e2-e4

დედოფლის ბედნიერებისთვის მებრძოლი პაიკის ბლოგი

Posts Tagged ‘ამპერი

დაკარგული ბატი

with 12 comments

რენე მაგრიტის შემოქმედება იდუმალებითაა მოცული, თავად მხატვარიც ამას ამბობდა: ჩემი ნახატები საიდუმლოებებს შეიცავენ, ასევე სინამდვილეს, როცა ვიღაც ჩემს ნახატს უყურებს, ის თავის თავს ერთ მარტივ კითხვას უსვავს, ”ეს რას ნიშნავს?”, რელურად კი საიდუმლო არც არაფერს არ ნიშნავს, ან ის ამოუხსნელია.

სანამ მაგრიტზე გავაგრძელებდი საუბარს ერთ გამოცანას გეტყვით, რომელიც ცხენებთან და ჟოკეებთანაა კავშირში. დოღზე, მორიგი გარბენის წინ, მოულოდნელად წესები შეიცვალა, კერძოდ კი გაიმარჯვებდა ის, ვინც ბოლოს გადაკვეთდა ფინიშის ხაზს, ამავდროულად მხედრები ვალდებულნი იყვნენ მთელი სისწრაფით გაექროლებინათ ცხენები. ჟოკეები ერთად შეიკრიბნენ, რაღაც მოილაპარაკეს, მოახტნენ ცხენებს და მთელი ძალით გააჭენეს. გამოცანა გვეკითხება, რა ხერხს მიმართეს მხედრებმა?

რენე მარგრიტი 1898 წელს დაიბადა ბელგიაში. იგი თავდაპირველად კუბიზმითა და ფუტურიზმით იყო გატაცებული. თავისი პირველი სიურეალისტური ნახატი მან მხოლოდ 1926 წელს შექმნა, ეს ნახატია ”დაკარგული ჟოკეი”. მომდევნო წლებში მხატვარმა, სურათის კიდევ რამოდენიმე ვარიანტი დახატა.

როდესაც პირველად ვნახე მაგრიტის ”დაკარგული ჟოკეი”, მეც მაშინვე ჩემ თავს ვკითხე: ეს რას ნიშნავს? ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა ვიფიქრე გადავწყვიტე, რომ ეს ყველაფერი საკუთარი თავის ძიებას ნიშნავს. ჟოკეი როგორც წესი იპოდრომზე უნდა აჭენებდეს ცხენს, აქ კი რა ხდება… მის გარშემო მეტად უცნაური და მისტიური გარემოა – ჭადრაკის ფიგურების მსგავსი ხეები, ხეებზე მუსიკალური ნოტები… ადვილი წარმოსადგენია როგორი უცნაური ჟღერადობის მუსიკალური ბგერების ხმა ისმის ტყეში. ჟოკეი კი მიაჭენებს ცხენს ”იპოდრომის” მოსაძებნად.

ისევ მცირე გადახვევა. ფრანგი ფიზიკოსი, ანდრე მარი ამპერიმ ერთხელაც,  როცა დილით სახლიდან გადიოდა, ქაღალდზე მიაწერა – ამპერი საღამომდე სახლში არ იქნება, ქაღალდი კარებზე გააკრა და ქუჩაში გავიდა. შუადღისთვის მან ყველა საქმე მოაგვარა, სახლში დაბრუნებულმა კი თავისივე დაწერილი წერილი წაიკითხა, ”ამპერი საღამომდე სახლში არ იქნება” და უკან გაბრუნდა, დაავიწყდა თვითონ რომ იყო ამპერი.

ასეა, ყველა ვეძებთ ჩვენ თავს, ერთმანეთისგან განსხვავებულად, მაგრამ მაინც ვეძებთ. შეიძლება მე ვცდები და მაგრიტს ნახატით ”დაკარგული ჟოკეი” სულ სხვა რამის თქმა სურდა, მაგრამ ეგ ხელს არ მიშლის იმაში, რომ სურათი მომწონდეს და მასში ჩემს თავს ვაიგივებდე.

ეს სურათი კი პოლონელი სიურეალისტი მხატვრის Jacek Yerka-ს მიერაა შესრულებული –  ”გაზაფხული”. აქაც რაღაც მსგავსი იდეაა ჩემი აზრით. გედები (ისე, ბატი უფრო კარგად ჟღერს) დაცურავენ ლაბირინთში და გასასვლელს ეძებენ, იმედია იპოვიან.

ბოლოს კი გამოცანის პასუხს გეტყვით. მოგეხსენებათ დოღში ცხენი იმარჯვებს და არა ჟოკეი, ამიტომაც ჟოკეებმა ცხენები გაცვალეს და ისე დაიწყეს გარბენი. აქედან გამომდინარე ყველა ცდილობდა, რომ რომელ ცხენზეც იჯდა სწრაფად გაეჭენებინა  და საკუთარი ბედაური უკან ჩამოეტოვებინა.