e2-e4

დედოფლის ბედნიერებისთვის მებრძოლი პაიკის ბლოგი

Posts Tagged ‘ჰერმან ჰესე

ჭეშმარიტებით სავსე

ღვინოშია ჭეშმარიტებაო – ამბობენ. რატომაც არა, ღვინო მაგარი რამ არის! კარგად იცით, საახალწლოდ ადამიანების უმრავლესობა განსაკუთრებით დაეძებს ხოლმე ჭეშმარიტებას. ჭიქებით, ფიალებით, ყანწებით – ჭეშმარიტებისკენ სავალი გზა ძალიან ფართოა და გრძელი. პირადად მე არ მიყვარს სახალხო მსვლელობები და მაშინ როცა ყველა ზეიმობს, როგორც წესი ვითგრუნები. არც ყანწებით და ფართო გზებით მიყვარს სიარული, მცირე დოზით და ვიწრო ბილიკებით მირჩევნია გადაადგილება. აი, ახლაც სასიამოვნო ვიწრო ბილიკს მივუყვები და ვარ.

ამ დღეებში, ჰერმან ჰესეს “ზიტჰარტა” წავიკითხე. წიგნი ძიებაზეა. სიცოცხლის არსის, საკუთარი “მე”–ს ძიებაზე, სრულყოფილების მიღწევაზე. ვაღიარებ, საკუთარ “მე”–ზე უკეთ, გუგლში სასურველი ფაილების “სერჩვა” უფრო მიადვილდება, ამიტომ წიგნისგან შთაგონებულმა გადავწყვიტე ერთხელ კიდევ მომეძებნა “მე”, ამჯერად გუგლში. გუგლი იმიტომ შევარჩიე რომ ის საუკეთესოა. (გუგლზე გამახსენდა: ერთი კითხულობდა, რომელია ყველაზე საუკეთესო საძიებო სისტემაო – დაგუგლე და გაიგებო, იყო პასუხი.)

პირველად ქართულად ვცადე, აი, შედეგიც:

ვიკიპედია, მანდ არ შევედი თორემ პოვნის რა გითხრათ და ნამდვილად კი დავიკარგებოდი. შემდეგ ძირითადად ქართული ბლოგებია, რომლებსაც ისედაც ვადევნებ თვალს და ყველა თავისებურად კარგია, თუმცა “მე” ვერც იქ ვიპოვე. მერე რუსულად და ინგლისურადაც ვეძებე, მაგრამ ამჯერადაც უშედეგოდ. ამდენი “სერჩვისგან” დავიღალე და შევეშვი.

არადა ჰესე გვეუბნება თავის წიგნში, რომ მიზნისკენ ისე უნდა ისწრაფვოდე, როგორც წყალში ჩავარდნილი კენჭი მიექანება ფსკერისკენ – პირდაპირ, მიზანმიმართულად და შეუჩერებლად. ჩემი საქციელი კი გამოუცდელ მოთხილამურეს მაგონებს მთის მწვერვალიდან თხილამურებზე შემდგარი ქვევით ნელი სრიალით, სლალომ–სლალომ რომ ეშვება.

ჰესე იმასაც ამბობს: ადამიანი ხშირად ხიდან მოწყვეტილ ფოთოლს ჰგავს, ქარის დაბერილზე ჰაერში რომ ფარფატებს და მიწაზე ეცემა, ზოგი კი ვარსკვლავივითა, მას ვერანაირი ქარი ვერ შეუცვლის მიმართულებას და თავის არჩეულ გზას მიჰყვება.

წიგნი იგავის სტილშია დაწერილი და ერთგვარად ჭკუის დამრიგებლური პათოსი გაჰკრავ. ალბათ, ათი წლის წინ რომ წამეკითხა უფრო მომეწონებოდა, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში ღირს მისი წაკითხვა. თუნდაც იმიტომ რომ გამეგო, ცოდნის გადაცემა შეიძლება – სიბრძნის არა. (სიბრძნე მაინც სულ სხვაა.) ხო, წიგნში სხვებთან ერთად ერთი პერსონაჟიცაა, ქალი, რომელმაც 42 სასიყვარულო თამაში იცოდა.

გრადუსმა ძალა დაკარგა, მე მოვრჩი.

