e2-e4

დედოფლის ბედნიერებისთვის მებრძოლი პაიკის ბლოგი

Posts Tagged ‘მაკარონი

ჩანგალი

with 11 comments

ჩანგალი თუ დაგივარდა, ”რიდერში” ახალი პოსტი გამოჩნდებაო.

ბლოგური სიბრძნე.

ჩანგალი, ერთის მხრივ ძალიან ძველი ნივთია, მეორეს მხრივ კი – ახალი. ჩანგალმა მეტად რთული ევოლუციური გზა განვლო ვიდრე ჩვენი ერთგული მსახური გახდებოდა. ყველაზე ძველი ჩანგლის ნიმუში ქალაქ ნეაპოლის ნაციონალურ მუზეუმში ინახება, მისი ასაკი 2 500 წელია. თუმცა მაშინ მას იმ დანიშნულებით არ იყენებდნენ როგორც ჩვენ. მას უფრო მზარეულები ხმარობდნენ კერძების მომზადებაში, ძველ ეგვიპტეში კი რელიგიური ცერემონიების ჩატარებისას იყენებდნენ, მაგალითად ადამიანების მსხვერპლშეწირვის დროს. გაგიკვირდებათ და თანამედროვე ჩანგალმა სულ რაღაც XIX საუკუნის ბოლადან დაიწყო მასობრივად გავრცელება.

XI საუკუნეში, ბიზანტიის დედაქალაქ კონსტანტინოპოლში ცხოვრობდა პრინცესა, რომელსაც საჭმლის ხელით ჭამა სირცხვილად მიაჩნდა. სწორედ ის ითვლება იმ ადამიანად რომელმაც პირველად გამოიყენა ჩანგალი დანიშნულებისამებრ. სპეციალურად მისთვის დამზადებულ ერთადერთ ჩანგალს ორი სწორი ოქროს კბილი (მგონი კბილები ჰქვია ჩანგლის წვეტებს ხო?) ჰქონდა და სპილოს ძვლის, სადაფით დამშვენებული ტარი. ევროპაში სწორედ ბიზანტიიდან შევიდა ჩანგალი, კერძოდ კი იტალიაში. თუმცა ვინც ჩანგალი ნახა ყველა გაოცდა, ეს რაღააო, რად გვინდა ჩანგალი როცა ღმერთმა ხელები მოგვცაო და ა.შ. ჩანგალი დავიწყებას მიეცა.

ჩანგლის ძეგლი სპრინგფილდში. მისურის შტატი, ა.შ.შ.

ამის შემდეგ კიდევ რამოდენიმე საუკუნე გავიდა სანამ ისევ მეტ-ნაკლებად აქტუალური გახდებოდა ჩანგლის ხმარება. მანამდე კი ევროპელი არისტოკრატები თავისებურად ზრუნავდნენ ჭამის დროს სისუფთავის დაცვაზე. წესის თანახმად ხორცის აღება სამი თითით იყო მიღებული, დასვრილი ხელების გაწმენდა ტანსაცმელზე არ შეიძლებოდა, ამისთვის მაგიდის გადასაფარებელი არსებობდა, რომელსაც ჭამის განმავლობაში ცვლიდნენ კიდეც. მოდაში იყო საჭმლის ხელთათმანებით მირთმევა, ასევე ახალი კერძის ჩამოტარების წინ სუფრასთანვე ხელის დაბანვა. (ნაპოლეონს თურმე ეზარებოდა და მხოლოდ ჭამის წინ იბანდა ხელებს) ჩანგლის მაგივრად ძირითადად ორ დანას იყენებდნენ.

ჩანგლის მიმართ კათოლიკური ეკლესიაც ცუდად იყო განწყობილი. ის ზედმეტი ფუფუნების საგნად მიაჩნდათ, და უფრო მეტიც, ეშმაკის ქმნილებად. ბერებისთვის სასტიკად აკრძალული იყო მისი გამოყენება.

ინგლისში, სადაც ჩანგალი პირველად 1608 წელს გამოჩნდა, XIX საუკუნეშიც კი აკრძალული იყო ჩანგლის გემებზე ხმარება. საწყალი მეზღვაურები… არც ქალი, არც ჩანგალი.

ასე თუ ისე, ჩანგალი ნელ-ნელა, მაგრამ მაინც გავრცელდა მთელს ევროპაში. (1630 წელს ამერიკაში, მასაჩუსეტის გუბერნატორი ერთადერთი იყო მთელს კონტინეტზე ვისაც ჩანგალი ჰქონდა) თავდაპირველად რათქმაუნდა მხოლოდ საზოგადოების მაღალ წრეებში. აბა, რიგით მოკვდავებს სად ჰქონდათ იმის შესაძლებლობა რომ ჩანგალი შეეძინათ,  ის იმ დროს მხოლოდ ძვირფასი ლითონისგან მზადდებოდა და ძვირი ღირდა. ნაკლებად შეძლებულ ოჯახებში სადილის დროს სპეციალურად მცირე პაუზას იღებდნენ რომ ნახმარი ჩანგლები გაერეცხათ და ხელმეორედ მიეტანათ სუფრაზე. მომავალში სწორედ უჟანგავი ლითონის წარმოებამ განაპირობა ჩანგლის მასობრივად გავრცელება.

ჟენევის ტბაში ჩარჭობილი ჩანგალი.

მიუხედავად ყველაფრისა, ერთ კბილიანი ჩანგალი ოთხ კბილიანად გადაიქცა, უამრავი გაჭირვების გადალახვისგან ცოტა ”მხრებშიც” მოიხარა მოხუცი კაცივით და ჩვენს თეფშებთან, საპატიო მარცხენა ადგილიც მყარად დაიკავა. ეგ კი არა და, დღესდღეისობით უკვე სხვადასხვა სახეობის ჩანგალი არსებობს: თევზის საჭმელადო, ომარებისთვისო, მაკარონისთვისო…

სამწუხაროდ, საქართველოში ჩანგლის გავრცელების შესახებ ინფორმაცია ვერ მოვიპოვე. მარტო იმის თქმა შემიძლია, რომ საქართველოში საზოგადოება ორ ნაწილად არის გახლეჩილი: ხინკლის ჩანგლით და ჩანგლის გარეშე მჭამელ საზოგადოებად.

გრძელი მაკარონის დასახვევად განკუთვნილი ჩანგალი.

პ.ს. პოსტის დასაწყისში, სურათზე, ნაჩვენებია გრძელი მაკარონის ჩანგლის დახმარების გარეშე ჭამის მოკლე ინსტრუქცია, დანარჩენი თქვენს ფანტაზიაზეა დამოკიდებული.

Advertisements

Written by ჯორჯ პაიკი

იანვარი 15, 2010 at 16:01