e2-e4

დედოფლის ბედნიერებისთვის მებრძოლი პაიკის ბლოგი

Archive for ივნისი 2010

მჟავე კიტრი და შთაგონება

with 16 comments

ერთხელ მეც შევალ კაფეში, პატარა მაგიდასთან დავჯდები, ორ ესპრესოს შევუკვეთავ და დაველოდები სანამ ვიღაც მოვა, წინ დამიჯდება და რამე საინტერესოს მომიყვება, მე ჩუმად მოვუსმენ. ზუსტად ასე იქცევა ჯიმ ჯარმუშის გმირი ფილმში “კონტროლის ზღვარი”. ერთ ასეთ ეპიზოდში კი უცნობი ასეთ სიტყვებს ამბობს:

ინსტრუმენტები, რომლებიც ხისგან არიან დამზადებულნი, მუდმივად გამოსცემენ ხმებს – რეზონირებენ. მათ თავისი მახსოვრობა აქვთ. ყველა ბგერა, რომელიც კი გაჟღერებულა მათივე მეხსიერებაში ინახება.

სანამ ესპრესოს დავლევ, მანამდე სახლში ვიჯექი, მჟავე კიტრს ვჭამდი და შთაგონებაზე ვფიქრობდი. საიდან მოდის შთაგონება? როდის მოდის? რატომ მოდის? რატომ მიდის? საერთოდ შთაგონების შესახებ განსხვავებული აზრები არსებობს. ძველ ბერძნებს მუზების სჯეროდათ, მუზების რომლებიც მათთან მივიდოდნენ (მიფრინდებოდნენ) და ისინიც ამ დროს  ხელოვნების განსაკუთრებულ ნიმუშს შექმნიდნენ. ქრისტიანობაში შთაგონების წყაროდ ხვთიური ძალებს თვლიდნენ.

ამ მოსაზრებების მისამართით საწინააღმდეგოს ვერაფერს ვიტყვი, ალბათ, ყველა ადამიანის შემთხვევაში ინდივიდუალურად ხდება შთაგონების მობრძანება. აი, მაგალითად მოცარტი, როცა მუსიკას ქმნიდა წვერს არ იპარსავდა, რადგან ეგონა რომ მუზები მის წვერში იბუდებდნენ.

ინგლისელი ფილოსოფოსი ჯონ ლოკი შეეცადა ადამიანის ცნობიერების მოდელი შეექმნა. მისი აზრით, ადამიანის ცნობიერებაში იდეები რეზონანს და ასოციაციებს იწვევენ, რისი პროვოცირება ერთ სიტყვასაც კი შეუძლია. როგორ რეზონანს და ასოციაციებს გამოიწვევს ესა თუ ის სიტყვა ადამიანში, ეს უკვე კონკრეტულ პიროვნებაზეა დამოკიდებული. ბოლო ხანს ერთმა შემთხვევამ გამაკვირვა, როცა მეშახტის გაგონებაზე წარმოვიდგინე ადამიანი, რომელსაც თავზე სპეციალური ჩაფხუტის მაგივრად, შლაპა ეხურა, შლაპაზე კი ციცინათელა ჰქონდა მიმაგრებული. (ღიმილი)

აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ ადამიანის გონება მუსიკალურ ინსტრუმენტს ჰგავს, შთაგონება მასზე დამკრელს, იდეები კი აჟღერებულ მუსიკას. ახლა არ მითხრა დამკრელები ვინღა არიანო. “დამკვრელი” შეიძლება იყოს ნებისმიერი რამ: რაიმე ფრაზა, წიგნი, მუსიკა, ფილმი, ფოტო, ნახატი,უცნაური ან ჩვეულებრივი ამბავი, ბუნებაში გასეირნება, მოკლედ ყველაფერი ის რასაც ძლიერი გრძნობის და შთაბეჭდილების გამოწვევა შეუძლია. სულ ესაა შთაგონების მოქმედების პრინციპი.

მთავარი კი მაინც “ინსრუმენტია”. (რომელიც შენს მეზობელს საერთოდ არ აქვს) კარგად აწყობილი “ინსტრუმენტისათვის” კი შემეცნებაა აუცილებელი. ბევრი ინფორმაციის შესრუტვა. ბევრი გრძნობები. ამ ყველაფერს გონაბა თავისით აფორმატებს და ერთ მთლიან ინსტრუმენტად გარდაქმნის, რომლის კეთებაც დაუსრულებლად მიმდინარეობს, სანამ ადამიანი ცოცხალია.

