e2-e4

დედოფლის ბედნიერებისთვის მებრძოლი პაიკის ბლოგი

Posts Tagged ‘თაგვი

ერთგული თაგვი

with 5 comments

Mouse Erectus - Homo Sapiensცვლილებების დროა ჩემს “მინისტრთა კაბინეტში”, კერძოდ კი სიზმრის მინისტრია გადასაყენებელი, რა არის სულ ვირთხები რომ მესიზმრება. ეს რა უბედურებაა, ეს რა დოზანაა! წუხელაც ერთ ხელში ცოცხი მეჭირა, მეორეში იატაკის ჯოხი და მთელი ღამე თინეიჯერ წრუწუნებს დავდევდი მოსაკლავად.  ე.ი. სიზმრის მინისტრს გადავიყვან ახლადშექმნილ ექსპერიმენტების სამინისტროში, იყოს იქ და ატაროს ექსპერიმენტები თავის ვირთხებზე, სიზმრის სამინისტროს კი შევუერთებ სიმშვიდის სამინისტროს – არ მინდა მე არც ფერადი და არც შავ – თეთრი ზმანებები.

სხვათაშორის მსოფლიოში უკვე 100 წელია რაც თაგვებზე ცდებს ატარებენ და მე ახლა მაინც ავუწყო ფეხი მეცნიერების პროგრესს. თაგვებზე ცდებს 100 წლის უკანაც ატარებდნენ, მაგრამ ოფიციალურად 1909 წელს ჰარვარდის უნივერსიტეტის მეცნიერმა გამოიყვანა “სუფთა ხაზის” თაგვები და აქედან იწყება მრავალი ექსპერიმენტი. ახლა გეტყვით რას ნიშნავს “სუფთა ხაზის” თაგვი. საქმე იმაშია რომ ცდების ჩასატარებლად საჭიროა ერთგვაროვანი გენეტიკური მონაცემების მქონე ცხოველები, მათი გამოყვანა კი იმბრედინგის საშუალებით მოახერხა კლარენს კუკ ლიტლმა ჰარვადიდან. იმბრედინგის პრინციპი ასეთია: ერთი წყვილის შთამომავლობას აჯვარებენ ერთმანეთს, შემდეგ მათ ნაშიერებს აჯვარებენ და ასე რამოდენიმე თაობის შემდეგ გამოდის “სუფთა ხაზის” ლაბორატორიული თაგვი. ერთი სიტყვით იმბრედინგი არის ინცესტი ცხოველებს შორის. იმბრედინგის გზით გამოყვანილი თაგვები გარდა იმისა რომ ერთნაირი გენეტიკა აქვთ, ადვილადაც მრავდებიან. ლაბორატორიული თაგვი 5 –7 კვირაში აღწევს სქესობრივ სიმწიფეს, ფეხმძიმობის პერიოდი კი 20 დღე გრძელდება.  ამის გარდა ისინი უფრო ამტანები არიან, ზომით პატარები, ცოტა საჭმელი ჰყოფნით და ა. შ. მათ არსებობა ძალიან მძიმე პირობებში უწევთ.მანათობელი თაგვი თაგვების დღე იწყება დილის გამამხნევებელი ვარჯიშით, მბრუნავ ბორბალზე წონასწორობის დაცვის სავარჯიშოებით, ორიენტაციისთვის ლაბირინთში ძრომიალი, ინექციების მიღება… მაგრამ ისინი ამით თავის ვალს იხდიან ადამიანების წინაშე. ასეთი თაგვი კი მსოფლიოში ყოველწლიურად 25 მილიონია საჭირო. წარმოიდგინეთ ერთ “მშვენიერ” დღეს ყველა თაგვი ერთდროულად რომ გაიქცეს ლაბორატორიებიდან, როგორც ქართულ ფილმ “უძინართა მზეში” მოხდა. მაშინ კი ყოველ ფეხისნაბიჯზე შეგვხდება: “პელე” (ვა, პელე, ცოცხალი ხარ ტო?! ) “სოკრატე”, არისტოტელე”…

უკანესკნელ წლებში მეცნიერებმა ნობელის პრემია მიიღეს იმის გამო, რომ მათ მოახერხეს მწვანედ მანათობელი თაგვების გამოყვანა. მათ თაგვებში ადამიანის ნეირონები გადანერგვის გზით გამოიწვიეს შიზოფრენია და აუტიზმი, რაც როგორც წესი ცხოველებს არ ემართებათ. შეიქმნა თაგვები რომლებსაც კატის არ ეშინიათ. ერთგულების გენის დახმარებით კი ისეთი ერთგული მამალი თაგვი მიიღეს, რომელიც თავის მეუღლეს არ ღალატობს…

უცნობი მითოლოგიური არსებაერთგულებაზე და ექსპერიმენტებზე ფრანგი მწერლის, პოლ ბურჟეს რომანი – “ცოდვა სიყვარულისა” – გამახსენდა. წიგნის მთავარი გმირი საშინელი ეჭვით არის შეპყრობილი ცოლის მიმართ – მიუხედავად იმისა რომ ქალი არანაირ საფუძველს არ აძლევს ეჭვიანობისთვის – ამის გამო იგი უახლოეს მეგობარს დახმარებას სთხოვს. ჩანაფიქრის მიხედვით, მეგობარი, თავის მეუღლეს უნდა გაეარშიყოს და თუ ქალმა თავი შორს დაიჭირა მაშასადამე ცოლი პატიოსანია. თავიდან მართლაც არაფერი არ ხდებოდა საგანგაშო, მაგრამ ქმარმა თავისი სულელური (რა რბილი ნათქვამია) ცდებით იმდენი მოახერხა რომ ბოლოს პატიოსანი ცოლიც დაკარგა, უახლოესი მეგობარიც და სანაცვლოდ კი ორი დიდი რქა ამოუვიდა თავზე. აბა რა ეგონა დიდი ხნის მანძილზე ცოლს განზრახ რომ ტოვებდა სხვა მამაკაცთან.

ამით იმის თქმა მინდოდა, რომ ადამიანის და თაგვის ჩონჩხის მსგავსების მიუხედავად, ადამიანი თაგვი არ არის და მასზე უგუნური (ისევ რბილია) ცდების ჩატარება არ შეიძლება!

Advertisements

Written by ჯორჯ პაიკი

აგვისტო 28, 2009 at 01:27