e2-e4

დედოფლის ბედნიერებისთვის მებრძოლი პაიკის ბლოგი

Posts Tagged ‘ტირილი

გამარჯვების სურნელი

with 11 comments

ქალის სურნელი, ტანგო, გასეირნება ფერარით. ერთ დღეში ახდენილი ოცნებები. სისწრაფისგან გამოწვეული ადრენალინი, ტანგოს ცეკვისგან მიღებული სიამოვნება, თან თურმე ტანგოს ცეკვა ყველაზე ადვილი ყოფილა, მოძრაობა თუ შეგეშალა… უბრალოდ გააგრძელე ცეკვა. (ფეხზე ფეხის დაბიჯებას არ ვართ.) ალ პაჩინოს მიერ შესრულებული, გადამდგარი და უსინათლო პოლკოვნიკ ფრენკის როლი ერთ-ერთი საუკეთესოა მსახიობის კარიერაში. ასევე მეტად დასამახსოვრებელი კინოს ისტორიაში.

ფეხბურთთან მოცეკვავე, გამარჯვებისკენ ფერარზე სწრაფად მოძრავი, გამარჯვების სურნელით ატირებული, ერთ სეზონში ყველა შესაძლო ტიტულის მომგები – ეს პეპ გვარდიოლას მიერ შესრულებული, დაუვიწყარი როლია მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში.

ვინც ვერ მიხვდა მათთვის განვმარტავ: პეპ გვარდიოლა საფეხბურთო კლუბ ”ბარსელონა”-ს მთავარი მწვრთნელია. ”ბარსელონა” ექვსი თასის მფლობელი გახდა გასულ წელს და ამით ისეთი რეკორდი დაამყარა, რომელსაც ვეღარავინ მოხსნის. ეს იმხელა წარმატებაა… წარმოიდგინეთ ორი მთამსვლელი, მაგალითად თენსინგ ნორგეი და ედმუნდ ჰილარი, რომლებმაც პირველებმა დაიპყრეს ყველაზე მაღალი მწვერვალი დედამიწაზე – ჯომოლუნგმა. ბარსელონამ რაღაც კიდევ უფრო მეტი გააკეთა, იცით როგორი? დედამიწის უმაღლეს წერტილზე მყოფ მთამსვლელებს, მთის წვერზე კიბე რომ ჩაერჭოთ და რამოდენიმე საფეხურით კიდევ უფრო მაღლა ასულიყვნენ. აი ასეთი რამ შეძლო ბარსელონამ, რაშიც დიდი წვლილი სწორედ გვარდიოლას მიუძღვის. (განზრახ არაფერს  ვამბობ ფეხბურთელებზე.)

მეექვსე თასის მოგებისთვის გამართული, გადამწყვეტი ბრძოლის წინ, პეპ გვარდიოლამ, გასახდელში თავის ფეხბურთელებს შემდეგი სიტყვებით მიმართა:

თუ წავაგებთ, მაშინ ჩვენ მაინც დავრჩებით მსოფლიოში საუკეთესო გუნდად, მაგრამ თუ გავიმარჯვებთ, ამით ჩვენ უკდავებას მოვიპოვებთ.

ასეთი სიტყვების ბევრ მთავარსარდალს შეშურდებოდა. ბევრი ამბობს გვარდიოლას შესახებ, რომ ის მთელი სულითა და გულით არის ჩართული თავის საქმეში, რაც ძალიან კარგად ჩანს ელეგანტურად გამოწყობილი მწვრთნელის მოქმედებებსა და ჟესტებში მატჩის დროს.

ქალის სურნელი, გამარჯვების სურნელი. მეტი არც არაფერია საჭირო.

