e2-e4

დედოფლის ბედნიერებისთვის მებრძოლი პაიკის ბლოგი

Posts Tagged ‘ფეხბურთი

3D

with 4 comments

სანამ წერილის წერას დავიწყებდი, მანამდე სავარძელში ვიჯექი და ჭერს შევყურებდი. წვიმის წვეთებმა გამოჟონა და ჭერზე სველი წერტილი გაჩნდა, რომელიც ნელ–ნელა იზრდება. ვუყურებდი მის გაფართოება – გაზრდას და იცი რა გამახსენდა? შენს ოთახში კედელი რომ მაჩვენე, სადაც მამაშენი წელიწადში ერთხელ სიმაღლეში გზომავდა და კედელზე ხაზს უსვამდა. როგორ სწრაფად იზრდებოდი ჰანა! ახლა სულ რაღაც ორი ასანთის ღერის სიგრძითღა ჩამომრჩები სიმაღლეში. (ღიმილი)

ცუდია მარტო წერილებით რომ ვახერხებთ ურთიერთობას. ნაბოკოვის “ლოლოტა” გამახსენდა. მანდ ერთი ფრაზაა ასეთი: დედამის მხოლოდ ორგანზომილებიან სივრცეში ხედავდაო. ანუ, მხოლოდ ეკრანზე. მე ეკრანზეც ვერ გხედავ.

სხვათაშორის, საუკუნის ბოლოს თუ კიდევ გამოსცემენ მაგ წიგნს, ფრაზის ბოლოს განმარტების გაკეთება მოუწევს რედაქტორს, რადგან საქმე ისე მიდის რომ მალე ორგანზომილებიანი სივრცე არავის ეცოდინება რას ნიშნავს.

3D ტექნოლოგიების განვითარების პერსპექტივაზე ვკითხულობდი ამას წინათ. კინოში უკვე იკიდებს ფეხს 3D, მალე ტელევიზორებში გვექნება მისით სიამოვნების საშუალება. ექსპერტების აზრით 2014 წელს მსოფლიოს მაშტაბით საერთო რაოდენობის  45% სამგანზომილებიანი ტელევიზორები იქნება. უკვე წლის ბოლოს იგეგმება  ახალი ტექნოლოგიით შექმნილი ტელევიზიის ეთერში გასვლა, სადაც თავიდან ცხოველების შესახებ დოკუმენტურ ფილმებს გაუშვებენ. ESPN კი ივნისში გასამართი ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის მატჩების ტრანსლირებას გეგმავს 3D ფორმატით.

შენ იცი, მე ჯერ არ დამიგემოვნებია 3D და ამიტომ ცოტა მიჭირს წარმოდგენა თუ როგორი შეიძლება იყოს ფეხბურთის რეპორტაჟები. ერთს კი ვფიქრობ, აი, კაგრი მომენტის გაფუჭების შემდეგ ფეხბურთელების დიდი ნაწილი, ზუსტად მაშინ როცა მათ ახლო ხედით გვიჩვენებენ ხოლმე, თავის ემოციას გადაფურთხებით რომ გამოხატავს, საინტერესოა 3D ფორმატში როგორი სანახავი იქნება ეგ მომენტი? არვიცი, უბრალოდ ვიკითხე.

ბელგიაში უკვე გამოდის გაზეთი, (La Derniere Heure) რომელშიც ილუტრაციები სამგანზომილებიანია, მოირგე სპეციალური სათვალეები და ისიამოვნე. სამხრეთ კორეაში მალე გამოუშვებენ წიგნს, საიდანაც, როგორც კვპირდებიან გმირები “გადმოხტებიან”. როდის მომწერ ისეთ წერილს რომ თან გადმოხტე კიდეც?! (ღიმილი)

ექიმები ამბობენ რომ ადამიანების 5%, ვისაც დარღვეული აქვთ თვალების სწორი კოორდინაციის უნარი, მათვის შეიძლება ჯანმრთელობისთვის სახიათო აღმოჩნდეს  სამგანზომილებიანი გამოსახულება. 3D ფილმის ყურების დროს საჭიროა მარცხენა და მარჯვენა თვალი იდეალურად მოქმედებდნენ, ისე კი არა რომ ერთი თვალი ზარმაცობდეს და სხვა მიმართულებით იცქირებოდეს. (როგორც მე მაქვს.)

