e2-e4

დედოფლის ბედნიერებისთვის მებრძოლი პაიკის ბლოგი

Archive for სექტემბერი 2009

ლურჯი მთვარე

with 18 comments

ლურჯი მთვარე

ჩემი ბრალი ნამდვილად არაა ასე ძალიან რომ მომწონს ეს სურათი – მეტად ლამაზი ფერია. კომპიუტერის “დესქთოფზე” მიყენია ახლა და ერთი სული მაქვს როდის მოვრჩები პოსტის წერას, როდის ჩავკეცავ ბრაუზერს და როდის დავტკბები მისი ცქერით.

ინგლისურენოვან ქვეყნებში ხმარობენ გამოთქმას: “Once in Blue Moon”, რაც იმას აღნიშნავს რომ ესა  თუ ის ფაქტი ძალიან იშვიათად, პრაქტიკულად არ ხდება. ხატოვნად კი შეიძლება ასე ვთარგმნოთ: “სანამ ვირი ხეზე ავა”. მაგრამ ზოგჯერ მთვარე მართლა ლურჯდება, ამიტომ გამოთქმა, “სანამ ვირი ხეზე ავა” არ გამოგვადგება, რადგან ვირი მგონი მართლა ვერასდროს ვერ ავა ხეზე. სამაგიეროდ ამ შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია გავიხსენოთ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის მიერ ნათქვამი ფრაზა მისი ოპოზიციონერების მისამართით, მან კი თავისი გადადგომა არ გადადგომასთან დაკავშირებით საუბრისას დაახლოებით ასეთი რამ ბრძანა: (სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ ზუსტ ციტატას ვერ ვიხსენებ) ჩემი გადადგომის იმედი მანამდე ნუ გექნებათ სანამ გვერდები არ აგიდგებათო.  ალბათ ყველას გახსოვთ ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორიის ეს მონაკვეთი და ისიც კარგად გემახსოვრებათ თუ როგორ დამთავრდა ყველაფერი. აქედან გამომდინარე, ჩემი მოკრძალებული აზრით, გამოთქმა “Once in Blue Moon”, უნდა ვთარგმნოთ როგორც – “სანამ გვერდები არ აგიდგებათ”. მადლობა ედუარდ შევარდნაძეს ქართული ენის გამდიდრებისთვის.

კმარა პოლიტიკა და ლურჯი მთვარის გარშემო ლიტერატურული წიაღსვლები, პირდაპირ ლურჯი მთვარის ფენომენზე გადავალ და მოკლედ გეტყვით რასთან გვაქვს საქმე. 1883 წელს, ინდონეზიაში ვულკანი “კრაკატაუ” ამოიფრქვა. ამოფრქვევას თან მძლავრი აფეთქების ხმა ახლდა რომელიც 600 კილომეტრის რადიუსში ყველა სულიერმა გაიგონა. ფერფლი კი ატმოსფეროს დიდ სიმაღლეებამდე გავრცელდა. ამ მოვლენამ და მასთან დაკავშირებულმა სხვა სპეციფიკურმა დეტალებმა, რომელშიც სიმართლე გითხრათ კარგად ვერ გავერკვიე, გამოიწვია მთვარის გალურჯება. ყოველშემთხვევაში დედამიწიდან ეს მეტად რომანტიული პლანეტა ლურჯისფრად გამოჩნდა. ამის შემდეგ კიდევ არაერთხელ დაფიქსირდა მთვარის უცნაური ფერისცვალება და როგორც სპეციალისტები ამბობენ ამდაგვარი მოვლენა გარკვეულ პერიოდებში კიდევ განმეორდება. დაველოდოთ, იქნებ ჩვენც მოგვეცეს ლურჯი მთვარის ხილვის საშუალება, რათქმაუნდა ნაკლებად ექსტრემალური სიტუაციის გარეშე.

ძირითადად, ღამით მთვარის ცქერა რომანტიულ ადამიანებს უყვართ. ერთს ვიცნობ, კარგად ვიცნობ… ის ერთი მეუბნებოდა რომ ადრე უყვარდა მთვარის ყურება. ადრე, როცა შეყვარებული იყო, ახლა აღარ არის. არა, ახლაც არის, ცოცხალია რა… მაგრამ შეყვარებული აღარ არის. ახლა ამბობს: მთვარეს ვეღარ ვუყურებ, კისერი მტკივდება მაღლა ყურებითო.

მთვარეზე და რომანტიკაზე ფილმი “ნიღაბი” მახსენდება. ჯიმ კერი მთვარეს რომ მოსწევს ახლოს, რომანტიული ვახშმის დროს პარტნიორზე შთაბეჭდილების მოსახდენად. ლექსების გახსენებაც შეიძლება ამ თემის ირგვლივ, მაგრამ ძნელია გაიხსენო როცა არ იცი. ლექსს მანამდე ვერ გავიხსენებ, სანამ ვირი ხეზე არ ავა.

