა ფსიქეა მიატოვა, გაუჩინარდა. შეწუხებულმა ქალმა აღარ იცოდა რა მოემოქმედებინა. დაეხეტებოდა აღმა – დაღმა და თავის ლამაზ სატრფოს ეძებდა. ბოლოს საკუთარ მტერთან, ვენერასთან მივიდა დახმარების სათხოვნელად. სილამაზის ქალღმერთმა ისარგებლა ფსიქეას უსუსური მდგომარეობით და დახმარების სანაცვლოდ საბრალო ქალს ისეთ დავალებებს აძლევდა, რომლის შესრულება ერთი შეხედვით წარმოუდგენელი იყო. თუმცა ფსიქეა სხვების დახმარებით და რაც მთავარია დიდი სიყვარულის მეშვეობით, ყველა დავალებას ასრულებდა, მიუხედავად ბევრი განსაცდელისა და ტანჯვისა. ერთი დავალების შესრულების დროს ფსიქეას ვენერას ჯადოქრობით ლეთარგიული ძილი დაეუფლა. თითქოს საშველი არსაიდან არ ჩანდა, მაგრამ დამწვრობის შედეგად მიღებული ჭრილობისგან გამოჯანმრთელებულმა და მეუღლისკენ გულმობრუნებულმა ამურმა მძინარე ფსიქეა იპოვა და გამოაფხიზლა. ამის შემდეგ ორივე ზევსთან წავიდნენ და ქალღმერთ ვენერასგან თავდაცვა სთხოვეს. ზევსმა გაიგო რა მათი დიდი სიყვარულის შესახებ, უსიტყვოდ დაეხმარა, ფსიქეას კი უკვდავება მიანიჭა. აი, ასე, დიდი სიყვარულითა და ბრძოლის წყალობით რიგითი მოკვდავი გახდა უკვდავი! შეყვარებულებს შეეძინათ შვილი, რომელსაც სიამოვნება დაარქვეს.

სიამოვნება, ფროიდის თეორიის მიხედვით, ფსიქოლოგიური აპარატის მუშაობის ერთ – ერთი პრინციპია დანარჩენ სამ პრინციპთან ერთად. ის სამი პრინციპი არ ვიცი რომელია, რადგან ფროიდი არ მაქვს წაკითხული. ფროიდი უბრალოდ იმიტომ ვახსენე რომ ჭკვიანი ტიპის იმიჯი შემექმნას. გარდა ამისა არ მაქვს წაკითხული აპულეუსის “მეტამორფოზები, ანუ ოქროს ვირი” სადაც როგორც ამბობენ ვრცლად არის მოთხრობილი ფსიქეას ლეგენდის შესახებ. მიუხედავად ყველაფრისა მე მაინც გავთამამდი და რაც ვიცოდი ის დავწერე. აბა რა ვქნა, როცა წერის სურვილი თავის მოფხანვის სურვილს უტოლდება და თან ამასობაში ორივე ხელი თავისუფალი მაქვს, რამე რომ არ დამეწერა არ შემეძლო.

პ.ს. ქართულ ინტერნეტსივრცეში (რომელიც ინტერნეტვაკუუმი უფროა) საინტერესო სტატიას მივაკვლიე, სადაც კარგად არის დაწერილი ფსიქეას ლეგენდის გარშემო. სტატია შეგიძლიათ თქვენც წაიკითხოთ.

cameti

with 3 comments

movida rigit mecamete postis dro. saqartvelo evropaao – amboben, amitom cametis uaryofit gavlenaze chvenc unda gvjerodes, radgan am warmodgenas safudzveli evropul kulturashi chaeyara. ase rom ar aris gamoricxuli postis kitxvis dros tqvens skams fexi mostydes, cheridan chagi chamovardes, kompiuteri davirusdes anda mxarze inkvizitoris achrdili shegexot xelit.
dzvelad 13 adamiani ertad tu sheikribeboda erti aucileblad mokvdebao – ase sjerodat. adamianma catambjenebis asheneba iswavla da gachnda mecamete sartulis problema. bevrgan metormetes, pirdapir metotxmete sartuli mosdevs. sastumroebsa da gemebze nomeri 13 otaxi ar arsebobs. aravin ambobs: bednierebisgan mecamete caze var. …da a.sh.
zogs mainc moswons ricxvi 13. piradad chemtvis sul ertia.
5 wlis ukan, 18 ivnis, saxlshi magidastan vijeqi, shemwvar erbokvercxs geaxlebodit da tan radio ”mwvane talgis” dilis gadacemas vusmendi, sadac imaze saubrobdnen tu ratom itvleba cameti uigblo ricxvad. samwuxarod versiebi cametis navsianobis shesaxeb agar maxsovs da amitom idzulebuli var posti davamtavro, satqmeli araferia. tqvensken xom mshvidobaa?
postis gamoqveynebidan erti wutis shemdeg. hoi saocrebav, es ra xdeba? me teqsti qartuli shriftit avkrife, aq ki latinuri asoebit gamoqveynda. vcdilob, magram araferi ar icvleba. martla ra tarsi yofila es 13. erti wutit, mxarze vigacis xelis shexebas vgrdznob…

