e2-e4

დედოფლის ბედნიერებისთვის მებრძოლი პაიკის ბლოგი

Archive for დეკემბერი 2009

ვაჩუქოთ ერთმანეთს გუნდები

with 16 comments

დღეს განსაკუთრებული დღეა! წელიწადში მხოლოდ ერთხელ ხდება როდესაც ძველი წლის გასვლამდე სამი დღე გვაშორებს. აბა, სად ნახავთ მეორე ასეთ დღეს.

მოვა არ მოვა, საკითხავი აი ეს არის.

ძალიან ბევრს აწუხებს თოვლის მოუსვლელობის ამბავი. ადამიანების ფიქრებმა და ოცნებებმა ცა დაფარეს ღრუბელივით, მაგრამ ნამდვილი თოვლის ღრუბელი და შესაბამისად თოვლიც არ ჩანს. ჯერ-ჯერობით მხოლოდ ბლოგებზე თოვს. ვისაც სანტა კლაუსის ფორმაში გამოწყობილი თოვლის ბაბუების გჯერათ, ჩაიფიქრეთ თოვლი და დაელოდეთ.

…არადა ვის არ უყვარს ხის ტოტებიდან ჩამოყრილი თოვლი კისერში რომ უცვივა და სასიამოვნო შეგრძნებისგან თავს უკან წევს, წყლის წვეთად ქცეული თოვლი კი ხერხემლის კალაპოტს ეუერთდება და ნელ-ნელა, ქვევით-ქვევით სრიალდება. ყველას უყვარს. თქვენ ამბობთ მე არ მიყვარსო? რა უცნაურია, როგორ შეიძლება ეგ არ გიყვარდეს.

გუნდაობა? გუნდაობა რა ცუდია? ოღონდ ხელთათმანების გარეშე. ეგ იმიტომ რომ მაგრად დაბომბილ, გუნდებისგან აფეთქებულ ”მოწინააღმდეგეს” ბოლოს უკნიდან ჩუმად უნდა მიეპარო და გაწითლებულ ლოყებზე ხელისგულები შემოაჭდო, ადვილი წარმოსადგენია რა კარგი შეგრძნებაა თბილ ლოყაზე ცივი ხელების წავლება. ხელებთან შედარებით ლოყა უფრო თბილი იქნება.

კიდევ იმის თქმა მინდა რომ თოვლი ძალიან კარგი საჩუქარია, რადგან ორი ერთნაირი ფიფქი არ არსებობს დედამიწის ზურგზე, აქედან გამომდინარე საჩუქარიც ერთადერთი და განუმეორებელი იქნება. მერე რა, მალე თუ დადნება.

განუმეორებელზე გამახსენდა. თეთრი ვეფხვის ბეწვის მოხატულობაც ყოველთვის სხვადასხვანაირია, ისევე როგორც თითის ანაბეჭდი, რომელსაც ლოყაზე დატოვებთ. აქვე ასტროლოგების ერთ რჩევასაც გაგიზიარებთ: 2010 წელს განსაკუთრებით საშიშია ვეფხვის ხახაში თავის შეყოფა.

აიასეერთმანეთზეგადაბმულადდაშეუჩერებლადმიჰყვებაწამიწამსწუთიწუთსსაათისაათსდღედღესკვირაკვირას თვეთვესდაძველიწლებიცუკანგვრჩება.

Advertisements

Written by ჯორჯ პაიკი

დეკემბერი 28, 2009 at 17:27

დაკარგული ბატი

with 12 comments

რენე მაგრიტის შემოქმედება იდუმალებითაა მოცული, თავად მხატვარიც ამას ამბობდა: ჩემი ნახატები საიდუმლოებებს შეიცავენ, ასევე სინამდვილეს, როცა ვიღაც ჩემს ნახატს უყურებს, ის თავის თავს ერთ მარტივ კითხვას უსვავს, ”ეს რას ნიშნავს?”, რელურად კი საიდუმლო არც არაფერს არ ნიშნავს, ან ის ამოუხსნელია.

