e2-e4

დედოფლის ბედნიერებისთვის მებრძოლი პაიკის ბლოგი

Posts Tagged ‘ზლატან იბრაგიმოვიჩი

ბარიკადებზე

with 6 comments

იერომინ ბოსხი "შვიდი სასიკვდილო ცოდვა და ოთხი უკანასკნელი გარემოება"

დილიდან კომპიუტერთან გავმაგრდი და პოსტის დაწერა დავაპირე, მაგრამ სიზარმაცემ დიდი ბარიკადები აღმართა ჩემ წინაშე, გზა გადამიკეტა. იმის მაგივრად რომ რამე დამეწერა, საიტიდან საიტზე დავხტოდი ზამბარასავით. არადა რა კარგი თემა მქონდა მოფიქრებული – ზლატან იბრაგიმოვიჩის კეხიანი ცხვირი. “ბარსელონას” ახალი ფეხბურთელის ცხვირი უნდა დამეკავშირებინა ო’ ჰენრის ნოველასთან “ბედისწერის ხაზები.” ამ ნოველაში, მთავარ გმირს, ეგვიპტელი ხირომანტი ზოზო უწინასწარმეტყველებს და აცნობებს რომ შენი ცხოვრების უახლოეს მომავალში დიდ როლს ითამაშებს ადამიანი, რომელსაც კეხიანი ცხვირი აქვს, გვარში კი ასო “ო” ურევიაო.  მკითხავების ნაბოდიალების დაჯერება რა საკადრისია, თუმცა თუ ტობინივით თქვენი შეყვარებულიც გაუჩინარდება და თან კაპიკებით შეკოწიწებულ ფულსაც თან გაიყოლებს, არ არის გამორიცხული კეხიანი ცხვირის ჯადოსნური შესაძლებლობების ირწმუნო. იბრაგიმოვიჩის  “ბარსელონა” –ში გადასვლის ამბავი გავიგე თუ არა, მაშინვე ეგ ნოველა გამახსენდა. ყოველგვარი ცრუმორწმუნეობის და ზოზოსთან კავშირის გარეშე, როგორც “ბარსელონას” რიგითი გულშემატკივარი, ვფიქრობ რომ ზლატანი დიდ წვლილს შეიტანს გუნდის მომავალ გამარჯვებებში. ამის ყველა წინაპირობა არსებობს: კეხიანი ცხვირი, ასო “ო” მის გვარში და გრძელი, სწრაფი ფეხები, რომელთაც ბევრი ლამაზი გოლი აქვთ შეგდებული მეტოქეთა კარში.

აი, დაახლოებით რაღაც მსგავსის დაწერას ვაპირებდი მაგრამ მეზარებოდა. ამ დროს შემთხვევით გადავაწყდი ნიდერლანდიელი მხატვრის, იერომინ ბოსხის ნახატს “შვიდი სასიკვდილო ცოდვა და ოთხი უკანასკნელი გარემოება.” (თარგმანი ჩემია და არ ენდოთ) ნახატი შესრულებულია ხეზე, ზეთის საღებავებით, სავარაუდოდ 1475 – 1485 წლების პერიოდში. ამჟამად სურათი ინახება მადრიდის სახელგანთქმულ მუზეუმში – პრადო. ძველად კი იგი ესპანეთის მეფეს, პილიპე II ეკუთვნოდა, რომელიც თურმე ყოველთვის, სურათის დანახვისას ადამიანურ ცოდვებზე ჩაფიქრდებოდა ხოლმე. მეც მსგავსი რამ დამემართა…

სურათის ცენტრში გამოსახულია ღმერთი, როგორც სამყაროს ცენტრი, რომელიც ყველაფერს ხედავს. მის გარშემო დახატულია შვიდი ცოდვის ამსახველი ნახატები, ესენია: მრისხანება, სიხარბე, ვერცხლისმოყვარეობა, ნაყროვანება, სიზარმაცე, ავხორცობა და პატივმოყვარეობა. როგორც შეამჩნიეთ აქ არ არის ქურდობის ან კაცის კვლის ცოდვა. სპეციალისტები ფიქრობენ რომ ბოსხმა მხოლოდ ის ცოდვები დახატა რომელიც ადამიანის ხასიათში ზის. სურათის კუთხეებში გამოსახულია: ზედა მარცხენა მხარეს სიკვდილისწინა მდგომარეობა და ზიარება, მარჯვენა ზედა კუთხეში სამსჯავრო, სადაც ადამიანის განსჯა ხდება. დაბლითა კუთხეებში კი ჯოჯოხეთის და სამოთხის სურათებია დახატული. ბოსხის ქმნილება რთული კომპოზიციური გადაწყვეტით გამოირჩევა და ძალიან ბევრ სიმბოლოს შეიცავს, დატვირთულია უამრავი დეტალით, სურათზე წერია ციტატები საეკლესიო ლიტერატურიდან. ყველაფრის დეტალურად აღწერისგან თავს არ შეგაწყენთ. მთლიანობაში ნახატი საინტერესოა, ამასთანავე ყველაზე დიდაქტიკური მხატვრის შემოქმედებაში.

რომ არა ბოსხი, დღეს სიზარმაცეს ვერ დავამარცხებდი და ცოდვის ბარიკადებს, რომელიც ყოველი ფეხის ნაბიჯზეა, ვერ გადავლახავდი.

ეს სურათის დეტალებია, თუ არ დაგეზარებათ დააწკაპუნეთ და დიდი ზომით იხილეთ.

მრისხანება სიხარბე ნაყროვანება ვეცხლისმოყვარეობა

სიზარმაცე პატივმოყვარეობა ავხორცობა