e2-e4

დედოფლის ბედნიერებისთვის მებრძოლი პაიკის ბლოგი

Archive for ივლისი 2009

თქვენი სილამაზის მონაპოვარი

with 2 comments

სკამები

ასეთი იდუმალებით მოცული სკამები ჯერ არ მინახავს. სკამზე დაწერილი სიტყვები ლექსიკონის საშუალებით გადავთარგმნე და თუ სწორად გავიგე მასზე შემდეგი რამ წერია – “თქვენი სილამაზის მონაპოვარი.” შეიძლება სხვანაირად ითარგმნება, მაგრამ ამ შემთხვევაში ეგ უმნიშვნელოა. უცნაურია, რატომ აქვს ორ სკამს მხოლოდ სამი თვალი? იმიტომ ხომ არა რომ ერთი მათგანი ძველად მეკობრე იყო და ცალი თვალი საზღვაო ბატალიებში დაკარგა? მაშინ მაგ ორ სკამს მაქსიმუმ 7 ფეხი უნდა ჰქონდეს, აბა სად გინახავთ ცალთვალა და ორფეხა მეკობრე?! პრინციპში არც ესაა მნიშვნელოვანი… მთავარი ისაა რომ სკამები თავის პატრონს ელოდებიან, მოიწყინეს უსაქმოდ დგომისაგან.

ეხლა გეტყვით სკამები რომელ ქალაქში დგას და დარწმუნებული ვარ ბევრს მოუნდება მასზე მოკალათება თავის პარტნიორთან ერთად და წყნარი მუსაიფი,  ქალაქის ნახვისგან მიღებული შთაბეჭდილებების გაზიარება და კიდევ ბევრი სხვა რამისაც. უცნაური სკამები ბარსელონაში სახლობენ. თქვენი არ ვიცი და მე ძალიან მინდა იქ. სკამებიც გაიხარებდნენ.

ბარსელონაში მხოლოდ კეთილი სურვილებით და დიდი სიყვარულით ავსებული უნდა ჩახვიდეთ, სხვა შემთხვევაში შეიძლება არ გაგიმართლოთ, როგორც მაგალითად ნაპოლეონს და მის ჯარისკაცებს დაემართათ. ლეგენდის თანახმად, ბოროტ დამპყრობლებს ერთ–ერთი წმინდანის საფლავიდან ამოფრენილი ბუზები დაეხვიათ და კუდით ქვა ასროლინეს. მართალია ისტორიაში არ არის იმის დამამტკიცებელი ფაქტები, ნაპოლეონი მართლა იმყოფებოდა თუ არა კატალონიის მიწაზე, (დიდ იმპერატორს კატალონიაში თავისი პოლიციის გაქნილი მინისტრი ჯოზეფ ფუშე ჰყავდა გაგზავნილი) მიუხედავად ამისა მკვიდრ მოსახლეობას ძალიან მოსწონს ლეგენდა. წარმოიდგინეთ როგორი სანახავი იქნებოდა ბუზებისაგან შეშინებული ნაპოლეონ ბონაპარტე. აქვე გავიხსენებ ლუიშ ფიგუს გამოსვლას “კამპ ნოუს” სტადიონზე. იმ წელს,  როდესაც იგი ბარსელონადან მის მოსისხლე მტერში, მადრიდის რეალში გადავიდა სათამაშოდ, გულშემატკივრებმა მას ღალატი არ აპატიეს და ტრიბუნებიდან ღორის თავი ესროლეს. მგონი დაგარწმუნეთ რომ ბარსელონაში ცუდი განზრახვით ჩასვლა არ ღირს. ანდა რა საჭირო იყო ამდენი ლაპარაკი, ეჭვი მეპარება რომ ამ ბლოგს მეორე ფიგუ ან ნაპოლეონი კითხულობდეს. მე მაინც გითხარით. სიფრთხილეს თავი არ სტკივაო, ნათქვამია… იქნებ არის ვინმე ისეთი ვინც დოსტოევსკის რასკოლნიკოვივით “ნაპოლეონის თეორიით”  გახლავთ შეპყრობილი და ჰგონია რომ მას ყველაფრის უფლება აქვს.

მოკლედ, ბარსელონას კარი მუდამ ღიაა თქვენთვის ჩემო ძვირფასო მკითხველებო. ეს ქალაქი ყველამ უნდა ნახოს.(იქნებ მეც ვნახო) ბარსელონაში ყველასთვის მოიძებნება ადგილი: ინტელექტუალებისთვის, შეყვარებულებისთვის, ძველი ღირშესანიშნაობის მოყვარულთათვის, რომანტიკოსებისთვის, მხიარულთათვის, ოპტიმისტების და პესიმისტებისთვის…

უმჯობესია შეყვარებულთან ერთად იმოგზაუროთ. ბარსელონას მთავარ ქუჩაზე – რამბლას – ერთი შადრევანი უნდა იყოს, (იქვე ახლო – მახლოს იკითხეთ და მიგასწავლიან) სადაც შეყვარებული წყვილები იკრიბებიან და ერთმანეთს ტუჩებში კოცნიან მათი სიყვარულის მარადიულობისათვის…

ხო, მართლა, სკამები არ დაგავიწყდეთ. თქვენი სილამაზით მოიპოვეთ მასზე დაჯდომის უფლება, გაახარეთ, გაიხარეთ და თან კვერცხის ცეკვას უცქირეთ.

