e2-e4

დედოფლის ბედნიერებისთვის მებრძოლი პაიკის ბლოგი

Posts Tagged ‘ქალი

ცეკვა სკამთან

აქამდე მეგონა, სკამთან მხოლოდ ნასვამები ცეკვავდნენ და დიდ სისულელედ მიმაჩნდა, მაგრამ ვცდებოდი. ამ ქმედებას თურმე ღრმა ფსიქოლოგიური ახსნა ჰქონია. ამაზე ცოტა მოგვიანებით…

საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, მომავალი წლიდან სკოლებში ცეკვის გაკვეთილების ჩატარება სავალდებულო გახდება. “ელემენტარულად, თავის ქორწილში მაინც უნდა შეძლოს ადამიანმა ცეკვა.” – ამბობს პრეზიდენტი. აქვე ერთი ფრაზა მახსენდება ფილმიდან “ლაზარეს თავგადასავალი” – გშია? იცეკვე! ხედავთ, რამდენი სარგებლობის მოტანა შეუძლია ცეკვას. ხუმრობა იქით იყოს და ცეკვა ნამდვილად არ არის ცუდი. თურმე ცეკვა ხელს უწყობს სწრაფი აზროვნების განვითარებას, კომლექსებისაგან განთავისუფლებას და ა.შ.

აბა, ხელი ასწიოს მან, ვისაც ერთხელ მაინც არ უცეკვია სახლში მარტოს, როცა არავინ გიყურებს და ამით დიდი სიამოვნება არ მიეღოს. ხელებს ვერ ვხედავ, ესე იგი ყველას გვიცეკვია.

ცეკვის ცქერაც სიამოვნებაა. აი, მაგალითად გერმანელი მოცეკვავე და ქორეოგრაფი ქალბატონი პინა ბაუში (Pina Bausch 1940-2009), რომელიც თანამედროვე ქორეოგრაფიის მნიშვნელოვან ფიგურად ითვლება. ქალბატონი რომელიც მკაცრი, ასკეტური სტილის ჩაცმულობით გამოირჩეოდა. მას მუდმივად შავი სამოსი და უხეში, მამაკაცური ჩექმები ეცვა. მაკიაჟს არ ხმარობდა, სარკეში კი მხოლოდ სარეპეტიციო დარბაზში იხედებოდა. პინა ბაუშს თავისი მოღვაწეობის მანძილზე ბევრი კრიტიკის მოსმენა მოუწია. მას აკრიტიკებდნენ ძალადობის და სიკვდილის ამსახველი ექსპრესიული სცენებისთვის, აგრესიული ფემინიზმისთვის, ცეკვის ნორმების დარღვევისთვის. მიუხედავად წინააღმდეგობისა პინა ბაუშის თვითმყოფადმა ხელოვნებამ მყარად დაიმკვიდრა ადგილი მსოფლიო ხელოვნებაში. იმას ვამბობდი, ცეკვის ცქერა სიამოვნებაა მეთქი. ამის ერთ–ერთი მაგალითი პინა ბაუშის ქორეოგრაფიით დადგმული სპექტაკლი “კაფე მიულერი” გახლავთ.

(ეს სპექტაკლის პირველი ნაწილია, სურვილის შემთხვევაში დანარჩენ ნაწილებსაც ადვილად მოძებნით youtube-ზე.)

ალბათ, ბევრმა იცით ბერნარდ შოუს გამონათქვამი ცეკვასთან დაკავშირებით: “ცეკვა, ეს არის ჰორიზონტალური სურვილების ვერტიკალური გამოხატულება.” ბაუშის ცეკვებში კი ადამიანის გრძნობების და განცდების მთელი პალიტრაა წარმოდგენილი. პინა ბაუშისთვის მნიშვნელოვანი ის კი არაა თუ როგორ მოძრაობს ადამიანი, არამედ ის თუ რა ამოძრავებს მას.

სპექტაკლში “კაფე მიულერი” მოქმედება ღამით ხდება. ცარიელი კაფე, ბევრი ცარიელი სკამი და რამდენიმე ადამიანი, რომელთაც იმედი აქვთ დაკარგული. მათ დაკარგული აქვთ სიყვარულის უნარი, რის გამოც სასოწარკვეთილები არიან და თავს მარტოსულ ადამიანებად გრძნობენ. ეს ყველაფერი  სპექტაკლში მხოლოდ ცეკვით არის გადმოცემული, ყოველგვარი სიტყვების გარეში. საჭირო რომ ყოფილიყო, პინა ბაუში ცეკვით მრავალსართულიანი შენობის სახურავზე დაკიდული ადამიანის განცდებსაც გამოხატავდა, რომელსაც ხელზე ფეხს ადგამენ ძირს ჩამოსაგდებად.

ცხადია, სპექტაკლის გმირებს დახმარება ესაჭიროებათ. მართალია სპექტაკლში არიან ასხვა პერსონაჟებიც  რომლებიც მათ დასახმარებლად ბევრს ცდილობენ, თუმცა ყველა მცდელობა უშედეგოდ მთავრდება. ინტერნეტში საინტერესო ინფორმაციას მივაგენი, რომელიც შეიძლება მათ დასახმარებლად გამოდგეს.