მთლად ასეც არ არის საქმე რომ ყველასთვის რომანტიკასთან იყოს დაკავშირებული მთვარე. ბევრი მას მეცნიერული კუთხით უყურებს, მიმდინარეობს გამალებული კვლევები, მთვარეზე გაფრენები… ზოგი იმასაც ამტკიცებს რომ მთვარეზე სიცოცხლე არსებობს…

თუ ეგრეა, მაშინ ერთ მშვენიერ დღეს, მთვარის ადგილობრივი ლურჯწვერა მოსახლეობა, შეიძლება მასიურად გამოვიდნენ ქუჩებში ხელისუფლების გადასაყენებლად… აქედან, ანუ დედამიწიდან მთვარე ლურჯად გამოჩნდება, იქ, ანუ მთვარეზე, ვიღაცას “გვერდები აუდგება” და ჩვენც და მთვარის ლურჯწვერა მკვიდრნიც ვიცხოვრებთ  რომანტიულად და ბედნიერად?!

ბოლოს კი ნამდვილად დედამიწის წარმომადგენელი, თანაც წითურწვერა ვან გოგის ნახატი ლურჯ ტონალობაში.

002_03

Advertisements

1+1=1

with 13 comments

კადრი ფილმიდან "ფოტოგადიდება"

ხელში უმაღლესი მათემატიკის ძველი სახელმძღვანელო მიჭირავს – “მათემატიკური ანალიზის კურსი”, ვფურცლავ წიგნს რომელშიც ყველა გვერდი ციფრებითაა სავსე. ციფრები, ციფრები, ინტეგრალები, ფორმულები… არადა რამდენიც გინდა მიუმატე, გამოაკელი, გაამრავლე… ბოლოს მაინც ერთ პასუხამდე მივდივართ: 1+1=1.

XI კლასში ვიყავი როცა ერთი მეტად საინტერესო ფაქტი მოხდა, მას შემდეგ სულ ვიცინოდით ხოლმე კლასელები მომხდარის გამო. მასწავლებელი საკლასო ოთახში შემოვიდა, გაკვეთილი დაიწყო, ამ დროს ჩვენი ორი კლასელი სკოლის სპორტულ მოედანზე კალათბურთს თამაშობდა და იმდენად იყვნენ გართულები რომ სანამ მასწავლებელმა ფანჯრიდან არ დაუძახა სასწრაფოდ ამოდით კლასშიო – მანამდე აზრზე ვერ მოვიდნენ. ერთი შეხედვით ჩვეულებრივი ამბავია, მაგრამ საქმე იმაშია რომ ბიჭები კალათბურთს, ბურთის გარეშე თამაშობდნენ. მათ განკარგულებაში მხოლოდ კალათბურთის ფარი და წარმოსახვით–აბსტრაქტული ბურთი იყო. მე ფანჯარასთან ვიჯექი და ყველაფერს კარგად ვხედავდი. ისე ოსტატურად თამაშობდნენ… ხან ერთი ჩააგდებდა სამქულიანს, ხან მეორე, ფარიდან ასხლეტილ ბურთ ხნიდნენ, ფეხებშუა იტარებდნენ, საოცარი ბურთის ტარება, დიდოსტატური თამაში ფარქვეშ, მოკლედ ყველაფერი რაც NBA – ის მატჩების დროს შიძლება იხილო, ოღონდ ბოტასების იატაკზე შეხების გამო გამოცემული ჭრაჭუნის ხმა არ ისმოდა, სამაგიეროდ თავად ყვიროდნენ ხმამაღლა: ჩავარდა, არა, არ ჩავარდნილაო. მასწავლებელს კალათბურთი რომ ყვარებოდა ნამდვილად არ შეაწყვეტინებდა თამაშს და მეც უფრო დიდხანს ვისიამოვნებდი ლამაზი სანახაობის ცქერით. გაგვეღიმა? ვაგრძელებ.

