e2-e4

დედოფლის ბედნიერებისთვის მებრძოლი პაიკის ბლოგი

Posts Tagged ‘ქოლგა

სიტყვებზე მეტი

with 10 comments

ყველაფერს სიტყვებით ვერ გადმოსცემ, სხვა დანარჩენისთვის კალიგრამი არსებობს.

დღეს, როგორც ყოველთვის, შენზე ვფიქრობდი, შენზე და ჩვენს მომავალზე. ყრუ – მუნჯების ქორწილში მიმავალი მუსიკოსის ფიქრები მომდიოდა თავში. მუსიკოსის, რომელსაც ვერ გაეგო თუ რა უნდა გაეკეთები ქორწილში, სადაც ქორწილის ყველა სტუმარი ყრუ –მუნჯი იქნებოდა – რა აზრი ექნებოდა მის მიერ შესრულებულ მუსიკას?! მერე, ბუნდოვან და გაურკვეველ მომავალზე ფიქრს შევეშვი და პიკასოს მოპარული ნახატზე ცნობების კითხვის წყალობით ჩემთვის სრულიად უცნობი მხატვარი აღმოვაჩინე, რომელიც ნახატებს საბეჭდი მანქანის საშუალებით ქმნიდა. ამაზე ცოტა მოგვიანებით.

ადამიანმა მრავალი ათასწლეულის წინ დაიწყო ინფორმაციის გრაფიკულად გადმოცემის გზების ძიება. პირველ მცდელობას კლდეებზე შესრულებული ნახატები წარმოადგენს. ასეთი პიქტოგრაფიული ნამუშევრების უძველესი ვარიანტები აღმოჩენილია დევანდელი ერაყის ტერიტორიაზე, ჩინეთში.

შემდეგ პიქტოგრამამ ევოლუცია განიცადა და გაჩნდა იდეოგრამა. იდეოგრამა არის გრაფიკული სიმბოლო და გამოხატავს მთელ სიტვას, საგანს, იდეას. დიდი ხნის მანძილზე პიქტოგრამა და იდეოგრამა ერთობლივად გამოიყენებოდა ინფორმაციის გადმოსაცემად. ამის კარგი მაგალითია მაიას ტომების გრაფიკული წერილები.

წლების განმავლობაში იდეოგრამამაც განიცადა ცვლილება და უფრო აბსტრაქტული ხასიათი მიიღო. უკვე მნიშვნელოვანი აღარ იყო საგანი და მისი განმომხატველი გრაფიკული სიმბოლო ვიზუალურად ერთმანეთის მსგავსი ყოფილიყო.

დაახლოებით ჩვ. წ. ა – მდე III – II ათასწლეულის მიჯნაზე დაიწყო გრაფიკული ნიშნების ბგერით გადმოცემა. ამავე პერიოდში შეიქმნა ანბანი, რომელის შექმნაც შუმერებს უკავშირდება.

ანბანის შექმნის მერე კი დაიწყო კალიგრაფიის (kali – ლამაზი, gramma – წერილობითი ნიშანი) გაუმჯობესება. იმის გამო, რომ საუკუნეების მანძილზე ადამიანს ხელით უხდებოდა დიდი მოცულობის ტექსტების გადაწერა, მისმა დონემ განვითარების მაღალ მწვერვალებს მიაღწია. სამაგიეროდ მე მაქვს საშინელი კალიგრაფია. მე–11 კლასშიც კი მასწავლებელმა “უ” და “ბ” ასო  გამომიწერა პირველკლასელივით, იმდენად საშინლად ვწერდი. (ღიმილი)

თუ რამე არ ავურიე ეს იყო დამწერლობის განვითარების მოკლე ისტორია. ყველაფერი კი იმიტომ დავწერე რომ კალიგრამის შესახებ გითხრა.