ფსიქოლოგიაში არსებობს ფსიქოთერაპიის მიმართულება, რომელსაც გეშტალტ–თერაპია ეწოდება. გეშტალტ (Gestalt) გერმანული სიტყვაა და ფიგურას, მთლიანს ნიშნავს. იდეაში, ადამიანი მის გარშემო არსებულ რეალობას მთლიანობაში აღიქვავს, თუმცა ხდება ისეც, როცა ყველაფრის ერთ მთლიანობაში აღქმა ვერ ხერხდება. (როგორც პაზლის აწყობის დროს) არის დეტალები, რომლებიც ჩვენი ყურადღების მიღმა რჩება. მაგალითად, მიზანი რომელიც დიდი ხნის მაძილზე ვერ განვახორციელეთ, ჩვენში დაუმთავრებელი მთლიანობის (გეშტალტის) სახით რჩება. ასეთი დაუმთავრებელი გეშტალტი ადამიანში შეიძლება ბევრნაირი სახის არსებობდეს, როგორც აუხდენელი ოცნება, ასევე განუხორციელებელი მიზნები, ვერ მიღებული განათლება, სხვისი მოთხოვნით მიღებული გადაწყვეტილება, ურთიერთობები რომლებიც დიდი ხნის წინ დამთავრდა მაგრამ მაინც ზემოქმედებენ ჩვენზე და ა.შ. ასეთი მომენტები ადამიანში სიცარიელის და იმედგაცრუების გრძნობას იწვევს და უარყოფითად მოქმედებს მის ცხოვრებაზე. არსებობს ისეთი დაუმთავრებელი გეშტალტები რასაც უბრალოდ ვერც კი აცნობიერებს ადამიანი.

სწორედ გეშტალტ–თერაპიის მიზანია დაუმთავრებელი გეშტალტის გამოვლენა და მისი დამთავრება. ერთ–ერთი მეთოდი რომელიც ამ მიზნებისთვის გამოიყენება არის “ცარიელი სკამის” მეთოდი. (ასევე გამოიყენება “ცხელი სკამის” მეთოდიც”) “ცარიელი სკამის” მეთოდის მიხედვით, პაციენტის წინ დგავენ ცარიელ სკამს და ეუბნებიან რომ წარმოიდგინოს, თითქოს სკამზე ის პიროვნება ზის ვისთანაც მას ადრე პრობლემები ჰქონდა. ამის შემდეგ პაციენტი “პრობლემასთან” იწყებს საუბარს და ფსიქოლოგის დახმარებით ცდილობს მის მოგვარებას, ანუ დაუმთავრებელი გეშტალტის დამთავრებას. სკამზე ადამიანის გარდა კიდევ ნებისმიერი საგნის, თუნდაც თვისების, ან გრძნობის, მაგალითად სიყვარულის დასმა და დალაპარაკებაა შესაძლებელი.

გამომდინარე იქიდან რომ სპექტაკლში “კაფე მიულერი”, ბევრი ცარიელი სკამია, პერსონაჟებს შეუძლიათ ყველა პრობლემა ერთად მოათავსონ სკამებზე და ერთხელ და სამუდამოდ დაამთავრონ მათთან საუბარი.

პოსტის დასაწყისში სკამთან ცეკვა ვახსენე, თქვენი არ ვიცი და მე წერას მოვრჩები თუ არა, ავიღებ ცარიელ სკამს, წარმოსახვით მასზე იმ ადამიანს დავსვავ რომელიც ხელს მიშლის და ერთი მაგრად ვეცეკვები. თან ყურში ყველაფერ იმას ჩავჩურჩულებ რისი თქმაც აქამდე მინდოდა. იმედია გეშტატლ–თერაპიისა და ცეკვის დახმარებით ყველაფერი კარგად იქნება.

Advertisements

ჰორმონები არ ხუმრობენ

with 7 comments

სიმაღლეზე მხტომელი სპორტსმენი, ქალბატონი დორა რატენი, 1936 წლის ბერლინის ოლიმპიადაზე გერმანიის სახელით იღებდა მონაწილეობას. დორა გამოვიდა სარბენ ბილიკზე, გაირბინა, ახტა, გადახტა და მხოლოდ მეოთხე ადგილს დასჯერდა. არადა მესამე რაიხი, საკუთარ კედლებში გასამართი ოლიმპიადისთვის განსაკუთრებულად ემზადებოდა. მათ სურდათ დაემტკიცებინათ არიული სისხლის უპირატესობა სხვა ერებთან შედარებით. ამისათვის ფაშისტური მთავრობა ყველაფერს აკეთებდა. ”ყველაფრის კეთების” დამადასტურებელი ფაქტი კი ის გახლავთ, რომ  მოგვიანებით, როცა დორა რატენს უკვე მოგებული ჰქონდა ევროპის ჩემპიონატი, სიმართლე გამჟღავნდა – ”ქალბატონი დორა” ვაჟბატონი აღმოჩნდა. სპორტსმენმა აღიარა რომ მას აიძულეს ქალის სახელით ასპარეზობა, და ის სამი წელი, რომლის მანძილზეც იგი ქალად ასაღებდა თავს, ყველაზე საშინლი პერიოდი იყო მის ცხოვრებაში.

არსებობს ცნობები, თითქოს, ერთ დროს რომის პაპი ქალი ყოფილა ”კაცის ფორმაში” გადაცმული. თუმცა ამ ცნობის ბოლომდე დადასტურება ვერ ხერხდება, კათოლოკური ეკლესიაც კატეგორიულად უარყოფს ამ ფაქტს, ამიტომ თქვენის ნებართვით ისევ სპორტულ ასპარეზს მივუბრუნდები, სადაც ქალის სახელით მამაკაცების გამოსვლის სხვა შემთხვევებიც გვხდება.

