e2-e4

დედოფლის ბედნიერებისთვის მებრძოლი პაიკის ბლოგი

Posts Tagged ‘ვუდუ

ზომბის კოსტიუმში

with 12 comments

ზომბების პარადი”მოვა დრო, როცა ჩვენს ფანჯრებთანაც ჩაივლიან ზომბები, ან თავად თქვენ  ჩაივლით საკუთარი სახლის ფანჯრებთან, როგორც ზომბი”.

უცნობი წინასწარმეტყველი

ამ შემოდგომით შავი ყურძნის დაწურვა მომიწია, ძველი, მამა-პაპური ტრადიციის მიხედვით. საწნახელში შარვლის ტოტებ აკაპიწებული, ფეხშიშველა ჩავხტი და ყურძნის ჭყლეტვა- წურვას შევუდექი. ვწურავდი და ვწურავდი… ფეხქვეშ ყურძნის ჭყლაპუნის ხმას ვუსმენდი, თან ვწურავდი და ვწურავდი… დაწურვას რომ მოვრჩი ამოვედი საწნახელიდან და პირდაპირ ფეხშიშველმა გავიარ-გამოვიარე ეზოში. ფეხები სულ ”ჩასისხლიანებული” მქონდა წვენისგან, სარკეში შევხედე ჩემ ანარეკლს და თურმე სახეშიც შემსხმია წვეთები, ხელებიც მოთხვრილი მქონდა. მოკლედ, საპნის ოპერის გრიმიორს ნამდვილად შეშურდებოდა ისე კარგად და ბუნებრივად მქონდა  მომაკვდავი, დასისხლიანებული ადამიანის გრიმი გაკეთებული. და უცებ გამახსენდა ცოტა ხნის წინ გაზეთში ნანახი ფოტო და სტატიის სათაური – ზომბების პარადი. მერეღა გავაცნობიერე – ყურძნის წურვის დროს ”ზომბის კოსტიუმში” გამოვეწყე ძალაუნებურად და ეზოში სეირნობაც ერთგვარი პარადი გამომივიდა. ეს იყო პირველი ზომბი პარადი საქართველოში.

ჩვენი წინაპრებიც წურავდნენ ყურძენს, თავისდაუნებურად იმოსებოდნენ ზომბის კოსტიუმებში მაგრამ მათ ამის შესახებ წარმოდგენაც არ ჰქონდათ, ანდა საიდან ეცოდინებოდათ…

დიდი დრო არ არის გასული რაც ზომბების გარშემო დაიწყო საუბარი. პირველად სიტყვა ზომბი უილიამ სიბრუკმა ახსენა თავის წიგნში ”მაგიური კუნძული”(1929 წელი), სადაც ის ჰაიტზე თავის ცხოვრებას აღწერს და გვიყვება ზომბებთან შეხვედრაზე. ჰაიტზე სჯერათ რომ თითქოს ვუდუს მაგიის ჯადოქრებს შეუძლიათ მიცვალებულის გაცოცხლება, რომელიც მთლიანად ჯადოქარს ემორჩილება. თავდ ვუდუ, როგორც რელიგიური მრწამსი, კარიბის ზღვის კუნძულებზე მას შემდეგ გაჩნდა რაც კუნძულზე ესპანეთის მმართველობის დროს დასავლეთ აფრიკიდან მონები გადაასახლეს, რომლებსაც ვუდუსი სჯეროდათ.

ამერიკაში გამოსული წიგნი მალევე გახდა პოპულარული. თვითონ ზომბი კი როგორც ცოცხალი მკვდარი, ან თუ გნებავთ მოსიარულე მკვდარი, რომლებსაც აზროვნების უნარი არ გააჩნიათ, სხვა წიგნების მთავარ გმირებად იქცნენ, მათზე დაიწყეს ფილმების გადაღება. უფრო მოგვიანებით, შემდეგში მეტად ცნობილი რეჟისორის, ჯორჯ რომეროს მიერ გადაღებულმა ფილმებმა ზომბების შესახებ, კიდევ უფრო პოპულარული გახადა ისინი. დღეისთვის უამრავი ფილმი არსებობს სადაც ზომბების გარშემო ვითარდება მოვლენები. (ზომბებზე ფილმების ყურება შეგიძლიათ აქ) ერთ-ერთი ბოლო ფილმი ზომბებზე სულ ახლახანს გამოვიდა კინოეკრანებზე – ”ზომბილენდი”  კომპიუტერული თამაშები გაინტერესებთ ზომბებზე? რამდენიც გინდათ იმდენია. დღეისთვის იწერება წიგნები სადაც ზომბების ურთიერთსიყვარულია მოთხრობილი. 2009 წელს გამოიცა პაროდია ცნობილი ინგლისელი მწერლის, ჯეინ ოსტინის რომანისა ”სიამაყე და ცრურწმენა”. წიგნის პაროდიულ ვერსიაში სიუჟეტი ზომბების ირგვლივ ვითარდება. (Pride and Prejudice and Zombies). თანამედროვე ინგლისელმა მხატვარმა, დაუნ მელორმა შექმნა ნიკოლ კიდმანის და ოდრი ჰეპბერნის ზომბი პორტრეტები:

ოდრინიკოლ კიდმანი

იმისათვის რომ ბავშვი გონებაჩლუნგი არ გაიზარდოს, მას სჭირდება ზომბი თოჯინა:

ბიჭებისთვისგოგონებისთვის

2003 წელს ქალაქ ტორონტოში გაიმართა პირველი ზომბი პარადი, თუმცა მას პარადს ძნელად თუ ვუწოდებთ, რადგან მასში მონაწილეობა სულ რამოდენიმე ზომბმა მიიღო. ამის შემდეგ კი ნელ-ნელა განვითარდა და გაიზარდა ზომბების მსვლელობის მაშტაბები და ახლა მასში მონაწილე ზომბების რაოდენობა ათასს აჭარბებს. მართალია ჯერ ზოგიერთი ქალაქის მმართველობა ხელს უშლის მსგავსი მსვლელობების გამართვას, მაგრამ ზომბები უკან არ იხევენ. ზომბი პარადები უკვე მოეწყო რუსეთის რამოდენიმე ქალაქში, კიევში, ტალინში. მოგეხსენებათ ჩვენთან როგორი დამოკიდებულებაა ჰელოუინის მიმართ… მაგრამ როგორც პოსტის დასაწყისში უცნობი წინასწარმეტყველი გვამცნობს, მოვა დრო და… მანამდე ეს ვიდეო ნახეთ:

ასე რომ ვისაც პარადში მონაწილეობის სურვილი გაგიჩნდებათ ჩემი გამოცდილების წყალობით უკვე იცით ერთ-ერთი ხერხი თუ რისი საშუალებით შეიძლება ზომბის კოსტიუმში გამოწყობა. მთლად ყურძნის დაწურვის შესაძლწბლობა თუ არ გექნებათ არ იდარდოთ, იმპროვიზაცია ჩვენთანაა! საკმარისია შავი ღვინით სავსე რამოდენიმე ჭიქის თავზე გადასხმა და ყველაფერი მზად იქნება.

პ.ს. სხვათაშორის ძალიან კარგი ღვინო გამოვიდა დაწურული ყურძნისგან. სამი ჭიქა საღამოობით ვახშმობისას… იფ, იფ.