Written by ჯორჯ პაიკი

აგვისტო 16, 2009 at 00:15

ბარიკადებზე

with 6 comments

იერომინ ბოსხი "შვიდი სასიკვდილო ცოდვა და ოთხი უკანასკნელი გარემოება"

დილიდან კომპიუტერთან გავმაგრდი და პოსტის დაწერა დავაპირე, მაგრამ სიზარმაცემ დიდი ბარიკადები აღმართა ჩემ წინაშე, გზა გადამიკეტა. იმის მაგივრად რომ რამე დამეწერა, საიტიდან საიტზე დავხტოდი ზამბარასავით. არადა რა კარგი თემა მქონდა მოფიქრებული – ზლატან იბრაგიმოვიჩის კეხიანი ცხვირი. “ბარსელონას” ახალი ფეხბურთელის ცხვირი უნდა დამეკავშირებინა ო’ ჰენრის ნოველასთან “ბედისწერის ხაზები.” ამ ნოველაში, მთავარ გმირს, ეგვიპტელი ხირომანტი ზოზო უწინასწარმეტყველებს და აცნობებს რომ შენი ცხოვრების უახლოეს მომავალში დიდ როლს ითამაშებს ადამიანი, რომელსაც კეხიანი ცხვირი აქვს, გვარში კი ასო “ო” ურევიაო.  მკითხავების ნაბოდიალების დაჯერება რა საკადრისია, თუმცა თუ ტობინივით თქვენი შეყვარებულიც გაუჩინარდება და თან კაპიკებით შეკოწიწებულ ფულსაც თან გაიყოლებს, არ არის გამორიცხული კეხიანი ცხვირის ჯადოსნური შესაძლებლობების ირწმუნო. იბრაგიმოვიჩის  “ბარსელონა” –ში გადასვლის ამბავი გავიგე თუ არა, მაშინვე ეგ ნოველა გამახსენდა. ყოველგვარი ცრუმორწმუნეობის და ზოზოსთან კავშირის გარეშე, როგორც “ბარსელონას” რიგითი გულშემატკივარი, ვფიქრობ რომ ზლატანი დიდ წვლილს შეიტანს გუნდის მომავალ გამარჯვებებში. ამის ყველა წინაპირობა არსებობს: კეხიანი ცხვირი, ასო “ო” მის გვარში და გრძელი, სწრაფი ფეხები, რომელთაც ბევრი ლამაზი გოლი აქვთ შეგდებული მეტოქეთა კარში.

აი, დაახლოებით რაღაც მსგავსის დაწერას ვაპირებდი მაგრამ მეზარებოდა. ამ დროს შემთხვევით გადავაწყდი ნიდერლანდიელი მხატვრის, იერომინ ბოსხის ნახატს “შვიდი სასიკვდილო ცოდვა და ოთხი უკანასკნელი გარემოება.” (თარგმანი ჩემია და არ ენდოთ) ნახატი შესრულებულია ხეზე, ზეთის საღებავებით, სავარაუდოდ 1475 – 1485 წლების პერიოდში. ამჟამად სურათი ინახება მადრიდის სახელგანთქმულ მუზეუმში – პრადო. ძველად კი იგი ესპანეთის მეფეს, პილიპე II ეკუთვნოდა, რომელიც თურმე ყოველთვის, სურათის დანახვისას ადამიანურ ცოდვებზე ჩაფიქრდებოდა ხოლმე. მეც მსგავსი რამ დამემართა…