პოლონელი სპორტსმენი ქალი, ვალასევიჩი, სპორტულ სარბიელზე გასული საუკუნის 30-იან წლებიდან გამოჩნდა და გამარჯვებას, გამარჯვებაზე აღწევდა. მთელი კარიერის მანძილზე უამრავი მედალი მოიპოვა და მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო მძლეოსან ქალად ითვლებოდა. შემდეგ იგი ამერიკაში გადასახლდა და გათხოვდა კიდეც, თუმცაღა მალევე დაშორდა მეუღლეს. ვალასევიჩი ქუჩაში მოულოდნელად ატეხილი სროლის დროს დაიღუპა, მორგში კი მის საიდუმლოს ფარდა აეხადა – მას როგორც ქალის, ასევე კაცის სასქესო ორგანოები აღმოაჩნდა.

თუმცა, ყოველთვის ერთი შეხედვით ძნელია იმის დადგენა ქალი მართლა ქალია თუ არა. 2009 წლის ბერლინის მსოფლიო ჩემპიონატზე მძლეოსნობაში, 800 მ. გარბენში ქალთა შორის გაიმარჯვა სამხრეთ აფრიკელმა კასტერ სემენიმ. მისი მამაკაცური აღნაგობის გამო გაჩნდა ეჭვი რომ ის კაცი იყო. ანალიზის შედეგად ცნობილი გახდა – სემენის ორგანიზმში მამაკაცური ჰორმონის, ტესტესტორინის დოზა სამჯერ მეტი აღმოჩნდა, ვიდრე ნორმალურ ქალს შეიძლება ჰქონდეს. ამის შემდეგ მას ჩაუტარდა გენდერული ტესტი, რომლითაც უნდა გაირკვეს მისი სქესი.(!) ბოლოს გავრცელებული ინფორმაციით, მსოფლიოს მძლეოსნობის ფედერაცია არ აპირებს სპორტსმენისთის ოქროს მედლის ჩამორთმევას და არც ტესტის შედეგებს გამოაცხადებს საჯაროდ. შეგახსენებთ რომ 2006 წელს, ინდოელ მძლეოსანს ჩამოართვეს მოგებული მედალი, იმის გამო, რომ ის თურმე ქალი კი არა და კაცი ყოფილა.  ამან სპორტსმენზე ფსიქოლოგიურად ძალიან ცუდად იმოქმედა. მას თვითმკვლელობის მცდელობაც ჰქონდა. საბედნიეროდ ექიმებმა მისი გადარჩენა მოახერხეს.

მართლა უცნაური იქნება უცებ რომ მოვიდნენ და გითხრან: აქამდე თუ თავი ქალი/კაცი გეგონა, ახლა გაირკვა რომ თურმე კაცი/ქალი ყოფილხარო. ნამდვილად რთულად არის ადამიანის ორგანიზმი მოწყობილი, ვერაფერს იტყვი, მხატვარ ფერნანდო ვისენტეს ნახატი ქალის ანატომიის თავისებურებებით:

1965 წელს, კანადაში დაიბადა ბავშვში, ბრიუს რეიმერი. ბავშვს დაბადებისთანავე ოპერაციის გაკეთება დასჭირდა. ქირურგიული ჩარევის დროს ექიმის დაუდევრობით, ბიჭს მთლიანად დაუზიანდა სასქესო ორგანოები. შეწუხებულმა მშობლებმა დასახმარებლად ფსიქოლოგ ჯონ მანის მიმართეს. ფსიქოლოგმა მშობლებს ურჩია რომ ბავშვი ისე აღეზარდათ როგორც გოგო. ბავშვს კიდევ ერთი ოპერაციის შედეგად ყველაფერი მოაჭრეს რისი მოჭრაც შეიძლებოდა, ბრიუს სახელი შეუცვალეს – ბრენდა დაარქვეს და მისი გოგოდ აღზრდა დაიწყეს. ფსიქოლოგ ჯონ მანის თეორიის მიხედვით, ადამიანის სქესობრივი კუთვნილება ბუნებაზე კი არ იყო დამოკიდებული, არამედ იმაზე თუ როგორ გაზრდიდნენ მას ბავშვობიდან. სწორედ ამის დასამტკიცებლად გამოიყენა ეს შემთხვევა და სასტიკი ექსპერიმენტის ჩატარებაც ამისთვის დასჭირდა.

თავდაპირველად ყველაფერი თითქოს კარგად მიდიოდა, ბრენდა თოჯინებით თამაშობდა, ფსიქოლოგი კი თავისი წარმატების შესახებ სამეცნიერო სტატიებს წერდა და თავს იწონებდა. მაგრამ ყველაფერი მალევე აირია, როგორც კი ბავშვი წამოიზარდა. იგი უკვე აშკარად ამჟღავნებდა მამაკაცურ თვისებებს. მიუხედავად ამისა მოზარდს მკერდის გასაზრდელად სპეციალურ წამლებს აძლევდნენ. შემდეგ ჯონ მანიმ მშობლებს მოსთხოვა რომ ბავშვისთვის კიდევ ერთი ოპერაცია გაეკეთებინათ,  რათა მისთვის ქალის სასქესო ორგანოები გადაენერგათ. ამ მოთხოვნაზე მოზარდმა წინააღმდეგობა გასწია და რამოდენიმეჯერ თვითმკვლელობაც სცადა, მაგრამ გადარჩა. მშობლებიც ძალიან განიცდიდნენ შვილის მდგომარეობას და თავს დამნაშავედ გრძნობდნენ.  ბრენდამ სიმართლე გაიგო და გადაწყვიტა ნორმალურ ცხოვრებას დაბრუნებოდა.  ბრენდა გახდა დევიდი. 1997 წელს მას მამაკაცის ორგანოები გადაუნერგეს, დაოჯახდა კიდეც, მაგრამ როგორც ჩანს წარსულში გადატანილმა ფსიქოლოგიურმა სტრესმა თავი იჩინა და 2004 წელს დევიდმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

