e2-e4

დედოფლის ბედნიერებისთვის მებრძოლი პაიკის ბლოგი

ეს კაცი არ გინახავთ?

დაღამდა. ძილის დროა. ის საწოლთან მიდის, ბალიშს ასწორებს, საბანში ძვრება, კედლისკენ ტრიალდება და იძინებს. მერე სიზმრის დრო დგება. სიზმარში კაცი ესიზმრება რომელიც ადრე არ უნახავს, მაგრამ მის სახეს კარგად ხედავს. კაცი მასთან ახლოს მიდის და რჩევებს აძლევს, ასწავლის როგორ უნდა მოიქცეს, ეხმარება. ასე გრძელდება მრავალი ღამის განმავლობაში და ის უკვე ფიქრობს რომ ეს კაცი მხოლოდ მას ეკუთვნის, მაგრამ ყველაფერი ასე მარტივად არაა.

2006 წელს, ცნობილ ნიუ–იორკელ ფსიქიატრს,  პაციენტმა კაცის პორტრეტი დაუხატა და უთხრა რომ ეს კაცი მას ხშირად ესიზმრება. (პოსტის დასაწყისში უკვე მოგიყევით ამ პაციენტის სიზმარი) რამდენიმე დღის შემდეგ ექიმთან მისულმა სხვა პაციენტმა შემთხვევით დაინახა სურათი და მანაც თქვა რომ ეს კაცი ხშირად ესიზმრებოდა. ექიმმა სურათი კაცის გამოსახულებით თავის კოლეგებს გაუგზავნა და სულ მალე გამოჩნდნენ სხვა ადამიანები, ვისაც ასევე ესიზმრებოდათ უცნობი. ამავდროულად ყველა ამბობდა რომ რეალურ ცხოვრებაში მათ ის ნანახი არ ჰყავდათ.

არსებობს საიტი: thisman.org სადაც ბევრი ინფორმაციაა თავმოყრილი ამ უცნაურ ფენომენთან დაკავშირებით. საიტის საშუალებით გაირკვა რომ “ეს კაცი” მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებში მცხოვრებ ათასობით ადამიანის სიზმრებს სტუმრობს. სიზმრებში ის ხან სანაპიროზე გასეირნებას და მზის ჩასვლის ცქერით ტკბობას სთავაზობს მათ და ხან დიდი ქალაქის თავზე დაფრინავენ ერთად.

სპეციალისტები ცდილობენ ახსნან ამ საიდუმლოებით მოცული მოვლენის გამომწვევი მიზეზები. იუნგის თეორიის მიხედვით ეს კაცი ქვეცნობიერის კოლექტიურ არქეტიპს მიეკუთვნება, რომელიც ადამიანისთვის მტკივნეულ თემებზე რეაგირებს. სხვა თეორიის მიხედვით ეს კაცი შეიძლება რეალურად არსებობდეს და ის ადამიანების სიზმრებში შეხწევას სპეციალური ფსიქოლოგიური ხრიკებით ახერხებდეს.

საინტერესოა არა? ჩემთვის საინტერესო იყო და ამიტომაც კიდევ უფრო მეტი ინფორმაციის მოძიება დავიწყე. ცოტა ხანში ყველაფერს ნათელი მოეფინა, თითქოს გათენდაო. არა, “ეს კაცი” არსად მინახავს და არც მისი ასავალ დასავალის შესახებ გავიგე რამე. საქმე იმაშია რომ მთელი ეს ისტორია გამოგონილია! მისი ავტორი კი იტალიელი სოციოლოგი ვინმე Andrea Natella გახლავთ, რომელიც მარკეტინგის სფეროში მოღვაწეობს.

“პარტიზანული მარკეტინგი”, ასე ეწოდება ახალ მიმართულებას მარკეტინგში, რომლის მიზანიც მცირე ფინანსური დანახარჯით მაქსიმალური შედეგის მიღწევაა. როგორც მივხვდი სწორედ პარტიზანული მარკეტინგის რეკლამაა ზემოთ მოთხრობილი ამბავი.  კარგად მოფიქრებული ისტორია ადვილად გავრცელდა ინტერნეტში და ჩემამდეც მოაღწია, მე ის თქვენამდე მომაქვს და ა.შ.

არადა რა კარგი ისტორია იყო, გული დამწყდა ტყუილი რომ გამოდგა. მაგრამ არაუშავს, სამაგიეროდ  “ეს კაცი” არ დამესიზმრება, იმედია.

Advertisements

Written by ჯორჯ პაიკი

ნოემბერი 2, 2010 at 22:04

ცეკვა სკამთან

აქამდე მეგონა, სკამთან მხოლოდ ნასვამები ცეკვავდნენ და დიდ სისულელედ მიმაჩნდა, მაგრამ ვცდებოდი. ამ ქმედებას თურმე ღრმა ფსიქოლოგიური ახსნა ჰქონია. ამაზე ცოტა მოგვიანებით…

საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, მომავალი წლიდან სკოლებში ცეკვის გაკვეთილების ჩატარება სავალდებულო გახდება. “ელემენტარულად, თავის ქორწილში მაინც უნდა შეძლოს ადამიანმა ცეკვა.” – ამბობს პრეზიდენტი. აქვე ერთი ფრაზა მახსენდება ფილმიდან “ლაზარეს თავგადასავალი” – გშია? იცეკვე! ხედავთ, რამდენი სარგებლობის მოტანა შეუძლია ცეკვას. ხუმრობა იქით იყოს და ცეკვა ნამდვილად არ არის ცუდი. თურმე ცეკვა ხელს უწყობს სწრაფი აზროვნების განვითარებას, კომლექსებისაგან განთავისუფლებას და ა.შ.