ტერმინი კალიგრამი პირველად ფრანგმა პოეტმა, გიიომ აპოლინერიმ იხმარა. იგი ორი სიტყვის შერწყმით წარმოიქმნა – კალიგრაფია და იდეოგრამა. (შენ უკვე იცი თუ რას ნიშნავს კალიგრაფია და იდეოგრამა. )

მართალია ტერმინი გვიან გაჩნდა, თუმცა ჩვ. წ. აღ – მდე III საუკუნეში უკვე იქმნებოდა კალიგრამის ნიმუშები. ის პოპულარული იყო ძველ საბერძნეთში, შუასაუკუნეების ევროპაში და მეტ – ნაკლებად ახლაც პოპულარული, მაგრამ არც ისე ცნობილი და გავრცელებულია.

საბეჭდი მანქანის გამოგონებამ კი ახალი შტრიხები შემატა გრაფიკულ პოეზიას. კალიგრამის სხვადასხვა სახეობა გაჩნდა. მხატვარმა, რომელზეც ზემოთ გითხარი, საერთოდ არ ხმარობდა ასოებს და მხოლოდ დეფისით, წერტილით და სხვა მსგავსი ნიშნებით ქმნიდა ნახატებს საბეჭდ მანქანაზე. ეს ინგლისელი მხატვარი არის  Dom Silvester Houedard.

მხატვრის სხვა ნამუშევრები შეგიძლია ნახო აქ. კიდევ უამრავი ადამიანის დასახელება შეძლება რომლებიც კალიგრამებს ქმნიდნენ და დღესაც ქმნიან, მაგრამ არ ჩამოვთვლი.

ტატიანა მანკოვას ნამუშევრები არის აქ.

ახლა ჩემ ნახლაფოთარ კალიგრამებს გაჩვენებ:

შენ რომ ქოლგა არ დაგრჩენოდა სახლში, ალბათ, ამ კალიგრამას ვერ შევქმნიდი.

ამას კი მხოლოდ ტოტალიზატორში მოთამაშე ადამიანი გაიგებს. ბილეთში მარტო ერთი თამაში რომ დარჩება “დასასმელი”, ის ერთი თამაშიც თავიდან სასურველი შედეგით რომ წავა, მაგრამ….

აქ კი ცოტა წავიპლაგიატე. ზუსტად ასეთი კონსტრუქციის კალიგრამი ვნახე სხვის მიერ შესრულებული, მე უბრალოდ სიტყვები შევცვალე. ის ნამდვილად ზუსტად გამოხატავს ჩვენს მდგომარეობას – თან ახლოს ვართ და თან ერთად არ ვართ. ხოდა თუ წავედით ზღვაზე, ვუცქიროთ მზის ჩასვლას, სველ სილაზე კალიგრამები ვხატოთ და კიდევ ის ვაკეთოთ რასაც ვერც სიტყვებით და ვერც კალიგრამით ვერ გადმოსცემს ადამიანი.

არავინ

Advertisements

ორნი ქოლგის ქვეშ

with 7 comments

კარგი რა ჰანა. ხომ გაგაფრთხილე, ორჯერ გაგიმეორე, ქოლგა როგორ დაგრჩა სახლში?! დაგავიწყდა დაგავიწყდა, კარგი, მაგრამ გაჩერებიდან სახლამდე 2 კილომეტრი ფეხით რომ არ გაგევლო არ შეგეძლო? ტაქსით მისულიყავი. ხოდა, ახლა სიცხეს რომ მოგცემს, დღეში სამი აბი რომანტიკა დალიე, თავთან  ქოლგა დაიდე და გიშველის.

ტყუილად გაქვს სამი ქოლგა. არადა ის შავ–თეთრ ზოლებიანი როგორ გიხდება! ადრე ქოლგის ხმარება მხოლოდ მმართველი ფენის წარმომადგენლებს შეეძლოთ. ასე იყი ძველ ეგვიპტეში, ჩინეთში, ინდოეთში. ინდოეთში ქვეყნის ხელმძღვანელს 13 ქოლგა ჰქონდა, როგორც ძალაუფლების სიმბოლო. 13 ქოლგა მზეს და 12 ზოდიაქოს ნიშანს განასახიერებდა.