პ.ს. ფანჯრიდან ხმა მესმის, ვიხედები და რვიანების ხაზვით (არ ვაჭარბებ) მიმავალ კაცს ვხედავ. მიდის, როგორც ზიტჰარტა დადიოდა ჭეშმარიტების საძიებლად, თუმცა ის უკვე სავსეა ჭეშმარიტებით.

Written by ჯორჯ პაიკი

იანვარი 3, 2011 at 17:20

კაკუნი ბლოგზე

with 15 comments

რამოდენიმე დღის წინ უცნობი პიროვნება დამიკავშირდა და ჩემს ბლოგზე წერილების გამოქვეყნება მომთხოვა. როგორც მიმოწერით გაირკვა, მას თავად უნდოდა საკუთარი ბლოგის შექმნა, უკვე დაწერილიც ჰქონდა პირველი პოსტი, მაგრამ გაურკვეველი მიზეზების გამო გადაიფიქრა. უცნაურია ნამდვილად. იძულებული ვარ დავემორჩილო მის მოთხოვნას და დავუთმო ჩემი ბლოგი ადამიანს, რომელიც გამეცნო როგორც “არავინ”.
.
აი რას გვიყვება ის თავის შესახებ:
ვინ ვარ მე? მე ვარ არავინ. ვარ, 22–დან 30 წლამდე ასაკის მაიმახი. სიმაღლე 179 სმ. თუ ცუდ ხასიათზე ვარ 176 სმ. კარგ ხასიათზე ყოფნისას კი 180 სმ. ვაღწევ. წონა: ზამთარში, ზაფხულთან შედარებით 2 კილოგრამით მეტი. თმები შავ–თეთრი. სიყვარული ვერტიკალურია და მბრუნავი, ჩემი წარბები კი ჰორიზონტალურად მორკალულები და ერთმანეთის მიმართულებით მოძრავნი. ყურებს აქვთ უნარი მოსმენილი ინფორმაცია ერთი ყურიდან შეუშვან და მეორედან გაუშვან. ( ფუნქცია ხშირად გათიშულია) თვალებს არ მოსწონთ ბევრი რამ რასაც ხედავენ. ცხვირი ქალის სურნელზე უფრო დიდად ბერავს ნესტოებს. ენა მოკლე. გემოვნება პრეტენზიული, არ უყვარს ამჟავებული ხელოვნება. უყვარს ლიტერატურა, კინო, მუსიკა… სხვებიც უყვარს, მთავარია მაღალი ხარისხის იყოს. (გემოვნება სნობურობისკენ მიიწევს.) მგრძნობელობა ნორმალური. ქოლგით ჩხვლეტასაც ვგრძნობ, ცივ შხაპსაც და კისერზე მცოცავ ჭიანჭველასაც.
.
ყურადღება მიაქციეთ ხოლმე, თუ პოსტის ბოლოს წერია არავინ, ესე იგი ეს მისი ნახელავია. აქვე ხაზგასმით მინდა ავღნიშნო რომ ამ უცნობთან არანაირი კავშირი არ მაქვს, თვალითაც არ მინახავს არასდროს. ესეც მისი პირველი პოსტი:
.
ფორმულა 1–ის ბოლიდები გამოვიდნენ ტრასაზე. პილოტები გასახურებელ წრეზე იწყებენ მოძრაობას. ყველაფერი მზადაა რბოლის დასაწყებად. ყურადღება! მოემზადეთ! სტარტი!
.
ბოლიდებმა დაიწყეს ტრასის გარშემო სრბოლა, დედამიწა უკვე დიდი ხანია რაც თავისი ღერძის გარშემო ტრიალებ, ისღა დამრჩენია მეც შევუერთდე მათ – ბლოგრბოლით.
.
ჰერმან ჰესეს ძალიან უყვარდა წერილების წერა. მისი ცხოვრებაში იყვნენ ადამიანები, ვისთანაც მწერალს ათეული წლების განმავლობაში ჰქონდა მიმოწერა. იგი ასევე ბევრ კრიტიკულ და პუბლიცისტურ წერილს ქმნიდა. ჰესეს შემოქმედება ვერ იქნებოდა სრულყოფილი ყოველივე ამის გარეშე.
.
წერილების წერა მეც მიყვარს – ეს მაკავშირებს მასთან. სხვა მხრივ არაფერი. მაგრამ წერის დასაწყებად ვერ დაველოდები თუ როდის გავხდები ჰერმან ჰესი, ამჯერად წერის სურვილით დავკმაყოფილდები.
.
მოგეხსენებათ, წერილს ადრესატიც სჭირდება, რომელიც მე არ მყავს, ამიტომ წერილებს ჩემს მიერვე გამოგონილ ადამიანებს მივწერ. ეს შეიძლება იყოს ვითომ შეყვარებული, ვითომ საყვარელი, ვითომ მეგობარი და ა.შ. ცნობილ ადამიანებსაც შევეხმიანები, მკვდრებსაც და ცოცხლებსაც. (უფრო მკვდრებს) გარდა ამისა მოგიყვებით დაუჯერებელ და ფანტასტიკურ ამბებს, ეროტიკულ სიზმრებს. ასევე ვეცდები ბლოგზე იყოს იუმორი, (ისეთი, სახეზე მუდამ ფილოსოფიური ღიმილი რომ დაგთამაშებდეთ) ფარსი, ცინიზმი, კრიტიკა, სურათები, უცნაურობები, ტრაგიკომედია, ვიდეოები, მუსიკა, კინო, ლიტერატურა, ქვეცნობიერის ლაყაფი, ერთი და იგივე თემებზე ჩაციკვლა, ასევე დანაპირების არშესრულება. მოკლედ, ყველაფერი ის, რასაც გონება დაფქვავს ქარის წისქვილში.
.
არ დაგავიწყდეთ, მე ვარ არავინ და ჩემ სიტყვებზე პასუხს ვერ მომთხოვთ! რომც გაგლანძღოთ მაინც. ჩემგან სრულიად შესაძლებელია თავში ელვისებურად რაღაც აზრმა გამიელვოს და მაშინვე აქ დავახეთქო, არადა სერიოზულად დაფიქრების შემთხვევაში, მაგალითად ცხრამეტნაოჭიანი ხინკლის ჭამისას ოცდაორჯერ შევიცვალო მისადმი ჩემი დამოკიდებულება.
.
მგონი ყველაფერი ვთქვი რისი თქმაც მინდოდა ამ ეტაპზე. თუმცა კიდევ ერთი… ჰერმან ჰესესთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო გზის მოძებნა, გზის, რომელიც მას, “მის შიგნით” შეიყვანდა და თავის თავს აპოვნინებდა. იგი ფიქრობდა რომ ადამიანს აუცილებლად უნდა ჩაეხედა საკუთარი თავის სიღრმებში და მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებდა ინდივიდუალისტად, პიროვნებად ჩამოყალიბებას. ამასთან ერთად ჰესე მხოლოდ ამით არ შემოიფარგლებოდა. “საკუთარ თავთან მისვლა” მისთვის ასევე ნიშნავდა ადგილის მოძებნას სამყაროში, ადამიანად ყოფნის დიადი ხელოვნება შეესწავლა და ეცხოვრა სხვა ადამიანებთან ერთად ისე, რომ საკუთარი ცხოვრების არსს და მის ინდივიდუალურობას საფრთხე არ დამუქრებოდა.

