e2-e4

დედოფლის ბედნიერებისთვის მებრძოლი პაიკის ბლოგი

Posts Tagged ‘ოსკარ უაილდი

გიორგობა კატალონიურად

with 10 comments

წმინდა გიორგის დღესასწაული სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა დროს აღინიშნება. კატალონიაში თავისი მფარველის დღეს 23 აპრილს აღინიშნავენ.

შუა საუკუნეებიდა საფუძველი ჩაეყარა ტრადიციას, რომლის მიხედვითაც, 23 აპრილს ყველა კატალონიელი მამაკაცი თავის შეყვარებულს, მეუღლეს, ან უბრალოდ ახლობელ ქალბატონს ჩუქნის წითელ ვარდს, სიყვარულის ნიშნად. ლეგენდის მიხედვით, წმინდა გიორგი დრაკონს შეებრძოლა პრინცესას გადასარჩენად და მოკლა ის. მიწაზე დაღვრილი დრაკონის სისხლიდან კი სასწაულებრივად წითელი ვარდი ამოსულა.

გასული საუკუნის დასაწყისიდან, ამ ტრადიციას კიდევ ერთი დეტალი დაემატა, კერძოდ  – ქალები ვარდის სანაცვლოდ წიგნს ჩუქნიან კაცებს. მართალია ეს იდეა თავიდან ბარსელონელი წიგნის გამომცემლების მიერ მოგონილი ფანდი იყო წიგნების გასაღების მიზნით, რომლებმაც თავიდან უფასოდ დაარიგეს წიგნები, მაგრამ ფაქტია რომ საბოლოოდ მშვენიერი დღესასწაული მიიღეს ბარსელონაში მაცხოვრებლებმა და მთლიანად კატალონიელებმა. თვითმხილველები ამბობენ რომ ამ დღეს ვერ ნახავთ ქალს, რომელსაც ვარდი არ ეჭიროს ხელშიო. ვარდის და წიგნის ბიზნესიც ვითარდება – მილიონობით  ვარდი და 400 000  გაყიდული წიგნი.

დღესასწაულის დროს, მთელი დღის მანძილზე ხალხი ბარსელონას ქუჩებში დასეირნობს, ცეკვავენ ეროვნულ ცეკვებს, ლიტერატურულ კაფეებში კითხულობენ სერვანტესის ”დონ კიხოტს”.

1995 წლიდან იუნესკომ 23 აპრილი წიგნის და საავტორო უფლებების დღედ გამოაცხადა.

წიგნებით, ვარდებით და ბოროტებაზე სიყვარულით გამარჯვებული სავსე ქალაქი – ბარსელონა.

პ.ს. წითელ ვარდზე ოსკარ უაილდის მოთხრობა გამახსენდა – ”ვარდი და ბულბული” . მოთხრობაში, შეყვარებული სტუდენტის დასახმერებლად, ბულბული მთელი ღამე ვარდს უმღეროდა და სხეულზე ეკალს ირჭობდა რომ როგორმე თავისი სისხლით ვარდი გაეწითლებინა… ბულბული უსულოდ დაეცა ბუჩქის ძირას და ვარდიც გაწითლდა. დილით ბიჭს წითელი ვარდის დაინახვა ძლიერ გაუხარდა, მოწყვიტა ყვავილი და შეყვარებულისკენ გაემართა, რომელიც დაპირდა, რომ თუ წითელ ვარდს მიუტანდა მაშინ მას ეცეკვებოდა. მივიდა ბიჭი სატრფოსთან, ხელში წითელი ვარდი ეჭირა, მაგრამ გოგომ წარბი შეკრა და მიუგო:

-ვშიშობ, ეს ვარდი ჩემს კაბას არ მოუხდება, – თქვა მან, – ეგეც რომ არა, კამერჰერის ძმისწულმა ნამდვილი თვალ-მარგალიტი გამომიგზავნა და ყველამ იცის, რომ თვალ-მარგალიტი ყვავილზე უფრო ძვირფასია.

– ღმერთმანი, დიდი უმადური ვინმე ბრძანებულხართ, – თქვა სტუდენტმა და გაბრაზებულმა ყვავილი ქუჩაში ისროლა. ვარდი თხრილში ჩავარდა და ზედ ეტლმა გადაუარა.

ამიტომ, თუ არ გინდათ ბევრი გათელილი ვარდის ნახვა ქუჩებში, მაშინ ბარსელონა 23 აპრილის საღამოსვე უნდა დატოვოთ.