შენ სულ სამი ქოლგა გაქვს მაგრამ მერე რა, მაინც ჩემი დედოფალი ხარ. მე თუ მკითხავ ერთიც საკმარისია – ორნი, ერთი ქოლგის ქვეშ.

სხვათაშორის საქართველოს ზოგიერთ კუთხეში ქოლგებს არ წყალობენ, კაცებს ვგულისხმობ. ერთხელ, ბიჭები ვსაუბრობდით და სიტყვა ქოლგაზე ჩამოვარდა, ერთმა ხაშურელმა თქვა: ჩვენთან კაცმა ქოლგით რომ გაიაროს ქუჩაში მაგრად დასცინებენო. მისი საუბრიდან ისე გამოვიდა რომ ქოლგით სიარული და დიდი “გრეხის” გაკეთება ერთიდაიგივეა.

ამის შემდეგ მეც დავაკვირდი მამაკაცის და ქოლგის ურთიერთდამოკიდებულებას და საინტერესო შედეგებამდე მივედი. დაკვირვების ობიექტი ერთ–ერთი რაიონის ცენტრალური ქუჩა იყო, რაიონს შეგნებულად არ ვასახელებ. მე ამ ყველაფერს ფანჯრიდან ვაკვირდებოდი და აი, რა მოხდა:

გაზაფხულის მზიანი ამინდი იდგა, ხეები გამწვანებული, მერცხლები მოფრენილები, ცაზე, მზის მიუხედავად ღრუბლებიც შეინიშნებოდნენ, ზოგიერთი ღრუბლის ნაგლეჯი ჯადოსნური ხალიჩასავით სწრაფად მოძრაობდა. ხალხიც მეტ–ნაკლებად გამოშლილიყო ქუჩაში, ქალი, კაცი, ბავშვი. მოულოდნელად ღრუბლები გახშირდნენ, მერცხლებმა მიწასთან ძალიან ახლოს დაიწყეს ფრენა და სულ ცოტა ხანში შხაპუნა წვიმაც წამოვიდა. წვიმის დაწყება და ქუჩის ხალხისგან დაცლა მომენტალურად მოხდა. წუთნახევარში ადამიანის ჭაჭანება აღარ იყო. სამი წუთის შემდეგ კი ნელ–ნელა გამოჩდნენ ფეხით მოსიარულეები ქოლგით ხელში. ერთი ქოლგა, მეორე, მესამე, შავი, ჭრელი, ლურჯი… მოკლედ ქოლგების მრავალფეროვნებას ვაკვირდებოდი და ამით ვერთობოდი. უცებ შევამჩნიე, ქუჩაში მხოლოდ ქალები დადიოდნენ! 20 წუთი წვიმდა და ამ დროს არც ერთ კაცს არ გაუვლია, არც უქოლგოთ და რასაკვირველია არც ქოლგით. არადა, წვიმის შეწყვეტასთან ერთად ისევ გამოჩნდნენ ქუჩაში კაცები, როგორც ტყეში სოკოები წვიმის შემდეგ.

შეიძლება ეს უბრალოდ სასწაული შემთხვევითობის ბრალია, მაგრამ რაღაც მეეჭვება. ხო, ქოლგა არც მე მაქვს, თუმცა ეგ არაფერს ნიშნავს. (ღიმილი)

ქოლგის ინგლისურ ენოვანი დასახელება მომწონს – umbrella. დააკვირდი როგორ ჟღერს, ქოლგაზე დაცემული წვიმის მსხვილი წვეთების ხმას მაგონებს – მბრელ, მბრელ.

კარგად. მომწერე როგორ იქნები. სხვა დროს კიდევ მოგიყვები ქოლგებზე, თუ ისევ დაგავიწყდება მისი წაღება.

არავინ

Written by ჯორჯ პაიკი

მაისი 11, 2010 at 14:52