e2-e4

დედოფლის ბედნიერებისთვის მებრძოლი პაიკის ბლოგი

Posts Tagged ‘ლურჯი მთვარე

ლურჯი მთვარე

with 19 comments

ლურჯი მთვარე

ჩემი ბრალი ნამდვილად არაა ასე ძალიან რომ მომწონს ეს სურათი – მეტად ლამაზი ფერია. კომპიუტერის “დესქთოფზე” მიყენია ახლა და ერთი სული მაქვს როდის მოვრჩები პოსტის წერას, როდის ჩავკეცავ ბრაუზერს და როდის დავტკბები მისი ცქერით.

ინგლისურენოვან ქვეყნებში ხმარობენ გამოთქმას: “Once in Blue Moon”, რაც იმას აღნიშნავს რომ ესა  თუ ის ფაქტი ძალიან იშვიათად, პრაქტიკულად არ ხდება. ხატოვნად კი შეიძლება ასე ვთარგმნოთ: “სანამ ვირი ხეზე ავა”. მაგრამ ზოგჯერ მთვარე მართლა ლურჯდება, ამიტომ გამოთქმა, “სანამ ვირი ხეზე ავა” არ გამოგვადგება, რადგან ვირი მგონი მართლა ვერასდროს ვერ ავა ხეზე. სამაგიეროდ ამ შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია გავიხსენოთ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის მიერ ნათქვამი ფრაზა მისი ოპოზიციონერების მისამართით, მან კი თავისი გადადგომა არ გადადგომასთან დაკავშირებით საუბრისას დაახლოებით ასეთი რამ ბრძანა: (სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ ზუსტ ციტატას ვერ ვიხსენებ) ჩემი გადადგომის იმედი მანამდე ნუ გექნებათ სანამ გვერდები არ აგიდგებათო.  ალბათ ყველას გახსოვთ ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორიის ეს მონაკვეთი და ისიც კარგად გემახსოვრებათ თუ როგორ დამთავრდა ყველაფერი. აქედან გამომდინარე, ჩემი მოკრძალებული აზრით, გამოთქმა “Once in Blue Moon”, უნდა ვთარგმნოთ როგორც – “სანამ გვერდები არ აგიდგებათ”. მადლობა ედუარდ შევარდნაძეს ქართული ენის გამდიდრებისთვის.

კმარა პოლიტიკა და ლურჯი მთვარის გარშემო ლიტერატურული წიაღსვლები, პირდაპირ ლურჯი მთვარის ფენომენზე გადავალ და მოკლედ გეტყვით რასთან გვაქვს საქმე. 1883 წელს, ინდონეზიაში ვულკანი “კრაკატაუ” ამოიფრქვა. ამოფრქვევას თან მძლავრი აფეთქების ხმა ახლდა რომელიც 600 კილომეტრის რადიუსში ყველა სულიერმა გაიგონა. ფერფლი კი ატმოსფეროს დიდ სიმაღლეებამდე გავრცელდა. ამ მოვლენამ და მასთან დაკავშირებულმა სხვა სპეციფიკურმა დეტალებმა, რომელშიც სიმართლე გითხრათ კარგად ვერ გავერკვიე, გამოიწვია მთვარის გალურჯება. ყოველშემთხვევაში დედამიწიდან ეს მეტად რომანტიული პლანეტა ლურჯისფრად გამოჩნდა. ამის შემდეგ კიდევ არაერთხელ დაფიქსირდა მთვარის უცნაური ფერისცვალება და როგორც სპეციალისტები ამბობენ ამდაგვარი მოვლენა გარკვეულ პერიოდებში კიდევ განმეორდება. დაველოდოთ, იქნებ ჩვენც მოგვეცეს ლურჯი მთვარის ხილვის საშუალება, რათქმაუნდა ნაკლებად ექსტრემალური სიტუაციის გარეშე.

ძირითადად, ღამით მთვარის ცქერა რომანტიულ ადამიანებს უყვართ. ერთს ვიცნობ, კარგად ვიცნობ… ის ერთი მეუბნებოდა რომ ადრე უყვარდა მთვარის ყურება. ადრე, როცა შეყვარებული იყო, ახლა აღარ არის. არა, ახლაც არის, ცოცხალია რა… მაგრამ შეყვარებული აღარ არის. ახლა ამბობს: მთვარეს ვეღარ ვუყურებ, კისერი მტკივდება მაღლა ყურებითო.

მთვარეზე და რომანტიკაზე ფილმი “ნიღაბი” მახსენდება. ჯიმ კერი მთვარეს რომ მოსწევს ახლოს, რომანტიული ვახშმის დროს პარტნიორზე შთაბეჭდილების მოსახდენად. ლექსების გახსენებაც შეიძლება ამ თემის ირგვლივ, მაგრამ ძნელია გაიხსენო როცა არ იცი. ლექსს მანამდე ვერ გავიხსენებ, სანამ ვირი ხეზე არ ავა.

მთლად ასეც არ არის საქმე რომ ყველასთვის რომანტიკასთან იყოს დაკავშირებული მთვარე. ბევრი მას მეცნიერული კუთხით უყურებს, მიმდინარეობს გამალებული კვლევები, მთვარეზე გაფრენები… ზოგი იმასაც ამტკიცებს რომ მთვარეზე სიცოცხლე არსებობს…

თუ ეგრეა, მაშინ ერთ მშვენიერ დღეს, მთვარის ადგილობრივი ლურჯწვერა მოსახლეობა, შეიძლება მასიურად გამოვიდნენ ქუჩებში ხელისუფლების გადასაყენებლად… აქედან, ანუ დედამიწიდან მთვარე ლურჯად გამოჩნდება, იქ, ანუ მთვარეზე, ვიღაცას “გვერდები აუდგება” და ჩვენც და მთვარის ლურჯწვერა მკვიდრნიც ვიცხოვრებთ  რომანტიულად და ბედნიერად?!

ბოლოს კი ნამდვილად დედამიწის წარმომადგენელი, თანაც წითურწვერა ვან გოგის ნახატი ლურჯ ტონალობაში.

002_03