Advertisements

ცრემლდიდობა

with 11 comments

ზოგჯერ ერთი ობოლი ცრემლის შეჩერება უფრო რთულია, ვიდრე მთლიანად მდინარისო, უთქვავს ჯორჯ ბაირონს. ძნელია არ დაეთანხმო. ზოგი კარებში მოყოლილი თითის ტკივილის გამო ღვრის ცრემლს, ზოგი შეყვარებულის დაკარგვის გამო, მავანი სიცილის დროს, ზოგიც სამზარეულოში ტირის ხახვის გაფრცქვნისას. (ეს უკანასკნელი მიზეზი ტირილისა, მალე აღარ იარსებებს, რადგანაც მეცნიერებმა ისეთი ხახვი გამოიგონეს, რომელიც თვალებს არ წვავს.) ბევრს შეიძლება გაუკვირდეს, რატომ მაინცდამაიც მტირალა კაცის ფოტო პოსტის დასაწყისში და არა ქალის, რომლებიც უფრო ხშირად არიან შემჩნეულები ტირილში, სტერეოტიპიც ხომ არსებობს – ნამდვილი მამაკაცი არ ტირის, მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა ფაქტია, კაცებიც ტირიან. (მიუხედავად იმისა, ქალებს მოსწონთ თუ არა ეს) მართალია 5-ჯერ უფრო ნაკლებს, ვიდრე ქალები, მაგრამ მაინც. სხვათაშორის სპეციალისტების აზრით, ქალები კაცებზე მეტხანს იმიტომ ცოცხლობენ რომ მათზე ბევრს ტირიან.

ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მტირალა კაცი ისტორიულად გახლავთ ბერძენი ფილოსოფოსი ჰერაკლიტე, რომელსაც მტირალა ფილოსოფოსს ეძახდნენ. თურმე ჰერაკლიტე ქალაქის ქუჩებში დადიოდა და ადამიანების უგუნურ ქმედებებზე ტიროდა, ტიროდა იმის გამო, რომ ისინი მთელ ცხოვრებას უაზროდ ატარებდნენ და ასევე უაზროდ კვდებოდნენ.  ჯობია თავი დავანებო ფილოსოფიას და ცოტა ცრემლის შესახებ მოგიყვებით.

ცრემლის ორ სახეობას გამოარჩევენ – რეფლექსურს და ემოციურს. თვალის ნორმალური ფუნქციონირებისთვის აუცილებელია ცრემლის გამოყოფა თვალის დასასველებლად. როგორც წესი, ადამიანებში და ცხოველებშიც, მთელი დღის მანძილზე გინდა არ გინდა მაინც გამოიყოფა ცრემლის გარკვეული რაოდენობა, რომელიც თვალს იცავს მტვრისგან, ქარისგან და სხვა რღაც-რაღაცეებისგან. ემოციური ზემოქმედებისგან წარმოქმნილი ცრემლი კი მხოლოდ ადამიანებს ახასიათებთ. ყველაზე ხშირად ადამიანები დარდის, უბედურების დროს ტირიან, მეორე ადგილზეა სიხარულის ცრემლები, შემდეგ მოდის ტკივილით გამოწვეული ცრემლი. ტირილის დროს ორგანიზმიდან გამოიყოფა ისეთი ნივთიერებები, რაც უმრავლეს შემთხვევაში დადებითად მოქმედებს ადამიანზე, უმსუბუქებს მას ტკივილს, სტრეს და ა.შ.

ძველ სლავებში, ასევე სპარსეთსა და ბიზანტიაში გავრცელებული იყო ერთი ძალიან საინტერესო ტრადიცი: გათხოვილი ქალი იწყებდა ტირილს და ცრემლებს სპეციალურ ჭურჭელში ღვრიდა. შემდეგ შეგროვებულ ცრემლს სხვა ნივთიერებებს ურევდნენ და სამკურნალოდ იყენებდნენ. კარგი მტირალა ცოლი საკმაოდ ბევრ ცრემლს მოაგროვებდა, თუ გავითვალისწინებთ იმას რომ ერთი წლის განმავლობაში ადმიანის ორგანიზმი 4-5 ლიტრ ცრემლს გამოიმუშავებს.