ვის აჩუქე ბიჭო ულვაში?!

with 15 comments

”მადონა ორეტე, თუ მიბრძანებთ, შემიძლია ისეთი საუცხოო ამბავი მოგახსენოთ, რომ თქვენ წარმოიდგენთ, ვითომ ცხენზე ზიხართ და ისე მიბრძანდებით…” ბოკაჩო ”დეკამერონი”

მაშ დავიწყოთ.

შუასაუკუნეების ევროპაში ძალიან გავრცელებული და პოპულარული გახლდათ ჰენრი დ’ანდელის (Henri D’ Andeli) მიერ დაწერილი პატარა იუმორისტული ამბავი არისტოტელეს შესახებ. ისტორია ასეთია:

არისტოტელე თავის მოწაფეს, ალექსანდრე მაკედონელს, ურჩევდა თავი შორს დაეჭირა ერთი ქალისგან, რომელიც მისი აზრით ხელს უშლიდა მას ქვეყნის მართვაში, რადგან იგი ძალიან ბევრ დროს ხარჯავდა ქალთან ურთიერთობაში. ეს ქალი იყო ვინმე ფელისი. (Phyllis) ფელისმა გაიგო რა ეს ამბავი, განაწყენდა და გადაწყვიტა შური ეძია არისტოტელეზე. ერთხელაც, როცა ბრძენი მასწავლებელი თავის ოთახში წიგნებთან იჯდა და ცოდნას იღრმავებდა, ფელისი ფანჯარასთან ახლოს მივიდა და სიმღერა დაიწყო. მას თმები გაშლილი ჰქონდა და შიშველი ფეხები უჩანდა. არისტოტელე  იმდენად მოიხიბლა ნანახი სილამაზით რომ წიგნი დახურა, მიუახლოვდა ქალს, ხელი გაუწოდა და ეროსით შეპყრობილმა, თავისი მხურვალე ვნებების დაკმაყოფილება სთხოვა. ქალი დაეთანხმა, ოღონდ ერთი პირობით – ოთხზე დამდგარ არისტოტელეს იგი ზურგზე უნდა შეესვა და ბაღში გაესეირნებინა. არისტოტელემ მისი მოთხოვნა შეასრულა და მოახლეების თანდასწრებით გაასეირნა ქალი.  ფელისი კარგად მოთავსდა ფილოსოფოსის ზურგზე და სასიყვარულო სიმღერების შესრულება განაგრძო. ამ დროს ბაღში ალექსანდრეც გამოვიდა, რომელიც ძალიან განაწყენდა მასწავლებლის ქცევით: მე მეუბნებოდი თავი შორს დაიჭირე  მაგ ქალისგანო და შენ თავად რას აკეთებო – უთხრა ალექსანდრემ. ბრძენი არისტოტელე რის ბრძენი იქნებოდა თავი რომ ვერ დაეძვრინა უხერხული და კომიკური სიტუაციიდან: ამ საქციელით იმის ჩვენება მინდოდა, თუ როგორ არ უნდა მოიქცე – უთხრა მან მოწაფეს.

აი, ასეთი ისტორია აღწერა დ’ანდელიმ, რომელიც როგორც უკვე გითხარით ძალიან პოპულარული გახდა და შემდეგშიც გვხდება სხვა მწერლებთან. ასევე ამ ამბის მიხედვით შეიქმნა ბევრი ნახატი, გრავიურა და ა.შ.

არისტოტელეს კომიკურ შემთხვევაზე ქართული ფილმი ”შერეკილები” მომაგონდა. ციხის უფროსი რომ უყვირის ახალგაზრდა კაცს – ვის აჩუქე ბიჭო ულვაში… ქალები დაგღუპავენ შენ, ქალები! და ამ დროს თავად გაიქცევა მარგარიტასთან. ხოდა, აბა რა გასაკვირია გამოუცდელ ახალგაზრდას ულვაში რომ ეჩუქებინა ქალისთვის, ხომ ხედავთ ფილოსოფოსო რა დღეში ჩააგდო ვნებამ და ერთმა მომხიბვლელმა არსებამ. კიდევ ბევრი ისტორიის გახსენება შეიძლება სადაც ქალები კაცს ისე ატრიალებენ თავის ჭკუაზე, როგორც მაგალითად ტაქსის მძღოლი რკინის რგოლზე ასხმულ გასაღებების აცმას ატრიალებს საჩვენებელი თითით, ჯერ მარჯვნივ, მერე მარცხნივ.

ანდა რაღა შორს წავიდეთ ისტორიების მოსაძიებლად, აგერ არ ვარ. იყო დრო როცა ”იმას” ველაპარაკებოდი ტელეფონზე. ერთ მზიან დღეს ბევრი ვილაპარაკეთ, ხან რაზე და ხანაც რაზე. უცებ, არვიცი საიდან მოაფიქრდა ”იმას”, მითხრა: გინდა თუ არა იატაკზე დაჯექი როგორც მე ვზივარო. არადა შაჰაბასის პოზაში ჯდომა ჩემი სტილი არ არის, არც მაშიან არ მინდოდა ფეხმორთხმით იატაკზე მოკალათება, მაგრამ რა მექნა აბა, ხომ არ მოვიტყუებოდი დავჯექი მეთქი… ასე მომსვეს უკანალზე.

