e2-e4

დედოფლის ბედნიერებისთვის მებრძოლი პაიკის ბლოგი

Posts Tagged ‘ფრანკენშტეინი

თავი სხვის მხრებზე

with 24 comments

როგორც ზღაპრებიდან ვიგებთ, მრავალი წლის წინ უამრავი ადამიანი მიემგზავრებოდა ცხრა მთასა და ცხრა ზღვას იქით უკვდავების წყლის მოსაპოვებლად. ალბათ დიდხანს სიცოცხლის სურვილი თავიდანვე ჩაიდო ადამიანებში. ვეჭვობ სადღესასწაულო ტორტში ჩარჭობილ 200 სანთლის ჩაქრობაზე ბევრი არ იტყოდა უარს.

ვერ გეტყვით ჩვ. წ. ა – მდე რა ხდებოდა ამ მხრივ, როგორ ცდილობდნენ ჩვენი წინაპრები სიცოცხლის გახანგრძლივებას, მაგრამ მოდი ყველამ ერთად, დიდი ისტორიული ნახტომი გავაკეთოთ, მერე თქვენ კარგად მოკალათდით სავარძელში, მე კი რაც ვიცი იმას მოგიყვებით.

მაშ ასე, ნახტომის შემდეგ ჩვენ XVII საუკუნეში აღვმოჩნდით. ამ დროს ცხოვრობდა და მოღვაწეობდა ვინმე იოჰან კონრად დიპპელი, რომელსაც ზოგიერთი მკვლევარი ფრანკენშტეინის ისტორიულ წინაპრად მიიჩნევს. მისი მოღვაწეობის მთავარი მიზანი უკვდავების ელექსირის შექმნა იყო. გააკეთა კიდეც რაღაც ზეთისმაგვარი სითხე. იოჰანი ბევრ ექსპერიმენტს ატარებდა. იგი ადამიანის სხეულის ნაწილებს დიდ ქვაბში ხარშავდა და ასე ცდილობდა ჯადოსნური სითხის დამზადებას, მაგრამ როგორც მიხვდით არაფერი გამოუვიდა, წინააღმდეგ შემთხვევაში მას ამ პოსტის წაკითხვის შანსიც ექნებოდა, თუმცა…

გასულ საუკუნეში მედიცინა ძალიან განვითარდა და ისეთი ოპერაციების ჩატარება გახდა შესაძლებელი რასაც ბევრი ვერ წარმოიდგენდა. მაგალითად, გულის გადანერგვის ოპერაცია, რომელიც პირველად 1967 წლის 3 დეკემბერს გააკეთა სამხრეთ აფრიკელმა ექიმმა  კრისტიან ბერნარდმა. მართალია პაციენტმა სულ რაღაც 18 დღე იცოცხლა ოპერაციის შემდეგ, მაგრამ მიუხედავად ამისა ოპერაციების გაკეთება მაინც გაგრძელდა და   წარმატებულადაც – პაციენტები წლების მანძილზე ცოცხლობდნენ გადანერგილი გულით.

ექიმი ბერნარდი თავის მასწავლებლად რუს მეცნიერს, ვლადიმერ დემიხოვს მიიჩნევდა, რომელიც ზოგადად ტრანსპლანტაციის ფუძემდებლად ითვლება. დემიხოვმა 1954 წელს, ტრანსპლანტაციის შედეგად მიღებული ორთავიანი ძაღლი წარუდგინა საზოგადოებას. (ბევრში შეიძლება პროტესტს იწვევდეს ძაღლებზე მსგავსი ექსპერიმენტების ჩატარება, მაგრამ მეცნიერება მსხვერპლს მოითხოვსო.) ძაღლის ორივე თავი კარგად გამოიყორებოდა, იღებდა საკვებს, რეაგირებდა გარშემო მყოფ ადამიანებზე. თავები ერთმანეთსაც კი ეთამაშებოდნენ.(!) ძაღლმა ორ თვემდე იცოცხლა. ექიმის კვლევებმა რამდენადაც დიდი აღიარება მოიპოვა უცხოეთში, იმდენად არ წყალობდნენ საბჭოთა კავშირში ქვეყნის მეთაურები. მას ნორმალური ლაბორატორიაც არ ჰქონია, მრავალ საათიან ოპერაციებს ჩაბნელებულ და უჰაერო სარდაფში ატარებდა.

აქამდე ცოტა უფრო ადრე, 1928 წელს, სერგეი ბრიუხონენკომ ძაღლის მოჭრილი თავი გააცოცხლა. დაუჯერებელია მაგრამ მოჭრილი თავი ენას ყოფს და პირს ილოკავს. თავდ იხილეთ თუ არ გჯერათ.

მოკლედ, ასეთი ექსპერიმენტები ზოგჯერ საეჭვო ზღვარს უახლოვდება. ვინ იცის, თუნდაც ამ წუთას რომელიღაც ბნელ (ნათელ) სარდაფში ვინ რა ექსპერიმენტს ატარებს მეცნიერების სახელით, რომლითაც სიცოცხლის გახანგრძლივება (და არა მარტო) გახდება შესაძლებელი.

რამდენიმე თვის წინ ლინდსეი ანდერსონის ფილმი ”ჰოსპიტალი “ბრიტანია”” ვნახე. ფილმში მოქმედება საავადმყოფოში ვითარდება, იმ დროს როცა გარეთ, საზოგადოებაში არსებულ უთანასწორობას ხალხი აპროტესტებს. საავადმყოფოს მთავარი ექიმი ფრანკენშტეინის იდეით არის შეპყრობილი და სხვადასხვა ადამიანის ორგანოებით ერთი ადამიანის აწყობას ცდილობს, რომელიც უფრო გამძლე იქნება ჩვეულებრივთან შედარებით. ოპერაცია წარმატებით მიდიოდა, ბოლოს კი მიხვდნენ რომ სხეულზე მისაკერებელი თავი უვარგისი ყოფილა. საჭირო გახდა ახალი თავის მოძიება. მოიძიეს კიდეც. საავადმყოფოში ჟურნალისტი იყო შეპარული და კამერით იღებდა ყველაფერს რაც იქ ხდებოდა, სწორედ ის ჟურნალისტი დაიჭირეს ექიმებმა, ხელის მარტივი მოძრაობით თავი მოაჭრეს და საექსპერიმენტო სხეულს მიაკერეს. სასწაული მოხდა, ნაწილებად აწყობილმა ადამიანმა გამოიღვიძა, ამუშავდა.  ჟურნალისტს არ ეჭაშნიკა საკუთარი თავის სხვის მხრებზე ნახვა და ექიმებისგან თავის დაღწევა სცადა. ძიძგილაობის დროს თავი სხეულს მოსძვრა, ექსპერიმენტი ჩაიშალა.

უნივერსალური, გამძლე ადამიანის შექმნა დროებით გადაიდო.

პ.ს. ნამდვილად მესმის ჟურნალისტის, რომელიც უკმაყოფილო დარჩა ექსპერიმენტის შედეგებით. მეც არ მესიამოვნებოდა რომ  ვინმეს ჩემთვის თავი მოეჭრა, მერე კი რომელიმე მონარქიული სახელმწიფოს მეფისთვის მიეკერებინა, მაშინ როგორღა გავიგო – მეფე ვარ თუ პაიკი?!

Advertisements