კიდევ ერთი საინტერესო დეტალი: რაც უფრო დიდი სევდით არის ცრემლი გამოწვეული, მით უფრო მლაშეა ის, ხოლო ბედნიერების და ხახვის გაფრცვქვნის გამო გამოყოფილი ცრემლები გაცილებით უმარილოა, თითქმის წყალივით მტკნარი ყოფილა. აი, თურმე რატომ არის ოკეანეების წყალი მლაშე…

გუშინ იმდენი ვიკითხე ცრემლებზე, რომ ღამით ფანტასტიკური სიზმარი მესიზმრა. შევეცდები მოკლედ გაგიზიაროთ უცნაური და დაუჯერებელი ამბავი, რომელიც ცრემლს უკავშირდება: იყო და არა იყო რა, იყო ერთი სახელმწიფო. ამ ქვეყანაში ცხოვრობდა ბოროტი მეცნიერი, რომელსაც სიცილი არ შეეძლო. ამიტომაც გადაწყვიტა ისეთი ვირუსი შეექმნა, რომლის გავრცელებითაც ყველა ატირდებოდა. ბევრი იწვალა თავის მიწისქვეშა ლაბორატორიაში და ბოლოს როგორც იქნა შექმნა ცრემლსადენი საშუალება. მან თავდაპირველად ვირუსით ქათმები დაავირუსა. საწყალი ქათმები, ისეთი სენტიმენტალურები გახდნენ… როცა დედალი ვარია ხედავდა, რომ მისი მამალი სხვა დედალთან ღალატობდა მას, სულ მლაშე ცრემლებს ღვრიდა და ყლაპავდა. ცოტა ხანში ქათმებმა მლაშე კვერცხების დადება დაიწყეს. ხალხში კი ვირუსი პირველად ოპერის მომღერლის საშუალებით გავრცელდა.

ცნობილი ტენორი სცენაზე გასასვლელად ემზადებოდა და კულისებში ხმის გასაწმენდად დავირუსებული კვერცხის მოუხარშავი გული გადაყლაპა. სიმღერის დროს, მას მოულოდნელად ძლიერი სლუკუნი აუვარდა და თვალებიდან ცრემლები გადმოსცვივდა, პირი გაუშრა, ხმა ჩაეხლიჩა. მაყურებელმა ამაზე დიდი ხარხარი მორთო. იმდენი იცინეს რომ თვალებიდან მათაც  წამოუვიდათ ცრემლი და დარბაზი დაასველეს. მაგრამ ეგ რა არი. კინოთეატრებიდან, რომანტიკული ფილმების ჩვენების დროს, ცრემლი დარბაზის კარებებ ანგრევდა, ხალხს გარეთ ისროდა და  სავარძლებზე ატივტივებდა. მართალია ხელისუფლებამ აკრძალა სასიყვარულო ფილმებისა და საპნის ოპერების ჩვენება ტელევიზიით,  მაგრამ უკვე გვიან იყო. ხალხი ტიროდა ყველგან და ყველაფერზე. პირველ რიგში იმის გამო ტიროდნენ, რომ მიხვდნენ, მთელი ცხოვრება უაზროდ ჰქონდათ გატარებული, ჰერაკლიტე ახსენდებოდათ… ქუჩები ცრემლით გაივსო, ყველაფრიდან მლაშე ცრემლი იღვრებოდა.  მთელ მსოფლიოს ცრემლდიდობა დაატყდა თავს.  ეგვიპტეში იმდენი იტირეს ნიანგებმა, რომ ნილოსი ადიდდა,  უდაბნოები ცრემლით დაიფარა და გაიყინა. პირამიდების სანახავად ჩასული ტურისტები კი თხილამურებით სრიალებდნენ ყინულზე… ამ დროს გამეღვიძა კიდეც.

ბოლოს ისევ კაცის ცრემლებს მივუბრუნდები. არც ისე ყოფილა საქმე, თითქოს ქალების უმრავლესობას არ მოსწონდეს ცრემლის ხილვა მამაკაცის თვალზე. გამოკითხვამ აჩვენა, რომ გერმანელი ქალების უმრავლესობას მოსწონს. ასევე ინგლისელებს, ოღონდ ინგლისელ დედალ თაგვებს. ექსპერიმენტმა დაადასტურა: დედალ თაგვებს, ცრემლიანი მამალი თაგვები უფრო იზიდავენ. მოკლედ, ვისთვის როგორ.