e2-e4

დედოფლის ბედნიერებისთვის მებრძოლი პაიკის ბლოგი

ცრემლდიდობა

with 11 comments

ზოგჯერ ერთი ობოლი ცრემლის შეჩერება უფრო რთულია, ვიდრე მთლიანად მდინარისო, უთქვავს ჯორჯ ბაირონს. ძნელია არ დაეთანხმო. ზოგი კარებში მოყოლილი თითის ტკივილის გამო ღვრის ცრემლს, ზოგი შეყვარებულის დაკარგვის გამო, მავანი სიცილის დროს, ზოგიც სამზარეულოში ტირის ხახვის გაფრცქვნისას. (ეს უკანასკნელი მიზეზი ტირილისა, მალე აღარ იარსებებს, რადგანაც მეცნიერებმა ისეთი ხახვი გამოიგონეს, რომელიც თვალებს არ წვავს.) ბევრს შეიძლება გაუკვირდეს, რატომ მაინცდამაიც მტირალა კაცის ფოტო პოსტის დასაწყისში და არა ქალის, რომლებიც უფრო ხშირად არიან შემჩნეულები ტირილში, სტერეოტიპიც ხომ არსებობს – ნამდვილი მამაკაცი არ ტირის, მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა ფაქტია, კაცებიც ტირიან. (მიუხედავად იმისა, ქალებს მოსწონთ თუ არა ეს) მართალია 5-ჯერ უფრო ნაკლებს, ვიდრე ქალები, მაგრამ მაინც. სხვათაშორის სპეციალისტების აზრით, ქალები კაცებზე მეტხანს იმიტომ ცოცხლობენ რომ მათზე ბევრს ტირიან.

ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მტირალა კაცი ისტორიულად გახლავთ ბერძენი ფილოსოფოსი ჰერაკლიტე, რომელსაც მტირალა ფილოსოფოსს ეძახდნენ. თურმე ჰერაკლიტე ქალაქის ქუჩებში დადიოდა და ადამიანების უგუნურ ქმედებებზე ტიროდა, ტიროდა იმის გამო, რომ ისინი მთელ ცხოვრებას უაზროდ ატარებდნენ და ასევე უაზროდ კვდებოდნენ.  ჯობია თავი დავანებო ფილოსოფიას და ცოტა ცრემლის შესახებ მოგიყვებით.

ცრემლის ორ სახეობას გამოარჩევენ – რეფლექსურს და ემოციურს. თვალის ნორმალური ფუნქციონირებისთვის აუცილებელია ცრემლის გამოყოფა თვალის დასასველებლად. როგორც წესი, ადამიანებში და ცხოველებშიც, მთელი დღის მანძილზე გინდა არ გინდა მაინც გამოიყოფა ცრემლის გარკვეული რაოდენობა, რომელიც თვალს იცავს მტვრისგან, ქარისგან და სხვა რღაც-რაღაცეებისგან. ემოციური ზემოქმედებისგან წარმოქმნილი ცრემლი კი მხოლოდ ადამიანებს ახასიათებთ. ყველაზე ხშირად ადამიანები დარდის, უბედურების დროს ტირიან, მეორე ადგილზეა სიხარულის ცრემლები, შემდეგ მოდის ტკივილით გამოწვეული ცრემლი. ტირილის დროს ორგანიზმიდან გამოიყოფა ისეთი ნივთიერებები, რაც უმრავლეს შემთხვევაში დადებითად მოქმედებს ადამიანზე, უმსუბუქებს მას ტკივილს, სტრეს და ა.შ.

ძველ სლავებში, ასევე სპარსეთსა და ბიზანტიაში გავრცელებული იყო ერთი ძალიან საინტერესო ტრადიცი: გათხოვილი ქალი იწყებდა ტირილს და ცრემლებს სპეციალურ ჭურჭელში ღვრიდა. შემდეგ შეგროვებულ ცრემლს სხვა ნივთიერებებს ურევდნენ და სამკურნალოდ იყენებდნენ. კარგი მტირალა ცოლი საკმაოდ ბევრ ცრემლს მოაგროვებდა, თუ გავითვალისწინებთ იმას რომ ერთი წლის განმავლობაში ადმიანის ორგანიზმი 4-5 ლიტრ ცრემლს გამოიმუშავებს.