აბა, ხელი ასწიოს მან, ვისაც ერთხელ მაინც არ უცეკვია სახლში მარტოს, როცა არავინ გიყურებს და ამით დიდი სიამოვნება არ მიეღოს. ხელებს ვერ ვხედავ, ესე იგი ყველას გვიცეკვია.

ცეკვის ცქერაც სიამოვნებაა. აი, მაგალითად გერმანელი მოცეკვავე და ქორეოგრაფი ქალბატონი პინა ბაუში (Pina Bausch 1940-2009), რომელიც თანამედროვე ქორეოგრაფიის მნიშვნელოვან ფიგურად ითვლება. ქალბატონი რომელიც მკაცრი, ასკეტური სტილის ჩაცმულობით გამოირჩეოდა. მას მუდმივად შავი სამოსი და უხეში, მამაკაცური ჩექმები ეცვა. მაკიაჟს არ ხმარობდა, სარკეში კი მხოლოდ სარეპეტიციო დარბაზში იხედებოდა. პინა ბაუშს თავისი მოღვაწეობის მანძილზე ბევრი კრიტიკის მოსმენა მოუწია. მას აკრიტიკებდნენ ძალადობის და სიკვდილის ამსახველი ექსპრესიული სცენებისთვის, აგრესიული ფემინიზმისთვის, ცეკვის ნორმების დარღვევისთვის. მიუხედავად წინააღმდეგობისა პინა ბაუშის თვითმყოფადმა ხელოვნებამ მყარად დაიმკვიდრა ადგილი მსოფლიო ხელოვნებაში. იმას ვამბობდი, ცეკვის ცქერა სიამოვნებაა მეთქი. ამის ერთ–ერთი მაგალითი პინა ბაუშის ქორეოგრაფიით დადგმული სპექტაკლი “კაფე მიულერი” გახლავთ.

(ეს სპექტაკლის პირველი ნაწილია, სურვილის შემთხვევაში დანარჩენ ნაწილებსაც ადვილად მოძებნით youtube-ზე.)

ალბათ, ბევრმა იცით ბერნარდ შოუს გამონათქვამი ცეკვასთან დაკავშირებით: “ცეკვა, ეს არის ჰორიზონტალური სურვილების ვერტიკალური გამოხატულება.” ბაუშის ცეკვებში კი ადამიანის გრძნობების და განცდების მთელი პალიტრაა წარმოდგენილი. პინა ბაუშისთვის მნიშვნელოვანი ის კი არაა თუ როგორ მოძრაობს ადამიანი, არამედ ის თუ რა ამოძრავებს მას.

სპექტაკლში “კაფე მიულერი” მოქმედება ღამით ხდება. ცარიელი კაფე, ბევრი ცარიელი სკამი და რამდენიმე ადამიანი, რომელთაც იმედი აქვთ დაკარგული. მათ დაკარგული აქვთ სიყვარულის უნარი, რის გამოც სასოწარკვეთილები არიან და თავს მარტოსულ ადამიანებად გრძნობენ. ეს ყველაფერი  სპექტაკლში მხოლოდ ცეკვით არის გადმოცემული, ყოველგვარი სიტყვების გარეში. საჭირო რომ ყოფილიყო, პინა ბაუში ცეკვით მრავალსართულიანი შენობის სახურავზე დაკიდული ადამიანის განცდებსაც გამოხატავდა, რომელსაც ხელზე ფეხს ადგამენ ძირს ჩამოსაგდებად.

ცხადია, სპექტაკლის გმირებს დახმარება ესაჭიროებათ. მართალია სპექტაკლში არიან ასხვა პერსონაჟებიც  რომლებიც მათ დასახმარებლად ბევრს ცდილობენ, თუმცა ყველა მცდელობა უშედეგოდ მთავრდება. ინტერნეტში საინტერესო ინფორმაციას მივაგენი, რომელიც შეიძლება მათ დასახმარებლად გამოდგეს.

ფსიქოლოგიაში არსებობს ფსიქოთერაპიის მიმართულება, რომელსაც გეშტალტ–თერაპია ეწოდება. გეშტალტ (Gestalt) გერმანული სიტყვაა და ფიგურას, მთლიანს ნიშნავს. იდეაში, ადამიანი მის გარშემო არსებულ რეალობას მთლიანობაში აღიქვავს, თუმცა ხდება ისეც, როცა ყველაფრის ერთ მთლიანობაში აღქმა ვერ ხერხდება. (როგორც პაზლის აწყობის დროს) არის დეტალები, რომლებიც ჩვენი ყურადღების მიღმა რჩება. მაგალითად, მიზანი რომელიც დიდი ხნის მაძილზე ვერ განვახორციელეთ, ჩვენში დაუმთავრებელი მთლიანობის (გეშტალტის) სახით რჩება. ასეთი დაუმთავრებელი გეშტალტი ადამიანში შეიძლება ბევრნაირი სახის არსებობდეს, როგორც აუხდენელი ოცნება, ასევე განუხორციელებელი მიზნები, ვერ მიღებული განათლება, სხვისი მოთხოვნით მიღებული გადაწყვეტილება, ურთიერთობები რომლებიც დიდი ხნის წინ დამთავრდა მაგრამ მაინც ზემოქმედებენ ჩვენზე და ა.შ. ასეთი მომენტები ადამიანში სიცარიელის და იმედგაცრუების გრძნობას იწვევს და უარყოფითად მოქმედებს მის ცხოვრებაზე. არსებობს ისეთი დაუმთავრებელი გეშტალტები რასაც უბრალოდ ვერც კი აცნობიერებს ადამიანი.