P.S. წავედი სოფელში, თოხი მელოდება.

Written by ჯორჯ პაიკი

ივლისი 28, 2009 at 11:36

მეორე ლოყას რომ ეწყინოს?!

with 6 comments

ვარსკვლავთგოგონა

ზაფხულია, ცხელა ცხელა… ხალხი შილიფად ჩაცმული დადის… მიდიან მთაში… ზღვაზე… ამ დროს უფრო აქტუალური ხდება სხეულზე ტატუს გაკეთება. სვირინგს იკეთებენ ყველგან: მხარზე, ბეჭზე, მკერდზე, ფეხზე, თითზე, კუდუსუნზე, ჭიპთან, ჭიპს ქვემოთ… ინტიმურ და ნაკლებად ინტიმურ ადგილებში, უმრავლესობისთვის და ზოგჯერ მხოლოდ უმცირესობისთვის თვალმისაწვდომ ადგილებში. არიან ისეთებიც ვინც ღრძილებსაც კი არ ტოვებს მოხატვის გარეშე.  იხატავენ ყველაფერს: საყვარელი ადამიანის სახელებს, ყვავილებს, ორნამენტებს, ჯვრებს, ეკლესიებს, აბსტრაქტულ ნახატებს, სიმბოლოებს, ვამპირებს, ჩინურ და იაპონურ იეროგლიფებს… პლაჟზე სიარულისას, თუ დაკვირვებული თვალი გაქვს შეიძლება უცხო ენაც კი შემოგესწავლოს.

ვფიქრობ თქვენს შორისაც არიან ისეთები ვისაც უკვე აქვს ტატუ, ან უახლოეს მომავალში აპირებს მის გაკეთებას. სანამ გადამწყვეტ ნაბიჯს გადადგავთ კარგად დაფიქრდით. ყველაფერი აწონდაწონეთ, დაეკითხეთ ახლობლებს, ტატუს ოსტატს გარკვევით აუხსენით რისი ნახვა გაგიხარდებათ თქვენს სხეულზე. მიუხედავად სიცხისა და მაგნიტური დღეებისა, რაც ძილიანობას უწყობს ხელს, სალონში სვირინგის გაკეთების დროს არ ჩაგეძინოთ თორემ სარკეში ჩახედვისას საკუთარ თავსა და ანარეკლს შორის იდენტობის დადგენა გაგიჭირდებათ. ბელგიელ გოგონას, რომელსაც სურათზე ხედავთ ზუსტად ეგრე დაემართა.

მას სულ რაღაც სამიოდე ვარსკვლავის ხილვა სურდა სახეზე, უნდოდა სარკესთან პრანჭიაობის დროს სარკეს ეთქვა: შენ ყველაზე ორიგინალური გოგო ხარ მთელს მსოფლიოში, მაგრამ… სანამ მას სავარძელში ეძინა, ტატუს ოსტატმა თავისი მარჯვე და მარდი ხელებით სამის ნაცვლად ორმოცდათექვსმეტი ვარსკვლავი დაახატა! ახლა კიმბერლი პოლიციაში დარბის და ოსტატს უჩივის. ოსტატი ამბობს: მე მას იმდენი ვარსვკვლავი დავახატე რამდენიც თავად მითხრა, პრობლემა მას შემდეგ შეიქმნა რაც გოგონას მამამისმა სკანდალი მოუწყოო. დერმატოლოგების თქმით ტატუს მოცილებას რამოდენიმე წელი და დიდი თანხები დასჭირდება. მე ვერ გეტყვით რატომ მაინცდამაინც 56 ვარსკვლავი, არც ის ვიცი სარკემ რა უთხრა გოგონას… ის კი ფაქტია რომ კიმბერლის დიდხანს მოუწევს საკუთარ სახეზე ვარსკვლავების თვლა. ის იმდენ დროს დახარჯავს მაგ საქმიანობაში, რომ მაგდენ დროში ცაშიც კი დათვლიდა ყველა ვარსკვლავს და ჩვენც გავიგებდით ბოლოსდაბოლოს რამდენი ვარსკვლავი კიაფობს ზეცაში.

მიუხედავად ყველაფრისა ერთი დადებითი მომენტი მაინც არის ამ ისტორიაში. წარმოიდგინეთ როგორი გახარებული იქნება გოგონას შეყვარებული. მას ხომ მშვენიერი საბაბი მიეცა იმისთვის რომ თავის სატრფოს ხშირად დაუკოცნოს სათითაო ვარსკვლავი! დღეში რამოდენიმეჯერ!!! 5 –ჯერ, 6 – ჯერ, 56 –ჯერ!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!! …მაგრამ მეორე ლოყას რომ ეწყინოს – მე რატომ არ მკოცნიანო?

