e2-e4

დედოფლის ბედნიერებისთვის მებრძოლი პაიკის ბლოგი

Posts Tagged ‘სომერსეტ მოემი

ფართოდ დაბრმავებული თვალები

უხსოვარ დროს, დედამიწის ერთ პატარა კუთხეში ყველანაირი ადამიანური გრძნობა, ემოცია, თვისება და ხასიათი შეიკრიბნენ. ცოტა ხანში მოწყენილობამ წასვლა დააპირა როცა სიგიჟემ თქვა: მოდი, დამალობანა ვითამაშოთო. ინტრიგამ კოპები შეკრა – ეგ რაღა თამაშიაო. სიზარმაცემ თქვა მეზარებაო, სიამაყემ იუკადრისა – არაო, მე არ შემეფერებაო. სიმართლემ დამალვას რა აზრი აქვს, მაინც ვერსად დაიმალებიო. სამაგიეროდ ენთუზიაზმი ეიფორიასთან ერთად აცეკვდა, სიხარულმა ხტუნვა დაიწყო. ბოლოს მაინც დაიწყეს დამალობანას თამაში.

პირველად სიგიჟე დაიხუჭა და მილიონამდე დაიწყო თვლა, სხვები დასამალად გაიქნენ. რწმენა ცაში აფრინდა, ტრიუმფი ყვლაზე მაღალ ხეზე აძვრა, დამოკიდებულება მის ჩრდილს შეეფარა და იქ დაიმალა. ვნება ვულკანის კრატერში გაუჩინარდა. გულმავიწყობაც დაიმალა სადღაც, მაგრამ ახლა რომ ჰკითხოთ აღარ ახსოვს სად. კეთილშობილებამ ბევრი იდეალური ადგილი მონახა დასამალად მაგრამ ყველა თავის მეგობრებს დაუთმო. სიყვარულმა ბევრი იხეტიალა და ვარდების ბუჩქნარში მიიმალა.

999 998, 999 999, მილიონი, დაიძახა სიგიჟემ, თვლა დაამთავრა, თვალები გაახილა და დანარჩენების ძებნას შეუდგა. პირველი სიზარმაცე იპოვა, რომელიც იქვე, მის უკან დაგდებულ ლოდს ეფარებოდა. ვნებაც ადვილად შენიშნა ამოფრქვეული ვულკანის ლავაში. სევდა მიყრუებულ ადგილას, გამოქვაბულში ნახა. სილამაზე გამჭვირვალე და ცქრიალა ნაკადულის ძირში იპოვა, იქვე კი ორჭოფობა იდგა ღობესთან და ვერ გადაეწყვიტა ღობის რომელ მხარეს დამალულიყო.

მოკლედ, სიგიჟემ ყველა მოთამაშე იპოვა სიყვარულის გარდა. სად არ ნახა, სად არ ეძება მაგრამ ვერსად მიაგნო. ბოლოს როგორც იქნა ვარდის ბუჩქნარს მიადგა, ხელით ტოტები გადასწია და ამ დროს ყვირილის ხმა შემოესმა. თურმე ვარდის ბასრი ეკლები სიყვარულს თვალებში შერჭმია. ასე დაბრმავდა სიყვარული. სიგიჟე ძალიან შეწუხდა. გრძნობდა რა დიდ პასუხისმგებლობას მომხდარის გამო, სიყვარულს დაპირდა: ამიერიდან გვერდიდან აღარ მოგშორდებიო. მას შემდეგ სულ ხელიხელჩაკიდებულნი დადიან სიგიჟე და სიყვარული.

აი, ასეთ სახალისო იგავს ვკითხულობდი (რომელიც შემოკლებულად მოგიყევით) და გავიფიქრე – ეს იგავი ყველა შეყვარებულმა უნდა იცოდეს. კი, ბევრმა იცის რომ სიყვარული ბრმაა, მაგრამ ფაქტობრივი (იგავური) მტკიცებულებები მაინც სულ სხვაა. უკვე ვაპირებდი თქვენთვის მერჩია წერილის სახით მიწერეთ შეყვარებულებს მეთქი, როდესაც შემთხვევით ჟან–ჟაკ რუსოს რჩევას წავაწყდი სასიყვარულო წერილის დაწერის სტილის თაობაზე. ის ამბობს:

სასიყვარულო წერილების წერა ასეა საჭირო: წერა ისე უნდა დაიწყო რომ არ იცოდე რისი თქმა გსურ, ხოლო ისე უნდა დაამთავრო რომ ვერ გაიგო რა დაწერე.

