e2-e4

დედოფლის ბედნიერებისთვის მებრძოლი პაიკის ბლოგი

Posts Tagged ‘თეთრი ვეფხვი

ვაჩუქოთ ერთმანეთს გუნდები

with 16 comments

დღეს განსაკუთრებული დღეა! წელიწადში მხოლოდ ერთხელ ხდება როდესაც ძველი წლის გასვლამდე სამი დღე გვაშორებს. აბა, სად ნახავთ მეორე ასეთ დღეს.

მოვა არ მოვა, საკითხავი აი ეს არის.

ძალიან ბევრს აწუხებს თოვლის მოუსვლელობის ამბავი. ადამიანების ფიქრებმა და ოცნებებმა ცა დაფარეს ღრუბელივით, მაგრამ ნამდვილი თოვლის ღრუბელი და შესაბამისად თოვლიც არ ჩანს. ჯერ-ჯერობით მხოლოდ ბლოგებზე თოვს. ვისაც სანტა კლაუსის ფორმაში გამოწყობილი თოვლის ბაბუების გჯერათ, ჩაიფიქრეთ თოვლი და დაელოდეთ.

…არადა ვის არ უყვარს ხის ტოტებიდან ჩამოყრილი თოვლი კისერში რომ უცვივა და სასიამოვნო შეგრძნებისგან თავს უკან წევს, წყლის წვეთად ქცეული თოვლი კი ხერხემლის კალაპოტს ეუერთდება და ნელ-ნელა, ქვევით-ქვევით სრიალდება. ყველას უყვარს. თქვენ ამბობთ მე არ მიყვარსო? რა უცნაურია, როგორ შეიძლება ეგ არ გიყვარდეს.

გუნდაობა? გუნდაობა რა ცუდია? ოღონდ ხელთათმანების გარეშე. ეგ იმიტომ რომ მაგრად დაბომბილ, გუნდებისგან აფეთქებულ ”მოწინააღმდეგეს” ბოლოს უკნიდან ჩუმად უნდა მიეპარო და გაწითლებულ ლოყებზე ხელისგულები შემოაჭდო, ადვილი წარმოსადგენია რა კარგი შეგრძნებაა თბილ ლოყაზე ცივი ხელების წავლება. ხელებთან შედარებით ლოყა უფრო თბილი იქნება.

კიდევ იმის თქმა მინდა რომ თოვლი ძალიან კარგი საჩუქარია, რადგან ორი ერთნაირი ფიფქი არ არსებობს დედამიწის ზურგზე, აქედან გამომდინარე საჩუქარიც ერთადერთი და განუმეორებელი იქნება. მერე რა, მალე თუ დადნება.

განუმეორებელზე გამახსენდა. თეთრი ვეფხვის ბეწვის მოხატულობაც ყოველთვის სხვადასხვანაირია, ისევე როგორც თითის ანაბეჭდი, რომელსაც ლოყაზე დატოვებთ. აქვე ასტროლოგების ერთ რჩევასაც გაგიზიარებთ: 2010 წელს განსაკუთრებით საშიშია ვეფხვის ხახაში თავის შეყოფა.

აიასეერთმანეთზეგადაბმულადდაშეუჩერებლადმიჰყვებაწამიწამსწუთიწუთსსაათისაათსდღედღესკვირაკვირას თვეთვესდაძველიწლებიცუკანგვრჩება.

Written by ჯორჯ პაიკი

დეკემბერი 28, 2009 at 17:27