e2-e4

დედოფლის ბედნიერებისთვის მებრძოლი პაიკის ბლოგი

Archive for ოქტომბერი 2009

ოცნებებში ფრენა პარაშუტით

with 13 comments

ოცნება პარაშუტის თანხლებით

mr.picasso-ს მიერ აგორებულმა ოცნების ტალღამ ჩემამდეც მოაღწია ხისსუნიანისახლი–ს და kate alekurad-ის მეშვეობით. სიმართლე გითხრათ ხმამაღლა ოცნების სურვილი მაინცდამაინც არ მაქვს, მაგრამ მოკლედ მაინც დავწერ ჩემი ოცნებების შესახებ.

დავიწყოთ იქიდან, რომ როგორც მე ვიცი სანამ ადამიანი ოცნებებში ფრენას დაიწყებს, მანამდე აუცილებელია უსაფრთხოების ზომების დაცვა – მიწაზე ქვასავით რომ არ დაეცეს. კი ამბობენ ოცნებას კაცი არ მოუკლავსო, მაგრამ ეგ ჯერ კიდევ საკითხავია მოუკლავს თუ არ მოუკლავს. ოცნებებში სიკვდილი მეტად უხერხული იქნება, ამიტომ თავიდან პარაშუტს მოვირგებ და მხოლოდ ამის შემდეგ ავიჭრები ზეცაში საოცნებოდ. აჰა… ესეც ასე, მგონი ყველაფერი წესრიგშია.

  • სურათზე ლეპტოპი ჩანს და პირველ რიგში მაგით დავიწყებ – ლეპტოპი მინდა . რათქმაუნდა ჩვეულებრივი კომპიუტერიც კარგია, თუმცა ვფიქრობ ლეპტოპთან  უფრო კომფორტულად ვიგრძნობდი თავს, ინტიმური გარემოს შექმნაში დამეხმარებოდა. შეიძლება ითქვას, ლეპტოპთან ურთიერთობა თაფლობის თვეს ჰგავს, რომელიც არ მთავრდება.
  • შემდეგი ოცნება ბანალურია, მაგრამ ძალიან საჭირო – მატერიალური კეთილდღეობა.
  • რამოდენიმე ათასი წიგნისგან შემდგარი ბიბლიოთეკა მინდა. დაე იმდენი წიგნი მქონდეს მთელი ცხოვრება რომ ვიკითხო ყველა მაინც ვერ წავიკითხო.
  • საკუთარი წიგნის გამომცემლობა. ძალიან ბევრ და კარგ წიგნს გამოვცემდი. (ფული ხომ მაქვს უკვე მეორე ოცნების წყალობით.)
  • კიდევ ჩემ დულსინია ტობოსელზე ვოცნებობ. (ვახ, კინაღამ წერო დამეჯახა.)

საკმარისია ამდენი ოცნება. მოვიდა მიწაზე დაშვების დრო, თორემ ასე თუ გავაგრძელე…

ჰერიქაა, ცუდადაა ჩემი საქმე, პარაშუტი არ იხსნება… გაიხსენი რა პარაშუტი არ ხარ… როგორც იქნა გაიხსნა, მაგრამ ძალიან ახლოს ვარ მიწასთან….

რა მანძილია ოცნებიდან ლომის ხახამდე?

Written by ჯორჯ პაიკი

ოქტომბერი 11, 2009 at 18:36

ამ საღამოს, ათ საათზე

with 8 comments

რა ხდება ფარდის მიღმა?

სათაურად გამოტანილი სიტყვები ტელევიზორში რომელიღაც სერიალის ან ფილმის დაწყების დრო რომ იყოს დიდი მნიშვნელობა ნაკლებად ექნებოდა, თუმცა სიტყვები მნიშვნელობას ხომ იმის მიხედვით იძენენ თუ ვის მიერ არის ის ნათქვამი, ვის მიმართ, სად, როდის…

მაგალითად ავიღოთ სიტყვა “არა”. ზოგადად ადამიანებს არ გვიყვარს როცა უარს გვეუბნებიან… თუმცა სიტუაციას გააჩნია. ზოგჯერ “არა” ფოლადივით მსახვრალია, როგორც ამას კნუტ ჰამსუნი წერს თავის რომანში “მისტერიები”. ფოლადივით მსახვრალი “არა”, წიგნში ქალის მიერ, კაცის მისამართით ნათქვამი უარია შეთავაზებული სიყვარულის სანაცვლოდ. უარით გაწბილებული გმირი მიწაზე ეცემა, ამ დროს მას “შემთხვევით” ცივი და ბასრი ფოლადი ერჭობა სხეულში და იღუპება.