შენი არ ვიცი, ჩემო ჰანა, და მე ვისურვებდი რომ ჩემი “ინსტრუმენტი” ფორტეპიანო იყოს – შავი ან წითელი. პრინციპში საქსაფონიც კარგი ვარიანტია, თუნდაც საყვირი, ან ფლეიტა, გიტარა, ვიოლინოც კარგია, მაგრამ ფორტეპიანო სულ სხვაა.

თუ ყველაფერი ლოგიკურად ვერ დავაკავშირე, არაუშავს, ხშირად შთაგონებაც ალოგიკურია ხოლმე.

პ.ს. მადლობა მჟავე კიტრს შთაგონებისათვის.

მე, ყველაზე მაგარი ვარ!

with 14 comments

ცოტა ხნის წინ, ამერიკის თითქმის ყველა დიდი ქალაქის ქუჩებში უჩვეულო ნიშნები გამოჩნდა. იდეა მეტად ორიგინალურია – ქუჩებში მხოლოდ საგზაო ნიშნების, რეკლამების და აბრების არსებობას ახალისებს.

ჰანა, მარკესის “მარტოობის ასი წელიწადი” გახსოვს? მგონი მანდ არის ხომ, ქალაქის მცხოვრებლებს ყველაფერი რომ ავიწყდებათ და მაგის საწინააღმდეგოდ ხეს აწერენ ხეს, კედელს – კედელი, სახლს – სახლი და ა.შ. ოკეანის გაღმა ქალაქების ქუჩებში გაჩენილმა ნიშნებმა სწორედ ეს გამახსენა. გაბრიელ გარსია მარკესი ნამდვილად არაფერ კავშირში ქუჩებში ახალი ნიშნების დადგმაში, მაგრამ არც რეალური ავტორია ცნობილი. trustocorp – აი, ამ სახელით მოქმედებს ის ხალხი, ვინც ამ ყველაფერს აკეთებს. ისინი ამბობენ რომ მათი მიზანია ხალხს ღიმილი მოჰგვარონ და სასურველია თუ ცოტაც დაფიქრდებიანო.

წარმოიდგინე, ჩვენთანაც გააკეთეს მსგავსი რამ და ფეხით მოსიარულე “მაგარმა ტიპმა”, – რომელიც “ქემელ ლიგის” და მსოფლიო ჩემპიონატის მრავალგზის გამარჯვებულია გრძელ დინსტანციაზე გადაფურთხებაში, ასევე ყველა იმ ნიშნით არის კბილებემდე შეიარაღებული რაც აუცილებელია “მაგარი ტიპობისთვის”, – დაინახა წარწერა: “შენ არ ხარ მაგარი ტიპი”, როგორ გგონია რას იზავს? ალბათ, მივა და ზედ საკუთარ “კლიჩკას” ამოკაწრავს “ბაბაჩკის” წვერით.

მერე რა, თუკი ნიუ–იორკში არ ვცხოვრობ და ქუჩაში სეირნობისას ვერ ვნახავ მსგავს ნიშნებს, სამაგიეროდ, თუ მოვინდომე მეც გავიღიმებ და დავფიქრდები კიდეც.

ყველაზე მეტად მომეწონა ნიშანი წარწერით: “YOU ARE NOT COOL”. ვნახე, გავიღიმე, დავფიქრდი…

1970 – იან წლებში, ა.შ.შ.–ს რადიოსადგურით გადაიცემოდა გარისონ კეილორის (Garrison Keillor) რადიოშოუ, რომელშიც საუბარი მიდიოდა გამოგონილ ქალაქ Lake Wobegon–ზე, სადაც: “ყველა ქალი ძლიერია, ყველა კაცი მომხიბვლელია და ყველა ბავშვის შესაძლებლობები საშუალოზე მაღალია”. მოგვიანებით კეილორმა წიგნიც დაწერა: “Lake Wobegon Days”, ფსიქოლოგიაში კი გაჩნდა ტერმინი – Lake Wobegon–ის ეფექტი, რაც იმას ნიშნავს რომ ადამიანების უმრავლესობა საკუთარ თავს სხვასთან შედარებით უფრო მაღალ შეფასებას აძლევს. მაგალითად, გამოკითხეს მძღოლები, რომელთა უმრავლესობაც საკუთარ თავს საუკეთესოდ მიიჩნევდა. გამოკითხეს მოსწავლეები, მათი უმრავლესობაც თვლიდა რომ თანაკლასელებზე ძლიერები იყვნენ. დაადგინეს რომ ადამიანს რაც ნაკლები აქვს იტელექტის კოეფიციენტი,(IQ) მით უფრო დიდი წარმოდგენა აქვს საკუთარ თავზე, და პირიქით – მაღალი IQ მქონე ადამიანები, უფრო სწორად აფასებდნენ თავიაანთ შესაძლებლობებს.