მიქელანჯელო ანტონიონმა, 1966 წელს გადაიღო მისთვის პირველი ინგლისურენოვანი ფილმი სახელწოდებით “ფოტოგადიდება” (Blow-up) ფილმის მთავარი გმირი ფოტოგრაფია, რომელმაც სახელი მოდელების გადაღებით გაითქვა. ერთ დღეს იგი პარკში შეყვარებულ წყვილს გადაუღებს სურათებს. ფოტოების გამჟღავნების და მათი გადიდების შემდეგ ირკვევა რომ პარკში მკვლელობაა მომხდარი. სიუჟეტის დაწვრილებით მოყოლით თავს არ შეგაწყენთ, მხოლოდ ფილმის ბოლო სცენაზე გავამახვილებ ყურადღებას. ბოლო ეპიზოდში პანტონიმის თეატრის მსახიობების ჯგუფი საჩოგბურთო კორტთან იკრიბებიან, ორი მათგანი ჩოგბურთის თამაშს იწყებს, დანარჩენები კი ყურადღებით აკვირდებიან კორტზე განვითარებულ მოვლენებს – გააყოლებენ ბურთს თვალს, გამოაყოლებენ. ისევე როგორც სკოლის ეზოში, აქაც, თამაში ჩოგნების და ბურთის გარეშე მიდის. ჩვენი ფოტოგრაფი შემთხვევით შეესწრო ამ სანახაობას და თავიდან ცოტა გაკვირვებით უყურებდა იმას რაც ხდებოდა, მაგრამ ჩოგბურთელებს ბურთი კორტს მიღმა გადაუვარდებათ, ისინი კი სწორედ მას სთხოვენ ბურთის მოტანას, ისიც ერთვება წარმოსახვით თამაშში, ბურთის მოსატანად გარბის, იღებს მას ხელში და მოთამაშეებს გადაუგდებს. ამ დროს კინოოპერატორის კამერა მაღლა იწევს, ფოტოგრაფი კადრიდან ქრება და ეკრანზე მხოლოდ მწვანე მდელოღა ჩანს.

კინომცოდნეები ეპიზოდს განიხილავენ როგორც ჩვენს მიერ რეალობის თავისებურ აღქმას და მასთან დამოკიდებულებას. ერთი შეხედვით არარეალური რამ შეიძლება რომ რეალური იყოს. პარკში გადაღებულ სურათებზე თავდაპირველად არანაირი მკვლელობის კვალი არ ჩანდა, მაგრამ ფოტოების გადიდებით და მასზე სხვა კუთხიდან დაკვირვების შედეგად რეალობა სულ სხვა აღმოჩნდა.

კიდევ ერთი გადახვევა. 1943 წელს გამოიცა ჰერმან ჰესეს რომანი “ბისერებით თამაში”. წიგნში ფანტასტიკური ამბავია აღწერილი. გამოგონილ პროვინციაში არსებობს სკოლა, სადაც განსაკუთრებულად ასწავლიან ბავშვებს, წარმატებულები კი ინტელექტუალთა ორდენს უერთდებიან. ორდენის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს ბისერებით თამაში. წიგნში დაწვრილებით არ არის განმარტებული თამაშის წესები, მაგრამ როგორც ვარაუდობენ “ბისერებით თამაშის” არსი შემდეგშია: თამაშის საშუალებით ხდება ყველა კულტურის და მეცნიერების აბსტრაქტული სინთეზი, რომლის მიზანიცაა ნაპოვნი იქნეს ღრმა კავშირი საგნებს შორის, რომელთა ერთმანეთთან დაკავშირებაც თითქოს შეუძლებელია. მაგალითად ძლიერ მაგისტრს შეუძლია მუსიკალური ნაწარმოების მათემატიკური ფორმულებით გამოსახვა. “კარგ პარტიად” ითვლება ისეთი ჩატარებული თამაში, სადაც მაღალ დონეზე ხდება საგნების, ან ფაქტების ერთმანეთთან დაკავშირება, რასაც ძალიან დიდი ცოდნა სჭირდება.

ჩემი აზრით, “ბისერებით თამაშის” კარგი პარტიის მაგალითია სიყვარულის ციფრებით გამოხატვა, 1+1=1

ასე რომ ფაქტებზე გამადიდებელი შუშით დაკვირვება, მათი ერთმანეთთან დაკავშირება და არარეალურ თამაშში ჩართვა მშვენიერი იდეაა… მე მომწონს. ბოლოს და ბოლოს ვინ იცის რა არის რეალობა და რა არა. 1+1=1, ესეც არარეალურად გამოიყურება, მაგრამ მაინც რეალობაა. ცხოვრება თამაშია, რომელშიც უნდა ჩაერთო.

მგონია რომ მთავარი თამაში არის 1+1=1.

ჩემი კლასელები გენიოსები ყოფილან, მასწავლებლებს კი მათთვის სამიანის დაწერაც არ უნდოდათ.

