e2-e4

დედოფლის ბედნიერებისთვის მებრძოლი პაიკის ბლოგი

Posts Tagged ‘კლავიატურა

კლავიატურა, თითები და ფიქრები

with 15 comments

რამოდენიმე თვეა რაც ხელში კლავიატურა ავიღე და წერა დავიწყე, უფრო ზუსტად შვიდი თვე. ამ შვიდი თვის მანძილზე, კლავიატურაზე ასოების ასაკრეფად მხოლოდ რამოდენიმე თითს ვხმარობ. ესენია: მარჯვენა ხელის საჩვენებელი და იშვიათად ცერა და შუათითი, მარცხენა ხელზეც დაახლოებით მსგავსი სიტუაციაა, იმ განსხვავებით რომ აქ უფრო ხშირად ვხმარობ ზემოთ ჩამოთვლილ სამივე თითს. ასო ”თ” -ს აკრეფამ ხომ გააჭირა საქმე, რომ არ შემეშალოს და ”ტ” არ ავკრიფო არ შეიძლება, როცა ”ტ” მინდა კი მაშინ ”თ”-ს ვწერ, და საერთოდაც მეჩვენება თითქოს ”თ” უფრო ხშირად მჭირდება, ვიდრე ”ტ”. ასეა თუ ისე, აბაზანაში ჩაგუბებულ წყალში ზანტად მოლივლივე ხომალდივით ნელ-ნელა წინ მივიწევ და ვინ იცის იქნებ მომავალში ათივე თითი ჩავრთო საქმეში.

ვინც ვიდეო ნახეთ და კარგად ვერ გაიგეთ რა ხდებოდა – მოგახსენებთ. ეს არაორდინალური კვარტეტი, მუსიკას, მუსიკალური ინსტრუმენტების გარეშე უკრავს. მუსიკოსების თავზე მიმაგრებული ენცეფალოგრამა შეერთებულია სპეციალურ აპარატთან, რომელიც თავის მხრივ სინთეზატორთან არის დაკავშირებული და მუსიკოსები ფიქრით ახმიანებენ ბგერებს.

აპარატის შეერთება ასევე შესაძლებელია კომპიუტერთან და შემდეგ თითების გარეშე ასოების აკრეფა ფიქრის საშუალებით. საკმარისია თავზე ენცეფალოგრამა მოირგო, ხელსაწყო კომპიუტერთან შეაერთო, სპეციალური პროგრამით მონიტორზე გამოჩენილ კლავიატურაზე მოციმციმე ასოებზე მოახდინო კონცეტრაცია, ფიქრითვე ”დააჭირო თითი” კლავიშს და ეკრანზე მაშინვე გამოჩნდება სასურველი ასო, სიტყვა, წინადადება. თუმცა ჯერ ტექნოლოგია დასახვეწია, რის გამოც ვარჯიშის გარეშე ასოების აკრეფა საკმაოდ ძნელი და დამღლელი პროცესია. გავარჯიშებულ ადამიანს კი შეუძლია იგივე სისწრაფით აკრიფოს ტექსტი, რა დროშიც ორი თითით მბეჭდავი აკრეფს, დაახლოებით 0.8 წამში ერთი სიმბოლო. მაგრამ Guger Technologies-ის (სწორედ ამ კომპანიის ქმნილებაა ახალი ტექნოლოგია) ხელმძღვანელები გვპირდებიან რომ ხელსაწყოს გააუმჯობესებენ.

ახალი გამოგონება, რომელიც უკვე იყიდება და 10 000 € ღირს, ძირითადად უნარშეზღუდულ ადამიანებს დაეხმარებათ. თუმცა კომპანია მომავალში ტექნოლოგიის უფრო ფართოდ გავრცელებას გეგმავს. უკვე არსებობს ისეთი ხელსაწყოები, რომლითაც ერთი გაფიქრებით შესაძლებელი იქნება ტელევიზორის პულტის გამოყენება არხების გადასართავად, ვინტილატორის ჩართვა-გამოსართავად, სტუმარი თუ მოვა კარების გასაღებად და ა.შ. უბრალოდ ამ ყველაფერს დახვეწა სჭირდება, რაც მხოლოდ დროის ამბავია.

ჰერმან ჰესე, XX საუკუნეს ტექნიცისტური საუკუნე უწოდა. მის რომანში,  ”ტრამალის მგელი” მანქანებზე ნადირობის სცენაც კია აღწერილი. მაგრამ, როგორც ჩანს XX საუკუნეს ბევრად გაასწრებს  XXI ტექნიკის განვითარების მხრივ. ალბათ შორს არ არის ის დრო, როცა ქუჩაში თავზე მიმაგრებული პატარა ანტენებით ვივლით და შემხვედრ შორეულ ნაცნობს ფიქრებით გავესაუბრებით:

– ვააა, გამარჯობა.

– გაგიმარჯოს! როგორ ხარ?

– კარგად, შენ?

– რავიცი, არამიშავს.

– რას შვრები? (ერთდროულად)

აბა როდემდე უნდა იყოს თვალებში ჩახედვითა და უსიტყვოდ ერთმანეთის გაგების უნარი მხოლოდ შეყვარებულების უპირტესობა, ვისაც არ გვიყვარს რა დავაშავეთ.

ზოგადად რათქმაუნდა ცუდი არ არის ტექნიკის განვითარება, უფრო კარგია, თან გარდაუვალიცაა, მაგრამ ადამიანი რომელსაც ჯანმრთელობის მხრივ პრობლემა არა აქვს და მაინც დაეზარება პულტზე თითის დაჭერა… ისე ხომ შეიძლება პულტი შორს იდოს? დაფიქრდით რამდენჯერ დაგზარებიათ მის ასაღებად ფეხზე ადგომა. ტექნოლოგიები კი ვითარდება და ვითარდება – ასე ჩვენ ნამდვილად გავფრინდებით!

პ.ს. ხომ ვამბობდი ”თ” უფრო ხშირად მჭირდება მეთქი. დავთვალე და პოსტში გამოყენებულია 68 ”თ” და მხოლოდ 32 ”ტ”.

Advertisements