e2-e4

დედოფლის ბედნიერებისთვის მებრძოლი პაიკის ბლოგი

Posts Tagged ‘მარგერიტ დიურასი

პასუხები კარცერი-ლუქსიდან

with 7 comments

ჩამოიშალა

ბაბისამ და ნასტასიამ დამთაგეს და მეც ცოტა დაგვიანებით, მაგრამ მაინც გავცემ კითხვებს პასუხს, რომელიც ლიტერატურის ირგვლივ ტრიალებს, ისევე როგორც ბედის ბორბალი ჩვენს თავზე. თითქოს არაფერი, რა უნდა ათ კითხვაზე პასუხის გაცემას, მაგრამ ათიდან ხუთ კითხვაში ურევია სიტყვა ”ყველაზე”, რაც ძლიერ ართულებს საქმეს. შესავალში იმასაც გეტყვით რომ კითხვების ავტორი გახლავთ Alice.

წელს წაკითხული წიგნებიდან რომელი იყო ყველაზე შთამბეჭდავი?

მაშ ასე, პირველი კითხვა და პირველი ”ყველაზე”. წელს წაკითხული წიგნებიდან ორს გამოვარჩევდი, ჯორჯ ორუელის ”ცხოველთა ფერმა”, რომელიც პირველ იანვარს წავიკითხე საღამომდე და მერე ხშირად მახსენდებოდა როგორც თავისი შინაარსის გამო, ასევე ერთგვარად უჩვეულო, საახალწლო – საქეიფო ატმოსფეროს ბატონობის დროს წაკითხული წიგნი. მეორე რომანი კი, რომელმაც შთაბეჭდილებებით გამათამამა არის ფრანგი ქალბატონის, მარგერიტ დიურასის რომანი ”კაშხალი წყნარი ოკეანის წინააღმდეგ”. ჯერ მარტო სათაურს დააკვირდით… წიგნში ერთი ქალბატონია, რომელიც მრავალი წლის მანძილზე კინოთიატრში მუშაობდა როიალზე დამკვრელად – აკომპანიმენტს უკეთებდა მუნჯურ კინოს.  ქალს ძალიან უყვარდა კინო, მაგრამ როიალი ეკრანის საკმაოდ დაბლა იდგა და თავის აწევისაა ერთმანეთში არეული კადრების მეტს ვერაფერს ვერ ხედავდა. ბავშვების დედას სამსახურის დაკარგვის ეშინოდა და ამიტომ ვერ ბედავდა სამსახური გაეცდინა კინოს ყურების გამო. ნაწყვეტი წიგნიდან:

”ერთხელ, ერთადერთხელ, ფილმის ნახვის სურვილი ისე ძლიერ მოერია, რომ თავი მოიავადმყოფა და კინოში მალულად შევიდა, მაგრამ გამოსასვლელში თანამშრომელმა იცნო და ვეღარასოდეს გაბედა ასე მოქცევა. ათ წელიწადში ეს მხოლოდ ერთხელ გაბედა. ათი წელი კინოში წასვლა უნდოდა და ეს მარტო ერთხელ შეძლო და ისიც მალულად. ათი წელი ეს სურვილი მასში გამუდმებით ღვიოდა, თვითონ კი ბერდებოდა…”

სამი ყველაზე საყვარელი პოეტი.

პოეზიას იშვიათად ვკითხულობ, სკოლაში იმდენ ლექსს გვაძლევდნენ დასაზეპირებლად…

სამი ყველაზე საყვარელი მწერალი.

რამოდენიმე წამით პირს გავაღებ და ვისი გვარებიც მოასწრებენ გამოსვლას იმას ვიტყვი. ონორე დე ბალზაკი, კნუტ ჰამსუნი, ამელი ნოტომი. შეხედეთ, ესენი რა სწრაფები ყოფილან… ფოლკნერი, დოსტოევსკი, დოჩანაშვილი, ლონდონი… ზანტები ესენი.

რომელ წიგნზე გიტირიათ?

არ გეტყვით.

რომელ წიგნს დასცინეთ?

ჩემი დასაცინი ვის რა სჭირს მაგრამ ყოფილა ეგეთებიც, ჩემთვის დავცინი ხოლმე ჩუმად. ბოლოს ვითომ პიუზოს ”ნათლია” უნდა წამეკითხა, თუმცა კითხვა დავიწყე თუ არა გამეცინა და გვერძე გადავდე, ნეტა რა მაცინებდა.

რომელ მწერალს მისცემდით ნობელის პრემიას?

დოჩანაშვილს მივცემდი ერთი პირობით – თუკი თავის იდეას მიღებული თანხით განახორციელებს და ბევრ კარცერი-ლუქსს ააშენებს, როგორც საქართველოში, ასევე ჩვენი ქვეყნის საზღვრებს მიღმაც.

საყვარელი ციტატა წიგნიდან.

გოეთეს ”ახალგაზრდა ვერტერის ვნებანი”-დან: ”ჩემს ტუჩებზე კიდევ არ გამქრალა შენგან მონასუთქი წმინდა ცეცხლის მდუღარე ალმური” – მშვენიერი სიტყვებია. კიდევ ბევრია, მაგალითად: ”რასაცა გასცემ შენია, რაც არა დაკარგულია”. ამაზე გენიალური მგონი არც არაფერი თქმულა.

ბავშვობის ყველაზე საყვარელი წიგნი.

ერთი რომელიმე წიგნი გამორჩეულად არ მახსენდება, ზოგადად კი ზღაპრები, ჟიულ ვერნის რომანები და ა.შ.

რომელი წიგნის პერსონაჟია ყველაზე ახლოს თქვენს პიროვნებასთან?

დენი დიდროს რომანში ”მონაზონი” ერთი დეიდაა, რომელსაც ავტორი ისე აღწერს როგორც ადამიანს, რომელიც არავის თვალში არ ხვდება და მის არყოფნას ვერავინ ვერ ამჩნევს.

დათვლილი გაქვთ რამდენი წიგნი წაგიკითხავთ?

წიგნებს არ ვითვლი. მე ვითვლი იმას თუ რამდენ გვერდს ვკითხულობ წლის მანძილზე, რა გაცინებთ… მესმის რომ მთავარი რაოდენობა არ არის, ვცდილობ კარგი მკითხველი ვიყო, (ესეც კი მაქვს წაკითხული) მაგრამ მიყვარს მსგავსი სტატისტიკა და დამცინეთ თუ არ გეზარებათ, აბა რა ვქნა. თან ხომ უნდა ვიცოდე რამდენი საათი მაქვს გატარებული წიგნთან, მაგას კი გვერდების რაოდენობის მიხედვით ადვილად ვანგარიშობ. წელს რატომღაც ვერ მოვახერხე სტატისტიკის წარმოება და მთლიანობაშიც ძალიან ცოტა წიგნი წავიკითხე, შეიძლება ითქვას რომ წლევანდელი კითხვის სეზონი ჩამოიშალა.

Written by ჯორჯ პაიკი

ნოემბერი 9, 2009 at 15:47