e2-e4

დედოფლის ბედნიერებისთვის მებრძოლი პაიკის ბლოგი

Posts Tagged ‘ტანგო

გამარჯვების სურნელი

with 11 comments

ქალის სურნელი, ტანგო, გასეირნება ფერარით. ერთ დღეში ახდენილი ოცნებები. სისწრაფისგან გამოწვეული ადრენალინი, ტანგოს ცეკვისგან მიღებული სიამოვნება, თან თურმე ტანგოს ცეკვა ყველაზე ადვილი ყოფილა, მოძრაობა თუ შეგეშალა… უბრალოდ გააგრძელე ცეკვა. (ფეხზე ფეხის დაბიჯებას არ ვართ.) ალ პაჩინოს მიერ შესრულებული, გადამდგარი და უსინათლო პოლკოვნიკ ფრენკის როლი ერთ-ერთი საუკეთესოა მსახიობის კარიერაში. ასევე მეტად დასამახსოვრებელი კინოს ისტორიაში.

ფეხბურთთან მოცეკვავე, გამარჯვებისკენ ფერარზე სწრაფად მოძრავი, გამარჯვების სურნელით ატირებული, ერთ სეზონში ყველა შესაძლო ტიტულის მომგები – ეს პეპ გვარდიოლას მიერ შესრულებული, დაუვიწყარი როლია მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში.

ვინც ვერ მიხვდა მათთვის განვმარტავ: პეპ გვარდიოლა საფეხბურთო კლუბ ”ბარსელონა”-ს მთავარი მწვრთნელია. ”ბარსელონა” ექვსი თასის მფლობელი გახდა გასულ წელს და ამით ისეთი რეკორდი დაამყარა, რომელსაც ვეღარავინ მოხსნის. ეს იმხელა წარმატებაა… წარმოიდგინეთ ორი მთამსვლელი, მაგალითად თენსინგ ნორგეი და ედმუნდ ჰილარი, რომლებმაც პირველებმა დაიპყრეს ყველაზე მაღალი მწვერვალი დედამიწაზე – ჯომოლუნგმა. ბარსელონამ რაღაც კიდევ უფრო მეტი გააკეთა, იცით როგორი? დედამიწის უმაღლეს წერტილზე მყოფ მთამსვლელებს, მთის წვერზე კიბე რომ ჩაერჭოთ და რამოდენიმე საფეხურით კიდევ უფრო მაღლა ასულიყვნენ. აი ასეთი რამ შეძლო ბარსელონამ, რაშიც დიდი წვლილი სწორედ გვარდიოლას მიუძღვის. (განზრახ არაფერს  ვამბობ ფეხბურთელებზე.)

მეექვსე თასის მოგებისთვის გამართული, გადამწყვეტი ბრძოლის წინ, პეპ გვარდიოლამ, გასახდელში თავის ფეხბურთელებს შემდეგი სიტყვებით მიმართა:

თუ წავაგებთ, მაშინ ჩვენ მაინც დავრჩებით მსოფლიოში საუკეთესო გუნდად, მაგრამ თუ გავიმარჯვებთ, ამით ჩვენ უკდავებას მოვიპოვებთ.

ასეთი სიტყვების ბევრ მთავარსარდალს შეშურდებოდა. ბევრი ამბობს გვარდიოლას შესახებ, რომ ის მთელი სულითა და გულით არის ჩართული თავის საქმეში, რაც ძალიან კარგად ჩანს ელეგანტურად გამოწყობილი მწვრთნელის მოქმედებებსა და ჟესტებში მატჩის დროს.

ქალის სურნელი, გამარჯვების სურნელი. მეტი არც არაფერია საჭირო.

Advertisements