e2-e4

დედოფლის ბედნიერებისთვის მებრძოლი პაიკის ბლოგი

Posts Tagged ‘ვუდსტოკი

ვენერა მილოსელი ვუდსტოკის ფესტივალზე

with 10 comments

ძველი და ახალი ვენერა მილოსელი

ორი ვენერა მილოსელი და ერთი ევა გრინი ფილმიდან “მეოცნებენი”

სათაურიდან გამომდინარე თუ გგონიათ,

რომ ფანტასტიკური ჟანრის პოსტს წაიკითხავთ –

იმედგაცრუებული დარჩებით.

1820 წელს, ბერძენი გლეხი, კუნძულ მილოსზე თავის მიწას ეწვალებოდა, ანაყოფიერებდა, როცა შემთხვევით მასში ქალის ქანდაკება იპოვა. ეს ქანდაკება ყველასთვის კარგად ნაცნობი ვენერა მილოსელია. ჭკუაგამჭრიახი გლეხი მიხვდა რაღაც განსაკუთრებული რომ იპოვა და მისი სარფიანად გაყიდვა გადაწყვიტა. მსურველი ბევრი გამოჩნდა. ქანდაკების ხელში ჩაგდება ყველაზე მეტად თურქებს და ფრანგებს სურდათ. მათ შორის ხელჩართული ბრძოლაც კი გაიმართა სკულპტურის მოსაპოვებლად და როგორც ირკვევა სწორედ მაგ ბატალიებს შეეწირა ვენერას ხელები. საბოლოოდ ვენერა მილოსელი ფრანგების ხელში აღმოჩნდა და 1821 წლიდან იგი ლუვრის მუზეუმში ინახება საპატიო ადგილას. არავინ იცის რა ბედი ეწია ქალღმერთის ხელებს, ამბობენ ვენერას ერთ ხელში ოქროს ვაშლი ეჭირაო. ვინ იცის ვის მკერდ ამშვენებს გადადნობილი ოქროს ვაშლისგან დამზადებული სამკაული, ან იქნებ ყურზე ამაყად ქანაობს საყურე, შეიძლება მარცხენა ყბის ქვედა საღეჭი კბილის ადგილას არის ჩასმული…  ვინიცის.

ეს კი არა და ქანდაკების ავტორის ვინაობაც არ არის ზუსტად დადგენილი. ის კი ცნობილია რომ ქანდაკება ჩვ. წ. ა.–მდე I-II საუკუნეშია შექმნილი. ლეგენდას თუ დავუჯერებთ ქანდაკების შექმნისთვის ავტორმა მოდელად უბრალო მეძავი ქალი გამოიყენა. ბევრი ამ აზრს არ ეთანხმება, სად სიყვარულის ქალღმერთი და სად მეძავიო.

მიუხედავად ყველაფრისა, 2 000 წლის წინ შექმნილი ვენერა მილოსელი დღესაც ქალის სილამაზის განსახიერებად ითვლება. (ამ მოსაზრების გარშემო კამათი ნებადართულია.) მართალია ვენერა მილოსელის სხეულის ზომები (მკერდის გარშემოწერილობა 86 სმ. წელის – 69 სმ, თეძოების – 89 სმ.) თანამედროვე პარამეტრებს არ ემთხვევა, მაგრამ მაინც. მის ჩაბრძანებას პაიზში დიდი გამოხმაურება მოჰყვა, როგორც დადებითი ასევე უარყოფითი. შატობრიანმა ქანდაკებას საბერძნეთის სიდიადის დამადასტურებელი ძეგლი უწოდა, რენუარმა კი “დიდი ჟანდარმი”. (ქართულად ამ სიტყვების ინტეპრეტაცია ასე შეიძლება: ვენერა მილოსელი – დიდი “გაიშნიკი”.)

ფაქტი ერთია, ლუვრის ამ ექსპონანტს ყოველთვის ბევრი მნახველი ჰყავს. ჩვენ სანამ ვენერას სანახავად მუზეუმის შესასვლელში, კარებთან, მტვრიან ფეხსაცმლებს გავიწმენდავთ, მანამდე ეს ვიდეო ვნახოთ.

თქვენ შეიძლება იკითხოთ, აბა ვუდსტოკიო? სწორი შენიშვნაა.

წელს ვუდსტოკის ფესტივალის ჩატარებიდან 40 წელი გავიდა. 1969 წელს ა.შ.შ. –ის ქალაქ ბეთელში ჩატარდა ფესტივალი, რომელსაც 500 000(!) მსმენელი დაესწრო. აქ დეტალურად არ შევჩერდები იმაზე თუ ვინ გამოვიდა სცენაზე და რა იმღერა, მხოლოდ იმას ავღნიშნავ რომ ვუდსტოკი ისტორიაში შევიდა როგორც ერთობის, მშვიდობის და სიყვარულის ფესტივალის სახელით, და რა გასაკვირია, სადაც სიყვარულია იქ სიყვარულის ქალღმერთიც რომ ყოფილიყო. მე მჯერა, ვენერა მილოსელი აუცილებლად დაესწრებოდა ფესტივალს.

ვენერა მილოსელი ვუდსტოკის ფესტივალზე

ვუდსტოკის შესახებ სტატიას რომ ვკითხულობდი, სიმართლე გითხრათ ვენერა მილოსელი სულ არ გამახსენდებოდა, მაგრამ წერილში ნახსენები იყო 1968 წლის პარიზის მოვლენები, სტუდენტების საპროტესტო გამოსვლა ქუჩებში, ბარიკადები… ამ ფაქტთან დაკავშირებით გონებაში არქიმედეს კანონის დახმარებით, ბერნარდო ბერტოლოჩის ბოლო ნამუშევარი, “მეოცნებენი” ამომიტივტივდა. ფილმში სწორედ საპროტესტო აქციების ფონზე ვითარდება მოვლენები. ფილმიდან კი ერთი ეპიზოდი გამახსენდა, რომელშიც მომხიბვლელი ფრანგი მსახიობი, ევა გრინი, ვენერა მილოსელის ქანდაკებას ანსახიერებს. სწორედ მაგ კადრის დამსახურებაა ეს პოსტი, რადგან ამის შემდეგ უკვე აღარ გამჭირვებია – ევა გრინის, ვენერა მილოსელის, ვუდსტოკის ფესტივალის და სიყვარულის ერთმანეთთან დაკავშირება.

პ.ს. ბოლოს ცოტას მაინც ფანტასტიკის ჟანრში გადავალ… წარმოვიდგინოთ რომ 2 000 წლის შემდეგ, გამრჯე გლეხმა, მიწის დამუშავების დროს “ქართლის დედის” ქანდაკება იპოვა…

Advertisements