e2-e4

დედოფლის ბედნიერებისთვის მებრძოლი პაიკის ბლოგი

Posts Tagged ‘ყვავილი

დედოფლის გუშაგი

with 16 comments

ჩატურანგა გამიგია, ჭადრაკიც გამიგია, მაგრამ ეს ოთხი ჯენლტმენი რა თამაშს თამაშობს ვერ გავიგე. ყველას სათითაოდ აუღია დედოფალი და ჩაფიქრებულან. ნახატს ”თამაშის თეორია” ჰქვია, როგორც ჩანს რაღაც ახალი გამოიგონეს. ეს ხუმრობით, მაგრამ ჭადრაკის ისტორიაში ნამდვილად არსებობს ერთი საინტერესო პარტია, სადაც ერთ-ერთი მოჭადრაკე, დედოფლის სანაცვლოდ ზედმეტ ცხრა პაიკს განალაგებს დაფაზე და ისე იწყებენ თამაშს. აინტერესებდათ ერთი დედოფალი უფრო ძლიერი იყო თუ ცხრა პაიკი. ეს პარტია შორეულ 1846 წელს გათამაშდა. აი, საწყისი პოზიცია ასე გამოიყურება:

ხო, მართლა. სანამ მოჭადრაკეები ჭადრაკის დაფას მიუსხდებოდნენ, მანამდე მათ ცალ-ცალკე წაივარჯიშეს. აბა როგორ. ზოგს ჰგონია, რომ ჭადრაკის თამაშს მარტო დიდი ტვინი სჭირდება და მეტი არაფერი, თუმცა არც ეგრეა საქმე. ამ გენიალური თამაშის გროსმასტერულ დონეზე სათამაშოდ, გარდა ჭკუისა, აუცილებელია როგორც ფიზიკური, ასევე ფსიქიკური სიძლიერე, მაქსიმალური კონცეტრაცია და ა.შ. დანიელი მხატვარი-კარიკატურისტის, ბიდსტრუპ ჰერლუფის (Bidstrup Herluf) ნახატი ასახავს წინასამატჩო მზადებას.

მოკლედ, დაიწყო ჭადრაკის თამაში. პირველ სვლას მეორე მოჰყვა, მეორეს მესამე… საბოლოოდ, თეთრები საკმაოდ სწრაფად დამარცხდნენ. ერთი დედოფალი უფრო ძლიერი ფიგურა აღმოჩნდა ვიდრე ცხრა პაიკი. მართალია იმ დროს, როცა ეს პარტია გათამაშდა, მოჭადრაკეები პაიკებს არ წყალობდნენ და მათი გამოყენებაც არ იცოდნენ კარგად, მაგრამ ფაქტი ფაქტად დარჩა. ოცდამეთორმეტე სვლის შემდეგ დაფაზე ასეთი პოზიცია შეიქმნა:

აქ თეთრები უკვე ვეღარ ახერხებენ შავების ეტლი h1 სვლის შეჩერებას, რის გამოც შამათი გარდაუვალია.

ახლა ჭადრაკს შევეშვათ და ნამდვილი დედოფლის შესახებ გეტყვით ორიოდე სიტყვას. ოტო ფონ ბისმარკი თავის მემუარებში ”ფიქრები და მოგონებები”,  მისი პეტერბურგში ყოფნის დროს გაგონილ ისტორიაზე წერს. ერთხელაც, რუსი იმპერატორი სასახლის გარეთ სეირნობდა სუფთა ჰაერზე, ამ დროს მან პატარა მდელოზე გუშაგი შენიშნა. იმ ადგილას გუშაგის ყოფნა გაუგებარი იყო რადგან იქ არაფერი იყო დასაცავი. იმპერატორი დაინტერესდა თუ რატომ იდგა  ჯარისკაცი უაზროდ – ”ასეა ნაბრძანები” – იყო პასუხი, კონკრეტული მიზეზი კი არავინ იცოდა. ეს ფაქტი სასახლეში საჭირბოროტო თემად იქცა, მაგრამ ვერაფერს ვერ არკვევდნენ. ბოლოს პენსიაში გასული მოხუცი ლაქიისგან შეიტყვეს სიმართლე. მუხუცს თავისი მამისგან ჰქონია გაგონილი რომ თურმე დედოფალი ეკატერინე II, ადრიანი გაზაფხულის ჟამს სასახლის გარეთ სეირნობის დროს ერთი პატარა ყვავილი დაუნახავს, რომელიც ჩვეულებრივთან შედარებით საკმაოდ ადრე ამოსულიყო და უბრძანებია ყვავილისთვის თვალი ედევნებინათ, რომ ის ვინმეს არ მოეწყვიტა. რათქმაუნდა დედოფლის ბრძანება შეასრულეს და ყვავილს დარაჯი დაუყენეს. მას მერე მრავალი წელი გავიდა, გუშაგები კი ერთმანეთის მონაცვლეობით ისევ იმ პატარა მდელოზე იდგნენ დღისითაც და ღამითაც, მზეშიც და თოვლშიც, წელიწადის ყველა დროს. ასე იყო ნაბრძანები.

ღამის სამი საათია და ყველაფერი რიგზეა… ზოგს კიდევ ეგონა რომ ცხრა პაიკი აჯობებდა დედოფალს.

Advertisements