სურათის ცენტრში გამოსახულია ღმერთი, როგორც სამყაროს ცენტრი, რომელიც ყველაფერს ხედავს. მის გარშემო დახატულია შვიდი ცოდვის ამსახველი ნახატები, ესენია: მრისხანება, სიხარბე, ვერცხლისმოყვარეობა, ნაყროვანება, სიზარმაცე, ავხორცობა და პატივმოყვარეობა. როგორც შეამჩნიეთ აქ არ არის ქურდობის ან კაცის კვლის ცოდვა. სპეციალისტები ფიქრობენ რომ ბოსხმა მხოლოდ ის ცოდვები დახატა რომელიც ადამიანის ხასიათში ზის. სურათის კუთხეებში გამოსახულია: ზედა მარცხენა მხარეს სიკვდილისწინა მდგომარეობა და ზიარება, მარჯვენა ზედა კუთხეში სამსჯავრო, სადაც ადამიანის განსჯა ხდება. დაბლითა კუთხეებში კი ჯოჯოხეთის და სამოთხის სურათებია დახატული. ბოსხის ქმნილება რთული კომპოზიციური გადაწყვეტით გამოირჩევა და ძალიან ბევრ სიმბოლოს შეიცავს, დატვირთულია უამრავი დეტალით, სურათზე წერია ციტატები საეკლესიო ლიტერატურიდან. ყველაფრის დეტალურად აღწერისგან თავს არ შეგაწყენთ. მთლიანობაში ნახატი საინტერესოა, ამასთანავე ყველაზე დიდაქტიკური მხატვრის შემოქმედებაში.

რომ არა ბოსხი, დღეს სიზარმაცეს ვერ დავამარცხებდი და ცოდვის ბარიკადებს, რომელიც ყოველი ფეხის ნაბიჯზეა, ვერ გადავლახავდი.

ეს სურათის დეტალებია, თუ არ დაგეზარებათ დააწკაპუნეთ და დიდი ზომით იხილეთ.

მრისხანება სიხარბე ნაყროვანება ვეცხლისმოყვარეობა

სიზარმაცე პატივმოყვარეობა ავხორცობა

ქალის ორი სისუსტე – ტვინი და ფეხსაცმელი

with 17 comments

წითელი ფეხსაცმელი

… არა, რას ბრძანებთ, ამ აზრს კატეგორიულად არ ვეთანხმები! რა სისულელეა! ძალიან გთხოვთ მეორედ აღარ თქვათ, სახის წინ წითელ ნაჭერს ნუ მიფრიალებთ.  უბრალოდ მინდოდა მყვირალა სიტყვებით დამეწყო და მაგიტომ გამოვიყენე ეგ ფრაზა სათაურად. ვის არ ქონია ისეთი მომენტი, როცა დაყვირება უნდა მასში დაგროვილი უარყოფითი ან დადებითი ემოციების გარეთ გამოსაშვებად, რომ შემდეგ თავი უფრო მსუბუქად იგრძნოს, ისე მსუბუქად თითქოს ზეცაში დაფრინავდეს. სულ ესაა… თქვენ კი რა იფიქრეთ, არ გრცხვენიათ?

პრინციპში მე სათაურის პირველ ნაწილს არ ვეთანხმები თორემ ფეხსაცმელი შეიძლება მართლა ქალის სისუსტეა, არ ვიცი. ის კი ვიცი რომ წითელი ფეხსაცმელი ქალის ფეხზე ძალიან მომწონს. წითელი ფეხსაცმელი მდედრობითი სქესის წარმომადგენლების მომხიბვლელობას, მიმზიდველობას და სექსუალურობას ერთი – ორად ზრდის. ამ დროს ქალი უფრო კეკლუცად გამოიყურება – გაბედულად და ავანტიურისტულად, თვალებში კი ეშმაკუნები უციმციმებთ.