არავინ

Written by ჯორჯ პაიკი

მაისი 5, 2010 at 13:32

კლავიატურა, თითები და ფიქრები

with 15 comments

რამოდენიმე თვეა რაც ხელში კლავიატურა ავიღე და წერა დავიწყე, უფრო ზუსტად შვიდი თვე. ამ შვიდი თვის მანძილზე, კლავიატურაზე ასოების ასაკრეფად მხოლოდ რამოდენიმე თითს ვხმარობ. ესენია: მარჯვენა ხელის საჩვენებელი და იშვიათად ცერა და შუათითი, მარცხენა ხელზეც დაახლოებით მსგავსი სიტუაციაა, იმ განსხვავებით რომ აქ უფრო ხშირად ვხმარობ ზემოთ ჩამოთვლილ სამივე თითს. ასო ”თ” -ს აკრეფამ ხომ გააჭირა საქმე, რომ არ შემეშალოს და ”ტ” არ ავკრიფო არ შეიძლება, როცა ”ტ” მინდა კი მაშინ ”თ”-ს ვწერ, და საერთოდაც მეჩვენება თითქოს ”თ” უფრო ხშირად მჭირდება, ვიდრე ”ტ”. ასეა თუ ისე, აბაზანაში ჩაგუბებულ წყალში ზანტად მოლივლივე ხომალდივით ნელ-ნელა წინ მივიწევ და ვინ იცის იქნებ მომავალში ათივე თითი ჩავრთო საქმეში.