Written by ჯორჯ პაიკი

ივლისი 24, 2009 at 15:17

გენიალური და საზიზღარი

with 12 comments

სუნამოს ინგრედიენტი

“მკითხველი გაოგნებულია, გასაოცარი ჩანაფიქრია” ეს სიტყვები გერმანელი მწერლის, პატრიკ ზიუსკინდის რომანის – “სუნამო, ამბავი ერთი მკვლელისა” – მისამართით გამოქვეყნდა “Le Figaro” –ს ფურცლებზე.

ახლა ეს წიგნი მარცხენა ხელში მიჭირავს, მარჯვენა ხელით კი შევეცდები მისი წაკითხვისგან მიღებული შთაბეჭდილებების სურნელი გაგიზიაროთ. “Le Figaro” –ს ვეთანხმები, ჩანაფიქრი მართლა გასაოცარი და ორიგინალურია. ჩემი აზრით წიგნის მთავარი ღირსებაც ეგაა. აქამდე სუნებისთვის იმ კუთხით არ შემიხადავს, როგორც ამ რომანის წაკითხვის შემდეგ შევხედე.(შევიყნოსე) ნაწყვეტი რომანიდან:

მიწა, ბუნება, ჰაერი, რომლებიც ყოველ ნაბიჯზე, ყოველი ჩასუნთქვისას სხვა სუნებით ივსება და ამით სხვა შინაარს იძენს…

ამ წუთას სახეზე ნიავი მიბერავს და ვცდილობ სიგრილესთან ერთად მასში არსებული სხვადასხვა სუნები გავარჩიო, მერე კი თითოეულ სუნთან დაკავშირებული ისტორიები დავინახო თვალნათლივ, მაგრამ ამის გაკეთება არ გამომდის. ჯან–ბატისტ გრინუეის კი, რომელიც ზიუსკინდის რომანის მთავარი გმირია, მსგავსი რამ სულ ადვილად შეეძლო.

იგი აყროლებული ბაზრის ჩაბინძურებულ ადგილას დაიბადა სრულიად უსუნო.(ადამიანი სუნის გარეშე) მისთვის სამყაროს შეცნობის მთავარ იარაღს, ბუნებაში არსებული მრავალფეროვანი სურნელი წარმოადგენდა. ბავშვობაში მხოლოდ იმ საგნების სახელებს იმახსოვრებდა რომლებსაც სუნი ჰქონდა. აბსტრაქტული მცნებები, რომლებსაც სუნი არ აქვთ, სრულიად გაუგებარი და უსარგებლო იყო მისთვის. გავიდა დრო… გრენუიმ თავისი გენიალური შესაძლებლობების მქონე ცხვირით და საზიზღარი მკვლელობებით იმდენი მოახერხა რომ სიყვარულისა და ვნების გამომწვევი სუნამო შექმნა. გული მწყდება რომ მან ამის გაკეთება მოკლული უმანკო ქალწულების სხეულიდან აღებული სუნის შეერთების შედეგად შეძლო. ნუთუ სხვანაირად ამის გაკეთება არ შეიძლება? აი, მაგალითად ავიღოთ შეყვარებულების ჩახუტების სუნი, დავუმატოთ ყველაზე მწარე წიწაკის სუნი, კიდევ ღვინის, თოვლის, წიწვოვანი ნაძვის სუნი და სიყვარულის სუნამო მზადაა. არა? რავიცი, რატომაც არა.

მე პირადად წიგნმა ერთი პრობლემის ორიგინალური გზით გადაჭრისკენ მიბიძგა. პრობლემა ისაა რომ ოხრახუშსა და ქინძს ვერ ვარჩევ ერთმანეთისგან და ამის გამო ბაზარში მათი ყიდვის დროს თავს ძალიან უხერხულად ვგრძნობ ხოლმე. იდეის მიხედვით, ქინძის და ოხრახუშის გარჩევა სურნელის საშუალებით უნდა ვისწავლო. მაშ ასე, იდეა არის, დაველოდები ფრთებს.

პ.ს. პოსტი დაწერილია 2009 წლის 18 ივლისს. საქმე იმაშია რომ თვით ჟან–ბატისტი, ყველაზე გენიალური და საზიზღარი ადამიანი რომ იყოს ჩემ ადგილას, ისიც კი ვერ იყნოსავდა ახლო–მახლო კომპიუტერისა და ინტერნეტის სუნს, ამიტომაც არ ვიცი თქვენამდე როდის მოაღწევს ამ პოსტის სურნელი.

Written by ჯორჯ პაიკი

ივლისი 22, 2009 at 15:34

გრილი ფლირტი ცხელ ზაფხულში

with 6 comments

იმ დროს როცა ადამიანს პირველად დასცხა დედამიწაზე გაგრილების საშუალებები არ არსებობდა. არ იყო კონდიციონერი რომ მისგან მონაბერი გრილი ჰაერისგან გაეგრილებინა სახე, არ იყო ნაყინი და არც მაცივარი არსებობდა რომ საყინულეში თავი შეეყო და ცოტაოდენი შვება მაინც ეგრძნო. სამაგიეროდ გაჭირვებამ ადამიანის გონებრივი განვითარება გამოიწვია, მის გონებამახვილობას და გამომგონებლობას ფართე გზა გაეხსნა. სიცხისაგან შეწუხებულმა ადამიანმა ხიდან დიდი ზომის ფოთოლი მოწყვიტა და ხელის მარტივი მოძრაობით გაინიავა. ასე გამოჩნდა პირველად არენაზე მარაო.