ჯორჯ პაიკის გერბი

survili VS shesadzlebloba

with 11 comments

имею желание купить дом, но не имею возможности. имею возможность купить козу, но не имею желания.
es sityvebi filmshi “kavkasieli tyve qali” jgers – gagaxsendat albat. kinokomediashi frazas sadgegrdzelo mosdevs imis survilit, rom chveni survilebi, chvens shesadzleblobebs emtxveodeso. sasmisi yvelam bolomde shevsvat… tumca bodishi, ra shuashia iyo bolomde daleva.
imas vambobdi rom survili da shesadzlebloba xshirad upirispirdeba ertmanets, saidanac shesadzlebloba uamravjer gamosula gamarjvebuli, survilis ver dakmayofileba ki isetive tkivils iwvevs chvenshi, rogorc karebshi titis moyola.
ai, axlac, survili mqonda es teqsti, qartuli shriftit, kompiuteris klaviaturaze titebis kakunit damebechda, magram imdenad shors var kompiuterisgan, ramdenadac axlos telefontan, romelic xelshi michiravs. (ukve gamishavda frchxili)
sul esaa, wavedi wignis kitxvas gavagrdzeleb, saintereso momentze gavcherdi. skolis patara moswavles, gakvetilis dros “sachiro otaxshi” gaseirnebis survili gauchnda, maswavlebeli ki dzalian mkacria da…

Written by ჯორჯ პაიკი

სექტემბერი 21, 2009 at 00:15

ქალი ჟირაფი

with 10 comments

ჟირაფი

იცით თუ არა, რომ ადამიანის კისერი ძვალის 7 მალისგან შედგება? ძალიან კარგი თუ იცით, და ჟირაფს რამდენი კისრის მალა აქვს? შეგახსენებთ რომ ჟირაფი სიმაღლეში 5.5 მეტრამდე აღწევს, აქედან კისრის სიგრძე 1.5 მეტრია.  ვერ გამოიცანით? მაშინ მე გეტყვით:  ჟირაფს, ისევე როგორც ადამიანს შვიდი კისრის მალა აქვს.

ამ ეგზოტიკური ცხოველის შესახებ ძველადაც იცოდნენ ევროპაში. პირველად რომის იმპერატორ ცეზარს ჩამოუყვანია ჟირაფი ეგვიპტიდან რომში. უფრო მოგვიანებით კი ფლორენციის მთავარმა, ლორენცო მედიჩიმ (1449 – 1492) გადაწყვიტა იგივე გაეკეთებინა. იმ პერიოდში ფლორენციისთვის მეტად აქტუალური იყო ეგვიტესთან სავაჭრო ხელშეკრულების გაფორმება, რისი საშუალებითაც ფლორენციაში ეგვიპტური საქონელი პირდაპირ შევიდოდა სხვა შუამავლების გვერდის ავლით. ხელშეკრულების ერთ–ერთი პუნქტი გახლდათ ჟირაფის ჩაყვანა ფლორენციაში, მის სანაცვლოდ კი ეგვიპტის სულთანი კაიტ ბეი, საფრანგეთში გაქცეული სულთნის, რომის პაპის ზედამხედველობის ქვეშ გადასვლას ითხოვდა.  ჯემ უმცროსი, კაიტ ბეისთვის რეალურ საფრთხეს წარმოადგენდა და მისი განეიტრალება ამ გზით მოხერხდებოდა, ერთი ჟირაფი კი მისთვის პრობლემას არ წარმოადგენდა. ლორენცო მედიჩი საფრანგეთის დედოფალ ანას დაუკავშირდა და დახმარება სთხოვა, თან ჟირაფსაც დაპირდა. (ალბათ ლორენცოსთვის ჟირაფის ცოტა ხნით ნახვაც საკმარისი იყო სიამოვნების მისაღებად.) მოკლედ, საქმე გაიჩარხა, გაქცეულმა სულთანმა რომში ამოყო თავი – ჟირაფმა კი ფლორენციაში. ქალაქის ქუჩებში გრძელკისერა ცხოველის გამოჩენას მოსახლეობის მხრიდან დიდი მხიარულება მოყვა. თუმცა ეგზოტიკური ცხოველის ევროტური ფატალურად დასრულდა. სანამ მას დედოფალი ანა იხილავდა, მანამდე მისი მომვლელების დაუდევრობის გამო ჟირაფმა კისერი მოიტეხა და მოკვდა. იქ რა, ჟირაფს მოკლე კისერი აქვს და მოტეხვა გაუჭირდებოდა თუ რა.

_მესმის რომ ჟირაფი თავისი გრძელი კისრით ეგზოტიკურ და_ ლამაზ ცხოველად ითვლება, მაგრამ მიანმაში მცხოვრები ტომის, პადაუნგის მამრობითი სქესის წარმომადგენლებს რატომ მიაჩნიათ უსაშველოდ გრძელი კისერი სილამაზედ? მიაჩნდეთ სილამაზედ, რა ჩემი საქმეა, მაგრამ ქალებზე მაინც იფიქრონ…