ვინც ვიდეო ნახეთ და კარგად ვერ გაიგეთ რა ხდებოდა – მოგახსენებთ. ეს არაორდინალური კვარტეტი, მუსიკას, მუსიკალური ინსტრუმენტების გარეშე უკრავს. მუსიკოსების თავზე მიმაგრებული ენცეფალოგრამა შეერთებულია სპეციალურ აპარატთან, რომელიც თავის მხრივ სინთეზატორთან არის დაკავშირებული და მუსიკოსები ფიქრით ახმიანებენ ბგერებს.

აპარატის შეერთება ასევე შესაძლებელია კომპიუტერთან და შემდეგ თითების გარეშე ასოების აკრეფა ფიქრის საშუალებით. საკმარისია თავზე ენცეფალოგრამა მოირგო, ხელსაწყო კომპიუტერთან შეაერთო, სპეციალური პროგრამით მონიტორზე გამოჩენილ კლავიატურაზე მოციმციმე ასოებზე მოახდინო კონცეტრაცია, ფიქრითვე ”დააჭირო თითი” კლავიშს და ეკრანზე მაშინვე გამოჩნდება სასურველი ასო, სიტყვა, წინადადება. თუმცა ჯერ ტექნოლოგია დასახვეწია, რის გამოც ვარჯიშის გარეშე ასოების აკრეფა საკმაოდ ძნელი და დამღლელი პროცესია. გავარჯიშებულ ადამიანს კი შეუძლია იგივე სისწრაფით აკრიფოს ტექსტი, რა დროშიც ორი თითით მბეჭდავი აკრეფს, დაახლოებით 0.8 წამში ერთი სიმბოლო. მაგრამ Guger Technologies-ის (სწორედ ამ კომპანიის ქმნილებაა ახალი ტექნოლოგია) ხელმძღვანელები გვპირდებიან რომ ხელსაწყოს გააუმჯობესებენ.

ახალი გამოგონება, რომელიც უკვე იყიდება და 10 000 € ღირს, ძირითადად უნარშეზღუდულ ადამიანებს დაეხმარებათ. თუმცა კომპანია მომავალში ტექნოლოგიის უფრო ფართოდ გავრცელებას გეგმავს. უკვე არსებობს ისეთი ხელსაწყოები, რომლითაც ერთი გაფიქრებით შესაძლებელი იქნება ტელევიზორის პულტის გამოყენება არხების გადასართავად, ვინტილატორის ჩართვა-გამოსართავად, სტუმარი თუ მოვა კარების გასაღებად და ა.შ. უბრალოდ ამ ყველაფერს დახვეწა სჭირდება, რაც მხოლოდ დროის ამბავია.

ჰერმან ჰესე, XX საუკუნეს ტექნიცისტური საუკუნე უწოდა. მის რომანში,  ”ტრამალის მგელი” მანქანებზე ნადირობის სცენაც კია აღწერილი. მაგრამ, როგორც ჩანს XX საუკუნეს ბევრად გაასწრებს  XXI ტექნიკის განვითარების მხრივ. ალბათ შორს არ არის ის დრო, როცა ქუჩაში თავზე მიმაგრებული პატარა ანტენებით ვივლით და შემხვედრ შორეულ ნაცნობს ფიქრებით გავესაუბრებით:

– ვააა, გამარჯობა.

– გაგიმარჯოს! როგორ ხარ?

– კარგად, შენ?

– რავიცი, არამიშავს.

– რას შვრები? (ერთდროულად)

აბა როდემდე უნდა იყოს თვალებში ჩახედვითა და უსიტყვოდ ერთმანეთის გაგების უნარი მხოლოდ შეყვარებულების უპირტესობა, ვისაც არ გვიყვარს რა დავაშავეთ.