ძველი მარაო

ისტორიული წყაროების მიხედვით მარაო ჩვ. წ. ა–მდე პირველ ათასწლეულში შეიქმნა აღმოსავლეთის ქვეყნებში, სადაც გაგრილების მარტივ საშუალებასთან ერთად მალევე შეიძინა სხვა დამატებითი ფუნქციებიც. იაპონიაში მარაო სამხედრო ძალაუფლების სიმბოლოდ ითვლებოდა. გენერლები მარაოს საშუალებით იძლეოდნენ ბრძანებებს და მითითებებს. ძველ ეგვიპტეში არსებობდა მეტად საპატიო ტიტული, – მარაოს მარჯვენა მხრიდან გამნიავებელი. ამ თანამდებობაზე მხოლოდ სამეფო სისხლის მქონე ადამიანები ინიშნებოდნენ. ასევე დიდი ტრადიციები აქვს მარაოს ჩინეთსა და ინდოეთში.

მარაო

ევროპაში მარაო XV – XVI საუკუნეებში გამოჩნდა. თავდაპირველად გავრცელდა ესპანეთსა და იტალიაში შემდეგ კი სხვა ქვეყნებში. ამ პერიოდშივე ჩნდება გასაშლეელი მარაოები, რომლებმაც საპატიო ადგილი დაიკავა ქალის გულში. გადმოცემის თანახმად ეკატერინე მედიჩს მარაოს 900 ეგზემპლარი ჰქონია.

გაპუტული სირაქლემამარაოს შესაქმნელად სხვადასხვა ნედლეულს იყენებდნენ, ეს შენ ჩემი იდეალი ხარიყო: აბრეშუმი, ტყავი, პერგამენტი, ქაღალდი. ასევე გამოიყენებოდა სირაქლემას ბუმბული, რამაც ამ სიმპატიური ფრინველის სიცოცხლე კითხვისნიშნის ქვეშ დააყენა. მარაოზე იხატებოდა სცენები ანტიკური მითოლოგიიდან, ცნობილი მხატვრების ნამუშევრების ფრანგმენტები, ლამაზი ყვავილები, ორნამენტები. საფრანგეთის რევოლუციის შემდეგ მარაოზე პოლიტიკური მოღვაწეების – მარატი, რობესპიერი – პორტრეტებსაც ვხვდებით.

განსაკუთრებულ პოპულარობას მარაომ ლუდოვიკო XIV–ის მეფობის დროს მიაღწია. ამ პერიოდში ყმაწვილი ქალებისთვის მარაოს  ხმარების წესების შესწავლას დიდ ყურადღებას აქცევდნენ. ფლირტი მარაოს საშუალებით ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. შეიქმნა მარაოს ენა, რომლის საშუალებითაც ქალები თაყვანისმცემლებს, ბალებსა თუ მასკარადებზე თავის გულის ნადებს უზიარებდნენ. რამდენიმე მაგალითი მარაოს ენიდან:

  • მე შენ მიყვარხარ – ამ სიტყვების სათქმელად საჭირო იყო მარჯვენა ხელით დაკეცილი მარაოს გულთან მიტანა.
  • გინდა ჩემი მოსმენა? – მარაოს გაშლა და დაკეცვა.
  • დავიჯერო თქვენი სიტყვები? – დაკეცილი მარაოს მარცხენა იდაყვთან მიტანა.
  • მე თქვენს პასუხს ველი – მარაოს დარტყმა ხელისგულზე.
  • მე შენს სურვილს შევასრულებ – მარჯვენა ხელით მარაოს გაშლა და დაკეცვა.
  • კი – მარცხენა ხელით მარაოს ყელის მარჯვენა მხარეს მიტანა.
  • არა – გაშლილი მარაოს მარჯვენა ხელით ყელის მარცხენა მხარეს მიტანა.
  • შენ ჩემი იდეალი ხარ – გაშლილი მარაოთი ტუჩებზე და მკერდზე შეხება.
  • მე თქვენდამი კეთილგანწყობილი არვარ – პირთან მიტანილი მარაოს გაშლა და დაკეცვა.
  • ჩემი ფიქრები მუდამ შენთანაა – ნახევრად გაშლილი მარაოს შუბლთან გატარება.
  • ფრთხილად იყავი, ჩვენ გვითვალთვალებენ – გაშლილი მარაოს მარცხენა ყურთან შეხება.
  • შენი სიტყვები გონივრულია – დაკეცილი მარაოს შუბლზე მიდება.

… და კიდევ უამრავი მინიშნება. არსებობდა ფრთიანი გამონათქვამი: მარაო ლამაზი ქალის ხელში მსოფლიოს მართვის სკიპტრაა.

ქალი და მარაო

მოკლედ, ქალის კეკლუცობას და ძლიერებას საზღვარი არ აქვს, რაც ჩემი აზრით ძალიანაც კარგია. გაცილებით ცუდია ის რომ მაგრად ცხელა. სამწუხაროდ სახლში კონდიციონერი არ მაქვს, არც მარაო და არც ნაყინი, ისღა დამრჩენია თავი მაცივრის საყინულეში შევყო თორემ ჩამომეძინა კლავიატურაზე.