სანამ მაგრიტზე გავაგრძელებდი საუბარს ერთ გამოცანას გეტყვით, რომელიც ცხენებთან და ჟოკეებთანაა კავშირში. დოღზე, მორიგი გარბენის წინ, მოულოდნელად წესები შეიცვალა, კერძოდ კი გაიმარჯვებდა ის, ვინც ბოლოს გადაკვეთდა ფინიშის ხაზს, ამავდროულად მხედრები ვალდებულნი იყვნენ მთელი სისწრაფით გაექროლებინათ ცხენები. ჟოკეები ერთად შეიკრიბნენ, რაღაც მოილაპარაკეს, მოახტნენ ცხენებს და მთელი ძალით გააჭენეს. გამოცანა გვეკითხება, რა ხერხს მიმართეს მხედრებმა?

რენე მარგრიტი 1898 წელს დაიბადა ბელგიაში. იგი თავდაპირველად კუბიზმითა და ფუტურიზმით იყო გატაცებული. თავისი პირველი სიურეალისტური ნახატი მან მხოლოდ 1926 წელს შექმნა, ეს ნახატია ”დაკარგული ჟოკეი”. მომდევნო წლებში მხატვარმა, სურათის კიდევ რამოდენიმე ვარიანტი დახატა.

როდესაც პირველად ვნახე მაგრიტის ”დაკარგული ჟოკეი”, მეც მაშინვე ჩემ თავს ვკითხე: ეს რას ნიშნავს? ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა ვიფიქრე გადავწყვიტე, რომ ეს ყველაფერი საკუთარი თავის ძიებას ნიშნავს. ჟოკეი როგორც წესი იპოდრომზე უნდა აჭენებდეს ცხენს, აქ კი რა ხდება… მის გარშემო მეტად უცნაური და მისტიური გარემოა – ჭადრაკის ფიგურების მსგავსი ხეები, ხეებზე მუსიკალური ნოტები… ადვილი წარმოსადგენია როგორი უცნაური ჟღერადობის მუსიკალური ბგერების ხმა ისმის ტყეში. ჟოკეი კი მიაჭენებს ცხენს ”იპოდრომის” მოსაძებნად.

ისევ მცირე გადახვევა. ფრანგი ფიზიკოსი, ანდრე მარი ამპერიმ ერთხელაც,  როცა დილით სახლიდან გადიოდა, ქაღალდზე მიაწერა – ამპერი საღამომდე სახლში არ იქნება, ქაღალდი კარებზე გააკრა და ქუჩაში გავიდა. შუადღისთვის მან ყველა საქმე მოაგვარა, სახლში დაბრუნებულმა კი თავისივე დაწერილი წერილი წაიკითხა, ”ამპერი საღამომდე სახლში არ იქნება” და უკან გაბრუნდა, დაავიწყდა თვითონ რომ იყო ამპერი.

ასეა, ყველა ვეძებთ ჩვენ თავს, ერთმანეთისგან განსხვავებულად, მაგრამ მაინც ვეძებთ. შეიძლება მე ვცდები და მაგრიტს ნახატით ”დაკარგული ჟოკეი” სულ სხვა რამის თქმა სურდა, მაგრამ ეგ ხელს არ მიშლის იმაში, რომ სურათი მომწონდეს და მასში ჩემს თავს ვაიგივებდე.

ეს სურათი კი პოლონელი სიურეალისტი მხატვრის Jacek Yerka-ს მიერაა შესრულებული –  ”გაზაფხული”. აქაც რაღაც მსგავსი იდეაა ჩემი აზრით. გედები (ისე, ბატი უფრო კარგად ჟღერს) დაცურავენ ლაბირინთში და გასასვლელს ეძებენ, იმედია იპოვიან.

ბოლოს კი გამოცანის პასუხს გეტყვით. მოგეხსენებათ დოღში ცხენი იმარჯვებს და არა ჟოკეი, ამიტომაც ჟოკეებმა ცხენები გაცვალეს და ისე დაიწყეს გარბენი. აქედან გამომდინარე ყველა ცდილობდა, რომ რომელ ცხენზეც იჯდა სწრაფად გაეჭენებინა  და საკუთარი ბედაური უკან ჩამოეტოვებინა.