პადაუნგის ტომის ქალებს, ტრადიციის თანახმად, ადრეული ბავშვობიდან უწევთ კისერზე რკინის რგოლების დამაგრება, დროთა განმავლობაში კი რგოლების დამატება, რადგან მთელი ცხოვრება ყელზე რგოლებ ასხმული სიარული საგრძნობად ზრდის მის სიგრძეს. გინესის რეკორდების წიგნში სწორედ ამ ტომის წარმომადგენელია შესული, რომლის ყელის სიგრძეც 40 სანტიმეტრია. ეს განსაკუთრებული შემთხვევაა, ხშირად კი კისრის სიგრძე 25 – 30 სანტიმეტრის შუალედში მერყეობს. ხანგრძლივი დროით რგოლების ტარება კისრის კუნთების ფუნქციის მოშლას იწვევს. ეს კარგად იციან მამრობითი სქესის წარმომადგენლებმა და ამას სათავისოდ იყენებენ. ცოლის ღალატის შემთხვევაში მათ რგოლებს ხსნიან კისრიდან, გაწვრილებული კისერი თავის დაწოლას ვეღარ უძლებს და მოღალატე ცოლი იღუპება.

_

ეგზოტიკური სანახაობა მარტო ძველ ფლორენციელებს არ უყვარდათ. პადაუნგის ტომის ქალების სანახავად ბევრი ტურისტი ჩადის ყოველწლიურად. აქედან გაჩნდა გამოთქმა: ქალი ჟირაფი თუ არ მოვა შენთან  – მაშინ შენ უნდა მიხვიდე მასთან. მე კი ვხუმრობ, მაგრამ ფაქტია, ეს ქალბატონები ძალიან ცუდ დღეში არიან.

სხვათაშორის რგოლების გარეშეც შეიძლება კისრის დაგრძელება, ამისთვის არსებობს სპეციალური ვარჯიშები გოგონებისთვის:

  • შეეცადეთ ყურებით მხრებს შეეხოთ, ჯერ მარცხნივ, შემდეგ მარჯვნივ.
  • თავი მაქსიმალურად უკან გადაწიეთ, მაღლითა ტუჩით დაბლითა ტუჩი გადაფარეთ, მერე თავი წინ გადაწიეთ და ნიკაპით მკერდს შეეხეთ. ეს მოძრაობა გაიმეორეთ 4–6 ჯერ.
  • ნელი მოძრაობით ამოძრავეთ თავი მარცხნივ და მარჯვნივ, 4–6 მოძრაობის შემდეგ იგივე მოძრაობა გაიმეორეთ მკვეთრი მოძრაობებით 8–10 ჯერ.
  • მიაბრუნეთ თავი მარცხნივ, შემდეგ მაღლა ასწიეთ 4 – ჯერ. ასევე მარჯვენე მხარესაც.
  • ატრიალეთ თავი საათის ისრის მიმართულებით, შემდეგ საწინააღმდეგო მიმართულებით. 8–10 მოძრაობა.

ამ ვარჯიშებით გინესის რეკორდების წიგნში ვერ შეხვალთ, როგორც ყველაზე გრძელი კისრის პატრონი, მაგრამ თუ ბევრს მოინდომებთ არაფერია გამორიცხული.

Written by ჯორჯ პაიკი

სექტემბერი 17, 2009 at 00:39

დაღლილი დამსვენებელი

with 10 comments

AtTheBeach

თითქმის დასრულდა ზღვის სეზონი, ანდა როდემდე უნდა გაგრძელებულიყო, ხალხი დაიღალა ამდენი დასვენებით. ხშირად გამიგონია ზღვიდან დაბრუნებული ადამიანები რომ ამბობენ: ზღვაზე ვიყავი, მაგრად დავიღალე და ეხლა სახლში (მაგალითად მერვე სართულზე) ვისვენებო. ბათუმელები და სხვა ზღვისპირა ქალაქში მუდმივად მცხოვრები მოსახლეობა ხომ დაიღალა და დაიღალა.

მაინც ღირს წელიწადში ერთხელ, ერთი კარგად დაღლა. ნახეთ სურათზე რამდენი დაღლილი დამსვენებელია. თავიდან მინდოდა დამეთვალა და ზუსტი ციფრი გამეგო თუ რამდენი ფიგურა არის გამოსახული ნახატზე, მაგრამ 172 –მდე ავედი და თავი დავანებე. პრინციპში ნახევარზე მეტი უკვე დათვლილიც კი მქონდა, დაახლოებით 300 –მდე ადამიანი იქნება ნახატზე. სამწუხაროდ არ ვიცი ვინ არის ამ ქმნილების ავტორი და შესაბამისად არ ვიცი ვის მიმართ გამოვხატო ჩემი მოწონება ნანახისგან მიღებული სიამოვნებისთვის.