Written by ჯორჯ პაიკი

ივლისი 16, 2009 at 15:11

ქსე/4/329/ვაშინგტონია

with 3 comments

გუშინ ღამით, დაძინების წინ, წიგნების თაროდან ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის(ქსე) IV ტომი გადმოვიღე და შემთხვევითი შერჩევის პრინციპით 329–ე გვ.–ზე გადავშალე. ჩანაფიქრის მიხედვით ფურცელზე არსებული სიტყვებიდან ერთი სიტყვა უნდა შემერჩია, რომელზეც დაძინებამდე ვიფიქრებდი, მეორე დღეს კი პოსტს დავწერდი არჩეული სიტყვის შესახებ.

"washingtonia robusta"

"washingtonia robusta"

ადამიანი იბადება კონკრეტულ დროს, კონკრეტულ ადგილას, მასზე გავლენას ახდენს გარემო რომელშიც ის იმყოფება. ასე იზრდება და ყალიბდება პიროვნებად, აკეთებს არჩევანს, დგამს პირველ ნაბიჯს, მეორეს… ამით განსაზღვრავს თავის აწყმოს და მომავალს. ვიცი, ფატალისტები არ დამეთანხმებიან. მათ სჯერათ რომ ყველაფერი წინასწარ დადგენილი და დაწერილია. თანამედროვე ბლოგერი ფატალისტი დარწმუნებულია მისტიური “ბედისწერის ბლოგის” არსებობაში, სადაც ყველაფერი უკვე დაპოსტილია თვითოეულ ჩვენგანზე, სჯერა ბლოგისა სადაც  თეგების ღრუბელში დიდი ასოებით წერია სიტყვები: დაბადება, ბავშვობა, სიყვარული, იმედგაცრუება, ბედნიერება, სიკვდილი და ა.შ. არ დაიჯეროთ! ტყუილია!

რა შუაშია ეს ყველაფერი გაკეთებული შესავლის შემდეგ? გპასუხობთ: ჩემი ექსპერიმენტი ადასტურებს ზემოთ ნათქვამი სიტყვების სიზუსტეს, ანუ ის თუ როგორი პოსტი გამომივა, ბედისწერაზე კა არ არის დამოკიდებული, არამედ იმაზე თუ რა სიტყვებიდან მექნება არჩევანის გაკეთების საშუალება და რამდენად ბევრ დროს, ენერგიას დავხარჯავ მიზნის მისაღწევად.

ასე რომ, მნიშვნელოვანია სად მოვხვდები(ქსე/IV), როდის(ძილის წინ), როგორ გარემოში(329), რა არჩევანი მექნება და რამდენად სწორ არჩევანს გავაკეთებ = პოსტიც შესაბამისი გამოვა. 329–ე გვ.–ზე სამი ვარიანტიდან მომიწია სიტყვის არჩევა:

  • პირველი ვარიანტი: ვაშინგტონი – შტატი აშშ–ში.
  • მეორე ვარიანტი: ვაშინგტონია – მარაოფოთლებიანი პალმების გვარი.
  • და მესამე ვარიანტი: ვაშინგტონის კონფერენცია 1921 – 22…

ოქროს შუალედის პრინციპით ავირჩიე მეორე ვარიანტი, პალმა ვაშინგტონია და საძინებელი ოთახისკენ გავეშურე დინჯი სვლით. მივიღე ჰორიზონტალური მდგომარეობა და დავიწყე ფიქრი ვაშინგტონიაზე.

"Washingtonia filifera"

"Washingtonia filifera"

პალმასთან დაკავშირებით თავში პირველივე ასოციაცია ზღვასთან, მზესთან, ქვიშისფერ ქვიშასთან და ლამაზ გოგონებთან დაკავშირებით გამიჩნდა. წარმოვიდგინე, თუ როგორ მოვკალათდებოდი პალმის ხეებზე ჩამოკიდულ ჰამაკში და როგორი შვებით ამოვისუნთქავდი შემაწუხებელი ხვატისგან შორს მყოფი.(ამ დროს საწოლში ღრმად ამოვისუნთქე) განვაგრძე ფიქრი/ოცნება. პალმა ვაშინგტონიას გარდა ყველაფერზე ვიფიქრე/ვიოცნებე. იქ ამბები დატრიალდაა… მზე გაწითლდა. ვაშინგტონია, ვაშინგტონია, – შევუძახე საკუთარ თავს. ვინ გისმენდა. ცოტა ხანში ძილმა მოქცევა დაიწყო ზღვასავით, ფიქრმა მიქცევა და ჩამეძინა. დილით ჰამაკის თოკების კვალი მეტყობოდა სახეზე.

