e2-e4

დედოფლის ბედნიერებისთვის მებრძოლი პაიკის ბლოგი

Posts Tagged ‘კარი

მოჭრიალე კარი და სიზმარი გამოძახებით

with 14 comments

ჰორიზონტალურ მდგომარეობაში მყოფი ადამიანი უამრავ რამეზე ფიქრობს, მითუმეტეს მაშინ როცა არ ეძინება. ფიქრის გარდა ოცნებაც შეიძლება, ან რომელიღაც დავიწყებული სიტყვის გახსენება, რომელიც არ გასვენებს, მაგალითად ის თუ რა ერქვა დონ კიხოტის ცხენს. გახსენების მცდელობა იწყება პირველივე ასოდან. ”ა”, არა, ”ა” არ ერქვა. ”აბ”, ”აბგ”, ”აბდ”, ”აბე”… აბელი არა. ”აბეგ”, … ”აბევ”… და ასე მიყოლებით. მერე როგორც იქნება ”რ”- მდეც მიხვალთ, მერე ”რო” და ”როსინანტი”. არის!!!

წუხელ, როგორც იტყვიან ხოლმე, თვალზე რული არ მეკარებოდა, დონ კიხოტის ცხენს რომ როსინანტი ერქვა ეგეც მახსოვდა და საწოლში ოთხკუთხედი ხის ბორბალივით ტრიალის დროს ერთი ძველი სიზმარი გამახსენდა. სიზმარი სადაც კარი ვიყავი და გაღება-დაკეტვის დროს ვჭრიალებდი. აი, ამას ჰქვია ნამდვილი სიურეალისტური სიზმარი.

სიზმართან ერთად ისიც გამახსენდა რომ ამ ყველაფრის შესახებ მეგობარს წერილი მივწერე, სადაც სიზმრის გარდა იმასაც ვუყვებოდი თუ როგორ ჭრიალებს სახლში ერთი კარი და ისიც, რომ მამაკაცთა გარკვეული კატეგორია ქალებს ისე ექცევა როგორც კარს – როცა მოესურვებათ გააღებენ, როცა უნდათ დაკეტავენ, მიაჯახუნებენ, კლიტეს დაადებენ… და ვაი იმას ვინც ამ დროს ჭრიალს დაიწყებს, მაშინვე ანჯამებიდან ამოაგდებენ და გარეთ მოისვრიან.

მოკლედ, არა მგონია ვინმეს სურდეს მოჭრიალე კარი იყოს, თუნდაც სიზმარში. იმისათვის რომ სიზმრად ის დაგვესიზმროს რაც ჩვენ გვინდა, არსებობს გააზრებული სიზმრის ფენომენი. ანუ რას ნიშნავს ეს: სპეციალური სავარჯიშოებით და გარკვეული გამოცდილების შემდეგ, ადამიანს შეუძლია მართოს თავისი სიზმარი და მასში მხოლოდ ის აკეთოს რასაც თავად მოისურვებს: იფრინოს, ნავით ტბაში შეცუროს და ითევზაოს, თხილამურებით ისრიალოს, ჩარლი მინგუსთან ერთად დაუკრას საყვირზე და ა.შ. თუმცა ისიც ფაქტია – დონ კიხოტის ცხენის სახელის გახსენება უფრო ადვილი საქმეა, ვიდრე სასურველი ზმანების ხილვა.

ამ თემასთან დაკავშირებით უამრავი ლიტერატურა და საიტი არსებობს ინტერნეტში. (სტატია ვიკიპედიაში, ინგლისურ ენაზე; ეს კი რუსულენოვანი საიტი.) სურვილის შემთხვევაში შებრძანდით ვებ-გვედებზე და ისწავლეთ სასურველი სიზმრის გამოძახება, დაამარცხეთ კოშმარები და აიხდინეთ რეალობაში განუხორციელებადი ოცნებები. წარმატებები!

დღეისთვის ჩემი ჭრიალი ამით დამთავრებულია.

Advertisements

Written by ჯორჯ პაიკი

იანვარი 20, 2010 at 16:46