თქვენ ალბათ გაინტერესებთ რა ისტორია მოუყვნენ მადონა ორეტეს, დიდი არაფერი, უფრო სწორად ისტორია საინტერესო იყო, მაგრამ მთხრობელი არც ისე კარგი მჭერმეტყველი გამოდგა და ქალბატონმაც ენამოსწრებულად უთხრა რომ თქვენი ცხენი ძალიან გვანჯღრევსო. ამიტომ სანამ რამეს მეტყოდეთ აქვე დავასრულებ პოსტს. აღარ გამოვა ჩემგან ცხენი.

საფერფლეს მიჯაჭვულნი

with 18 comments

საფერფლე

ყველაფერი კოლუმბის ბრალია…

1492 წელს ამერიკელმა ინდიელებმა პატივისცემის ნიშნად თამბაქოს ფოთლები აჩუქეს დიდ ზღვაოსანს და სამშობლოში გამოატანეს. მართალია თავად კოლუმბს არ მოეწონა მისი გემო და მცენარე ხომალდიდან მოისროლა, მაგრამ თამბაქოს მოყვარულები მალევე გამოჩნდნენ, გამოჩნდნენ და გამრავლდნენ კიდეც. თავიდა ცოტა რთულად იყო საქმე. ესპანელი მეზღვაური, რომელიც კოლუმბის ექსპედიციის ეკიპაჟის წევრი იყო, სიკვდილით დასაჯეს ინკვიზიტორებმა როცა დაინახეს თუ როგორ უშვებდა იგი ბოლს პირიდან, იფიქრეს ეშმაკი ჩაუსახლდაო.

ერთ-ერთი პირველი მწეველი ადამიანებიინდიელების მიერ თამბაქოს მოხმარებას დიდი ისტორია აქვს. არქეოლოგების მიერ აღმოჩენილია ნახატები რომლებიც ჩვ. წ. ა.-დე 1 000 წლით თარიღდება, სადაც გამოსახულია სიგარეტის მწეველი ადამიანები. მათ მიაჩნდათ რომ თამბაქოს კვამლის საშუალებით უფრო ადვილი იყო ღმერთებთან დაკავშირება. ასევე მცენარეს სამკურნალო საშუალებადაც მიიჩნევდნენ.

.

თავიდაპირველად ეპროპაშიც ეგონათ რომ თამბაქოს ფოთლები სამკურნალო თვისებების მქონე იყო. საფრანგეთის ელჩი პორტუგალიაში, ჟან ნიკო დე ვილემენი (ეს ის ჟან ნიკოა, რომლის საპატივცემულოდაც სიტყვა ნიკოტინი წარმოიშვა.) ბევრს წერდა თამბაქოს დადებით მხარეებზე და ეკატერინე მედიჩსაც გაუგზავნა საჩუქრად, როგორც სამკურნალო მცენარე.

1620 წელს სევილიაში აშენდა თამბაქოს პირველი გადამამუშავებელი ფაბრიკა, რამაც ხელი შეუწყო მის სწრაფი ტემპებით გავრცელებას. ალბათ ცნობილი სევილიელი დალაქი პირველი იყო ვინც სიგარეტს ეწეოდა. აქედან გამომდინარე ეჭვი მაქვს, რომ ჩემი დალაქი მისი შთამომავალი უნდა იყოს, რადგან თმის შეჭრის პროცესში მუდმივად პირში უდევს სიგარეტი და სულ მეშინია შემთხვევით თავზე არ დამაფერფლოს. საინტერესოა რომ პროსპერ მერიმეს კარმენი თურმე თამბაქოს ფაბრიკაში მუშაობდა. როგორც მახსოვს კარმენი არ ეწეოდა, მაგრამ იმ დროის მაღალი წრის ქალბატონები თამბაქოს უკვე ყნოსავდნენ და ეწეოდნენ კიდეც.

ეკატერინე II დროს ძალიან გავრცელებული ყოფილა არომატული თამბაქოს ყნოსვა. ისხდნენ ქალბატონები ბუდუარებში, თან ჭორაობდნენ და თან თამბაქოს ყნოსავდნენ . მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს რომ ისინი მხოლოდ მარცხენა ხელზე იყრიდნენ თამბაქოს და ისე სუნავდნენ, რადგან არ უნდოდათ რომ მარჯვენა ხელის საკოცნელად გაწვდის დროს მამაკაცებს მათ ხელზე მძაფრი სუნი ეგრძნოთ. ( კეკლუცობა ნამდვილად ეხერხებათ ქალებს, ვერაფერს იტყვი.)

სიგარეტი რომ არა, სექსუალური არ იქნებოდა?