რამდენი ადამიანი (არამარტო ადამიანი, 6 ვირი და 2 ძაღლიც არ უნდა დაგვავიწყდეს) და რამდენი ისტორიაა ერთ ნახატში. მგონი, მიქელანჯელოს მიერ “სიქსტის კაპელა”– ში გამოსახული ფიგურების რაოდენობის შემდეგ ეს მეორე სურათია სადაც ამდენი ადამიანია ერთად თავმოყრილი. დიდხანს, დიდხანს ვათვალიერე თითოეული დამსვენებელი და რომ შემეძლოს ყველას ხასიათს და ფსიქოლოგიურ ნიუანსებს ავღწერდი. მაგრამ სად შემიძლია მაგდენი. რომელი ბალზაკი მე ვარ, ან ტოლსტოი… რაღაც მომაფიქრდა, უფრო სწორად რაღაც ისეთი მომაფიქრდა რაც სხვა ფიქრისკენ მიწვევს. კონკრეტულად კი უნდა გავარკვიო ყველაზე მეტი პერსონაჟი რომელი მწერლის შემოქმედებაშია. საინტერესოა… ვიფიქრებ და თუ რამე მოვიფიქრე თქვენც გეტყვით.

რამოდენიმე სიტუაციას მაინც გამოვყოფ სურათიდან. აი, მაგალითად მზისგან დამცავი ქოლგები ძალიან სახიფათოდ აქვთ მხარზე გადებული. ერთგან ბავშვებს ბურთი გაუხეთქეს, მეორეგან კი პატიოსან დამსვენებელს ისეთი მოხვდა სახეში, რომ შეზლონგით პირდაპირ საავადმყოფოში რომ გახდეს გასაქცევი არ გამიკვირდება.

მაინტერესებს მარცხენა დაბალ კუთხეში სამი მამაკაცი რაზე საუბრობს. ის ერთი სიგარეტს რომ ეწევა, რა, არ იცის, მოწევა მავნებელი რომ არის მისი ჯანმრთელობისთვის? ახლომახლო ნაგვის ურნასაც ვერ ვხედავ და ნამწვავი სად უნდა გადააგდოს? მოიცა ვუთვალთვალო ბოლომდე…

კიდევ ერთი პრობლემა, ამჯერად უფრო პირადული. შეხედეთ მარცხენა კუთხეს. სპორტული აღნაგობის კაცი, კუნთების თამაშით და ამაყი ნაბიჯებით სეირნობს მზისგან გახურებულ ქვიშაზე, გოგონები კი თვალს აყოლებენ, კისერს იტეხავენ. ერთ ქალბატონს კი გვერდში მდგომი მამაკაცი არ აკმაყოფილებს და მის თანამგზავრს მაგრად რომ არ ჰქონდეს ხელი –ხელში ჩავლებული უთუოდ გაექცეოდა მას და კუნთიანს გაეკიდებოდა. (ხშირად პირიქით ხდება ხოლმე) მაგ წყვილში მთავარი ამბები სასტუმროში დაბრუნების შემდეგ განვითარდება, მაგრამ მე მაგათ სასტუმრომდე ვერ გავყვები.

შუაში და ზევით, წყალში, ვიღაც ბურთს ფეხს რომ ურტყავს, ეგ რაღაც სპორტის ახალი სახეობაა ალბათ. ჩვენ ქართველებს, საფეხბურთო მინდორზე არ გამოგვდის თამაში და იქნებ წყალფეხბურთში მაინც ვივარგოთ, დაკვირვება გვმართებს რომ რაიმე სიახლე არ გამოგვეპაროს.

ამიჭრელდა თვალები. დროა დავამთავრო წერა, თორემ არ მინდა ზღვიდან დაბრუნებული, დაღლილი დამსვენებელი კიდევ უფრო გადავღალო ბევრი კითხვით.

Written by ჯორჯ პაიკი

სექტემბერი 13, 2009 at 01:54

ვენერა მილოსელი ვუდსტოკის ფესტივალზე

with 10 comments

ძველი და ახალი ვენერა მილოსელი

ორი ვენერა მილოსელი და ერთი ევა გრინი ფილმიდან “მეოცნებენი”

სათაურიდან გამომდინარე თუ გგონიათ,

რომ ფანტასტიკური ჟანრის პოსტს წაიკითხავთ –

იმედგაცრუებული დარჩებით.