სწორედ გეშტალტ–თერაპიის მიზანია დაუმთავრებელი გეშტალტის გამოვლენა და მისი დამთავრება. ერთ–ერთი მეთოდი რომელიც ამ მიზნებისთვის გამოიყენება არის “ცარიელი სკამის” მეთოდი. (ასევე გამოიყენება “ცხელი სკამის” მეთოდიც”) “ცარიელი სკამის” მეთოდის მიხედვით, პაციენტის წინ დგავენ ცარიელ სკამს და ეუბნებიან რომ წარმოიდგინოს, თითქოს სკამზე ის პიროვნება ზის ვისთანაც მას ადრე პრობლემები ჰქონდა. ამის შემდეგ პაციენტი “პრობლემასთან” იწყებს საუბარს და ფსიქოლოგის დახმარებით ცდილობს მის მოგვარებას, ანუ დაუმთავრებელი გეშტალტის დამთავრებას. სკამზე ადამიანის გარდა კიდევ ნებისმიერი საგნის, თუნდაც თვისების, ან გრძნობის, მაგალითად სიყვარულის დასმა და დალაპარაკებაა შესაძლებელი.

გამომდინარე იქიდან რომ სპექტაკლში “კაფე მიულერი”, ბევრი ცარიელი სკამია, პერსონაჟებს შეუძლიათ ყველა პრობლემა ერთად მოათავსონ სკამებზე და ერთხელ და სამუდამოდ დაამთავრონ მათთან საუბარი.

პოსტის დასაწყისში სკამთან ცეკვა ვახსენე, თქვენი არ ვიცი და მე წერას მოვრჩები თუ არა, ავიღებ ცარიელ სკამს, წარმოსახვით მასზე იმ ადამიანს დავსვავ რომელიც ხელს მიშლის და ერთი მაგრად ვეცეკვები. თან ყურში ყველაფერ იმას ჩავჩურჩულებ რისი თქმაც აქამდე მინდოდა. იმედია გეშტატლ–თერაპიისა და ცეკვის დახმარებით ყველაფერი კარგად იქნება.

ხელის თხოვნის ტუტორიალი

კადრს მიღმა და კადრს გამოღმა უამრავი ორიგინალურობას მოწყურებული ხერხი არსებობს, რითიც მამაკაცი თავისი საყვარელი ქალის მოხიბვლას ცდილობს და ამ გზით სურს მისი გულის ფეთქვის ხმას უსმინოს დარჩენილი ცხოვრება.

შეყვარებული წყვილის ურთიერთობაში ერთ–ერთი დასამახსოვრებელი მომენტი ხელის თხოვნის ეპიზოდია. ქუჩაში ყვირილი, შუა სპექტაკლის დროს სცენაზე ავარდნა და იქიდან მიმართვა, რადიოში გამოცხადება, ვერტმფრენიდან “პროკლამაციების” გადმოყრა, გზაზე ცეცხლოვანი ასოებით სასურველი სიტყვების აელვარება, პაემანზე თეთრ ცხენზე პრინცის ფორმაში გადაცმული მისვლა, თუთიყუშის ჩუქება… მოკლედ უამრავი ვარიანტი არსებობს.

ოჰ, როგორი ჩათაფლული რომანტიკაა!  ოჰჰჰ, რა ნეტარებაა!!! ოღონდ, არასასურველი პასუხის მიღების შემთხვევაში ეს ყველაფერი ნიკოლოზის სიზმრიდან გამოღვიძებას დაემსგავსება. ნიკოლოზის სიზმარი ხომ გახსოვთ? ფილმიდან “უდიპლომო სასიძო”.

ინტერნეტშიც ბევრი რჩევაა ამ თემასთან დაკავშირებით. იმდენად ბევრი რომ სანამ ყველაფრის წაკითხვას მოასწრებს კაცი, მანამდე ფემინისტები დედამიწაზე მატრიარქატის დაბრუნებას მოასწრებენ და კაცებს აქეთ გვთხოვენ ხელს. რამდენიმე რჩევას მაინც გავეცანი და თქვენც შემოგთავაზებთ, მაგალითად ეს:

“საწოლიდან ადრე ადექი. გადი სამზარეულოში, მოამზადე ვახშამი, მოხარშე ყავა და ეს ყველაფერი სინით მიართვი საწოლში შენს საყვარელ ადამიანს. ვაზაში წითელი ვარდი, შამპანიური. რაც მთავარია ყავის ფინჯანთან პატარა კოლოფის დადება და მასში საქორწინო ბეჭდის ჩადება არ დაგავიწყდეს”. ან, ეს: “შეუკვეთეთ ტორტი წარწერით “გამომყევი ცოლად” და მიართვი საჩუქრად”. თუნდაც ეს: “მოაწყეთ რომანტიკული გასეირნება ღრუბლებში”…

მგონი საკმარისია. ამდენ “ორიგინალურ რომანტიკას” რა გაუძლებს.