ზოგადად რათქმაუნდა ცუდი არ არის ტექნიკის განვითარება, უფრო კარგია, თან გარდაუვალიცაა, მაგრამ ადამიანი რომელსაც ჯანმრთელობის მხრივ პრობლემა არა აქვს და მაინც დაეზარება პულტზე თითის დაჭერა… ისე ხომ შეიძლება პულტი შორს იდოს? დაფიქრდით რამდენჯერ დაგზარებიათ მის ასაღებად ფეხზე ადგომა. ტექნოლოგიები კი ვითარდება და ვითარდება – ასე ჩვენ ნამდვილად გავფრინდებით!

პ.ს. ხომ ვამბობდი ”თ” უფრო ხშირად მჭირდება მეთქი. დავთვალე და პოსტში გამოყენებულია 68 ”თ” და მხოლოდ 32 ”ტ”.

1+1=1

with 13 comments

კადრი ფილმიდან "ფოტოგადიდება"

ხელში უმაღლესი მათემატიკის ძველი სახელმძღვანელო მიჭირავს – “მათემატიკური ანალიზის კურსი”, ვფურცლავ წიგნს რომელშიც ყველა გვერდი ციფრებითაა სავსე. ციფრები, ციფრები, ინტეგრალები, ფორმულები… არადა რამდენიც გინდა მიუმატე, გამოაკელი, გაამრავლე… ბოლოს მაინც ერთ პასუხამდე მივდივართ: 1+1=1.

XI კლასში ვიყავი როცა ერთი მეტად საინტერესო ფაქტი მოხდა, მას შემდეგ სულ ვიცინოდით ხოლმე კლასელები მომხდარის გამო. მასწავლებელი საკლასო ოთახში შემოვიდა, გაკვეთილი დაიწყო, ამ დროს ჩვენი ორი კლასელი სკოლის სპორტულ მოედანზე კალათბურთს თამაშობდა და იმდენად იყვნენ გართულები რომ სანამ მასწავლებელმა ფანჯრიდან არ დაუძახა სასწრაფოდ ამოდით კლასშიო – მანამდე აზრზე ვერ მოვიდნენ. ერთი შეხედვით ჩვეულებრივი ამბავია, მაგრამ საქმე იმაშია რომ ბიჭები კალათბურთს, ბურთის გარეშე თამაშობდნენ. მათ განკარგულებაში მხოლოდ კალათბურთის ფარი და წარმოსახვით–აბსტრაქტული ბურთი იყო. მე ფანჯარასთან ვიჯექი და ყველაფერს კარგად ვხედავდი. ისე ოსტატურად თამაშობდნენ… ხან ერთი ჩააგდებდა სამქულიანს, ხან მეორე, ფარიდან ასხლეტილ ბურთ ხნიდნენ, ფეხებშუა იტარებდნენ, საოცარი ბურთის ტარება, დიდოსტატური თამაში ფარქვეშ, მოკლედ ყველაფერი რაც NBA – ის მატჩების დროს შიძლება იხილო, ოღონდ ბოტასების იატაკზე შეხების გამო გამოცემული ჭრაჭუნის ხმა არ ისმოდა, სამაგიეროდ თავად ყვიროდნენ ხმამაღლა: ჩავარდა, არა, არ ჩავარდნილაო. მასწავლებელს კალათბურთი რომ ყვარებოდა ნამდვილად არ შეაწყვეტინებდა თამაშს და მეც უფრო დიდხანს ვისიამოვნებდი ლამაზი სანახაობის ცქერით. გაგვეღიმა? ვაგრძელებ.

