e2-e4

დედოფლის ბედნიერებისთვის მებრძოლი პაიკის ბლოგი

Posts Tagged ‘ნერონი

ასანთი “ზებრა”

with 16 comments

გაზქურა ავანთე, ჩაიდანით წყალი ავადუღე, ჩაი დავასხი ორ ფინჯანში, შაქარი ჩავყარე, (უშაქრო ჩაის რა გემოს ატან?) ორივე ფინჯანი მაგიდაზე დავდგი. სკამზე დავჯექი, ჩაის ჭიქიდან ამომავალ ორთქლს სული შევუბერე და შენი ჩაის ჭიქიდან ამომავალ ორთქლს შევურიე – ჩვენი ჩაის ორთქლები ერთმანეთს შეხვდა. (ღიმილი) რადგან მე ბევრჯერ შევუბერე სული ორთქლს, უფრო მალე გაცივდა ჩაი და შენი ჩაის ორთქლი, რომელიც უფრო ცხელი იყო, (რადგან არავინ უბერავდა სულს) უფრო მაღლა ავიდა ვიდრე ჩემი ჩაის ორთქლი – ჩვენი ორთქლები ერთმანეთს დაშორდნენ.

ჩაის სმის დროს ასანთის კოლოფი მეჭირა ხელში და ვათამაშებდი. ჰაერში ვაგდებდი და ვცდილობდი მაგიდაზე ვერტიკალურ მდგომარეობაში დამეყენებინა, თან კოლოფის შიგნით ასანთის ღერების ჩხრიალს ვუსმენდი – მიყვარს ეგ ხმა.

ამავდროულად კოლოფზე გამოხატულმა ზებრამ მიიქცია ჩემი ყურადღება. რა უნდა ზებრას ასანთის კოლოფზე? – მაშინვე ეს კითხვა გამიჩნდა. ან აქამდე როგორ არ მიფიქრია ამის შესახებ.

ზებრის გარშემო დიდი კამათია ატეხილი, ვეღარ გაურკვევიათ იგი შავია თეთრი ზოლებით თუ პირიქით. მაგ კითხვაზე ერთი გონებამახვილური პასუხი მაქვს გაგებული: შავკანიანებისთვის ზებრა შავი ცხოველია თეთრი ზოლებით, თეთრკანიანებისთვის კი თეთრი – შავი ზოლებით. მეტაფორების მოყვარულები ზებრას ადამიანის ცხოვრებას ადარებენ და მის შავ–თეთრ ზოლებს, ადამიანის ცხოვრებაში არსებულ ცუდ და კარგ პერიოდებს უკავშირებენ. მეც მომწონს მსგავსი შედარება. ისიც არ უნდა დაგავიწყდეს რომ ზებრის სხეულის მოხატულობა უნიკალურია და არ მეორდება, როგორც ადამიანის თითის ანაბეჭდი. ყველა ადამიანის ცხოვრებაც განსხვავებულია ერთმანეთისგან და ამ მხრივაც ჰგავს ზებრის შავ–თეთრი ზოლების განლაგებას. პესიმისტები იმასაც ამბობენ: ზებრას ყოველთვის ერთით მეტი შავი ზოლი აქვსო – ვეთანხმები, თუმცა მაგას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს.

დავუბრუნდეთ კითხვას – რა უნდა ზებრას ასანთის კოლოფზე? თავიდან მეგონა რომ თავად ზებრის “ფილოსოფიური ხასიათიდან” გამომდინარე იქნებოდა ასანთის კოლოფზე. ასანთიც ხომ ანთებამდე ღია ფერისაა, მერე კი იწვება და შავდება, ანუ თეთრ ფერს მოსდევს შავი ფერი. არის რაღაც ლოგიკა? მეგობრაბსაც ვკითხე: ერთმა მითხა ზებრა ჩემთვის სიცხესთან ასოცირდება და ასანთზეც შეიძლება მაგიტომ ხატიაო, მეორემ მითხრა, ალბათ, ასანთის გამომშვები ფაბრიკის დირექტორსაც ჩემსავით ძალიან უყვარს ზებრებიო.

ინტერნეტში ვცადე უფრო ზუსტი პასუხის მოძებნა, მაგრამ ბევრს ვერაფერს მივაგენი. ერთი ის გავიგე, რომ მოსკოვთან ახლოს მდებარე ქალაქში არსებული ასანთის ფაბრიკა უშვებს ზებრებიან ასანთს ბულგარეთის დაკვეთით. ხო, სხვათაშორის მაგ ფაბრიკაში თურმე გაბრაზებული პენსიონერები რეკავენ შემდეგი ტექსტით: გუშინ მაღაზიაში ასანთი შევიძინე, დავთვალე და კოლოფში 42 ღერი აღმოჩნდა, მაშინ როცა მეზობლის კოლოფში 46 ღერი იდო… (წესით და რიგით კოლოფში 45 ღერი უნდა იდოს.)

ასანთის შექმნის ისტორიასაც გადავხედე და მივხდი: ზებრის ასანთის კოლოფზე ყოფნის ასახსნელად განსაკუთრებით ღრმა აზრების ძიება უაზრობა. მარტო ზებრა კი არა? ასანთის კოლოფზე უამრავი რამის ნახვაა შესაძლებელი, შენ მარტო წარმოიდგინე: ცხოველები, ფრინველები, თვითმფრინავები, ადამიანები და ა.შ. ფილატელისტი კი ვიცოდი მაგრამ ვინმე ასანთის კოლოფებსაც თუ აგროვებდა არ მეგონა, ამ ყველაფერს ფილუმენია ეწოდება.

წითელი თავუკა რომ აქვს ასანთს ეგეთი მომწონს მე. შენს ცოტა ხნით წითურად შეღებილ თმებს მაგონებს, ჩემო ჰანა, ჩემო ასანთის ღერო. (ღიმილი) ადამიანი ასანთის ღერი – ანუ რას ავანთებდი ერთხელ ანთება რომ შემეძლოს?  ნერონი ამაზე დაუფიქრებლად გაგცემდა პასუხს: ის რომს შეენთებოდა. მე კი გეტყვი რომ შენ წაგიკიდებდი ცეცხლს და სანამ ჩავიფერფლებოდით ერთად ვივლიდით…

პ.ს. ასანთის ღერის სევდა – და რა ძნელია იყო ასანთის ღერი, და კბილის საჩიჩქნად გამოგიყენონ.

არავინ