1820 წელს, ბერძენი გლეხი, კუნძულ მილოსზე თავის მიწას ეწვალებოდა, ანაყოფიერებდა, როცა შემთხვევით მასში ქალის ქანდაკება იპოვა. ეს ქანდაკება ყველასთვის კარგად ნაცნობი ვენერა მილოსელია. ჭკუაგამჭრიახი გლეხი მიხვდა რაღაც განსაკუთრებული რომ იპოვა და მისი სარფიანად გაყიდვა გადაწყვიტა. მსურველი ბევრი გამოჩნდა. ქანდაკების ხელში ჩაგდება ყველაზე მეტად თურქებს და ფრანგებს სურდათ. მათ შორის ხელჩართული ბრძოლაც კი გაიმართა სკულპტურის მოსაპოვებლად და როგორც ირკვევა სწორედ მაგ ბატალიებს შეეწირა ვენერას ხელები. საბოლოოდ ვენერა მილოსელი ფრანგების ხელში აღმოჩნდა და 1821 წლიდან იგი ლუვრის მუზეუმში ინახება საპატიო ადგილას. არავინ იცის რა ბედი ეწია ქალღმერთის ხელებს, ამბობენ ვენერას ერთ ხელში ოქროს ვაშლი ეჭირაო. ვინ იცის ვის მკერდ ამშვენებს გადადნობილი ოქროს ვაშლისგან დამზადებული სამკაული, ან იქნებ ყურზე ამაყად ქანაობს საყურე, შეიძლება მარცხენა ყბის ქვედა საღეჭი კბილის ადგილას არის ჩასმული…  ვინიცის.

ეს კი არა და ქანდაკების ავტორის ვინაობაც არ არის ზუსტად დადგენილი. ის კი ცნობილია რომ ქანდაკება ჩვ. წ. ა.–მდე I-II საუკუნეშია შექმნილი. ლეგენდას თუ დავუჯერებთ ქანდაკების შექმნისთვის ავტორმა მოდელად უბრალო მეძავი ქალი გამოიყენა. ბევრი ამ აზრს არ ეთანხმება, სად სიყვარულის ქალღმერთი და სად მეძავიო.

მიუხედავად ყველაფრისა, 2 000 წლის წინ შექმნილი ვენერა მილოსელი დღესაც ქალის სილამაზის განსახიერებად ითვლება. (ამ მოსაზრების გარშემო კამათი ნებადართულია.) მართალია ვენერა მილოსელის სხეულის ზომები (მკერდის გარშემოწერილობა 86 სმ. წელის – 69 სმ, თეძოების – 89 სმ.) თანამედროვე პარამეტრებს არ ემთხვევა, მაგრამ მაინც. მის ჩაბრძანებას პაიზში დიდი გამოხმაურება მოჰყვა, როგორც დადებითი ასევე უარყოფითი. შატობრიანმა ქანდაკებას საბერძნეთის სიდიადის დამადასტურებელი ძეგლი უწოდა, რენუარმა კი “დიდი ჟანდარმი”. (ქართულად ამ სიტყვების ინტეპრეტაცია ასე შეიძლება: ვენერა მილოსელი – დიდი “გაიშნიკი”.)

ფაქტი ერთია, ლუვრის ამ ექსპონანტს ყოველთვის ბევრი მნახველი ჰყავს. ჩვენ სანამ ვენერას სანახავად მუზეუმის შესასვლელში, კარებთან, მტვრიან ფეხსაცმლებს გავიწმენდავთ, მანამდე ეს ვიდეო ვნახოთ.

თქვენ შეიძლება იკითხოთ, აბა ვუდსტოკიო? სწორი შენიშვნაა.

წელს ვუდსტოკის ფესტივალის ჩატარებიდან 40 წელი გავიდა. 1969 წელს ა.შ.შ. –ის ქალაქ ბეთელში ჩატარდა ფესტივალი, რომელსაც 500 000(!) მსმენელი დაესწრო. აქ დეტალურად არ შევჩერდები იმაზე თუ ვინ გამოვიდა სცენაზე და რა იმღერა, მხოლოდ იმას ავღნიშნავ რომ ვუდსტოკი ისტორიაში შევიდა როგორც ერთობის, მშვიდობის და სიყვარულის ფესტივალის სახელით, და რა გასაკვირია, სადაც სიყვარულია იქ სიყვარულის ქალღმერთიც რომ ყოფილიყო. მე მჯერა, ვენერა მილოსელი აუცილებლად დაესწრებოდა ფესტივალს.

ვენერა მილოსელი ვუდსტოკის ფესტივალზე

ვუდსტოკის შესახებ სტატიას რომ ვკითხულობდი, სიმართლე გითხრათ ვენერა მილოსელი სულ არ გამახსენდებოდა, მაგრამ წერილში ნახსენები იყო 1968 წლის პარიზის მოვლენები, სტუდენტების საპროტესტო გამოსვლა ქუჩებში, ბარიკადები… ამ ფაქტთან დაკავშირებით გონებაში არქიმედეს კანონის დახმარებით, ბერნარდო ბერტოლოჩის ბოლო ნამუშევარი, “მეოცნებენი” ამომიტივტივდა. ფილმში სწორედ საპროტესტო აქციების ფონზე ვითარდება მოვლენები. ფილმიდან კი ერთი ეპიზოდი გამახსენდა, რომელშიც მომხიბვლელი ფრანგი მსახიობი, ევა გრინი, ვენერა მილოსელის ქანდაკებას ანსახიერებს. სწორედ მაგ კადრის დამსახურებაა ეს პოსტი, რადგან ამის შემდეგ უკვე აღარ გამჭირვებია – ევა გრინის, ვენერა მილოსელის, ვუდსტოკის ფესტივალის და სიყვარულის ერთმანეთთან დაკავშირება.