უფრო მაშტაბურად თამბაქოს მოწევა ქალბატონებმა XX საუკუნის დასაწყისში დაიწყეს, რაც ფემინიზმის გაძლიერებამაც გამოიწვია. სიგარეტის მოწევა ერთგვარად საზოგადოებაში დამკვიდრებას ნიშნავდა. ამ დროს უკვე გამოდიოდა სპეციალურად ქალებისთვის შექმნილი სიგარეტები. რეკლამის საშუალებით ამბობდნენ: სიგარეტი წონის კლებას უწყობს ხელსო – ქალებსაც მეტი რა უნდოდათ.(?) შემდეგ ჰოლივუდის მიერ გადაღებულ ფილმებშიც გამოჩნდნენ ვარსკვლავი ქალბატონები სიგარეტით ხელში და პირში – მარლენ დიტრიხი, გრეტა გარბო… ფსიქოლოგების აზრით, ქალების უმრავლესობა იმიტომ იწყებს მოწევას რომ უფრო სექსუალურები და მიმზიდველები გამოჩნდნენ მამაკაცის თვალში. დაუდგენიათ, რომ თურმე ქალები ბევრად ნაკლებად ხდებიან ფიზიოლოგიურად ჟან ნიკოზე (ნიკოტინზე) დამოკიდებულნი, ვიდრე კაცები.

ახალგაზრდები და მოხუცი

ზოგს უხერხული სიტუაციიდან თავის დაღწევის ერთ-ერთ ხერხად მიაჩნია სიგარეტი. მაგალითად კაცი პირველად რომ შეხვდება ქალს პაემანზე და ჯერ რომ არ იცის ხელები სად წაიღოს, (ნუ, იცის მაგრამ ეგრევე არ შეიძლება) ამ დროს სიგარეტს ამოიღებს ჯიბიდან, მოუკიდებს ძვირფასი სანთებელათი და გააბოლებს, რგოლების გამოშვებაც თუ იცის მთლად უკეთესი. სტრესის და დეპრესიის დროსაც კარგია გაბოლებაო. კიდევ უსაქმურობის დროს.

ძნელად მოიძებნება ისეთი მწეველი ადამიანი, რომელსაც ერთხელ მაინც არ ჰქონდეს სიგარეტისთვის თავი დანებებული. მარკ ტვენი ამ მხრივ კიდევ უფრო შორს წავიდა, მისი თქმით სიგარეტისთვის თავის დანებება ძალიან ადვილია – ”მე უკვე ბევრჯერ მაქვს თამბაქოსთვის თავი დანებებული”. ასეთი ხუმარა იყო მწერალი, რეალურად კი ნიკოტინზე დამოკიდებულების დაძლევა რთული საქმეა.

მალაიზიელი ცოლ – ქმარი სტუმრად თავის ნათესავებს ეწვივნენ, სადაც მათ დაიჩივლეს რომ სიგარეტის მოწევას თავს ვერ ვანებებთო. მასპინძელმა თავაზიანად შესთავაზა ადგილობრივი ტრადიციის მიხედვით ეცადათ მავნე ჩვევისგან განთავისუფლება, კერძოდ კი რიტუალური ცემა შესთავაზეს. წყვილი დათანხმდა – მასპინძელი საქმეს შეუდგა. სამწუხაროდ ცემის რიტუალი ფატალურად დასრულდა. გადამეტებული მძლავრი დარტყმებისგან ქმარიც და მისი მეუღლეც დაიღუპნენ.

ერთმა გამწარებულმა მწეველმა, რომელიც სიგარეტისთვის თავის დანებებას ვერ ახერხებდა, თითი მოიჭრა. ამ შემთხვევაში მას გაუმართლა და ექიმებმა შეძლეს თითის თავის ადგილას მიკერება.

პ.ს. ბოლოს მწეველი ქალების მიმართ ერთი თხოვნა მექნება: ძალიან გთხოვთ, სიგარეტის ბოლი ცხვირის ნესტოებიდან არ გამოუშვათ რა.

მონოლოგი სატელეფონო ხულიგანთან

with 13 comments

სატელეფონო ხულიგანი

გასულ კვირას დიდი ოდენობით ჯგუფ “The Beatles” ვუსმინე, რამაც რამოდენიმე თვის უკან მეგობრისადმი მიწერილი წერილი გამახსენა. მაშინაც ბითლზის მუსიკის ფონზე გადიოდა დღეები. მუსიკა საშუალებას იძლევა ასოციაციებით ბევრი რამ წარმოვიდგინოთ. მაგალითად კლასიკური მუსიკის მოსმენისას თვალწინ წარმომიდგება ხოლმე ლამაზი მინდვრები, პეპლები, მოზუზუნე ფუტკრები… ძალიან არ მიყვარს ფუტკრის კბენა და ალბათ მაგის გამოა რომ კლასიკურ მუსიკას ნაკლებ დროს ვუთმობ, ვაიდა ფუტკარმა მიკბინოს?! ამიტომ ვუსმენ ბითლზს და ვფანტაზიორობ. ესეც ძველი წერილი მცირე შესწორებებით:

ახალგაზრდა ყმაწვილკაცი 15 კვადრატული მეტრის ფართობის ოთახში ზის თავის საყვარელ კომპიუტერთან და genius-ის ფირმის დინამიკებით “The Beatles”–ის სიმღერებს უსმენს. ამავდროულად იგი მარცხენა ხელისგულზე ლოყა დაყრდნობილი სტატიას კითხულობს ინტერნეტში: –“Саудовские женщины против мужчин-продавцов белья”. აი რას ამბობს 20 წლის სტუდენტი რანა ჯადი: “Девушки очень стесняются, когда покупают белье у продавцов-мужчин, дающих советы насчет размеров. Это просто ужасно, когда они говорят “я думаю, это тебе будет мало, а это – слишком велико”. Продавец смотрит на тебя оценивающим взглядом. Это ужасно неприлично…”