დღეს “ბირჟაზე” ვიდექი. მარცხენა ფეხი მუხლის სახსარში მქონდა მოხრილი და ბეტონის ბორდიურს ვეყუდებოდი. ჩემ გარშემო  საკმაოდ ბევრი მზესუმზირის ნარჩენი ეყარა. ასეთ მდგომარეობაში ყოფნა მალევე მომბეზრდა. გადავწყვიტე ტვინის ორივე ნახევარსფერო უფრო აქტიურად გამომეყენებინა და რაიმე საინტერესოზე მეფიქრა. გადავწყვტილება მივიღე რომ ექსპრომტად ერთი პატარა ექსპერიმენტი ჩამეტარებინა. ჩემი მიზანი იყო გამვლელ გოგონებს და ქალბატონებს დავკვირვებოდი და დამეთვალა მათ შორის რამდენს ეცმებოდა წითელი ფეხსაცმელი. წარმოიდგინეთ… ვდგევარ ცალ ფეხზე, ხელში გასაღებს ვატრიალებ, შეძლებისდაგვარად ვიყენებ ტვინის ორივე ნაწილს და გამვლელებს ფეხებზე ვუყურებ. პირველად ორი ახალგაზრდა გოგონა გამოჩნდა, ერთმანეთს არ გავდნენ, ალბათ დაქალები იყვნენ, ერთს შავი, მეორეს კი მწვანე ფერის ფეხსაცმელი ეცვა. შემდეგ კვლავ ორმა, ამჯერად უკვე ბალზაკის ასაკის ქალბატონმა გამოიარა – არანაირი წითელი ფეხსაცმელი. მოკლედ, მიდიოდნენ და მოდიოდნენ. ცისფერი, ყავისფერი, ოქროსფერი… წითელი არა. უკვე ვფიქრობდი:  წითელქუდას გამოჩენის შანსი უფრო მეტია ვიდრე წითელფეხსაცმლიანი ქალის მეთქი, მაგრამ… რიგით ორმოცდამეორე ქალბატონი, უნებლიე მონაწილე ექსპერიმენტისა,  აღმოჩნდა ის ერთადერთი ქალი (როგორც მერე გაირკვა) რომლის მომხიბვლელობაც ერთი – ორად მომატებული გახლდათ. ვაშა ქალბატონებო და ბატონებო. ამის შემდეგ კიდევ სამმა ქალმა ჩაიარა მუქი ფერის ფეხსაცმლით და ექსპერიმენტი დასრულდა. ორმოცდახუთი მდედრიდან მხოლოდ ერთს ეცვა წითელი ფეხსაცმელი, ცოტაა ჩემი აზრით. საფეხბურთო მატჩის პირველი ორმოცდახუთი წუთისთვის რომ მეცქირა და მარტო ერთი გოლი მენახა კიდევ არაუშავს რა, მაგრამ მხოლოდ ერთი წითელი ფეხსაცმლის ნახვის შემდეგ დაუკმაყოფილებლობის გრძნობა დამრჩა. ყურები ჩამოვყარე, ფეხი ჩამოვწიე და სახლისკენ გავემართე უკეთესი მომავლის იმედით.

როგორც ცნობილია წითელი ფერი დიდ ზემოქმედებას ახდენს ადამიანზე. იგი მიჩნეულია როგორც აგრესიის (დიდი, წითელი საბჭოთა კავშირი) ასევე ვნების (ქალის თეთრეული) სიმბოლოდ. სიმბოლოდ ჯანმრთელობის და საფრთხის. ვის არ გაუხარია სკოლაში მიღებული წითელი ხუთიანით, ან ვინ არ დამწუხრებულა დიდი წითელი ორიანით. ზუსტად ასეთი საპირისპირო ემოციების  გამომხატველია წითელი ფერი. ოთახი სადაც კედლები წითლად არის შეღებილი უფრო თბილია ვიდრე სხვა შემთხვევაში. წითელი ფერი ძლიერ ფიზიოლოგიურ გავლენას ახდენს ადამიანის ორგანიზმზე. დიდი ხნით წითელი ფერის ყურება იწვევს პულსის აჩქარებას. ხარზე ზემოქმედების დეტალებზე არ შევჩერდები. თეთრი და შავი ფერების შემდეგ წითელი რიგით პირველია, რომლის ვერ შემჩნევაც თითქმის შეუძლებელია. სტატისტიკის თანახმად კაზინოებში წითელი ფერის უჯრებზე ყველაზე დიდი თანხა იდება.  ეს ფერი რისკის და აზარტის მოყვარულთა საყვარელი ფერია. ასევე უმრავლეს ონლაინ მაღაზიებში  შეძენის ღილაკები წითელია, რაც ხელს უწყობს გადაწყვეტილების სწრაფად მიღებას. წითელი ფერის მნიშვნელობა კარგად შენიშნეს ძველმა ეგვიპტელებმა, რომლებმაც კალენდარზე შაბათ – კვირის დღეების წითლად აღნიშვნის ტრადიცია დაამკვიდრეს. მოდაში კი ყველას კარგად მოგეხსენებათ წითელი ფერის ტრადიციებზე.

…  და მაინც, რატომ აცვიათ წითელი ფეხსაცმელი მხოლოდ ერთეულებს? ამ კითხვაზე პასუხი არ მაქვს. ბოლოს კი ისევე დავამთავრებ როგორც დავიწყე.

Written by ჯორჯ პაიკი

აგვისტო 8, 2009 at 18:52

ბზზზზზ… ბზზზზზზზ…

with 4 comments

ბზზზზ... ბზზზზზზ...