კიდევ ერთი საინტერესო დეტალი: რაც უფრო დიდი სევდით არის ცრემლი გამოწვეული, მით უფრო მლაშეა ის, ხოლო ბედნიერების და ხახვის გაფრცვქვნის გამო გამოყოფილი ცრემლები გაცილებით უმარილოა, თითქმის წყალივით მტკნარი ყოფილა. აი, თურმე რატომ არის ოკეანეების წყალი მლაშე…

გუშინ იმდენი ვიკითხე ცრემლებზე, რომ ღამით ფანტასტიკური სიზმარი მესიზმრა. შევეცდები მოკლედ გაგიზიაროთ უცნაური და დაუჯერებელი ამბავი, რომელიც ცრემლს უკავშირდება: იყო და არა იყო რა, იყო ერთი სახელმწიფო. ამ ქვეყანაში ცხოვრობდა ბოროტი მეცნიერი, რომელსაც სიცილი არ შეეძლო. ამიტომაც გადაწყვიტა ისეთი ვირუსი შეექმნა, რომლის გავრცელებითაც ყველა ატირდებოდა. ბევრი იწვალა თავის მიწისქვეშა ლაბორატორიაში და ბოლოს როგორც იქნა შექმნა ცრემლსადენი საშუალება. მან თავდაპირველად ვირუსით ქათმები დაავირუსა. საწყალი ქათმები, ისეთი სენტიმენტალურები გახდნენ… როცა დედალი ვარია ხედავდა, რომ მისი მამალი სხვა დედალთან ღალატობდა მას, სულ მლაშე ცრემლებს ღვრიდა და ყლაპავდა. ცოტა ხანში ქათმებმა მლაშე კვერცხების დადება დაიწყეს. ხალხში კი ვირუსი პირველად ოპერის მომღერლის საშუალებით გავრცელდა.

ცნობილი ტენორი სცენაზე გასასვლელად ემზადებოდა და კულისებში ხმის გასაწმენდად დავირუსებული კვერცხის მოუხარშავი გული გადაყლაპა. სიმღერის დროს, მას მოულოდნელად ძლიერი სლუკუნი აუვარდა და თვალებიდან ცრემლები გადმოსცვივდა, პირი გაუშრა, ხმა ჩაეხლიჩა. მაყურებელმა ამაზე დიდი ხარხარი მორთო. იმდენი იცინეს რომ თვალებიდან მათაც  წამოუვიდათ ცრემლი და დარბაზი დაასველეს. მაგრამ ეგ რა არი. კინოთეატრებიდან, რომანტიკული ფილმების ჩვენების დროს, ცრემლი დარბაზის კარებებ ანგრევდა, ხალხს გარეთ ისროდა და  სავარძლებზე ატივტივებდა. მართალია ხელისუფლებამ აკრძალა სასიყვარულო ფილმებისა და საპნის ოპერების ჩვენება ტელევიზიით,  მაგრამ უკვე გვიან იყო. ხალხი ტიროდა ყველგან და ყველაფერზე. პირველ რიგში იმის გამო ტიროდნენ, რომ მიხვდნენ, მთელი ცხოვრება უაზროდ ჰქონდათ გატარებული, ჰერაკლიტე ახსენდებოდათ… ქუჩები ცრემლით გაივსო, ყველაფრიდან მლაშე ცრემლი იღვრებოდა.  მთელ მსოფლიოს ცრემლდიდობა დაატყდა თავს.  ეგვიპტეში იმდენი იტირეს ნიანგებმა, რომ ნილოსი ადიდდა,  უდაბნოები ცრემლით დაიფარა და გაიყინა. პირამიდების სანახავად ჩასული ტურისტები კი თხილამურებით სრიალებდნენ ყინულზე… ამ დროს გამეღვიძა კიდეც.