ამ დროს, სრულიად მოულოდნელად, ლურჯი ფერის ტელეფონი აზარუნდა… ალო, გისმენთ… დუმილი. რამოდენიმე წამში კავშირი წყდება. 2 წუთის შემდეგ კვლავ ისმის ტელეფონის ზარის ხმა, გისმენ, პასუხობს ბიჭი. (ბიჭს გიორგი ჰქვია) ისევ სიჩუმე… გიორგი გაბრაზდა, ტელეფონის ყურმილი მარჯვენა ხელიდან მარცხენა ხელში გადაიტანა და კბილებში გამოცრა – გ ი ს მ ე ნ. აშკარა იყო რომ კაბელის მეორე მხარეს გართობის ხასიეთზე მყოფი სატელეფონო ხულიგანი გოგონა იყო. გოგონა იმიტომ რომ მისი მკერდისმიერი სუნთქვის ხმა ბიჭმა კარგად გაარჩია. ბითლზიც გოგონებს უმღეროდა – “Girl”. გიორგის გაბრაზებამ მალევე გაუარა და ხუმრობის ხასიათზე მოვიდა, – ხოდა უსმინე, ბითლზმა პირადად შენ მოგიძღვნა ეს სიმღერა, მერე რა რომ იმ დროს დაბადებულიც არ იყავი – მიმართა უცნობს. რადგან გოგონა ხმას არ იღებდა ახალგაზრდამ მონოლოგი განაგრძო.

– რა გქვია? გინდა შენი სახელი გამოვიცნო? შენ არც მეტი, არც ნაკლები Michelle გერქმევა, როგორც ბითლზის ამ სიმღერას ”Michelle”… დინამიკებმა ხმას მოუმატეს.

– იცი რა პრობლემები აქვთ შენს არაბ თანატოლებს? მოგიყვე? – დუმილი თანხმობის ნიშანიაო და მანაც ყველაფერი დაწვრილებით უამბო გოგონას რაც იცოდა.

– ნამდვილად რევოლუციის დროა არაბეთში, ასე გაგრძელება აღარ შეიძლება. ბითლზმა გიორგის მხარი აუბა სიმღერით “Revolution”.

– ეხ გოგონი, გოგონი… შენ სულ არ გადარდებს არაბების ბედი. შენთვის მხოლოდ სიყვარულია მთავარი – “All You Need Is Love”

– რა უცნაური ვინმე ხარ! შენთან შედარებით, ხარუკი მურაკამის რომანის, “Norwegian Wood”– ის (ბითლზის სიმღერაც არის ასეთი, აი მოუსმინე) ერთ–ერთი გმირი ქალი ახლოსაც ვერ მოვა უცნაურობით. მას კი კინოთეატრში პორნოგრაფიული ფილმების ყურების დროს მაყურებლების ნერწყვის ყლაპვის ხმის მოსმენა უყვარდა. მომწონს ორიგინალური ქალები!

– მოიცა, იქნებ ქართული არ გესმის? მაშინ უცხო ენაზე დაგელაპარაკები, ისევ და ისევ ბითლზის დახმარებით… “Ob-La-Di, Ob-La-Da”

– ვაა, მაინც ვერაფერი ვერ გავაგებინე ამ გოგოს. მიშველეთ, “Help!”

ყველაფრის მიუხედავად დუმილი მაინც არ დაირღვა და ბოლო აკორდმაც არ დააყოვნა – “Hello, Goodbye” – მგონო ჯობდა თავიდანვე ამ სიმღერით დამეწყო საუბარი…

P.S. ამბავი იმდენად არარეალურია რომ თავისუფლად შეიძლებოდა მომხდარიყო. მასში გამოყენებული სახელები სინამდვილეს არ შეეფერება, ნებისმიერი დამთხვევა შემთხვევითია.

Written by ჯორჯ პაიკი

აგვისტო 24, 2009 at 11:22

ქალის ორი სისუსტე – ტვინი და ფეხსაცმელი

with 17 comments

წითელი ფეხსაცმელი

… არა, რას ბრძანებთ, ამ აზრს კატეგორიულად არ ვეთანხმები! რა სისულელეა! ძალიან გთხოვთ მეორედ აღარ თქვათ, სახის წინ წითელ ნაჭერს ნუ მიფრიალებთ.  უბრალოდ მინდოდა მყვირალა სიტყვებით დამეწყო და მაგიტომ გამოვიყენე ეგ ფრაზა სათაურად. ვის არ ქონია ისეთი მომენტი, როცა დაყვირება უნდა მასში დაგროვილი უარყოფითი ან დადებითი ემოციების გარეთ გამოსაშვებად, რომ შემდეგ თავი უფრო მსუბუქად იგრძნოს, ისე მსუბუქად თითქოს ზეცაში დაფრინავდეს. სულ ესაა… თქვენ კი რა იფიქრეთ, არ გრცხვენიათ?

პრინციპში მე სათაურის პირველ ნაწილს არ ვეთანხმები თორემ ფეხსაცმელი შეიძლება მართლა ქალის სისუსტეა, არ ვიცი. ის კი ვიცი რომ წითელი ფეხსაცმელი ქალის ფეხზე ძალიან მომწონს. წითელი ფეხსაცმელი მდედრობითი სქესის წარმომადგენლების მომხიბვლელობას, მიმზიდველობას და სექსუალურობას ერთი – ორად ზრდის. ამ დროს ქალი უფრო კეკლუცად გამოიყურება – გაბედულად და ავანტიურისტულად, თვალებში კი ეშმაკუნები უციმციმებთ.