ყოჩაღ ჟან–ჟაკ ფრანგო, კარგი ფორმულირებაა. აქდან გამომდინარე ჯობია ზეპირად მოუყვეთ იგავი თქვენს რჩეულებს. მე კი ისე მომეწონა რუსოს გამონათქვამი, რომ ჩემ ვირტუალურ ნაცნობს, “არავინ”–ს შევეხმიანე და შევთავაზე – იქნებ ასეთ სტილში მისწერო სასიყვარულო წერილი შენს ჰანას მეთქი. თავიდან იუარა, მერე კი დამთანხმდა. მაშ ასე, წერილი ჰანას:

დიდი ხანია არაფერი არ მომიწერია, შენც სდუმხარ. არც კი ვიცი რა გითხრა. არა, სათქმელი ბევრი მაქვს მაგრამ… ან რა აზრი აქვს რომ გითხრა. მომისმენ მაინც? შენი “ფეისბუქის” კედელზე უკვე “სხვა” პოსტავს მუსიკალურ ლინკებს. მე სულ შენზე ვფიქრობ, მაგრამ აღარ მინდა კიდევ ვიფიქრო. მიყვარხარ. ჯობია არ მიყვარდე. ვიცი, შენ სულ არ ფიქრობ ჩემზე. დაგივიწყებდი რომ შემეძლოს. მორჩა, აღარ მიყვარხარ. ჩვენი ურთიერთობიდან ისევე არაფერი არ გამოვა, როგორც ამ ჩოჩორიდან ზებრა არ გაიზრდება. მაგრამ რომ მიყვარხარ? მშვიდობით. უკვე მენატრები.

აშშ–ს შტატ ჯორჯიაში დაიბადა ჩოჩორი, დაიბადა მაგრამ რა დაიბადა! ჩოჩორის დედა ვირია, მამა კი ზებრა. პატარას ოთხივე ფეხი ზებრისებურად აქვს მოხატული, სხვა მხრივ კი ძალიან ჰგავს დედიკოს. ხასიათით რომელ მშობელს დაემსგავსება ჯერ ძნელი სათქმელია.

არ ვიცი როგორ გაგრძელდება ჰანას და არავინის ურთიერთობა, მაგრამ ის კი ფაქტია, ხშირად ის ასეთი წერილით სრულდება:

ძვირფასო ემი, იმედია, შინ ყველაფერი რიგზე დაგხვდება. ენს გადავეცი შენი განკარგულებები და რომ ჩამოხვალთ, სადილი გამზადებული იქნება შენთვის და ბავშვებისთვის. მე არ დაგხვდებით. გადავწყვიტე ცალკე ვიცხოვრო და ამ დილით პარიზს მივემგზავრები. ამ წერილს იქიდან გამოგიგზავნი. უკან აღარ დავბრუნდები. ჩემი გადაწყვეტილება საბოლოოა. მარად შენი ჩარლზ სტრიკლენდი

წერილი მოყვანილია სომერსეტ მოემის წიგნიდან “მთვარე და ექვსპენიანი”.

ნატიფი

with 7 comments

გამარჯობა ჩემო ნატიფო!

სომერსეტ მოემის რომანს ვკითხულობდი, “მთვარე და ექვსპენიანი”, წიგნში ერთი ჩვეულებრივი ფრაზა შემხვდა: ნატიფი, სამხედროსავით დამახასიათებელი ზიზღით წარმოსთქვაო. ვისთვის ჩვეულებრივი, ჩემში კი ამ წინადადებამ მეხსიერებაში მოგონებები ამოატივტივა. ახლა შევეცდები მოგონებებიდან ერთი ტივი შევკრა და ერთად გავცუროთ ზღვაში. მესაჭე მე ვიქნები, შენ წინ დამიჯექი და ასე ვიცუროთ. (ღიმილი)

თავიდანვე ვიტყვი რომ სიტყვა ნატიფი ძალიან მიყვარს. ნატიფი – კარგად ჟღერს, მე ასე მესმინება. ნატიფი –ლამაზად გამოკვეთილი, მშვენიერი, მოხდენილი, ფაქიზი, – ასეა განმარტებული ეს სიტყვა.

სავალდებულო სამხედრო სამსახურში მსახურობისას, ვარჯიშის დროს, სამხედრო ნაწილიდან ქუჩაში გამოვდიოდით მთელი ასეული და სამხედრო დისციპლინის დაცვით, მწყობრად დავრბოდით. ქუჩაში, ერთ–ერთ შენობას პატარა აბრა ეკეთა, რომელზეც “ნატიფი ხელოვნების სკოლა” ეწერა. სიტყვა ნატიფი დიდი, დანარჩენი კი შედარებით მცირე ზომის ასოებით. ამიტომ ყოველთვის მიხაროდა იმ ქუჩაზე ჩარბენა. ჯერ სამი ის, რომ სამხედრო ნაწილიდან გარეთ გადიოდი, “გრაჟდანზე”, მეორე ის რომ გოგონებსაც შეათვალიერებდი და პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი – ნატიფი, ამ საოცარი ასოთწყობის ამოკითხვა კიდევ ერთხელ შემეძლებოდა.