ამობრუნებული დედამიწა

with 16 comments

ქალი ისეთი გაკვირვებული სახით იცქირება, რომ ალბათ პირველად ნახა მფრინავი თევზები, ან რა გასაკვირია, სად ნახავ ყოველდღე ეგეთ თევზებს, ძალიან უნდა გაგიმართლოს… სავარაუდოდ ქალი დაბნეულია და შეიძლება ეჭვიც კი ეპარება, ნამდვილად თევზები დაფრინავენ თუ თვითონ ზის წყალქვეშა მატარებელში, ან იქნებ დედამიწა ამობრუნდა და თევზებმა ცაში დაიწყეს ნავარდი, ფრინველებმა – წყალში ლივლივი. შეიძლება ყველაფერი იმის ბრალია რომ წყალქვეშ მოწყობილ რასტორანში ბევრი დალია, შეყვარებულს ეჩხუბა და ეხლა ელანდება რაღაცეები.

მე ვფიქრობ დედამიწა ამობრუნდა და მაგის გამო ხდება ეგ ამბავი. არ გჯერათ? თქვენი ნებაა. ფაქტია, ვარდისფერი სათვალეების გარდა, არსებობს კიდევ ისეთი სათვალეები, რომლის მეშვეობითაც ყველაფერი ამობრუნებული ჩანს.

ჯორჯ სტრეტტონი პირველი იყო ვინც ექსპერიმენტები ჩაატარა და იმ ეფექტების კვლევა დაიწყო, რა ეფექტებსაც იწვევდა სათვალის ტარება, რომლითაც ამობრუნებული ჩანდა გარშემო მყოფი საგნები. ის აღწერს რომ სათვალის გაკეთებისთანავე მომენტალურად დაერღვა ორიენტაციის შეგრძნება და ვეღარ ახერხებდა გადაადგილებას, ხმებიც კი შებრუნებული მხრიდან ესმოდა, უჭირდა ჩანგლის პირთან მიტანა და ა.შ. თუმცა ის ნელ-ნელა შეეჩვია ამობრუნებული დედამიწის ყურებას და 8 დღის შემდეგ  ვეღარც კი ამჩნევდა განსხვავებას. სათვალის მოხსნის მერე იგივე დაემართა რაც მისი გაკეთების დროს, რასაც ასევე ადვილად შეეგუა მხედველობა და ყველაფერი თავის ადგილას დადგა.

ამის გარდა სხვა მსგავსი ექსპერიმენტებიც ჩატარდა, რომლის მიხედვითაც დადასტურდა რომ თავდაპირველად, ”უკუღმართი” სათვალის გაკეთების დროს გართულდა საგნების სწორად აღქმა, შემდეგ კი დროთა განმავლობაში საკმაოდ სწრაფად გამოსწორდა. ერთ-ერთი ექსპერიმენტის დროს, ცდის პირს უკვე დიდი ხნის მანძილძე ჰქონდა მორგებული სათვალე როცა მას ჰკითხეს – ამობრუნებულად ხედავდა თუ არა ის საგნებს, რაზეც მან უპასუხა: ჯობდა საერთოდ არ დაგესვათ ეგ კითხვა, რადგან სანამ თქვენ მკითხავდით, მანამდე ყველაფერს ჩვეულებრივ აღვიქვავდი და საერთოდ ვერ ვაცნობიერებდი თუ უკუღმა ვხედავდი გარემოს, ახლა კი, თქვენი კითხვის შემდეგ, გამახსენდა თუ სინამდვილეში როგორ გამოიყურება ყველაფერი და ვხდები რომ საგნებს ამობრუნებულად ვხედავ.

ექსპერიმენტით მტკიცდება ადამიანის განსაკუთრებული უნარი, რომლითაც მას შეუძლია ადვილად მოახდინოს ადაპტაცია თავდაყირა მდგომ გარემოსთანაც კი, რაც ყველას არ შეუძლია. ცდის ჩასატარებლად წიწილებს პრიზმული სათვალეები გაუკეთეს, რომლითაც შვიდი გრადუსით მრუდედ ხედავდნენ ნივთებს, შემდეგ მათ დაუყარეს ხორბლის მარცვლები და  მიუხედავად ბევრი მცდელობისა წიწილებმა ვერ შეძლეს საკენკის აკენკვა. ისინი შვიდი გრადუსით ხან მარცხნივ და ხან მარჯვნივ უნისკარტებდნენ საკვებს.

