e2-e4

დედოფლის ბედნიერებისთვის მებრძოლი პაიკის ბლოგი

Posts Tagged ‘ტორტონ უაილდერი

მე–13 პაემანი

with 11 comments

დღეს ჩვენი მე–13 პაემანი მინდა გავიხსენო. შენი ორიგინალური იდეები ყოველთვის მაოცებს, მაგრამ ტყის სიღრმეში, ბეწვის ხიდზე, შეხვედრა მაინც განსაკუთრებული იყო. ახლაც რეალურად ვგრძნობ იმ ადგილას გამეფებულ გარემოს. უცნაური ადგილი აღმოჩნდა, უცნაური და ამავდროულად ცოტა ფანტასტიკურიც. ჯერ მარტო ისეთი ჩუმი ხმაური იდგა ირგვლივ.

იცი რას მაგონებს ეგ სიჩუმე? წარმოიდგინე რომ ჰოლივუდში გადაღებულ ისტორიულ ფილმს უყურებ, სპეცეფექტებით და ყველა იმ დეტალით რაც მსგავსი სიუჟეტის ფილმს სჭირდება. საბრძოლო ბატალიების დროს კი ცოტა ხნით კადრი გააჩერე და ყური მიუგდე – უამრავ ხმას გაიგონებ!

ხმლების ჭახა–ჭუხს, ცხენების ჭიხვინს და ფლოქვების თქარათქურს, მეომრების ქოშინს, ყვირილს, ვაის, უის, კვნესას, დაჭრილი მებრძოლების სხეულიდან შადრევანივით ამოხეთქილი სისხლის ხმას, სისხლის მიწაზე დინების ხმას… აი, იმ უდაბურ ადგილასაც ზუსტად ეგეთი სიჩუმე იყო. პაუზის ღილაკზე თითის დაჭერა და ყველაფერი ერთნაირად ახმაურდებოდა. მაგრამ გადავრჩით. (ღიმილი)

მაშინ შენ ერთ მომენტში მკითხე – რაზე ფიქრობ? – მე გიპასუხე: არაფერზე მეთქი. ვიცრუე. არ მინდოდა სასიამოვნო დუმილი დამერღვია. სამაგიეროდ ახლა გაგიზიარებ ჩემ იმდროინდელ ფიქრებს.

ბედისწერაზე და შემთხვევითობაზე ვფიქრობდი ჰანა. ტორტონ უაილდერის (Thornton Wilder) წიგნი გამახსენდა – The Bridge of San Luis Rey. მოთხრობა პერუს მთებში ხიდის ჩანგრევით იწყება, რასაც ბერი შეესწრო, რომელიც ბედის წყალობით ხიდის ჩანგრევამდე ორიოდე წუთით ადრე გაჩერდა იქვე ახლოს – სულის მოსათქმელად. უბედურ შემთხვევას ხუთი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ბერმა კი გადაწყვიტა მათი წარსულის შესახებ ფაქტები შეეგროვებინა და შეძლებისდაგვარად დაედგინა თუ რატომ მაინცადამაინც ის ადამიანები და არა სხვები. რა იყო ეს, შემთხვევითობა თუ ბედისწერა?

ხიდზე იმას ვფიქრობდი, ჩვენი ერთმანეთთან შეხვედრა ბედისწერა იყო თუ შემთხვევითობა. რატომ არ ჩაინგრა მაშინ ხიდი როცა ჩვენ გავიარეთ? და თუ ჩაინგრეოდა რა იქნებოდა ამის მიზეზი?

ამ თემზე სხვა დროსაც მიფიქრია. ალბათ, ხვდები რომ პასუხის გაცემა ადვილი არაა. თვითონ წიგნი კი ძალიან საინტერესოა და გირჩევ წაიკითხო. ავტორს ნაშრომისთის პულიცერის პრემია მიანიჭეს და ასევე აღიარებულია ამერიკული ლიტერატურის კლასიკურ ნაწარმოებად. წიგნის თავიდან – ბოლომდე გააზრება არც ისე ადვილი საქმეა. მასში ვერც ცალსახა პასუხებს მიიღებ დასმულ კითხვებზე. მე საკმაოდ ადრე წავიკითხე და კარგად აღარც მახსოვს. ბოლოს ერთ ნაწყვეტს მოვიტან წიგნიდან:

А скоро и мы умрем, и память об этих пятерых сотрется с лица земли; нас тоже будут любить и тоже забудут. Но и того довольно, что любовь была; все эти ручейки любви снова вливаются в любовь, которая их породила. Даже память не обязательна для любви. Есть земля живых и земля мертвых, и мост между ними – любовь, единственный смысл, единственное спасение.

არავინ