პ.ს. ბოლოს ცოტას მაინც ფანტასტიკის ჟანრში გადავალ… წარმოვიდგინოთ რომ 2 000 წლის შემდეგ, გამრჯე გლეხმა, მიწის დამუშავების დროს “ქართლის დედის” ქანდაკება იპოვა…

სულგულშიგანშემატკივარი

with 12 comments

"ბარსელონა"

შეიძლებოდა მეთქვა “ბარსელონას” გულშემატკივარი ვარ მეთქი, ან ფანი, თუნდაც ქომაგი, მაგრამ გურამ დოჩანაშვილის მიერ მოგონილი სიტყვა “სულგულშიგანშემატკივარი” მაინც სულ სხვაა. ეს სიტყვა ძალიან უხდება ჩემსა და “ბარსელონას” ურთიერთობებს. მეტი დამაჯერებლობისთვის ერთ უახლოეს მაგალითს მოვიყვან. 28 აგვისტოს “ბარსელონა” უკრაინულ “შახტარს” ეთამაშებოდა მონაკოში. მატჩს ევროპის სუპერთასის მფლობელის ბედი უნდა გადაეწყვიტა. შეხვედრის დაწყებას მოუთმენლად ველოდი. “ბარსელონას” გამარჯვების შემთხვევაში ეს გუნდისთვის ერთი წლის მანძილზე რიგით მეხუთე მოპოვებული ტიტული იქნებოდა.

როგორც წესი ფეხბურთის ყურებას ლუდის სმა უხდება, ისევე როგორც ქალების ჭორაობას ყავის სმა, მაგრამ ზოგჯერ ორიგინალურობა არ გვაწყენს. მეც იმის მაგივრად რომ ლუდი მეწრუპა, ჩაციებული საზამთრო დავიჭერი და ჭამის პროცესის გასახალისებლად ერთი “ფინტი” მოვიგონე. ე.ი. რამდენ კურკასაც გადავყლაპავდი საზამთროს ჭამის დროს, “ბარსელონას” იმდენივე გოლი უნდა გაეტანა. აი, ხომ ვარ ნამდვილად “ბარსას” სულგულშიგანშემატკივარი! მის გამო რას აღარ ვიგონებ. იდეამ კარგად გამართო და ალბათ უკვე მიხვდით რომ თეფშზე ძალიან ცოტა კურკა დარჩა, სულ სამიოდე ცალი, დანარჩენი კი გადამეყლაპა.

ბარსამ თამაში მოიგო, მართალია მხოლოდ 1:0 და ისიც დამატებით დროში, მაგრამ რაც მთავარია თასი ჩვენ დაგვრჩა. შეიძლება ითქვას რომ კურკების ყლაპვამ გაამართლა. როგორც მივხვდი კურკებს გრძელვადიანი მოქმედების უნარი აქვთ, “ბარსელონამ” ხომ შემდეგი თამაში 3:0 მოიგო. ამიტომ მაცივარში დარჩენილ საზამთროსაც მივხედავ. თან მიუხედავად იმისა, რომ საზამთრო 92% წყალს შეიცავს, მაინც მეტად სასარგებლოა ჩვენი ჯანმრთელობისთვის. ამის გამო მას დიდ პატივს სცემენ დედამიწის სხვადასხვა კუთხეში. რუსები ამერიკელებს ეცილებიან და ამბობენ: ასტრახანია საზამთროს სამშობლო და არა კანზასიო. ასტრახანში, აგვისტოს თვის ბოლო შაბათ დღეს იმართება საზამთროს დიდი ფესტივალი, სადაც ვაჭრობის გარდა ტარდება კონცერტები და სხვა ღონისძიებები. ასტრახანშივეა საზამთროს მუზეუმი.

წარმოდგენაც კი არ მქონდა თუ საზამთროთი ასეთი საინტერესო რაღაცეების გაკეთება შეიძლებოდა… თურმე შესაძლებელი ყოფილა.

საზამთრო

საზამთრო

საზამთრო

პ.ს. ბოლოს კი “რეალის” სულგულშიგანშემატკივრებს ვეტყვი: თქვენც შეგიძლიათ დაეხმაროთ თქვენს საყვარელ გუნდს საზამთროს ჭამით. აქვე შეგახსენებთ, რომ საზამთროს ყველაზე გემრიელი ნაწილი არის მისი გული.

Written by ჯორჯ პაიკი

სექტემბერი 5, 2009 at 00:28