მიქელანჯელო ანტონიონმა, 1966 წელს გადაიღო მისთვის პირველი ინგლისურენოვანი ფილმი სახელწოდებით “ფოტოგადიდება” (Blow-up) ფილმის მთავარი გმირი ფოტოგრაფია, რომელმაც სახელი მოდელების გადაღებით გაითქვა. ერთ დღეს იგი პარკში შეყვარებულ წყვილს გადაუღებს სურათებს. ფოტოების გამჟღავნების და მათი გადიდების შემდეგ ირკვევა რომ პარკში მკვლელობაა მომხდარი. სიუჟეტის დაწვრილებით მოყოლით თავს არ შეგაწყენთ, მხოლოდ ფილმის ბოლო სცენაზე გავამახვილებ ყურადღებას. ბოლო ეპიზოდში პანტონიმის თეატრის მსახიობების ჯგუფი საჩოგბურთო კორტთან იკრიბებიან, ორი მათგანი ჩოგბურთის თამაშს იწყებს, დანარჩენები კი ყურადღებით აკვირდებიან კორტზე განვითარებულ მოვლენებს – გააყოლებენ ბურთს თვალს, გამოაყოლებენ. ისევე როგორც სკოლის ეზოში, აქაც, თამაში ჩოგნების და ბურთის გარეშე მიდის. ჩვენი ფოტოგრაფი შემთხვევით შეესწრო ამ სანახაობას და თავიდან ცოტა გაკვირვებით უყურებდა იმას რაც ხდებოდა, მაგრამ ჩოგბურთელებს ბურთი კორტს მიღმა გადაუვარდებათ, ისინი კი სწორედ მას სთხოვენ ბურთის მოტანას, ისიც ერთვება წარმოსახვით თამაშში, ბურთის მოსატანად გარბის, იღებს მას ხელში და მოთამაშეებს გადაუგდებს. ამ დროს კინოოპერატორის კამერა მაღლა იწევს, ფოტოგრაფი კადრიდან ქრება და ეკრანზე მხოლოდ მწვანე მდელოღა ჩანს.

კინომცოდნეები ეპიზოდს განიხილავენ როგორც ჩვენს მიერ რეალობის თავისებურ აღქმას და მასთან დამოკიდებულებას. ერთი შეხედვით არარეალური რამ შეიძლება რომ რეალური იყოს. პარკში გადაღებულ სურათებზე თავდაპირველად არანაირი მკვლელობის კვალი არ ჩანდა, მაგრამ ფოტოების გადიდებით და მასზე სხვა კუთხიდან დაკვირვების შედეგად რეალობა სულ სხვა აღმოჩნდა.

კიდევ ერთი გადახვევა. 1943 წელს გამოიცა ჰერმან ჰესეს რომანი “ბისერებით თამაში”. წიგნში ფანტასტიკური ამბავია აღწერილი. გამოგონილ პროვინციაში არსებობს სკოლა, სადაც განსაკუთრებულად ასწავლიან ბავშვებს, წარმატებულები კი ინტელექტუალთა ორდენს უერთდებიან. ორდენის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს ბისერებით თამაში. წიგნში დაწვრილებით არ არის განმარტებული თამაშის წესები, მაგრამ როგორც ვარაუდობენ “ბისერებით თამაშის” არსი შემდეგშია: თამაშის საშუალებით ხდება ყველა კულტურის და მეცნიერების აბსტრაქტული სინთეზი, რომლის მიზანიცაა ნაპოვნი იქნეს ღრმა კავშირი საგნებს შორის, რომელთა ერთმანეთთან დაკავშირებაც თითქოს შეუძლებელია. მაგალითად ძლიერ მაგისტრს შეუძლია მუსიკალური ნაწარმოების მათემატიკური ფორმულებით გამოსახვა. “კარგ პარტიად” ითვლება ისეთი ჩატარებული თამაში, სადაც მაღალ დონეზე ხდება საგნების, ან ფაქტების ერთმანეთთან დაკავშირება, რასაც ძალიან დიდი ცოდნა სჭირდება.

ჩემი აზრით, “ბისერებით თამაშის” კარგი პარტიის მაგალითია სიყვარულის ციფრებით გამოხატვა, 1+1=1

ასე რომ ფაქტებზე გამადიდებელი შუშით დაკვირვება, მათი ერთმანეთთან დაკავშირება და არარეალურ თამაშში ჩართვა მშვენიერი იდეაა… მე მომწონს. ბოლოს და ბოლოს ვინ იცის რა არის რეალობა და რა არა. 1+1=1, ესეც არარეალურად გამოიყურება, მაგრამ მაინც რეალობაა. ცხოვრება თამაშია, რომელშიც უნდა ჩაერთო.

მგონია რომ მთავარი თამაში არის 1+1=1.

ჩემი კლასელები გენიოსები ყოფილან, მასწავლებლებს კი მათთვის სამიანის დაწერაც არ უნდოდათ.

ჯორჯ პაიკის გერბი