ეს ის ცნობილი სკოლა არ არის, პარიზში, ლუვრის მოპირდაპირედ რომ დგას და საინტერესო არქიტექტორებს ზრდის, რომლებმაც მოგვიანებით მრავალი ნატიფი შენობა შემატეს პარიზს, ბოზ–არტის (Beaux-Arts) სტილის სახელით ცნობილი. ის შენობა მუდამ დაკეტილი იყო, მაგრამ ჩემთვის აბრაზე “ნატიფი”–ს დანახვა მაინც ერთგვარი შვება იყო სამხედრო სამსახურის მოსაწყენი და ძალზედ უხეში ცხოვრების სტილიდან გამომდინარე.

ასე რომ ჩემთვის სრულიად გასაგებია, თუ როგორი ინტონაციით იტყვის ნამდვილი სამხედრო პირი სიტყვას, ნატიფი. რომელ სინატიფეზეა საუბარი როცა ოფიცერი ავიაგამანადგურებლის მიერ დაბომბვას სილამაზეს უწოდებს. ადამიანი პროფესიის მიხედვით იცვლება, და ეს ნორმალურიცაა. ასევეა სამხედროც, ისიც იცვლება, განსაკუთრებით ომის შემდეგ.

ახლა ერთ ფილმზე მოგიყვები. ეს არის ორენ მოვერმანის ფილმი “მაუწყებელი”. (“The Messenger”) კოტია ფოსტალიონი ხომ გახსოვს? (ფილმი “მე, ვხედავ მზეს”) გამწარებული, სოფლის კრებაზე წერილებით სავსე ჩანთას რომ დააგდებს ძირს და ღმერთს შესთხოვს, ჩამოდი დედამიწაზე და შენ თვითონ დაარიგე წერილები, აღარ მინდა მე ფოსტალიონობა და სოფლელებისთვის მათი შვილების ფრონტზე დაღუპვის ცნობების მიტანაო. მოგეხსენება ამერიკელები პრაგმატული ხალხია, ისინი ღმერთის დედამიწაზე ჩამოსვლას ვერ დაელოდებოდნენ და ამიტომაც პენტაგონში სპეციალური განყოფილება შექმნეს (Casualty Notification), რომლის ამოცანაც ომში დაღუპული ამერიკელი მებრძოლების შესახებ მათი ოჯახის წევრებისათვის და ნათესავებისათვის ინფორმაციის დროულად შეტყობინებაა. სწორედ ამაზეა მოვერმანის ფილმიც.

ფილმის მთავარ გმირებს, კაპიტან ტონის (ვუდი ჰარელსონი) და სერჟანტ ვილის (ბენ ფოსტერი) მეტად რთული მისიის შესრულება უწევთ. დამეთანხმები ადვილი არ არის კარზე დაკაკუნება და მშობლისთვის იმის თქმა, რომ მისი შვილი დაიღუპა. ამასთან ერთად საჭიროა წინასწარ განსაზღვრული ინსტრუქციის დაცვა, მაგალითად ჯობია კარზე დააკაკუნო, თორემ ზარად შეიძლება რაღაც მხიარული მელოდია იყოს. ასევე პირდაპირ უნდა უთხა – ის დაიღუპა, ან მოკვდა. არ შეიძლება თქვა, ჩვენ ის დავკარგეთ, რადგან ეს ორაზროვანი ნათქვამია. აკრძალულია დაღუპული მებრძოლის ოჯახის წევრს ხელით შეეხო. მოკლედ, მაუწყებლები, რომლებთაც ამერიკელებმა “სიკვდილის ანგელოზები” უწოდეს, დიდი პროფესიონალიზმით და მე ვიტყოდი მკაცრი სინატიფით ასრულებენ თავიაანთ საქმეს.

ფილმში, ერთ–ერთი დაღუპული მეომრის ქვრივი, სერჟანტს ასეთ ამბავს უყვება: ერთხელ კარადა გავაღა, საიდანაც პერანგი (ქმრის) გადმოვარდა. მე მას ვუსუნე. საშინელი სურნელი ჰქონდა. საზიზრარი. ეს არც ქალის სურნელი იყო, არც სასმელის, არც თამბაქოს კვამლის. მას სიბრაზის, გაღიზიანების სუნი ასდიოდა… და შიშის. მას იმ ადამიანის სუნი ასდიოდა, როგორ ადამიანადაც ის იქ იქცა.

აი, ხომ გეუბნებოდი ომი ცვლის ადამიანს მეთქი. ამით ჩვენი ცურვა დამთავრდა. კარგად ჩემო ლამაზად გამოკვეთილო.

არავინ