e2-e4

დედოფლის ბედნიერებისთვის მებრძოლი პაიკის ბლოგი

Posts Tagged ‘ჩოგბურთი

1+1=1

with 13 comments

კადრი ფილმიდან "ფოტოგადიდება"

ხელში უმაღლესი მათემატიკის ძველი სახელმძღვანელო მიჭირავს – “მათემატიკური ანალიზის კურსი”, ვფურცლავ წიგნს რომელშიც ყველა გვერდი ციფრებითაა სავსე. ციფრები, ციფრები, ინტეგრალები, ფორმულები… არადა რამდენიც გინდა მიუმატე, გამოაკელი, გაამრავლე… ბოლოს მაინც ერთ პასუხამდე მივდივართ: 1+1=1.

XI კლასში ვიყავი როცა ერთი მეტად საინტერესო ფაქტი მოხდა, მას შემდეგ სულ ვიცინოდით ხოლმე კლასელები მომხდარის გამო. მასწავლებელი საკლასო ოთახში შემოვიდა, გაკვეთილი დაიწყო, ამ დროს ჩვენი ორი კლასელი სკოლის სპორტულ მოედანზე კალათბურთს თამაშობდა და იმდენად იყვნენ გართულები რომ სანამ მასწავლებელმა ფანჯრიდან არ დაუძახა სასწრაფოდ ამოდით კლასშიო – მანამდე აზრზე ვერ მოვიდნენ. ერთი შეხედვით ჩვეულებრივი ამბავია, მაგრამ საქმე იმაშია რომ ბიჭები კალათბურთს, ბურთის გარეშე თამაშობდნენ. მათ განკარგულებაში მხოლოდ კალათბურთის ფარი და წარმოსახვით–აბსტრაქტული ბურთი იყო. მე ფანჯარასთან ვიჯექი და ყველაფერს კარგად ვხედავდი. ისე ოსტატურად თამაშობდნენ… ხან ერთი ჩააგდებდა სამქულიანს, ხან მეორე, ფარიდან ასხლეტილ ბურთ ხნიდნენ, ფეხებშუა იტარებდნენ, საოცარი ბურთის ტარება, დიდოსტატური თამაში ფარქვეშ, მოკლედ ყველაფერი რაც NBA – ის მატჩების დროს შიძლება იხილო, ოღონდ ბოტასების იატაკზე შეხების გამო გამოცემული ჭრაჭუნის ხმა არ ისმოდა, სამაგიეროდ თავად ყვიროდნენ ხმამაღლა: ჩავარდა, არა, არ ჩავარდნილაო. მასწავლებელს კალათბურთი რომ ყვარებოდა ნამდვილად არ შეაწყვეტინებდა თამაშს და მეც უფრო დიდხანს ვისიამოვნებდი ლამაზი სანახაობის ცქერით. გაგვეღიმა? ვაგრძელებ.

მიქელანჯელო ანტონიონმა, 1966 წელს გადაიღო მისთვის პირველი ინგლისურენოვანი ფილმი სახელწოდებით “ფოტოგადიდება” (Blow-up) ფილმის მთავარი გმირი ფოტოგრაფია, რომელმაც სახელი მოდელების გადაღებით გაითქვა. ერთ დღეს იგი პარკში შეყვარებულ წყვილს გადაუღებს სურათებს. ფოტოების გამჟღავნების და მათი გადიდების შემდეგ ირკვევა რომ პარკში მკვლელობაა მომხდარი. სიუჟეტის დაწვრილებით მოყოლით თავს არ შეგაწყენთ, მხოლოდ ფილმის ბოლო სცენაზე გავამახვილებ ყურადღებას. ბოლო ეპიზოდში პანტონიმის თეატრის მსახიობების ჯგუფი საჩოგბურთო კორტთან იკრიბებიან, ორი მათგანი ჩოგბურთის თამაშს იწყებს, დანარჩენები კი ყურადღებით აკვირდებიან კორტზე განვითარებულ მოვლენებს – გააყოლებენ ბურთს თვალს, გამოაყოლებენ. ისევე როგორც სკოლის ეზოში, აქაც, თამაში ჩოგნების და ბურთის გარეშე მიდის. ჩვენი ფოტოგრაფი შემთხვევით შეესწრო ამ სანახაობას და თავიდან ცოტა გაკვირვებით უყურებდა იმას რაც ხდებოდა, მაგრამ ჩოგბურთელებს ბურთი კორტს მიღმა გადაუვარდებათ, ისინი კი სწორედ მას სთხოვენ ბურთის მოტანას, ისიც ერთვება წარმოსახვით თამაშში, ბურთის მოსატანად გარბის, იღებს მას ხელში და მოთამაშეებს გადაუგდებს. ამ დროს კინოოპერატორის კამერა მაღლა იწევს, ფოტოგრაფი კადრიდან ქრება და ეკრანზე მხოლოდ მწვანე მდელოღა ჩანს.

