e2-e4

დედოფლის ბედნიერებისთვის მებრძოლი პაიკის ბლოგი

Posts Tagged ‘კვირა

მისტიური კვირა დღე

with 17 comments

გამოსახულება საკმაოდ ჩაბნელებულია და შეიძლება კარგად ვერ გაარჩიოთ რა ხდება, მითუმეტეს ვერ გაიგებთ რაზე საუბრობენ წინა პლანზე მყოფი ახალგაზრდები, ამიტომ შევეცდები მე გაგარკვიოთ და ნათელი მოვფინო სურათს. კადრი გადღებულია მაყურებლებით გადაჭედილ კინოთეატრში. მართალია გოგო კი იყურება ეკრანისკენ, მაგრამ სინამდვილეში ვერც ვერაფერს ვერ ხედავს ბიჭმა ხელით მაღლა თუ არ ასწია. მოკლედ, ადრე ჩვენთან, ინდურ ფილმებზე და კინგ-კონგზე რომ დარბაზები იჭედებოდა ის სიტუაციაა აქაც. პრინციპში გოგონას ფილმი ნაკლებად აღელვებს. იგი ბიჭისკენ ტრიალდება, – რა კარგად მოვიქეცით აქ რომ შემოვედით, როგორც იქნა მარტოები დავრჩით – ეუბნება ბიჭს და მკერდზე ეხუტება. დაუკვირდით! დარბაზში იმდენი ხალხია პოპკორნიც კი არ ჩავარდება და ამ დროს გოგონა ამბობს როგორც იქნა მარტო დავრჩითო, უცნაურია პირდაპირ…

“ბოკაჩო 70”, ეს არის ოთხი რეჟისორის მიერ გადაღებული ოთხი კინო-ნოველა, ქალის და მამაკაცის ურთიერთობებზე. ფილმის გადაღების დროს, სარეჟისორო სკამზე ისხდნენ: მარიო მონიჩელი, ვიტორიო დე სიკა, ლუკინო ვისკონტი და ფედერიკო ფელინი.

კადრი, რომელზეც გიყვებით ამოღებულია მონიჩელის ნოველიდან ”რენცო და ლუჩიანა”. ჩემი სუბიექტური გემოვნებით ფილმი ძალიან კარგია და ნამდვილად ღირს მისი ცქერა. იუმორი, ირონია, ტრაგიკომედია, საინტერესო სიუჟეტები, დასამახსოვრებელი კადრები, კარგი მსახიობები – ყველაფერია ამ ფილმში.

უცნაურია მეთქი, მანდ გავჩერდი… ეგ ერთი შეხედვით ჩანს უცნაური, თორემ კიდევ უფრო უცნაური ისაა რომ ლუჩიანა მართალია. გეტყვით რატომაც. რენცო და ლუჩიანა ახლად დაქორწინებულები არიან და საკუთარი ბუდის არქონის გამო  გოგოს მშობლების სახლში ცხოვრობენ. ოჯახი ტრადიციული იტალიურია, ხმაურიანი, მეზობლები კარტის სათამაშოდ რომ შემოდიან და პატარა ცელქი ბავშვები სწორედ იქ რომ ყოფენ ცხვირს სადაც არაფერი ესაქმებათ. ერთი სიტყვით, ცოლ-ქმარი განმარტოებას და ჩახუტებას ვერ ახერხებს. მათ ჯერ ქუჩაში გასვლა სცადეს მყუდრო ადგილის მოსაძებნად, მაგრამ შეხედეთ:

ამ ფოტოზე კარგად ჩანს, კოცნა არც კი ჰქონდათ დაწყებული რომ ერთი ტემპერამენტიანი სეირის ყურების მოყვარული უკვე გამოჩნდა მათ სიახლოვეს. გავაგრძელოთ და ვნახოთ კოცნა:

ესეც კოცნა, ან თუ გნებავთ ამბორი. ამის შემდეგ ისინი წამით მოსცილდნენ ერთმანეთის ბაგეებს… და რას ვხედავთ უკანა პლანზე?

ორი სეირის მოყვარული! ადვილი წარმოსადგენია რამოდენიმე კოცნის შემდეგ მაყურებლის რაოდენობა როგორ გაიზრდებოდა. მართალია თავიდან ყველა ხუჭავს თვალებს კოცნისას და ზოგისთვის სულ ერთია ვინმე უყურებს თუ არა, თავად ხომ ვერაფერს ვერ ხედავს, მაგრამ ყველას ასე მოქცევა არ შეუძლია. კინოდარბაზში კი ყველაფერი სხვანაირადაა, იქ ყველა ეკრანს შესცქერის, ვის სცალია შენთვის. აქედან გამომდინარე გოგონა მართალი იყო როცა ამბობდა: მარტოები დავრჩითო. ნამდვილი ტრაგიკომიკური სიტუაციაა. ისე, რა კარგი ჟანრია ტრაგიკომედია, უყურებ და უნდა ტიროდე, მაგრამ იცინი. სწორედ ასეა ამ ნოველაშიც.

მოგეხსენებათ განვითარებად (განუვითარებელ) ქვეყნებში ძალიან ჭირს სამსახურის შოვნა, კარგი ხელფასი… ვინც მუშაობს კი ხშირად ჩასახუტებელი დრო აღარ რჩება. ჯერ კიდევ დიდი დროა იქამდე, ვიდრე შრომა, ანაზღაურება და თავისუფალი დრო ადეკვატური იქნება ერთმანეთთან. სტატისტიკური მონაცემებიც ამას გვაფიქრებინებს. შეიძლება სამსახურიც გქონდეს, კარგი ხელფასიც, მაგრამ თავისუფალი დრო არა.

აი, რენცომ და ლუჩიანამ მოახერხეს სამსახურის შოვნა, ბინის ქირაობა, თითქოს ამით უნდა მოგვარებულიყო ყველაფერი, მაგრამ რად გინდა, ქმარი რომ ღამის სმენიდან ბრუნდებოდა სახლში, ცოლი ამ დროს მიდიოდა სამსახურში და პირიქით. მთელ კინო-ნოველას ლაიტმოტივად გასდევს კვირა დღის დადგომაზე ოცნება, კვირა დღე, როდესაც წყვილი ერთად ყოფნას შეძლებს. მანამდე კი რენცოს ისღა დარჩენია საწოლში თავისი ნახევრიდან ნელ-ნელა მეუღლის ნახევარზე გადაჩოჩდეს და კვირა დღის მოსვლაზე იოცნებოს…