რამოდენიმე დღის უკან სავარძელში ვიჯექი ჩემთვის, წყნარად, ფეხი – ფეხზე მქონდა გადადებული და წიგნს ვკითხულობდი. ოთახში ბუზი დაბზუოდა გულისგამაწვრილებლად, ნერვებს მიშლიდა. ვცდილობდი ყურადღება არ მიმექცია, მაგრამ დამაჯდებოდა თუ არა შიშველ ტერფზე, ფეხი ავტომატურად რეაგირებდა და როგორც ნევროლოგის კაბინეტში ექიმის მიერ მუხლში პატარა ჩაქუჩის დარტყმის დროს ახდენს კიდური რეაქციას, ზუსტად ისევე რეაგირებდა ბუზის დაჯდომის დროს. კარგ შემთხვევაში ერთი აქნევა საკმარისი იყო ბუზის ასაფრენად, მაგრამ ხშირად არც ეგ შველოდა საქმეს და ფეხს ისე ვათამაშებდი, შორიდან რომ ვინმეს დავენახე იფიქრებდა – ეს კაცი ნამდვილად დიუკ ელინგტონის ბიგბენდის მიერ შესრულებულ მელოდიას უსმენს და ფეხს მუსიკის რიტმს აყოლებსო – მაგრამ მე ყურებში მარტო ბუზის ბზზზბზზზზ– ს ხმა მესმოდა. ბევრი ვითმინე… რამოდენიმე საათი! კითხვისგან დაღლილს და სიცხისგან მოთენთილს სავარძელშივე ჩამთვლიმა. ამ დროს ბუზი მომეპარა და კინაღამ პირში შემიფრინდა. (დახურე რა პირი) ჩემდა ბედად ტუჩს დაეჯახა და უკუიქცა. რათქმაუნდა უმალ გამოვფხიზლდი. სიბრაზისგან ყველაფერი დამავიწყდა, ცოტა ხნის წინ წაკითხული მოთხრობის შინაარსიც კი აღარ მახსოვდა, მარტო ბუზის მოკვლის სურვილით ვიყავი შეპყრობილი. წამოვხტი. იქვე მაგიდიდან გაზეთი “კვირის პალიტრა” ავიღე და იმდენი ვდიე ბუზს სანამ მისი ნაწლავები ყველაზე გემოვნებიანი მკითხველის გაზეთის ფურცლებზე არ მივაბეჭდე.

ალბათ გახსოვთ ბარაკ ობამას მიერ მოკლული ბუზი და ამ ამბის გარშემო ატეხილი აჟიოტაჟი. ვისაც არ გსმენიათ გეტყვით თუ რა მოხდა. ობამა თეთრ სახლში, ტელეკომპანია NBS – ის ჟურნალისტს ინტერვიუს აძლევდა პირდაპირ ეთერში როცა მის გარშემო ბუზმა დაიწყო ფრენა. პრეზიდენტი ჯერ შეეცადა ხელის ქნევით და მოლაპარაკების გზით მოეშორებინა მწერი, მაგრამ რადგან არაფერი არ გამოუვიდა გადამწყვეტ ზომებს მიმართა – ერთი ხელის დარტყმით მოკლა ბუზი. მერე კი თავი მოიწონა – რა მაგარი ვარო – და ოპერატორებს სთხოვა მოკლული ბუზი ეჩვენებინათ ეკრანზე.

აი, ამას მოჰყვა დიდი “ბზუილი.” ბევრმა ბუნების დამცველმა გააპროტესტა ობამას ქმედება, მისი ცინიკური და არაჰუმანური დამოკიდებულება მწერების მიმართ. ბუზსაც აქვს უფლებები, ჩვენი ვალია ყველა არსებას ჰუმანურად მოვექცეთ – ამბობენ ისინი. ცხოველთა დაცვის ორგანიზაციამ – PETA (People for the Ethical Treatment of Animals) – თეთრ სახლს გაუგზავნა სპეციალური მოწყობილობა რომლითაც შესაძლებელია ბუზების დაჭერა შენობებში და შემდეგ მათი უვნებლად გაშვება ღია სივრცეში. მოწყობილობა სულ რაღაც რვა დოლარი ღირს.

თანახმა ვარ, ჰუმანურობა აუცილებელია ყველას მიმართ, ვალდებულები ვართ გავუფრთხილდეთ ბუნებას… მაგრამ (ოხ, ეს მაგრამ) ჩემი აზრით ბუზის უფლებებზე საუბარი რბილად რომ ვთქვა გადაჭარბებულია, მითუფრო მაშინ როცა ჯერ კიდევ არის ისეთი ქვეყნები სადაც შიმშილისგან დაუძლურებულ ბავშვებს ბუზები ახვევიათ, ისინი კი მათ მოცილებას ვერ ახერხებენ, ელემენტარულად ძალა არ აქვთ, ხელი აუქნიონ…

არ ვიცი რა დავარქვა...

Written by ჯორჯ პაიკი

აგვისტო 5, 2009 at 01:50