კინომცოდნეები ეპიზოდს განიხილავენ როგორც ჩვენს მიერ რეალობის თავისებურ აღქმას და მასთან დამოკიდებულებას. ერთი შეხედვით არარეალური რამ შეიძლება რომ რეალური იყოს. პარკში გადაღებულ სურათებზე თავდაპირველად არანაირი მკვლელობის კვალი არ ჩანდა, მაგრამ ფოტოების გადიდებით და მასზე სხვა კუთხიდან დაკვირვების შედეგად რეალობა სულ სხვა აღმოჩნდა.

კიდევ ერთი გადახვევა. 1943 წელს გამოიცა ჰერმან ჰესეს რომანი “ბისერებით თამაში”. წიგნში ფანტასტიკური ამბავია აღწერილი. გამოგონილ პროვინციაში არსებობს სკოლა, სადაც განსაკუთრებულად ასწავლიან ბავშვებს, წარმატებულები კი ინტელექტუალთა ორდენს უერთდებიან. ორდენის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს ბისერებით თამაში. წიგნში დაწვრილებით არ არის განმარტებული თამაშის წესები, მაგრამ როგორც ვარაუდობენ “ბისერებით თამაშის” არსი შემდეგშია: თამაშის საშუალებით ხდება ყველა კულტურის და მეცნიერების აბსტრაქტული სინთეზი, რომლის მიზანიცაა ნაპოვნი იქნეს ღრმა კავშირი საგნებს შორის, რომელთა ერთმანეთთან დაკავშირებაც თითქოს შეუძლებელია. მაგალითად ძლიერ მაგისტრს შეუძლია მუსიკალური ნაწარმოების მათემატიკური ფორმულებით გამოსახვა. “კარგ პარტიად” ითვლება ისეთი ჩატარებული თამაში, სადაც მაღალ დონეზე ხდება საგნების, ან ფაქტების ერთმანეთთან დაკავშირება, რასაც ძალიან დიდი ცოდნა სჭირდება.

ჩემი აზრით, “ბისერებით თამაშის” კარგი პარტიის მაგალითია სიყვარულის ციფრებით გამოხატვა, 1+1=1

ასე რომ ფაქტებზე გამადიდებელი შუშით დაკვირვება, მათი ერთმანეთთან დაკავშირება და არარეალურ თამაშში ჩართვა მშვენიერი იდეაა… მე მომწონს. ბოლოს და ბოლოს ვინ იცის რა არის რეალობა და რა არა. 1+1=1, ესეც არარეალურად გამოიყურება, მაგრამ მაინც რეალობაა. ცხოვრება თამაშია, რომელშიც უნდა ჩაერთო.

მგონია რომ მთავარი თამაში არის 1+1=1.

ჩემი კლასელები გენიოსები ყოფილან, მასწავლებლებს კი მათთვის სამიანის დაწერაც არ უნდოდათ.

ჯორჯ პაიკის გერბი