გი დე მოპასანის მოთხრობაში “მადამ პარისი”, ფრაზა “ამ საღამოს, ათ საათზე” ისე ჟღერს როგორც მესამე ზარის ხმა ოპერის დაწყების წინ. პატარა ქაღალდზე დაწერილი ეს სიტყვები ოფიცერ ჟან დე კარმელენის მაგიდაზე აღმოჩნდა, რომელიც მადამ პარისს ეკუთვნოდა, რაც იმას ნიშნავდა რომ მისი დონდლო, მოკლეფეხება, მსუქანი მეუღლე სახლში არ იქნებოდა და ჟანს მასთან მისვლა შეეძლო. ქალ – ვაჟს არც ისე დიდი დრო იყო გასული რაც ერთმანეთი შეუყვარდათ და ეს პაემანი პირველი იქნებოდა როცა მათ განმარტოებით შეეძლებოდათ ერთად ყოფნა. კარმელენი ძალიან გახარებული ჩანდა, იგი მოუთმენლად ელოდა საღამოს ათი საათის შესრულებას, მაგრამ მოულოდნელად შეიტყო რომ ბატონი პარისი ქალაქში ბრუნდებოდა, “ოპერის” გამართვას საფრთხე დაემუქრა! ჟანი ახალგაზრდა, გაბედული ადამიანი გახლდათ, ის თავად მეთაურობდა ქალაქში დაბანაკებულ სამხედრო ბატალიონს. მისი ბრძანებით ჯარისკაცებმა ქალაქის ყველა შესასვლელი გადაკეტეს, როგორც ზღაპრებში – ჩიტიც კი ვერ შეფრინდებოდა ქალაქში და მითუმეტეს მადამ პარისის მეუღლე ვერ შევიდოდა. ასეც მოხდა. “საოპერო წარმოდგენამ” განმარტოებულ ვითარებაში სასიამოვნოდ და წარმატებით ჩაიარა, ყოველთვის კი არ არის საჭირო ანშლაგი. როგორც შემდეგ ვიგებთ მოთხრობიდან, ჩიტები მეტად უკმაყოფილონი დარჩნენ ქალაქში რომ ვერ შეფრინდნენ, ამიტომ ჟან დე კარმელენი მკაცრად დასაჯეს და ქალაქიდან შორს გადაიყვანეს. ჩვენთვის უცნობი რჩება კიდევ შეხვდა თუ არა ერთმანეთს შეყვარებული წყვილი, ალბათ უფრო არა. ავტორი ეჭვს გამოთქვავს:

დღეს იქნებ აღარც ახსოვს ეს ქალი და მხოლოდ შეზარხოშებული თუ იხსენებს მეგობრებში უკვე დავიწყებულ რომანტიულ და კომიკურ ფარსს.

სხვაგვარადაა საქმე მოპასანის სხვა მოთხრობაში –  “მზითევი”. იქ მთავარი მოქმედებები ქალის მზითევის გარშემო ვითარდება. თაღლითი კაცი ცოლად მდიდარ ქალს შეირთავს მისი სიმდიდრის გამო, საქორწინო მოგზაურობაში ყოფნისას კი გაუჩინარდება და თან ცოლის მთელ სიმდიდრეს გააყოლებს ხელს.

თუ პირველ შემთხვევაში მამაკაცი ქალის გამო, თავისი თავის გამო(ც), ერთგვარ გმირობას ჩაიდენს და თავის სამხედრო კარიერას სასწორზე შეაგდებს, მეორეგან კაცის ქმედება სრულიად ამაზრზენია. საბოლოო ჯამში კი ორივე ქალბატონი კარგავს “მზითევს”. რაც არ უნდა ძალად გაეთხოვებინათ ქალი (მადამ პარისზე მოგახსენებთ) ღალატი მაინც მიუღებელია. სრულიად უადგილო მგონია კაცის მოკლე ფეხების გამო თავის მართლება.

ხოდა იმას ვამბობდი, რომ ერთ სიტყვას ან ფრაზას მთლიანად შეუძლია ადამიანის მომავალი შეცვალოს, ერთი სიტყვა და მორჩა. შეიძლება მადამ პარისსაც ჰყავდა შეყვარებული, მაგრამ მას სხვების ჩარევის გამო ფოლადივით მსახვრალი “არა” უთხრა. ამით უიმედოდ შეყვარებული ადამიანი დაიღუპება, არასახარბიელო ქორწინება კი ფრაზის: “ამ საღამოს, ათ საათზე” თქმის პროვოცირებას ახდენს. ამას მოსდევს ჩადენილი გმირობა, “საოპერო წარმოდგენა”, დაკარგული თანამდებობა. უსაქმოდ დარჩენა და უფულობა თაღლითობის სურვილს აჩენს, რაც მოტყუებით ცოლის მოყვანას და შემდეგ მეუღლის სიმდიდრესთან ერთად გაუჩინარების საწინდარია.

გამოდის ყველაფერი “არა” – დან იწყება, ან მთავრდება.

პ.ს. შეიძლება მთლად ლოგიკურად არ გამოიყურება მოვლენების მსგავსი განვითარების ვარიანტი, მაგრამ ეგ არაფერი…

Written by ჯორჯ პაიკი

ოქტომბერი 8, 2009 at 12:45