e2-e4

დედოფლის ბედნიერებისთვის მებრძოლი პაიკის ბლოგი

Posts Tagged ‘ხაშური

ორნი ქოლგის ქვეშ

with 7 comments

კარგი რა ჰანა. ხომ გაგაფრთხილე, ორჯერ გაგიმეორე, ქოლგა როგორ დაგრჩა სახლში?! დაგავიწყდა დაგავიწყდა, კარგი, მაგრამ გაჩერებიდან სახლამდე 2 კილომეტრი ფეხით რომ არ გაგევლო არ შეგეძლო? ტაქსით მისულიყავი. ხოდა, ახლა სიცხეს რომ მოგცემს, დღეში სამი აბი რომანტიკა დალიე, თავთან  ქოლგა დაიდე და გიშველის.

ტყუილად გაქვს სამი ქოლგა. არადა ის შავ–თეთრ ზოლებიანი როგორ გიხდება! ადრე ქოლგის ხმარება მხოლოდ მმართველი ფენის წარმომადგენლებს შეეძლოთ. ასე იყი ძველ ეგვიპტეში, ჩინეთში, ინდოეთში. ინდოეთში ქვეყნის ხელმძღვანელს 13 ქოლგა ჰქონდა, როგორც ძალაუფლების სიმბოლო. 13 ქოლგა მზეს და 12 ზოდიაქოს ნიშანს განასახიერებდა.

შენ სულ სამი ქოლგა გაქვს მაგრამ მერე რა, მაინც ჩემი დედოფალი ხარ. მე თუ მკითხავ ერთიც საკმარისია – ორნი, ერთი ქოლგის ქვეშ.

სხვათაშორის საქართველოს ზოგიერთ კუთხეში ქოლგებს არ წყალობენ, კაცებს ვგულისხმობ. ერთხელ, ბიჭები ვსაუბრობდით და სიტყვა ქოლგაზე ჩამოვარდა, ერთმა ხაშურელმა თქვა: ჩვენთან კაცმა ქოლგით რომ გაიაროს ქუჩაში მაგრად დასცინებენო. მისი საუბრიდან ისე გამოვიდა რომ ქოლგით სიარული და დიდი “გრეხის” გაკეთება ერთიდაიგივეა.

ამის შემდეგ მეც დავაკვირდი მამაკაცის და ქოლგის ურთიერთდამოკიდებულებას და საინტერესო შედეგებამდე მივედი. დაკვირვების ობიექტი ერთ–ერთი რაიონის ცენტრალური ქუჩა იყო, რაიონს შეგნებულად არ ვასახელებ. მე ამ ყველაფერს ფანჯრიდან ვაკვირდებოდი და აი, რა მოხდა:

გაზაფხულის მზიანი ამინდი იდგა, ხეები გამწვანებული, მერცხლები მოფრენილები, ცაზე, მზის მიუხედავად ღრუბლებიც შეინიშნებოდნენ, ზოგიერთი ღრუბლის ნაგლეჯი ჯადოსნური ხალიჩასავით სწრაფად მოძრაობდა. ხალხიც მეტ–ნაკლებად გამოშლილიყო ქუჩაში, ქალი, კაცი, ბავშვი. მოულოდნელად ღრუბლები გახშირდნენ, მერცხლებმა მიწასთან ძალიან ახლოს დაიწყეს ფრენა და სულ ცოტა ხანში შხაპუნა წვიმაც წამოვიდა. წვიმის დაწყება და ქუჩის ხალხისგან დაცლა მომენტალურად მოხდა. წუთნახევარში ადამიანის ჭაჭანება აღარ იყო. სამი წუთის შემდეგ კი ნელ–ნელა გამოჩდნენ ფეხით მოსიარულეები ქოლგით ხელში. ერთი ქოლგა, მეორე, მესამე, შავი, ჭრელი, ლურჯი… მოკლედ ქოლგების მრავალფეროვნებას ვაკვირდებოდი და ამით ვერთობოდი. უცებ შევამჩნიე, ქუჩაში მხოლოდ ქალები დადიოდნენ! 20 წუთი წვიმდა და ამ დროს არც ერთ კაცს არ გაუვლია, არც უქოლგოთ და რასაკვირველია არც ქოლგით. არადა, წვიმის შეწყვეტასთან ერთად ისევ გამოჩნდნენ ქუჩაში კაცები, როგორც ტყეში სოკოები წვიმის შემდეგ.

შეიძლება ეს უბრალოდ სასწაული შემთხვევითობის ბრალია, მაგრამ რაღაც მეეჭვება. ხო, ქოლგა არც მე მაქვს, თუმცა ეგ არაფერს ნიშნავს. (ღიმილი)

ქოლგის ინგლისურ ენოვანი დასახელება მომწონს – umbrella. დააკვირდი როგორ ჟღერს, ქოლგაზე დაცემული წვიმის მსხვილი წვეთების ხმას მაგონებს – მბრელ, მბრელ.

კარგად. მომწერე როგორ იქნები. სხვა დროს კიდევ მოგიყვები ქოლგებზე, თუ ისევ დაგავიწყდება მისი წაღება.

არავინ

Written by ჯორჯ პაიკი

მაისი 11, 2010 at 14:52