ფსიქოლოგების მოსაზრებით, საკუთარ თავზე დადებითი წარმოდგენის ქონა ზოგადად ცუდი არაა, თუკი ის გადაჭარბებული დოზით არ არის. ზედმეტად სრულყოფილების განცდაში კი არასლულფასოვნების კომპლექსი იმალება. არსებობს ბევრი შემთხვევა, როცა ადამიანი დანაშაულს სრულყოფილების კომპლექსის გამო სჩადის. (დოსტოევსკის “დანაშაული და სასჯელი” გაიხსენე და ჰიჩკოკის “თოკი”.) სირთულეების გადალახვისა და იმედგაცრუების შიშის გამო, ადამიანს ეჭვი უჩნდებ საკუთარ შესაძლებლობებში და არასრულფასოვნების განცდა ეუფლება, თუმცა ხშირად მას მაინც ჰგონია რომ სხვაზე მაგარია, და თავის პასიურობას სიზარმაცით ხსნის. (ნიჭიერები ვართ, მაგრამ ზარმაცები.) წარუმატებლობის სხვისთვის და სხვა ფაქტორებზე  გადაბრალება ყველაზე მარტივი გამოსავალია. ასეთი ადამიანები ამბობენ: რომ არ მეზარებოდეს პრეზიდენტი გავხდებოდი. (საოცარია პირდაპირ, ნუთუ არსებობს ქვეყანა, სადაც ადამიანებს პრეზიდენტობა ეზარებათ?!)

ვფიქრობ, ადამიანი მუდმივად უნდა ისწრაფვოდეს სრულყოფილებისაკენ, (მერე რა, რომ ვერასდროს ვერ მიაღწევ სრულყოფილებას? მუღამიც მაგაშია!) რისთვისაც მას ზომიერი არასრულფასოვნების განცდა სჭირდება, რაც მისთვის მამოძრავებელი ძალა უნდა გახდეს.

ხო, კიდევ ერთი, სრულყოფილებისაკენ მოძრაობისთვის ჩემთვის საჭიროა “შენ” არსებობდე. სანამ გაგიცნობდი, მე ვიყავი მანქანა ბორბლების გარეშე, შენთან ურთიერთობამ კი ბორბლები შემასხა. დროებით ჰანა,  ჩემო ძვირფასო, ჩემო ბორბალო. (ღიმილი)

არავინ

მე–13 პაემანი

with 11 comments

დღეს ჩვენი მე–13 პაემანი მინდა გავიხსენო. შენი ორიგინალური იდეები ყოველთვის მაოცებს, მაგრამ ტყის სიღრმეში, ბეწვის ხიდზე, შეხვედრა მაინც განსაკუთრებული იყო. ახლაც რეალურად ვგრძნობ იმ ადგილას გამეფებულ გარემოს. უცნაური ადგილი აღმოჩნდა, უცნაური და ამავდროულად ცოტა ფანტასტიკურიც. ჯერ მარტო ისეთი ჩუმი ხმაური იდგა ირგვლივ.

იცი რას მაგონებს ეგ სიჩუმე? წარმოიდგინე რომ ჰოლივუდში გადაღებულ ისტორიულ ფილმს უყურებ, სპეცეფექტებით და ყველა იმ დეტალით რაც მსგავსი სიუჟეტის ფილმს სჭირდება. საბრძოლო ბატალიების დროს კი ცოტა ხნით კადრი გააჩერე და ყური მიუგდე – უამრავ ხმას გაიგონებ!

ხმლების ჭახა–ჭუხს, ცხენების ჭიხვინს და ფლოქვების თქარათქურს, მეომრების ქოშინს, ყვირილს, ვაის, უის, კვნესას, დაჭრილი მებრძოლების სხეულიდან შადრევანივით ამოხეთქილი სისხლის ხმას, სისხლის მიწაზე დინების ხმას… აი, იმ უდაბურ ადგილასაც ზუსტად ეგეთი სიჩუმე იყო. პაუზის ღილაკზე თითის დაჭერა და ყველაფერი ერთნაირად ახმაურდებოდა. მაგრამ გადავრჩით. (ღიმილი)

მაშინ შენ ერთ მომენტში მკითხე – რაზე ფიქრობ? – მე გიპასუხე: არაფერზე მეთქი. ვიცრუე. არ მინდოდა სასიამოვნო დუმილი დამერღვია. სამაგიეროდ ახლა გაგიზიარებ ჩემ იმდროინდელ ფიქრებს.