თქვენ შეიძლება მაინც არ გჯერათ დედამიწის ამობრუნების ამბავი, მაგრამ ის უკვე დიდი ხანია რაც თავდაყირა დგას. მსოფლიო შეიშალა ჭკუიდან, ყველანი ჩვენ შევიშალეთ და ვერც კი ვხვდებით, შევეგუეთ… მერე კიდე გვიკვირს მფრინავი თევზების დანახვა. თუნდაც გავიხსენოთ ჯორჯ ორუელის რომანი ”1984”. ჩემი აზრით მაგ წიგნში ზუსტად ამობრუნებული დედამიწის მოდელია აღწერილი, გადაგვარებული და გრძნობებისგან დაცლილი, გაუკუღმართებული ადამიანები…

ჰორმონები არ ხუმრობენ

with 7 comments

სიმაღლეზე მხტომელი სპორტსმენი, ქალბატონი დორა რატენი, 1936 წლის ბერლინის ოლიმპიადაზე გერმანიის სახელით იღებდა მონაწილეობას. დორა გამოვიდა სარბენ ბილიკზე, გაირბინა, ახტა, გადახტა და მხოლოდ მეოთხე ადგილს დასჯერდა. არადა მესამე რაიხი, საკუთარ კედლებში გასამართი ოლიმპიადისთვის განსაკუთრებულად ემზადებოდა. მათ სურდათ დაემტკიცებინათ არიული სისხლის უპირატესობა სხვა ერებთან შედარებით. ამისათვის ფაშისტური მთავრობა ყველაფერს აკეთებდა. ”ყველაფრის კეთების” დამადასტურებელი ფაქტი კი ის გახლავთ, რომ  მოგვიანებით, როცა დორა რატენს უკვე მოგებული ჰქონდა ევროპის ჩემპიონატი, სიმართლე გამჟღავნდა – ”ქალბატონი დორა” ვაჟბატონი აღმოჩნდა. სპორტსმენმა აღიარა რომ მას აიძულეს ქალის სახელით ასპარეზობა, და ის სამი წელი, რომლის მანძილზეც იგი ქალად ასაღებდა თავს, ყველაზე საშინლი პერიოდი იყო მის ცხოვრებაში.

არსებობს ცნობები, თითქოს, ერთ დროს რომის პაპი ქალი ყოფილა ”კაცის ფორმაში” გადაცმული. თუმცა ამ ცნობის ბოლომდე დადასტურება ვერ ხერხდება, კათოლოკური ეკლესიაც კატეგორიულად უარყოფს ამ ფაქტს, ამიტომ თქვენის ნებართვით ისევ სპორტულ ასპარეზს მივუბრუნდები, სადაც ქალის სახელით მამაკაცების გამოსვლის სხვა შემთხვევებიც გვხდება.

პოლონელი სპორტსმენი ქალი, ვალასევიჩი, სპორტულ სარბიელზე გასული საუკუნის 30-იან წლებიდან გამოჩნდა და გამარჯვებას, გამარჯვებაზე აღწევდა. მთელი კარიერის მანძილზე უამრავი მედალი მოიპოვა და მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო მძლეოსან ქალად ითვლებოდა. შემდეგ იგი ამერიკაში გადასახლდა და გათხოვდა კიდეც, თუმცაღა მალევე დაშორდა მეუღლეს. ვალასევიჩი ქუჩაში მოულოდნელად ატეხილი სროლის დროს დაიღუპა, მორგში კი მის საიდუმლოს ფარდა აეხადა – მას როგორც ქალის, ასევე კაცის სასქესო ორგანოები აღმოაჩნდა.

თუმცა, ყოველთვის ერთი შეხედვით ძნელია იმის დადგენა ქალი მართლა ქალია თუ არა. 2009 წლის ბერლინის მსოფლიო ჩემპიონატზე მძლეოსნობაში, 800 მ. გარბენში ქალთა შორის გაიმარჯვა სამხრეთ აფრიკელმა კასტერ სემენიმ. მისი მამაკაცური აღნაგობის გამო გაჩნდა ეჭვი რომ ის კაცი იყო. ანალიზის შედეგად ცნობილი გახდა – სემენის ორგანიზმში მამაკაცური ჰორმონის, ტესტესტორინის დოზა სამჯერ მეტი აღმოჩნდა, ვიდრე ნორმალურ ქალს შეიძლება ჰქონდეს. ამის შემდეგ მას ჩაუტარდა გენდერული ტესტი, რომლითაც უნდა გაირკვეს მისი სქესი.(!) ბოლოს გავრცელებული ინფორმაციით, მსოფლიოს მძლეოსნობის ფედერაცია არ აპირებს სპორტსმენისთის ოქროს მედლის ჩამორთმევას და არც ტესტის შედეგებს გამოაცხადებს საჯაროდ. შეგახსენებთ რომ 2006 წელს, ინდოელ მძლეოსანს ჩამოართვეს მოგებული მედალი, იმის გამო, რომ ის თურმე ქალი კი არა და კაცი ყოფილა.  ამან სპორტსმენზე ფსიქოლოგიურად ძალიან ცუდად იმოქმედა. მას თვითმკვლელობის მცდელობაც ჰქონდა. საბედნიეროდ ექიმებმა მისი გადარჩენა მოახერხეს.