ყველაზე მეტად შემდეგი ვარიანტი მომეწონა: შეყვარებულთან ერთად მომენტალური ფოტოს გადამღები აპარატის კაბინაში შედით, კარგად მოთავსდით, მომართეთ მოწყობილობა და მაშინ როცა ობიექტივიდან ჩიტი დააპირებს გამოფრენას მოულოდნელად და მოკლედ უთხარით რომ თქვენ ის გიყვართ… ამ დროს აპარატი ფოტოებს ავტომატურ რეჟიმში გადაიღებს – წამიც დაჭერილია!

პ.ს. ამბობენ, გამეორება ცოდნის დედააო, მაგრამ არავის უთქვავს გამეორება ორიგინალურობის დედააო. ამიტომ დაივიწყეთ ყველანაირი ტუტორიალი და თუ მაინცადამაინც რაიმე ორიგინალურის და რომანტიკულის გაკეთება გინდათ, თქვენ თვითონ მოიფიქრეთ. იყავით რომანტიკული, მაგრამ ნუ დაიწვავთ თითებს სანთელზე, რომანტიკული ვახშმის დროს!

სურათზე მარცხნივ: პუშკინი – ორიგინალურობა; მარჯვნივ: დანტესი – გამეორება;

Written by ჯორჯ პაიკი

ოქტომბერი 1, 2010 at 19:58

სოკო ჭიაში

leave a comment »

არა რა, ნამდვილად კარგად მოიფიქრეს მაკდონალდსში – მაკი ლავაშში, ანუ მაკ ლავაში. დასავლური “კულტურა” ქართულ ლავაშში! როგორმე ერთხელ მაინც უნდა დავაგემოვნო. თუმცა რადროს ლავაშია! ეს უბრალოდ რილიური შესავალი იყო.

მცირე ჩათვლემის დროს სიზმარი მესიზმრა: ვითომ ქალი ეკითხებოდა კაცს: სახლში ჩუსტები გაქვსო – კაცმა უპასუხა – არაო. კითხვამაც და პასუხმაც ძალიან გამაკვირვა. პირღია გამომეღვიძა. თუმცა ბუნებაში ბევრად უფრო საკვირველი ამბები ხდება.

ერთ–ერთი ასეთი “პირი დამრჩა ღია” ამბავი ჩემთვის პარაზიტი სოკოების აღმოჩენა გამოდგა. უცნაური და იშვიათი სახეობის სოკოები ყველაფერს აკეთებენ იმისათვის რომ გადარჩნენ და გამრავლდნენ. ისინი გამოყოფენ სპორებს, რომლებიც ჭიის ორგანიზმში ხვდება. აქედან იწყება ჭიის უბედურება და სოკოს ბედნიერება. ინფიცირებული ჭია მთლიანად უცხო სხეულის მიერ გამოყოფილი ნივთიერებების ზეგავლენის ქვეშ ექცევა და მისი “ბრძანებების” შესრულებას იწყებს. ჭია თავისიანებს შორდება, მარტოდმარტო დახეტიალობს, როგორც ობოლი სული. მერე  ზომბირებული ჭია იმ ადგილისკენ მიემართება, სადაც ყველაზე ხელსაყრელია სოკოს გაზრდისთვის, ერთ ადგილას ჩერდება და კვდება. სოკო კი პირდაპირ ჭიის თავიდან ამოდის! გადის დრო, სოკო იზრდება და მეფის ერთადერთი ასულივით მშვენდება, ისევ ყრის სპორებს მიწაზე, სპორები ისევ ხვდებიან ჭიების სხეულში, ჭიებიც ისევ ასრულებენ მათ ბრძანებებს და ასე გრძელდება მილიონობით წლების მანძილზე.

სოკოს მოყვარული აქამდეც არ ვყოფილვარ და ამის შემდეგ ხომ საერთოდ აღარ გავეკარები. ვიცოდე მაინც მცენარეა თუ ცხოველი.ვისაც სოკო გიყვართ ფრთხილად იყავით.

თუკი ამ ფაქტმა თქვენშიც გამოიწვია გაოცება და პირი გააღეთ, მაშინ დახურვა არ იჩქაროთ, რადგან…

არსებობს ასეთი პარაზიტი, სახელად ტოკსოპლაზმა გონდიი, (Toxoplazma gondii) რომელიც თაგვის ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ, ასე ვთქვათ, თაგვს ასულელებს, რაც იმაში გამოიხატება რომ თაგვი კატის მიმართ შიშს კარგავს. უფრო მეტიც, მღრღნელს კატის სურნელი იზიდავს, მისი მოტრფიალე ხდება, უყვარდება იგი, მისკენ მიისწრაფვის და აქედან გამომდინარე ადვილად ხვდება მისსავე ხახაში. პარაზიტი ტოკსოპლაზმა  სიცოცხლეს კატის სხეულში აგრძელებს – მიზანი მიღწეულია. არ ვიცი მაკიაველმა თუ იცოდა მსგავსი პარაზიტების შესახებ, ის კი ფაქტია რომ სიტყვებში – “მიზანი ამართლებს საშუალებას” – ნამდვილად იგრძნობა ტოკსოპლაზმის გავლენა.

ტოკსოპლაზმას ასევე ძალიან უყვარს ადამიანის ორგანიზმში მოკალათება, მომყუდროება. სტატისტიკის თანახმად დედამიწაზე მოსახლეობის ნახევარზე მეტი ინფიცირებულია ტოკსოპლაზმით. როგორც წესი ადამიანის იმუნური სისტემა ადვილად უმკლავდება ამ სახეობის პარაზიტებს, მაგრამ ზოგჯერ გართულებებსაც აქვს ადგილი. დაავადებამ შეიძლება ადამიანში გამოიწვიოს შენელებული რეაქციები, მუდმივად დაუცველობის შეგრძნება, შიშები, საკუთარ თავში ეჭვის შეტანა.

ვინ იცის რამდენი პარაზიტი არსებობს რომელიც ჯერ შესწავლილი არ არის. იქნებ ბოროტებაც დაავადებაა, უცნობი პარაზიტებით გამოწვეული. თუ სწორად მახსოვს, ვიქტორ ჰიუგოს რომანში “კაცი რომელიც იცინის”, დაახლოებით ასეთი რაღაცას წერს: დედამიწაზე არსებული ოქრო მუდმივად განიცდის ცვეთას და გამოყოფს უმცირეს ნაწილაკებს, რომლებიც ჰაერში იფანტება, შემდეგ ისევ დაბლა ცვივა, ადამიანია მათ სუნთქვის დროს ყლაპავს და ბოროტდებაო. ვეთანხმები ჰიუგოს, რაღაც ამის მსგავსი აუცილებლად იქნება. აბა, სხვაგვარად როგორ აიხსნება მხოლოდ საკუთარ თავზე მზრუნველი, სხვა რომ ფეხებზე ჰკიდიათ, ტოკსოპლაზმას ჯიშის ადამიანების არსებობა?

Written by ჯორჯ პაიკი

სექტემბერი 28, 2010 at 14:15

შენ და ჩაი

.
შენ მე მაოცებ! საიდან მოგაფიქრდა ცხელი ჩაით სავსე ფინჯნის თავზე დადება? თან მეუბნები შენც სცადე და კარგად რომ აითვისებ დავჯდეთ ერთად და ხელოვნებაზე ვისაუბროთო. მუხლზე კიდევ ხო, მაგრამ თავზე?!
.
შენ თუ იცი ვან გოგმა როგორ ინერვიულა როცა პირველად მოუწია ჩაის ფინჯნის მუხლზე დადგმა. მას სხვა გზა არ ჰქონდა, სტუმრად იყო, (დახეული ფეხსაცმლებითა და იღლიაში ამოჩრილი ნახატებით ბევრი იარა რომ თავისი ნამუშევრები გამოცდილი მხატვრისთვის ეჩვენებინა) მასპინძელმა კი ჩაი და ნამცხვარი ერთდროულად შესთავაზა, ახლო–მახლო კი მაგიდაც არ იდგა. გოგმა ჩაი ბოლომდე გამოსცალა, ერთი წვეთიც არ დაუღვრია.
.
რომ იცოდე, მუხლზე ფინჯნის გაჩერებასაც თავისი წესები აქვს. თუ „ბარსას“ თამაშს უყურებ და თან მუხლზე ცხელი ჩაით სავსე ფინჯანი გიდგას, მაშინ პირველივე გოლის გამო გამოწვეულ სიამოვნებას და ყიჟინას დიდი შანსია რომ დამწვრობის სუნიც შეერიოს. (საკუთარი გამოცდილებიდან გეუბნები) ასე რომ ფრთხილად იყავი!
.
კარგი, ვთქვათ და მოვახერხე თავზე ფინჯნის გაჩერება, შენი ამბები რომ ვიცი მერე მეტყვი ახლა ჰორიზონტალურ მდგომარეობაში მყოფმა მუცელზე გაჩერება ისწავლეო. დიდი ცუღლუტი ვინმე ხარ! ვიცი, კარგად იცი ქალის და კაცის სასუნთქი სისტემის მუშაობის პრინციპი.
.
ჩაისთან დაკავშირებით ერთი ამბავი ვიცი და მოგიყვები: ლეგენდას თუ დავუჯერებთ მრავალი წლის წინ დედამიწაზე ცხოვრობდა ადამიანი, სახელად შენ პუნი, რომელიც ჩინელი გახლდათ და სხვა თავისი თანამემამულეებისგან იმით გამოირჩეოდა, რომ იგი მცენარეების სპეციალისტი ბრძანდებოდა. მან ბევრი სამკურნალო თვისებების მქონე მცენარე აღმოაჩინა, რითიც ხელი შეუწყო ადამიანის ხანგრძლივ და ჯანმრთელად ცხოვრებას. თუმცა,  შენ პუნს თავისი საქმიანობის დროს მრავალი ფათერაკი გადახდა. ერთხელ მან მორიგი სასარგებლო მცენარის ძიების დროს შემთხვევით 72 შხამიანი მცენარე გასინჯა, რის გამოც ცუდად შეიქმნა (მის გარშემო ყველაფერი დატრიალდა) და მიწაზე,  ბუჩქის ძირას მიწვა – სიკვდილს დაუწყო ლოდინი. ირგვლივ მზე ანათებდა. ჩიტები ჟღურტულებდნენ. დიდი, თბილი ლოდი უზრუნველად და უძრავად ეგდო მიწაზე. (მის შემხედვარეს გემრიელად გაზმორება მოგინდებოდა) ნიავი არემარეს ისეთი სინაზით უნიავებდა, როგორც მარაო ქალის მკერდს. სწორედ ნიავის მიერ მოტანილი ფოთლები დაეცა მკერდზე პუნს. სიკვდილის პირას მყოფმა სწავლულმა თავის პროფესიულ ჩვევას ვერაფერი მოუხერხა – ფოთლები პირში ჩაიდო და დაღეჭა.
.
ფოთლებმა სასწაულებრივად იმოქმედეს მასზე და შენ პუნი უმალ გამოჯანმრთელდა. სასწაულმოქმედი ფოთლები კი ჩაი აღმოჩნდა. ასე გახდა ჩინელი შენ პუნი ჩაის პირველი აღმომჩენი.
.
მადლობა შენ, შენ დიდი სამსახური გაუწიე კაცობრიობას! კიდევ ერთხელ გულწრფელი მადლობა ჩემგან და ცხელი ჩაის ფინჯანზე გამთბარი თითებისაგან.
.
პ.ს. შენ კი, თუ მაგარი ხარ ჰორიზონტალურ მდგომარეობაში მკერდზე ჩაის ჭიქის გაჩერება ისწავლე და მერე გავაგრძელოთ ამ თემაზე საუბარი. ვნახოთ ერთი, ქალისთვის დამახასიათებელი მკერდისმიერი სუნთქვის ფონზე როგორ მოახერხებ მაგის გაკეთებას.
არავინ
.

Written by ჯორჯ პაიკი

სექტემბერი 23, 2010 at 16:56

გოჭი ადიბასი

with 16 comments

.
რატომ(?)ღაც არავინ გაუჩინარდა თავის ჰანასთან ერთად და ამიტომ მის მაგივრად მე დავუბერავ თქვენთვის, ჩემი კლავიატურიდან თქვენი მონიტორისაკენ.
.
ფილმზე მოგიყვებით. “ღია ზღვა” – ასე ჰქვია ფილმს, რომელშიც დროის დიდ მონაკვეთში მოქმედება ზღვაში ვითარდება. ვერ ვიტყვი რომ ფილმი გენიალურია და ძალიან მინდა ყველამ ნახოს, უბრალოდ სასიამოვნოა გრილ და სველ ნივთიერებებზე წერა. ტალღების ტყლაშუნის ხმისათვის მიყურადება.
.
მოკლედ, ფილმის მთავარი გმირები არიან ცოლ–ქმარი, რომლებმაც როგორც იქნა მოახერხეს თავისუფალი დროის გამონახვა და ერთად გაემგზავრნენ დასასვენებლად, ბაჰამის კუნძულებზე. დანიშნულების ადგილას, სასტუმროში დაბინავდნენ, წყალში იცურეს, სურათები გადაიღეს (ერთი სურათი ხელოვნური ზვიგენის ხახაში თავშეყოფილი) ქალმა იშოპინგა, საღამოთი სანაპიროზე გაისეირნეს, მერე კი შიშვლებმა დაიძინეს. მეორე დილით  ადრიანად გაიღვიძეს, წყალქვეშ ჩასაყვინთი მოწყობილობები აიღეს, კატერზე დასხდნენ, ზღვაში შეცურეს. ინსტრუქტორმა მათ და დანარჩენ მგზავრებსაც აუხსნა თუ რა და როგორ უნდა გაეკეთებინათ, ისიც უთხრა რომ ახლომახლო ზვიგენები ბინადრობდნენ, მაგრამ ნუ შეგეშინდებათ, აგრესიულები არ არიანო. ამის შემდეგ ჩვენმა წყვილმა, წყალზედა მკაცრი რეალობა კატერზე დატოვეს და თავით წყალქვეშა სამყაროში გადაეშვნენ.
.
აი, აქამდე ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ კატერზე დატოვებულ რეალობასთან ერთად, საზღვაო ტრანსპორტზე დაუდევარი ინსტრუქტორებიც დარჩნენ, რომელთა წყალობითაც მოხდა გაუგებრობა და წყილს ზედაპირზე ამოსულმა ცოლ–ქმარმა აღმოაჩინა რომ კატერი უკვე წასულიყო ნაპირისკენ. ისინი მარტონი დარჩნენ ზღვაში. თუმცა იყვნენ ზვიგენებიც, ახლომახლო. ბოლომდე რთული წარმოსადგენია თუ როგორი განცდა შეიძლება დაეუფლოს ადამიანს მსგავს სიტუაციაში. წყალი. წყალი. წყალი. წინ, უკან, მარჯვნივ, მარცხნივ – ყველგან წყალი.ახლომახლო ზვიგენები. ახლომახლო. მათ დაბლა კი “ჯადოსნური სამეფო” – ასე ერქვა იმ წყალქვეშა არე–მარეს. გავიდა ერთი საათი, ორი, სამი… დრო გადიოდა.
.
თავიდან სიუზანი და დანიელი ცდილობდნენ მხნედ ყოფილიყვნენ და ერთმანეთს ამხნევებდნენ, მაგრამ ერთ ეპიზოდში ნერვებმა უმტყუნათ და ნამდვილი ოჯახური სცენა გაითამაშეს – დაიწყეს კამათი. შენი ბრალია აქ რომ წამოვედითო, ჩემი კი არა შენი ბრალიაო და ა.შ.
.
ცოლ–ქმრის ჩხუბს ზვიგენმაც მოჰკრა ყური. იმ ბრიყვს ეგონა მართლა ჩხუბობენო და მათთან უფრო ახლოს დაიწყო ცურვა. სულ ახლოს.
.
ფილმის ფინალს არ გეტყვით, ან გამოიცანით, ან უყურეთ და თავდ ნახეთ რაც მოხდება.

უცნაური დამთხვევაა, მაგრამ ზუსტად ფილმის ნახვის შემდეგ წავაწყდი ამ სურათს ინტერნეტში.

ესეც მკაცრი რეალობა, რისგან გაქცევასაც ცდილობდნენ ფილმის გმირები. ასეა, პატარა თევზები (თითქმის) ყოველთვის დიდი თევზის მუცელში ხვდებიან.

ხო, მართლა, თევზის მუცელზე გამახსენდა. ცოტა ხნის წინ ხელში ჩამივარდა (არ მკითხოთ როგორ) წერილი, რომელიც თურმე ზვიგენის მუცლიდან ამოღებულ ბოთლში აღმოჩენილა. აი, ეს წერილი:

გამარჯობა

დიდი დრო გავიდა რაც შენთვის წერილი აღარ მომიწერია. თავი წერილებით ამევსო. იმედია მაპატიებ. შენც უნდა გამიგო. არ მიყვარს როცა მიბრაზდები. მართალია მე ეგეთიც მიყვარხარ, მაგრამ მაინც. ამიტომ თავი დაანებე გაბრაზებებს და საკუთარი თავიდან კატაპულტირებას.

დღეს გასტრონომიულ–ფილოსოფიურ თემაზე გესაუბრები. რამდენიმე დღის წინ მეგობარმა მთხოვა გოჭების კასტრაციაში დავხმარებოდი. მინდა გითხრა, რომ აქამდე მსგავს საქმიანობაში შემჩნეული არ ვყოფილვარ, (ღიმილი) მაგრამ უარი მაინც ვერ ვუთხარი. ავდექი და წავედი. მივედი თუ არა, კასტრირების პროცედურაც დაიწყო.  “ქირურგი” გადამდგარი ვეტექიმი გახლდათ, ულვაშებიანი. მართალია დილა იყო, მაგრამ უკვე გადაკრული ჰქონდა. ჩემი მოვალეობა, მიწაზე განრთხმული გოჭის უკანა ფეხებით დაჭერაში გამოიხატებოდა. საწყალი ცხოველი, კაფკას “პროცესის” პერსონაჟის მსგავსად ვერ გაეგო თუ რა დააშავა და რა გვინდოდა მისგან, ამიტომ ხმამაღლა ჭყიოდა. აღარ მოგიყვები ლანცეტზე, სისხლებზე და სხვა რაღაცეებზე, უბრალოდ გეტყვი, ყველაფერი ჩემს თვალწინ, ოც სანტიმეტრში ხდებოდა.

როგორც იქნა მოვრჩით და ხელში შეგვრჩა ოთხი დაკოდილი გოჭი და რვა ცალი ყვერი. გაგიკვირდება და წინ უარესი მელოდა. ეს უარესი კი ტაფაში შემწვარი ყვერები იყო, რომელიც უნდა გვეჭამა. (ღიმილი) თუმცაღა არც ისეთი ცუდი გამოდგა როგორც ერთი შეხედვით მეგონა. გემრიელი იყო, ნამდვილი დელიკატესი. (რა ფუ, გემრიელი იყო მეთქი.) “ქირურგიც” საინტერესო ადამიანი აღმოჩნდა. ბევრჯერ თქვა: არ გავაკეთე კარგი საქმე, მაგრამ რას ვიზამო. თურმე “ინტელექტკლუბის” მოყვარული ყოფილა. სულ ზეპირად იცოდა მოთამაშეების გვარები. ბოლო “ბროლის ბუ”–ზე ყველა ერთსულოვნად შევთანმხდით რომ მაგარია და დავიშალეთ.

მწუხრისას ხელში ზაზა ბურჭულაძის ახალი რომანი “ადიბასი” ავიღე და კითხვა დავიწყე. რომანის დასაწყისში სიტყვა ადიბასის განმარტების წაკითხვისთანავე, რაც ყოველივე ყალბს, სუროგატს ნიშნავს, გოჭები გამახსენდნენ – გოჭი ადიბასი, გოჭი რომელიც ღორი რომ გახდებოდა დედალ ღორებში უნდა ევლო, ახლა კი იგი ამას ყვერების არქონის გამო ვეღარ გააკეთებს. წიგნში მოქმედება 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ვითარდება. ქვეყანაში ომია, წიგნის გმირები კი არაადეკვატურად მოქმედებენ, ისე იქცევიან, ვითომც არაფერი არ მომხდარა. კითხვის დასრულების შემდეგ ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა რომ ადიბასის პერსონაჟები, მიუხედავად იმისა რომ მთელი რომანის დროს მხოლოდ სექსზე ფიქრობენ და ჟიმაობენ, ისინი მაინც გოჭ ადიბასებად რჩებიან. ცუდი კი ის არის, რომ ისინი მხოლოდ წიგნის პერსონაჟები არ არიან. ნეტა ვინ შეჭამა ჩვენი ყვერები?

სულ ეს იყო ჩემო ჰანა. ახლა ამ წერილს ავიღებ, ბოთლში ჩავდებ და ზღვაში მოვისვრი. მაინც გინდოდა ვინმეს ასე რომანიკულად გამოეგზავნა წერილი და აჰა, აგისრულდა ოცნება. სანამ ჩემზე გაბრაზებული იქნები, მანამდე სულ ასე გამოგიგზავნი წერილებს. კარგად.

არავინ

დაუჯერებელია პირდაპირ, არავინს ვერსად ვერ გავექეცი.

მჟავე კიტრი და შთაგონება

with 16 comments

ერთხელ მეც შევალ კაფეში, პატარა მაგიდასთან დავჯდები, ორ ესპრესოს შევუკვეთავ და დაველოდები სანამ ვიღაც მოვა, წინ დამიჯდება და რამე საინტერესოს მომიყვება, მე ჩუმად მოვუსმენ. ზუსტად ასე იქცევა ჯიმ ჯარმუშის გმირი ფილმში “კონტროლის ზღვარი”. ერთ ასეთ ეპიზოდში კი უცნობი ასეთ სიტყვებს ამბობს:

ინსტრუმენტები, რომლებიც ხისგან არიან დამზადებულნი, მუდმივად გამოსცემენ ხმებს – რეზონირებენ. მათ თავისი მახსოვრობა აქვთ. ყველა ბგერა, რომელიც კი გაჟღერებულა მათივე მეხსიერებაში ინახება.

სანამ ესპრესოს დავლევ, მანამდე სახლში ვიჯექი, მჟავე კიტრს ვჭამდი და შთაგონებაზე ვფიქრობდი. საიდან მოდის შთაგონება? როდის მოდის? რატომ მოდის? რატომ მიდის? საერთოდ შთაგონების შესახებ განსხვავებული აზრები არსებობს. ძველ ბერძნებს მუზების სჯეროდათ, მუზების რომლებიც მათთან მივიდოდნენ (მიფრინდებოდნენ) და ისინიც ამ დროს  ხელოვნების განსაკუთრებულ ნიმუშს შექმნიდნენ. ქრისტიანობაში შთაგონების წყაროდ ხვთიური ძალებს თვლიდნენ.

ამ მოსაზრებების მისამართით საწინააღმდეგოს ვერაფერს ვიტყვი, ალბათ, ყველა ადამიანის შემთხვევაში ინდივიდუალურად ხდება შთაგონების მობრძანება. აი, მაგალითად მოცარტი, როცა მუსიკას ქმნიდა წვერს არ იპარსავდა, რადგან ეგონა რომ მუზები მის წვერში იბუდებდნენ.

ინგლისელი ფილოსოფოსი ჯონ ლოკი შეეცადა ადამიანის ცნობიერების მოდელი შეექმნა. მისი აზრით, ადამიანის ცნობიერებაში იდეები რეზონანს და ასოციაციებს იწვევენ, რისი პროვოცირება ერთ სიტყვასაც კი შეუძლია. როგორ რეზონანს და ასოციაციებს გამოიწვევს ესა თუ ის სიტყვა ადამიანში, ეს უკვე კონკრეტულ პიროვნებაზეა დამოკიდებული. ბოლო ხანს ერთმა შემთხვევამ გამაკვირვა, როცა მეშახტის გაგონებაზე წარმოვიდგინე ადამიანი, რომელსაც თავზე სპეციალური ჩაფხუტის მაგივრად, შლაპა ეხურა, შლაპაზე კი ციცინათელა ჰქონდა მიმაგრებული. (ღიმილი)

აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ ადამიანის გონება მუსიკალურ ინსტრუმენტს ჰგავს, შთაგონება მასზე დამკრელს, იდეები კი აჟღერებულ მუსიკას. ახლა არ მითხრა დამკრელები ვინღა არიანო. “დამკვრელი” შეიძლება იყოს ნებისმიერი რამ: რაიმე ფრაზა, წიგნი, მუსიკა, ფილმი, ფოტო, ნახატი,უცნაური ან ჩვეულებრივი ამბავი, ბუნებაში გასეირნება, მოკლედ ყველაფერი ის რასაც ძლიერი გრძნობის და შთაბეჭდილების გამოწვევა შეუძლია. სულ ესაა შთაგონების მოქმედების პრინციპი.

მთავარი კი მაინც “ინსრუმენტია”. (რომელიც შენს მეზობელს საერთოდ არ აქვს) კარგად აწყობილი “ინსტრუმენტისათვის” კი შემეცნებაა აუცილებელი. ბევრი ინფორმაციის შესრუტვა. ბევრი გრძნობები. ამ ყველაფერს გონაბა თავისით აფორმატებს და ერთ მთლიან ინსტრუმენტად გარდაქმნის, რომლის კეთებაც დაუსრულებლად მიმდინარეობს, სანამ ადამიანი ცოცხალია.

შენი არ ვიცი, ჩემო ჰანა, და მე ვისურვებდი რომ ჩემი “ინსტრუმენტი” ფორტეპიანო იყოს – შავი ან წითელი. პრინციპში საქსაფონიც კარგი ვარიანტია, თუნდაც საყვირი, ან ფლეიტა, გიტარა, ვიოლინოც კარგია, მაგრამ ფორტეპიანო სულ სხვაა.

თუ ყველაფერი ლოგიკურად ვერ დავაკავშირე, არაუშავს, ხშირად შთაგონებაც ალოგიკურია ხოლმე.

პ.ს. მადლობა მჟავე კიტრს შთაგონებისათვის.