წავედი მე, ჭერზე სველ წერტილს უნდა დავაკვირდე. მაინტერესებს გახდება თუ არა წვიმის წვეთი სამგანზომილემიანი და დაეცემა თუ არა იატაკზე.

არავინ

სულგულშიგანშემატკივარი

with 12 comments

"ბარსელონა"

შეიძლებოდა მეთქვა “ბარსელონას” გულშემატკივარი ვარ მეთქი, ან ფანი, თუნდაც ქომაგი, მაგრამ გურამ დოჩანაშვილის მიერ მოგონილი სიტყვა “სულგულშიგანშემატკივარი” მაინც სულ სხვაა. ეს სიტყვა ძალიან უხდება ჩემსა და “ბარსელონას” ურთიერთობებს. მეტი დამაჯერებლობისთვის ერთ უახლოეს მაგალითს მოვიყვან. 28 აგვისტოს “ბარსელონა” უკრაინულ “შახტარს” ეთამაშებოდა მონაკოში. მატჩს ევროპის სუპერთასის მფლობელის ბედი უნდა გადაეწყვიტა. შეხვედრის დაწყებას მოუთმენლად ველოდი. “ბარსელონას” გამარჯვების შემთხვევაში ეს გუნდისთვის ერთი წლის მანძილზე რიგით მეხუთე მოპოვებული ტიტული იქნებოდა.

როგორც წესი ფეხბურთის ყურებას ლუდის სმა უხდება, ისევე როგორც ქალების ჭორაობას ყავის სმა, მაგრამ ზოგჯერ ორიგინალურობა არ გვაწყენს. მეც იმის მაგივრად რომ ლუდი მეწრუპა, ჩაციებული საზამთრო დავიჭერი და ჭამის პროცესის გასახალისებლად ერთი “ფინტი” მოვიგონე. ე.ი. რამდენ კურკასაც გადავყლაპავდი საზამთროს ჭამის დროს, “ბარსელონას” იმდენივე გოლი უნდა გაეტანა. აი, ხომ ვარ ნამდვილად “ბარსას” სულგულშიგანშემატკივარი! მის გამო რას აღარ ვიგონებ. იდეამ კარგად გამართო და ალბათ უკვე მიხვდით რომ თეფშზე ძალიან ცოტა კურკა დარჩა, სულ სამიოდე ცალი, დანარჩენი კი გადამეყლაპა.

ბარსამ თამაში მოიგო, მართალია მხოლოდ 1:0 და ისიც დამატებით დროში, მაგრამ რაც მთავარია თასი ჩვენ დაგვრჩა. შეიძლება ითქვას რომ კურკების ყლაპვამ გაამართლა. როგორც მივხვდი კურკებს გრძელვადიანი მოქმედების უნარი აქვთ, “ბარსელონამ” ხომ შემდეგი თამაში 3:0 მოიგო. ამიტომ მაცივარში დარჩენილ საზამთროსაც მივხედავ. თან მიუხედავად იმისა, რომ საზამთრო 92% წყალს შეიცავს, მაინც მეტად სასარგებლოა ჩვენი ჯანმრთელობისთვის. ამის გამო მას დიდ პატივს სცემენ დედამიწის სხვადასხვა კუთხეში. რუსები ამერიკელებს ეცილებიან და ამბობენ: ასტრახანია საზამთროს სამშობლო და არა კანზასიო. ასტრახანში, აგვისტოს თვის ბოლო შაბათ დღეს იმართება საზამთროს დიდი ფესტივალი, სადაც ვაჭრობის გარდა ტარდება კონცერტები და სხვა ღონისძიებები. ასტრახანშივეა საზამთროს მუზეუმი.

წარმოდგენაც კი არ მქონდა თუ საზამთროთი ასეთი საინტერესო რაღაცეების გაკეთება შეიძლებოდა… თურმე შესაძლებელი ყოფილა.

საზამთრო

საზამთრო

საზამთრო

პ.ს. ბოლოს კი “რეალის” სულგულშიგანშემატკივრებს ვეტყვი: თქვენც შეგიძლიათ დაეხმაროთ თქვენს საყვარელ გუნდს საზამთროს ჭამით. აქვე შეგახსენებთ, რომ საზამთროს ყველაზე გემრიელი ნაწილი არის მისი გული.

Written by ჯორჯ პაიკი

სექტემბერი 5, 2009 at 00:28