მართლა უცნაური იქნება უცებ რომ მოვიდნენ და გითხრან: აქამდე თუ თავი ქალი/კაცი გეგონა, ახლა გაირკვა რომ თურმე კაცი/ქალი ყოფილხარო. ნამდვილად რთულად არის ადამიანის ორგანიზმი მოწყობილი, ვერაფერს იტყვი, მხატვარ ფერნანდო ვისენტეს ნახატი ქალის ანატომიის თავისებურებებით:

1965 წელს, კანადაში დაიბადა ბავშვში, ბრიუს რეიმერი. ბავშვს დაბადებისთანავე ოპერაციის გაკეთება დასჭირდა. ქირურგიული ჩარევის დროს ექიმის დაუდევრობით, ბიჭს მთლიანად დაუზიანდა სასქესო ორგანოები. შეწუხებულმა მშობლებმა დასახმარებლად ფსიქოლოგ ჯონ მანის მიმართეს. ფსიქოლოგმა მშობლებს ურჩია რომ ბავშვი ისე აღეზარდათ როგორც გოგო. ბავშვს კიდევ ერთი ოპერაციის შედეგად ყველაფერი მოაჭრეს რისი მოჭრაც შეიძლებოდა, ბრიუს სახელი შეუცვალეს – ბრენდა დაარქვეს და მისი გოგოდ აღზრდა დაიწყეს. ფსიქოლოგ ჯონ მანის თეორიის მიხედვით, ადამიანის სქესობრივი კუთვნილება ბუნებაზე კი არ იყო დამოკიდებული, არამედ იმაზე თუ როგორ გაზრდიდნენ მას ბავშვობიდან. სწორედ ამის დასამტკიცებლად გამოიყენა ეს შემთხვევა და სასტიკი ექსპერიმენტის ჩატარებაც ამისთვის დასჭირდა.

თავდაპირველად ყველაფერი თითქოს კარგად მიდიოდა, ბრენდა თოჯინებით თამაშობდა, ფსიქოლოგი კი თავისი წარმატების შესახებ სამეცნიერო სტატიებს წერდა და თავს იწონებდა. მაგრამ ყველაფერი მალევე აირია, როგორც კი ბავშვი წამოიზარდა. იგი უკვე აშკარად ამჟღავნებდა მამაკაცურ თვისებებს. მიუხედავად ამისა მოზარდს მკერდის გასაზრდელად სპეციალურ წამლებს აძლევდნენ. შემდეგ ჯონ მანიმ მშობლებს მოსთხოვა რომ ბავშვისთვის კიდევ ერთი ოპერაცია გაეკეთებინათ,  რათა მისთვის ქალის სასქესო ორგანოები გადაენერგათ. ამ მოთხოვნაზე მოზარდმა წინააღმდეგობა გასწია და რამოდენიმეჯერ თვითმკვლელობაც სცადა, მაგრამ გადარჩა. მშობლებიც ძალიან განიცდიდნენ შვილის მდგომარეობას და თავს დამნაშავედ გრძნობდნენ.  ბრენდამ სიმართლე გაიგო და გადაწყვიტა ნორმალურ ცხოვრებას დაბრუნებოდა.  ბრენდა გახდა დევიდი. 1997 წელს მას მამაკაცის ორგანოები გადაუნერგეს, დაოჯახდა კიდეც, მაგრამ როგორც ჩანს წარსულში გადატანილმა ფსიქოლოგიურმა სტრესმა თავი იჩინა და 2004 წელს დევიდმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