დღეს “ბირჟაზე” ვიდექი. მარცხენა ფეხი მუხლის სახსარში მქონდა მოხრილი და ბეტონის ბორდიურს ვეყუდებოდი. ჩემ გარშემო  საკმაოდ ბევრი მზესუმზირის ნარჩენი ეყარა. ასეთ მდგომარეობაში ყოფნა მალევე მომბეზრდა. გადავწყვიტე ტვინის ორივე ნახევარსფერო უფრო აქტიურად გამომეყენებინა და რაიმე საინტერესოზე მეფიქრა. გადავწყვტილება მივიღე რომ ექსპრომტად ერთი პატარა ექსპერიმენტი ჩამეტარებინა. ჩემი მიზანი იყო გამვლელ გოგონებს და ქალბატონებს დავკვირვებოდი და დამეთვალა მათ შორის რამდენს ეცმებოდა წითელი ფეხსაცმელი. წარმოიდგინეთ… ვდგევარ ცალ ფეხზე, ხელში გასაღებს ვატრიალებ, შეძლებისდაგვარად ვიყენებ ტვინის ორივე ნაწილს და გამვლელებს ფეხებზე ვუყურებ. პირველად ორი ახალგაზრდა გოგონა გამოჩნდა, ერთმანეთს არ გავდნენ, ალბათ დაქალები იყვნენ, ერთს შავი, მეორეს კი მწვანე ფერის ფეხსაცმელი ეცვა. შემდეგ კვლავ ორმა, ამჯერად უკვე ბალზაკის ასაკის ქალბატონმა გამოიარა – არანაირი წითელი ფეხსაცმელი. მოკლედ, მიდიოდნენ და მოდიოდნენ. ცისფერი, ყავისფერი, ოქროსფერი… წითელი არა. უკვე ვფიქრობდი:  წითელქუდას გამოჩენის შანსი უფრო მეტია ვიდრე წითელფეხსაცმლიანი ქალის მეთქი, მაგრამ… რიგით ორმოცდამეორე ქალბატონი, უნებლიე მონაწილე ექსპერიმენტისა,  აღმოჩნდა ის ერთადერთი ქალი (როგორც მერე გაირკვა) რომლის მომხიბვლელობაც ერთი – ორად მომატებული გახლდათ. ვაშა ქალბატონებო და ბატონებო. ამის შემდეგ კიდევ სამმა ქალმა ჩაიარა მუქი ფერის ფეხსაცმლით და ექსპერიმენტი დასრულდა. ორმოცდახუთი მდედრიდან მხოლოდ ერთს ეცვა წითელი ფეხსაცმელი, ცოტაა ჩემი აზრით. საფეხბურთო მატჩის პირველი ორმოცდახუთი წუთისთვის რომ მეცქირა და მარტო ერთი გოლი მენახა კიდევ არაუშავს რა, მაგრამ მხოლოდ ერთი წითელი ფეხსაცმლის ნახვის შემდეგ დაუკმაყოფილებლობის გრძნობა დამრჩა. ყურები ჩამოვყარე, ფეხი ჩამოვწიე და სახლისკენ გავემართე უკეთესი მომავლის იმედით.

როგორც ცნობილია წითელი ფერი დიდ ზემოქმედებას ახდენს ადამიანზე. იგი მიჩნეულია როგორც აგრესიის (დიდი, წითელი საბჭოთა კავშირი) ასევე ვნების (ქალის თეთრეული) სიმბოლოდ. სიმბოლოდ ჯანმრთელობის და საფრთხის. ვის არ გაუხარია სკოლაში მიღებული წითელი ხუთიანით, ან ვინ არ დამწუხრებულა დიდი წითელი ორიანით. ზუსტად ასეთი საპირისპირო ემოციების  გამომხატველია წითელი ფერი. ოთახი სადაც კედლები წითლად არის შეღებილი უფრო თბილია ვიდრე სხვა შემთხვევაში. წითელი ფერი ძლიერ ფიზიოლოგიურ გავლენას ახდენს ადამიანის ორგანიზმზე. დიდი ხნით წითელი ფერის ყურება იწვევს პულსის აჩქარებას. ხარზე ზემოქმედების დეტალებზე არ შევჩერდები. თეთრი და შავი ფერების შემდეგ წითელი რიგით პირველია, რომლის ვერ შემჩნევაც თითქმის შეუძლებელია. სტატისტიკის თანახმად კაზინოებში წითელი ფერის უჯრებზე ყველაზე დიდი თანხა იდება.  ეს ფერი რისკის და აზარტის მოყვარულთა საყვარელი ფერია. ასევე უმრავლეს ონლაინ მაღაზიებში  შეძენის ღილაკები წითელია, რაც ხელს უწყობს გადაწყვეტილების სწრაფად მიღებას. წითელი ფერის მნიშვნელობა კარგად შენიშნეს ძველმა ეგვიპტელებმა, რომლებმაც კალენდარზე შაბათ – კვირის დღეების წითლად აღნიშვნის ტრადიცია დაამკვიდრეს. მოდაში კი ყველას კარგად მოგეხსენებათ წითელი ფერის ტრადიციებზე.

…  და მაინც, რატომ აცვიათ წითელი ფეხსაცმელი მხოლოდ ერთეულებს? ამ კითხვაზე პასუხი არ მაქვს. ბოლოს კი ისევე დავამთავრებ როგორც დავიწყე.

Written by ჯორჯ პაიკი

აგვისტო 8, 2009 at 18:52