ეხლა ცოტა რამ ვაშინგტონიაზეც ვთქვათ. ინტერნეტში მხოლოდ მშრალი ინფორმაციაა… იზრდება 30 მ.–მდე, არსებობს ორი სახეობა: “washingtonia robusta” და “Washingtonia filifera”. ვაშინგტონიას ორანჯერეაშიც შეხვდებით და საქართველოშიც, ვიღაცას პალმისთვის მცენარეთა პრინცი უწოდებია. მერქნის და ფოთლის თავისებურებაზე არაფერს ვიტყვი. ამის გარდა მინდოდა დამეწერა, ვაშინგტონიას ტოტებზე თავის ჩამოხრჩობის ფაქტები ხშირია მეთქი, მაგრამ ეგრე არ არის და ტყუილს ვერ ვიტყვი. სულ ესაა, მგონი “მშვენიერი” პოსტი გამოვიდა ვაშინგტონიაზე.

ბოლოს კი ფატალისტებს რომ არ ვაწყენინო ვიტყვი: მთავარი გამგებლები ჩვენი თავის ვართ ჩვენ თვითონ, მაგრამ იმასაც აქვს მნიშვნელობა თუ საჭირო დროს რომელი პალმის ქვეშ მოვხვდებით. გამართლებას და კარგ დასვენებას გისურვებთ!

Written by ჯორჯ პაიკი

ივლისი 12, 2009 at 09:49

Make love, not war!

leave a comment »

სხვაობა ადამიანსა და მაიმუნს შორის: ჩვენ შეგვიძლია ატომური იარაღის შექმნა, მაიმუნს არ შეუძლია.

6 ივლისს, ლურჯ პიჯაკებში გამოწყობილი ორი ადამიანი ერთმანეთს შეხვდა და დაიწყეს მათ ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობების “გადატვირთვა”. მეც ხშირად მჭირდება ჩემ კომპიუტერთან “ურთიერთობის გადატვირთვა”, რასაც ჯერ–ჯერობით ყოველთვის დადებითი შედეგი მოსდევს, მაგრამ იმ ორ ადამიანს შორის – ერთი ბარაკ ობამაა, მეორე კი დიმიტრი მედვედევი, – რამდენად უშველის “გადატვირთვა” საქმეს, ძნელი სათქმელია.

დმიტრი მედვედევმა და ბარაკ ობამამ ხელი მოაწერეს დეკლარაციას ბირთვული იარაღის შემცირების ახალი ხელშეკრულების შესახებ. ახალმა ხელშეკრულებამ უნდა შეცვალოს 1991 წელს დადებული სტრატეგიული იარაღის შემცირების ხელშეკრულება.

– ვკითხულობთ რადიო თავისუფლების სტატიაში.

მსოფლიოში არსებობენ როგორც იარაღის შემქმნელი და ომის მოსურნე,  ასევე ამ ყოველივეს წინააღმდეგ მიმართული ადამიანები, ამ უკანასკნელთა შორის ვარ მეც. ასეთ ადამიანებს უწოდებენ პაციფისტებს. სიტყვა პაციფისტი ლათინური სიტყვისგან, “pacificus” წარმოსდგება, სადაც pax ნიშნავს – მშვიდობას, ხოლო facio – ვაკეთებ.

ჩვენს პლანეტაზე მეორე მსოფლიო ომის შემდეგ განვითარებული მოვლენების გამო, ცივ ომს ვგულისხმობ, საჭირო გახდა ანტისაომარი, პაციფისტური იდეების პროპაგანდა. პროპაგანდის ერთ–ერთ კარგ საშუალებად მიიჩნიეს პაციფისტური იდეების გამომხატველი  ლოგოს შექმნა. დასახმარებლად მიმართეს პაბლო პიკასოს, რომელმაც ერთი ხელის მოსმით დახატა მტრედი, რომელსაც ნისკარტით ზეთისხილის რტო ეჭირა. ამ შემთხვევაში ყველაფერი მარტივია და ნათელი. მტრედი, ზეთისხილის რტო…

პიკასოს მშვიდობის მტრედი

პიკასოს მშვიდობის მტრედი

პაციფიკი

პაციფიკი

1958 წელს, დიზაინერ ჯერალდ ჰოლტომის მიერ შექმნილმა ლოგომ კი, რომელიც მალევე გადაიქცა მთავარ პაციფისტურ სიმბოლოდ, აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია.

ერთი ვერსიის თანახმად, სიმბოლო შედგება სემაფორული (სასიგნალო მოწყობილობა რკინიგზაზე – ბოძი ან ანძა, რომელსაც მოძრავი ფრთები აქვს.) ანბანის ორი ასოს, “N” და “D”  კომპილაციისგან, რაც აბრევიატურაა  და ნიშნავს “Nuclear Disarmament” (ბირთვული განიარაღება), წრე კი გლობალურ შეთანხმებას გამოსახავს.

ჯერალდ ჰოლტომის თქმით ლოგოს იდეა მას უკარნახა ფრანსისკო გოიას სურათმა “1808 წლის სამი მაისი”

ფრანსისკო გოია "1808 წლის სამი მაისი"

ფრანსისკო გოია "1808 წლის სამი მაისი"

არიან ისეთებიც, რომლებიც ფიქრობენ რომ პაციფიზმის სიმბოლო მარადიულ სიკვდილს აღნიშნავს. ბევრი რომ არ გავაგრძელო მოკლედ გეტყვით: ძველ სკანდინავიურ რუნიკულ დამწერლობაში არის ნიშანი სახელწოდებით “algiz”

algiz

algiz

ეს ნიშანი ორნაირად გამოიყენება. პირდაპირი მიმარულებით,(როგორც სურათზე ხედავთ) რომელიც

დაცულობას და ზეციურ ძალებთან კავშირს ნიშნავს, და მეორენაირად, ამობრუნებული, რაც ძალიან გავს ჰოლტომის ლოგოს წრეში ჩასმულ ფიგურას. ამობრუნებული  “algiz”–ი კი სიკვდილს და ეშმაკთან კავშირს აღნიშნავს.