ცრემლდიდობა

with 11 comments

ზოგჯერ ერთი ობოლი ცრემლის შეჩერება უფრო რთულია, ვიდრე მთლიანად მდინარისო, უთქვავს ჯორჯ ბაირონს. ძნელია არ დაეთანხმო. ზოგი კარებში მოყოლილი თითის ტკივილის გამო ღვრის ცრემლს, ზოგი შეყვარებულის დაკარგვის გამო, მავანი სიცილის დროს, ზოგიც სამზარეულოში ტირის ხახვის გაფრცქვნისას. (ეს უკანასკნელი მიზეზი ტირილისა, მალე აღარ იარსებებს, რადგანაც მეცნიერებმა ისეთი ხახვი გამოიგონეს, რომელიც თვალებს არ წვავს.) ბევრს შეიძლება გაუკვირდეს, რატომ მაინცდამაიც მტირალა კაცის ფოტო პოსტის დასაწყისში და არა ქალის, რომლებიც უფრო ხშირად არიან შემჩნეულები ტირილში, სტერეოტიპიც ხომ არსებობს – ნამდვილი მამაკაცი არ ტირის, მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა ფაქტია, კაცებიც ტირიან. (მიუხედავად იმისა, ქალებს მოსწონთ თუ არა ეს) მართალია 5-ჯერ უფრო ნაკლებს, ვიდრე ქალები, მაგრამ მაინც. სხვათაშორის სპეციალისტების აზრით, ქალები კაცებზე მეტხანს იმიტომ ცოცხლობენ რომ მათზე ბევრს ტირიან.

ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მტირალა კაცი ისტორიულად გახლავთ ბერძენი ფილოსოფოსი ჰერაკლიტე, რომელსაც მტირალა ფილოსოფოსს ეძახდნენ. თურმე ჰერაკლიტე ქალაქის ქუჩებში დადიოდა და ადამიანების უგუნურ ქმედებებზე ტიროდა, ტიროდა იმის გამო, რომ ისინი მთელ ცხოვრებას უაზროდ ატარებდნენ და ასევე უაზროდ კვდებოდნენ.  ჯობია თავი დავანებო ფილოსოფიას და ცოტა ცრემლის შესახებ მოგიყვებით.

ცრემლის ორ სახეობას გამოარჩევენ – რეფლექსურს და ემოციურს. თვალის ნორმალური ფუნქციონირებისთვის აუცილებელია ცრემლის გამოყოფა თვალის დასასველებლად. როგორც წესი, ადამიანებში და ცხოველებშიც, მთელი დღის მანძილზე გინდა არ გინდა მაინც გამოიყოფა ცრემლის გარკვეული რაოდენობა, რომელიც თვალს იცავს მტვრისგან, ქარისგან და სხვა რღაც-რაღაცეებისგან. ემოციური ზემოქმედებისგან წარმოქმნილი ცრემლი კი მხოლოდ ადამიანებს ახასიათებთ. ყველაზე ხშირად ადამიანები დარდის, უბედურების დროს ტირიან, მეორე ადგილზეა სიხარულის ცრემლები, შემდეგ მოდის ტკივილით გამოწვეული ცრემლი. ტირილის დროს ორგანიზმიდან გამოიყოფა ისეთი ნივთიერებები, რაც უმრავლეს შემთხვევაში დადებითად მოქმედებს ადამიანზე, უმსუბუქებს მას ტკივილს, სტრეს და ა.შ.

ძველ სლავებში, ასევე სპარსეთსა და ბიზანტიაში გავრცელებული იყო ერთი ძალიან საინტერესო ტრადიცი: გათხოვილი ქალი იწყებდა ტირილს და ცრემლებს სპეციალურ ჭურჭელში ღვრიდა. შემდეგ შეგროვებულ ცრემლს სხვა ნივთიერებებს ურევდნენ და სამკურნალოდ იყენებდნენ. კარგი მტირალა ცოლი საკმაოდ ბევრ ცრემლს მოაგროვებდა, თუ გავითვალისწინებთ იმას რომ ერთი წლის განმავლობაში ადმიანის ორგანიზმი 4-5 ლიტრ ცრემლს გამოიმუშავებს.