ბოლოს ისევ კაცის ცრემლებს მივუბრუნდები. არც ისე ყოფილა საქმე, თითქოს ქალების უმრავლესობას არ მოსწონდეს ცრემლის ხილვა მამაკაცის თვალზე. გამოკითხვამ აჩვენა, რომ გერმანელი ქალების უმრავლესობას მოსწონს. ასევე ინგლისელებს, ოღონდ ინგლისელ დედალ თაგვებს. ექსპერიმენტმა დაადასტურა: დედალ თაგვებს, ცრემლიანი მამალი თაგვები უფრო იზიდავენ. მოკლედ, ვისთვის როგორ.

Advertisements

11 Responses

Subscribe to comments with RSS.

  1. კაცის ცრემლი ჩემზე მოქმედებს ძალიან – მეც ეგრევე ტირილს ვიწყებ 😀

    Natalia

    დეკემბერი 2, 2009 at 20:27

  2. ნატალიას ვეთანხმები
    და კიდევ ერთ საახეობას დავამატებდი.
    შეიძლება ცოტა პოეტურად ჟღერდეს,მაგრამ მშრალი ცრემლიც არსებობს.

    saposto yuti

    დეკემბერი 2, 2009 at 21:50

  3. აუ ჯორჯ რა მაგარი სიზმარი გინახავს შემსურდა :((( რამდენი ხანია სიზმარი არ მინახავს მიტუმეტეს საინტერესო :(((

    რაც შეეხება კაცის ტირილს მე ძალიან მომწონს! აი ძალიან! თუ ეს ტირილი რაღაც დეგენერატობით არ არის გამოწვეული =))))

    Kate_AlukaЯD

    დეკემბერი 3, 2009 at 00:56

  4. ფილმივით სიზმარი გინახავს 🙂

    კაცის ცრემლის ნახვა ჩემზე ძალიან მოქმედებს! კაცებს ბავშვობიდან შთააგონებენ, რომ ტირილი კაცის საქმე არ არის, ამიტომ თავს მაქსიმალურად იკავებენ.. ვერგამოხატული ტკივილი კი ორგანიზმისთვის რთული გადასატანია.
    და თუ კაცი ტირის, მგონია, რომ ძალიან დიდი ტკივილის გამო.

    keti

    დეკემბერი 3, 2009 at 14:58

  5. კარგი მტირალა ცოლი საკმაოდ ბევრ ცრემლს მოაგროვებდა

    ai mamaze vikaife da shens sizmarze kide avRfrTovandi
    arasodes damsizmrebia micisqvesha laboratoria, arc mecnieri da arc momgerali romelic tiris 🙂

    taa

    დეკემბერი 3, 2009 at 16:11

  6. ვერ ვიტან ბიჭი (კაცი) რო ტირის : &

    ♥ The Dream Teller ♥

    დეკემბერი 4, 2009 at 00:47

  7. ვგიჟდები მგრძნობიარე და „მტირალა” მამაკაცებზე :))))))))))

    Maka Asatiani

    დეკემბერი 6, 2009 at 02:59

  8. ეხ, ნეტა ეხლა სადა ხარ… რა არის ამხელა შვებულება : (

    დამაკლდა შენი სტატიები

    kevana

    მარტი 23, 2010 at 22:42

  9. იჯახის წევრები “მტირალას” მეძახდნენ,სულ ყველაფერზე ვტიროდი.. მაგრამ ეტყობა იმდენი ვიტირე,ახლა წვეთი ცრემი არ მოგორავს ჩემი თვალებიდან 😀
    რაც შეეხება მამაკაცის ცრემლებს,გააჩნია მიზეზს რატომ ტირის ) ახლა კინოზე თუ კაცმა იტირა,ვაიი 😀

    »♥» ana «♥«

    დეკემბერი 27, 2010 at 22:01

  10. ჰერაკლიტეს სინდრომი…რა საინტერესო პოსტია!მეც ნამდვილი მტირალა ვარ….სულელურ რამეებზეც კი მეტირება…შეიძლება ადამიანი შექებაზეც კი ტიროდეს? 😦 რამდენ ცრემლს მოვაგროვებდი წარმომიდგენია:)

    რუსა

    დეკემბერი 27, 2010 at 22:07

  11. რა საინტერესო სტატიაა. წარმატებებს გისურვებ 🙂

    Mariam Kartvelishvili

    ივნისი 12, 2011 at 21:14


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: