e2-e4

დედოფლის ბედნიერებისთვის მებრძოლი პაიკის ბლოგი

Posts Tagged ‘ალფონს დოდე

ჯორ(ჯ)ი

with 3 comments

ქარის წისქვილი

გამომცემლობა “საბჭოთა მწერალი” 1961 წელი. ალფონს დოდეს მოთხრობათა კრებული “წერილები ჩემი წისქვილიდან” წიგნის ტირაჟი 30 000. ფასი 62 კაპიკი. წიგნი მცირე ზომისაა, მაგარყდიანი, მუქი მწვანე ფერის, 223 გვერდიანი, ნაბეჭდი ტექსტი გვერდის კიდეზე არ არის მიჭყლეტილი და ადვილად იკითხება, როგორც შინაარსის ასევე ტექნიკური მახასიათებლების გამო. წიგნი ისეთი კომფორტულია, ხელში რომ დაიჭერ გაშვება აღარ მოგინდება, და თუ მაინც კითხვისას ძილი მოგერია, საწოლზე წამოწოლილი წიგნს თავნთან ახლოს დაიდებ და ხელში ჩაბღუჯავ. მე ძალიან მომწონს გარეგნულად ლამაზი წიგნები. რათქმაუნდა მთავარი შინაარსია, მაგრამ კითხვის განწყობის შესაქმნელად წიგნის ვიზუალურ მხარეს დიდი მნიშვნელობა აქვს. ერთი სიტყვით წიგნი ქალივითაა. ქალშიც მთავარი მისი შინაგანი სამყაროა, თუმცა გარეგნობასაც თავისი ადგილი უკავია მოწონების იერარქიულ შკალაზე. ახლა სამიოდე სიტყვით წიგნის სამი მოთხრობის შესახებ მოგითხრობთ.

მეწისქვილე კორნელის საიდუმლოება

აქ საუბარია მოხუცი მეწისქვილის შესახებ, რომელიც ვერ ურიგდება ტექნიკურ პროგრესს, მისთვის მიუღებელია ახალი, ორთქლის წისქვილები. ის ხომ მთელი ცხოვრება თავის ქარის წისქვილში მუშაობდა სადაც ხორბლის ფქვასთან ერთად სოფლის მოსახლეობა ერთად იკრიბებოდა, საუბრობდა, მღეროდა, ცეკვავდა… მას შემდეგ კი რაც თანამედროვე წისქვილები აშენდა ხალხმა დაივიწყა მოხუცი კორნელი თავის ქარის წისქვილიანად. მოხუცი კი ისე იქცეოდა თითქოსდა წისქვილი მუშაობას არ წყვეტდა. ხორბალი არავის მიჰქონდა კორნელთან და ვერავინ ვერ ხვდებოდა როგორღა მუშაობდა წისქვილი. საიდუმლოს ფარდა რამოდენიმე წლის შემდეგ აეხადა. გაირკვა რომ წისქვილში ხორბლის ერთი მარცვალიც არ დაგორავდა. მეწისქვილე მხოლოდ ხალხის მოსატყუებლად ამუშავებდა (ვითომ) წისქვილს და ასეთი სახით გამოხატავდა პროტესტს ორთქლზე მომუშავე წისქვილების მიმართ. რას ვიზავთ… დროს თავისი მიაქვს. ბატის ფრთის საწერი მოწყობილობა კლავიატურამ ჩაანაცლა, გილიოტინა – ელექტროსკამმა.

ოქროსტვინიანი კაცის ლეგენდა

იყო და არა იყო რა, იყო ერთი კაცი, რომელსაც ოქროს ტვინი ჰქონდა. ბავშვობისას თავის მძიმე თავს დიდი გაჭირვები დაატარებდა, ხან რას მიეჯახებოდა და ხან რას. ერთხელ მაღალი სიმაღლიდან გადმოვარდა. მარმარილოს ფილაქანზე დაცემისას თავმა ისე დაიწკარუნა რომ არავის ეგონა თუ ბავშვი გადარჩებოდა, მაგრამ გადარჩა. თავიდან მხოლოდ რამოდენიმე წვეთი შედედებული ოქრო გამოუვიდა და სულ ეგ იყო. ბავშმა ოქროს ტვინის შესახებ 18 წლის ასაკში შეიტყო. აბა ამის მერე სახლში რაღა გააჩერებდა. დაიწყო მოგზაურობა, ქეიფი, გართობა, დროსტარება… ხარჯებს კი ტვინიდან მოგლეჯილი ოქროს ნატეხებით ფარავდა. ოქრო ტვინთან ერთად თავდებოდა. (ან პირიქით) ბოლოს მაღაზიაში მეუღლისთვის საჩუქარს ყიდულობდა (ამ დროს იმდენად ცოტა ტვინი ჰქონდა დარჩენილი რომ ცოლის გარდაცვალების ამბავი აღარ ახსოვდა) როცა ტვინიდან მოგლეჯილ ოქროს სისხლიც გამოჰყვა და ადგილზე აღესრულა. თავში მუშტს ვიკაკუნებ მაგრამ რა აზრი აქვს, არ წკრიალებს, გინდ მკვახე საზამთროს ჩაუკაკუნე და გინდ ჩემ თავს.

პაპის ჯორი

“ლამაზი, შავი, წაბლისფრად დაწინწკლული, მაგარი ფეხებით, მბზინავი ბეწვით, ფართო და სავსე გავით.” – ასეთი ჯორი ყავდა პაპს, რომელსაც იგი ძალიან უყვარდა. დღე ისე არ ჩაივლიდა პაპს ჯორისთვის დიდი ჯამით –  ფრანგული წესით შეზავებული, ბევრი შაქრით და ნელსაცხებლით – ღვინო რომ არ მიერთმია. ჯორიც ერთგულად ემსახურებოდა პატრონს. ამ სიამტკბილობაში იყვნენ როცა პაპის კეთილგანწყობა და თვით ჯორის მოვლის უფლება ვინმე ტისტე ვედენმა მოიპოვა. ეს ვედენი დიდი არამზადა გახლდათ. იმის მაგივრად რომ ღვინო ჯორისთვის მიეტანა, იგი თავად სვავდა ამფსონებთან ერთად და მერე ჯორს უმოწყალოდ აწვალებდნენ. ხან ყურს აუწევდნენ ხან კუდს და იყვნენ ერთ ამბავში. ჯორი ითმენდა. ერთხელ ვედენმა ჯორს მორიგი ოინი მოუწყო. ჯორი მთელი საათის განმავლობაში ხვეული კიბით ატარა და სამრეკლოს წვერში აიყვანა, იქ კი მარტო დატოვა. თქვენ ვერ წარმოიდგენთ რამხელა შიში და სირცხვილი ჭამა ჯორმა სამრეკლოზე. შიში იმიტომ რომ ჯორი იყო და სიმაღლის ეშინოდა, კიბეებზეც ვერ ჩამოვიდოდა, სულ დაიმტვრეოდა. სირცხვილი იმიტომ რომ როცა თოკებით ჩამოჰყავდათ სამრეკლოდან, მოედანზე უამრავი ხალხი იყო შეკრებილი და ყველა მას დასცინოდა. ჯორი ჯერ კიდევ სამრეკლოზე ყოფნისას დაპირდა ოინბაზ ვედენს რომ წიხლს უთავაზებდა აუცილებლად, მაგრამ სანამ დანაპირებს აასრულებდა ვედენი ქალაქიდან წავიდა და მხოლოდ შვიდი წლის შემდეგ დაბრუნდა უკან. როგორ ფიქრობთ ჯორს პირობა დავიწყებული ჰქონდა? არა! როგორც კი შანსი მიეცა მაშინვე გემრიელად ჰკრა ტლინკები არამზადას. yes!

ახლაღა შევამჩნიე როგორი კეთილხმოვანი კავშირია სიტყვებს შორის: ჯორი და ჯორჯი. რა მინდოდა, ვყოფილიყავი გიორგი…

Advertisements

Written by ჯორჯ პაიკი

აგვისტო 2, 2009 at 10:04