მიუხედავად ყველაფრისა სიმბოლო “პაციფიკი” მთელს მსოფლიოში გავცელდა, რაშიც დიდი წვლილი ჰიპებს მიუძღვით. სიმბოლოსთან ერთად დამკვიდრდა ფრაზა: “Make love, not war!”

პ.ს. ობამა თუ დემოკრატი მართველია, მედვედევი კი ანტიდემოკრატი, “ამობრუნების ლოგიკით” გამოდის რომ მედვედევი ყოფილა ამობრუნებული ობამა.

Written by ჯორჯ პაიკი

ივლისი 8, 2009 at 14:44

მოსიარულე ფრინველი

leave a comment »

როი და საილო, კარგად დაიმახსოვრეთ ეს სახელები, ცოტა ხანში დაგვჭირდება.

ბერნარდო ბერტოლუჩის ფილმს ვუყურებდი – “პატარა ბუდა” – ბუდა, ბუდიზმი, რეინკარნაცია და ა.შ. რეინკარნაციაზე ჩავფიქრდი… სიმართლე გითხრათ არ მჯერა რეინკარნაციის, მიუხედავად ამისა გადავწყვიტე გამეგო ვინ ან რა ვიყავი წინა ცხოვრებაში.

ერთ–ერთი ტესტის მიხედვით არც მეტი, არც ნაკლები, მოსიარულე ფრინველი, ანუ პინგვინი ვყოფილვარ! საინტერესოა… ამის შემდეგ გადავწყიტე უფრო მეტი რამ გამეგო წინა ცხოვრების შესახებ, პინგვინებით დავინტერესდი. ვთხარე, ვთხარე და გამოთხარე.

გახსოვთ როი და საილო? ეგენი არიან ნიუორკის ზოოპარკში მცხოვრები გეი პინგვინები. ეს პინგვინები ძალიან პოპულარულები არიან, განსაკუთრებით ჰომოსექსუალ ჰომოსაპიენსებში. ანატოლი ფრანსის “პინგვინთა კუნძულის” შემდეგ პინგვინებზე კიდევ ერთხელ დაიწერა წიგნი, ამჯერად წიგნის მთავარი გმირები გეი პინგვინები არიან. წიგნი საბავშვოა და როგორც ჩანს ამერიკელები ამ გზით ცდილობენ ასწავლონ ბავშვებს ტოლერანტობა.

საბავშვო წიგნი გეი პინგვინებზე

იმ დროს კი როცა სიტყვა ტოლერანტობა ჯერ არ არსებობდა თურმე პინგვინებს ფრენა შეეძლოთ, დიდი, ლამაზი ფრთები ქონიათ და ფარშევანგებივით ამპარტავნები ყოფილან. მათმა სითამამემ იქამდე მიაღწია რომ გადაწყვიტეს მზე დაებნელებინათ თავიაანთი ფრთებით. აიჭრა პინგვინი ცაში და გაფრინდა მზისკენ. მიუახლოვდა მზეს და მაგრად დასცხა, დასცხა და რა დასცხა, ბოდიში და ისე გაიოფლა რომ ლედი სპიცდიკიც კი ვერ უშველიდა. ამასობაში ჯერ ერთი ფრთა დაეწვა, იგი მაინც ვირული სიჯიუტით მიიწევდა წინ, სანამ მეორე ფრთაც არ დაეწვა, ბრახ და პინგვინი მიწას დაენარცხა.

მამაცი პინგვინი

ამის შემდეგ პინგვინის 18 სახეობა გავრცელდა დედამიწაზე. ყველაზე პატარა 40 სმ. სიმაღლის იზრდება და 1.5–2 კილოგრამს იწონის, ყველაზე დიდი, საიმპერატორო პინგვინი კი 120 სმ. და 45 კგ. აღწევს. პირველად ფრინველები ვასკო და გამას ექსპედიციის წევრებმა ნახეს, მაგრამ მათ პინგვინი ბატი ეგონათ.(ბატები ეგენი) პინგვინები სამხრეთ ნახევარსფეროში ბინადრობენ კოლონიებად, მათი რიცხვი კოლონიებში ათასს აჭარბებს. ისინი ძირითადად თევზებით იკვებებიან. კარგად დაცურავენ წყალქვეშ, ერთადერთი ფრინველია რომელსაც წყალქვეშ ცურვა შეუძლია. როცა მამალი პინგვინი დაოჯახებას გადაწყვეტს, გამოეყოფა კოლონას და იწყებს ხმამაღლა ყვირილს. მისი ყვირილი თურმე ძალიან ჰგავს ვირის ყროყინს. დედალი პინგვინიც ბევრს აღარ ჯიუტობს, (კარგად ახსოვს სიჯიუტემ რაც დამართა) მიდის მამალთან და იქმნება ერთი კარგი პინგვინური ოჯახი. ამის მერე რა ხდება თუ გაინტერესებთ თქვენ თავად გაარკვიეთ.