კიდევ ერთი საინტერესო დეტალი: რაც უფრო დიდი სევდით არის ცრემლი გამოწვეული, მით უფრო მლაშეა ის, ხოლო ბედნიერების და ხახვის გაფრცვქვნის გამო გამოყოფილი ცრემლები გაცილებით უმარილოა, თითქმის წყალივით მტკნარი ყოფილა. აი, თურმე რატომ არის ოკეანეების წყალი მლაშე…

გუშინ იმდენი ვიკითხე ცრემლებზე, რომ ღამით ფანტასტიკური სიზმარი მესიზმრა. შევეცდები მოკლედ გაგიზიაროთ უცნაური და დაუჯერებელი ამბავი, რომელიც ცრემლს უკავშირდება: იყო და არა იყო რა, იყო ერთი სახელმწიფო. ამ ქვეყანაში ცხოვრობდა ბოროტი მეცნიერი, რომელსაც სიცილი არ შეეძლო. ამიტომაც გადაწყვიტა ისეთი ვირუსი შეექმნა, რომლის გავრცელებითაც ყველა ატირდებოდა. ბევრი იწვალა თავის მიწისქვეშა ლაბორატორიაში და ბოლოს როგორც იქნა შექმნა ცრემლსადენი საშუალება. მან თავდაპირველად ვირუსით ქათმები დაავირუსა. საწყალი ქათმები, ისეთი სენტიმენტალურები გახდნენ… როცა დედალი ვარია ხედავდა, რომ მისი მამალი სხვა დედალთან ღალატობდა მას, სულ მლაშე ცრემლებს ღვრიდა და ყლაპავდა. ცოტა ხანში ქათმებმა მლაშე კვერცხების დადება დაიწყეს. ხალხში კი ვირუსი პირველად ოპერის მომღერლის საშუალებით გავრცელდა.

ცნობილი ტენორი სცენაზე გასასვლელად ემზადებოდა და კულისებში ხმის გასაწმენდად დავირუსებული კვერცხის მოუხარშავი გული გადაყლაპა. სიმღერის დროს, მას მოულოდნელად ძლიერი სლუკუნი აუვარდა და თვალებიდან ცრემლები გადმოსცვივდა, პირი გაუშრა, ხმა ჩაეხლიჩა. მაყურებელმა ამაზე დიდი ხარხარი მორთო. იმდენი იცინეს რომ თვალებიდან მათაც  წამოუვიდათ ცრემლი და დარბაზი დაასველეს. მაგრამ ეგ რა არი. კინოთეატრებიდან, რომანტიკული ფილმების ჩვენების დროს, ცრემლი დარბაზის კარებებ ანგრევდა, ხალხს გარეთ ისროდა და  სავარძლებზე ატივტივებდა. მართალია ხელისუფლებამ აკრძალა სასიყვარულო ფილმებისა და საპნის ოპერების ჩვენება ტელევიზიით,  მაგრამ უკვე გვიან იყო. ხალხი ტიროდა ყველგან და ყველაფერზე. პირველ რიგში იმის გამო ტიროდნენ, რომ მიხვდნენ, მთელი ცხოვრება უაზროდ ჰქონდათ გატარებული, ჰერაკლიტე ახსენდებოდათ… ქუჩები ცრემლით გაივსო, ყველაფრიდან მლაშე ცრემლი იღვრებოდა.  მთელ მსოფლიოს ცრემლდიდობა დაატყდა თავს.  ეგვიპტეში იმდენი იტირეს ნიანგებმა, რომ ნილოსი ადიდდა,  უდაბნოები ცრემლით დაიფარა და გაიყინა. პირამიდების სანახავად ჩასული ტურისტები კი თხილამურებით სრიალებდნენ ყინულზე… ამ დროს გამეღვიძა კიდეც.

ბოლოს ისევ კაცის ცრემლებს მივუბრუნდები. არც ისე ყოფილა საქმე, თითქოს ქალების უმრავლესობას არ მოსწონდეს ცრემლის ხილვა მამაკაცის თვალზე. გამოკითხვამ აჩვენა, რომ გერმანელი ქალების უმრავლესობას მოსწონს. ასევე ინგლისელებს, ოღონდ ინგლისელ დედალ თაგვებს. ექსპერიმენტმა დაადასტურა: დედალ თაგვებს, ცრემლიანი მამალი თაგვები უფრო იზიდავენ. მოკლედ, ვისთვის როგორ.