ბედნიერი წყვილი

შეიძლება ითქვას რომ პინგვინები პოპულარობით სარგებლობენ ადამიანებში, მათ შეხვდებით დროშებზე გამოსახულს, გერბებზე, ემბლემებზე, საფირმო ნიშნებზე. არც მზრუნველობა აკლიათ, ბუნების დამცველები სპეციალურად კერავენ თბილი ჯემპრებს პინგვინებისთვის, ზამთარში რომ არ შესცივდეთ.

ამ თამაშით შეგიძლიათ თქვენც დაეხმარო პინგვინს, კვლავ ჩიტივით ფრენა რომ შეძლოს. მე როგორც ძველ პინგვის ამის გაკეთება არ გამჭირვებია, იმედია თქვენც არ გაგიჭირდებათ.

პ.ს. საინტერესოა, ბერტოლუჩიმ თუ იცის ვისი სული გადავიდა როისა და საილოში, ძალიან მაინტერესებს.

Written by ჯორჯ პაიკი

ივლისი 4, 2009 at 20:38

ჩემი ბლოგი ჩემი ოთახია

with 11 comments

მოვედი. ეს მე ვარ:

uchinari3

ვერ მიცანით? ეგ არაფერი.

რამოდენიმე თვეა რაც ბლოგების არსებობა აღმოვაჩინე, მომეწონა! “მე ამისგან გავაკეთებ” – გავიფიქრე მე. მოკლედ, ჩემი ბლოგის ჭიამ გაიღვიძა, გაიზარდა, დაქორწინდა, დაფეხმძიმდა და სადაცაა იმშობიარებს. (ამ პოსტს თუ კითხულობთ ესე იგი დაიბადა)

სულ მინდოდა ჩემი ოთახი მქონოდა, წიგნებით სავსე, აი ისე, თაროები სულ გადაჭედილი რომ არის, აუცილებელია წიგნები როგორც ვერტიკალურად ასევე ჰორიზონტალურად ეწყოს თაროებზე, სისქის და ფერის მიხედვით დალაგებული არ მომწონს. ბევრი კინო და ბევრი მუსიკალური დისკი, დიდი ეკრანი ფილმების საცქერად, კომპიუტერიკუთხეში, იქ სადაც ორი კედელი ხვდბა ერთმანეთს, ღამის სანათი რომელიც მწვანედ გაანათებდა სამუშაო მაგიდას და რაც ასევე ძალიან აუცილებელი ატრიბუტია ჩემი მომავალი ოთახისთვის –კომფორტული სავარძელი. რადგან ჯერ საკუთარი ოთახი არ მაქვს ბლოგი მაინც მქონდეს. არ არი ლოგიკა ამაში? ეგ არაფერი.

ბლოგის შექმნის სურვილთან ერთად გაჩნდა კითხვა: რა სარგებლობა მოაქვს ბლოგს? ამ თემაზე ხშირად რომ მეფიქრა, კითხვა ქაღალდზე ჩავიწერე და გულის ჯიბეში არა მაგრამ შარვლის ჯიბეში ნამდვილად მივუჩინე ადგილი. გავიდა დრო… სანამ ქაღალდი ჯიბეში  იჭმუჭნებოდა, კითხვა კი გონებაში იხარშებოდა მე ამ დროს უბლოგოდ და უსახელოდ ბლოგიდან ბლოგზე დავდიოდი, ვკითხულობდი პოსტებს, ვკითხულობდი, ვკითხულობდი და კიდევ ერთხელ ვკითხულობდი. ზოგიერთ მათგანზე კომენტარსაც ვტოვებდი “უსახელოს” სახელით.

ბოლოს მივხვდი რომ ბევრ ფიქრს ჯობდა ბლოგი გამეკეთებინა და საქმეში მენახა თუ რა სარგებლობა მოაქვს. უკვე მივხვდი, წერის პროცესი საინტერესო და სასიამოვნოა, ეს უკვე კარგია! ვიცი ბევრი შეცდომა მექნება გრამატიკული, ეს ცუდია.  თქვენ თუ არ წაიკითხავთ ჩემ პოსტებს მე წავიკითხავ და ვიქნები ასე, როგორც საკუთარ ოთახში.

პ.ს. დღეს ექსშეყვარებულის დაბადების დღეა, ვულოცავ. მიჯნურისთვის ბლოგის ჩუქება(მიძღვნა) კარგი აზრია მგონი. საინტერესოა რომეო აჩუქებდა(მიუძღვნიდა) ბლოგს ჯულიეტას? რომეოს შეყვარებული ჰყავდა, მაგრამ ბლოგი არ ჰქონდა, მე კი ბლოგი მაქვს და შეყვარებული არ მყავს. რა ვქნა, ვის ვაჩუქო…

Written by ჯორჯ პაიკი

ივლისი 2, 2009 at 14:38