ბედისწერაზე და შემთხვევითობაზე ვფიქრობდი ჰანა. ტორტონ უაილდერის (Thornton Wilder) წიგნი გამახსენდა – The Bridge of San Luis Rey. მოთხრობა პერუს მთებში ხიდის ჩანგრევით იწყება, რასაც ბერი შეესწრო, რომელიც ბედის წყალობით ხიდის ჩანგრევამდე ორიოდე წუთით ადრე გაჩერდა იქვე ახლოს – სულის მოსათქმელად. უბედურ შემთხვევას ხუთი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ბერმა კი გადაწყვიტა მათი წარსულის შესახებ ფაქტები შეეგროვებინა და შეძლებისდაგვარად დაედგინა თუ რატომ მაინცადამაინც ის ადამიანები და არა სხვები. რა იყო ეს, შემთხვევითობა თუ ბედისწერა?

ხიდზე იმას ვფიქრობდი, ჩვენი ერთმანეთთან შეხვედრა ბედისწერა იყო თუ შემთხვევითობა. რატომ არ ჩაინგრა მაშინ ხიდი როცა ჩვენ გავიარეთ? და თუ ჩაინგრეოდა რა იქნებოდა ამის მიზეზი?

ამ თემზე სხვა დროსაც მიფიქრია. ალბათ, ხვდები რომ პასუხის გაცემა ადვილი არაა. თვითონ წიგნი კი ძალიან საინტერესოა და გირჩევ წაიკითხო. ავტორს ნაშრომისთის პულიცერის პრემია მიანიჭეს და ასევე აღიარებულია ამერიკული ლიტერატურის კლასიკურ ნაწარმოებად. წიგნის თავიდან – ბოლომდე გააზრება არც ისე ადვილი საქმეა. მასში ვერც ცალსახა პასუხებს მიიღებ დასმულ კითხვებზე. მე საკმაოდ ადრე წავიკითხე და კარგად აღარც მახსოვს. ბოლოს ერთ ნაწყვეტს მოვიტან წიგნიდან:

А скоро и мы умрем, и память об этих пятерых сотрется с лица земли; нас тоже будут любить и тоже забудут. Но и того довольно, что любовь была; все эти ручейки любви снова вливаются в любовь, которая их породила. Даже память не обязательна для любви. Есть земля живых и земля мертвых, и мост между ними – любовь, единственный смысл, единственное спасение.

არავინ

ასანთი “ზებრა”

with 16 comments

გაზქურა ავანთე, ჩაიდანით წყალი ავადუღე, ჩაი დავასხი ორ ფინჯანში, შაქარი ჩავყარე, (უშაქრო ჩაის რა გემოს ატან?) ორივე ფინჯანი მაგიდაზე დავდგი. სკამზე დავჯექი, ჩაის ჭიქიდან ამომავალ ორთქლს სული შევუბერე და შენი ჩაის ჭიქიდან ამომავალ ორთქლს შევურიე – ჩვენი ჩაის ორთქლები ერთმანეთს შეხვდა. (ღიმილი) რადგან მე ბევრჯერ შევუბერე სული ორთქლს, უფრო მალე გაცივდა ჩაი და შენი ჩაის ორთქლი, რომელიც უფრო ცხელი იყო, (რადგან არავინ უბერავდა სულს) უფრო მაღლა ავიდა ვიდრე ჩემი ჩაის ორთქლი – ჩვენი ორთქლები ერთმანეთს დაშორდნენ.

ჩაის სმის დროს ასანთის კოლოფი მეჭირა ხელში და ვათამაშებდი. ჰაერში ვაგდებდი და ვცდილობდი მაგიდაზე ვერტიკალურ მდგომარეობაში დამეყენებინა, თან კოლოფის შიგნით ასანთის ღერების ჩხრიალს ვუსმენდი – მიყვარს ეგ ხმა.

ამავდროულად კოლოფზე გამოხატულმა ზებრამ მიიქცია ჩემი ყურადღება. რა უნდა ზებრას ასანთის კოლოფზე? – მაშინვე ეს კითხვა გამიჩნდა. ან აქამდე როგორ არ მიფიქრია ამის შესახებ.

ზებრის გარშემო დიდი კამათია ატეხილი, ვეღარ გაურკვევიათ იგი შავია თეთრი ზოლებით თუ პირიქით. მაგ კითხვაზე ერთი გონებამახვილური პასუხი მაქვს გაგებული: შავკანიანებისთვის ზებრა შავი ცხოველია თეთრი ზოლებით, თეთრკანიანებისთვის კი თეთრი – შავი ზოლებით. მეტაფორების მოყვარულები ზებრას ადამიანის ცხოვრებას ადარებენ და მის შავ–თეთრ ზოლებს, ადამიანის ცხოვრებაში არსებულ ცუდ და კარგ პერიოდებს უკავშირებენ. მეც მომწონს მსგავსი შედარება. ისიც არ უნდა დაგავიწყდეს რომ ზებრის სხეულის მოხატულობა უნიკალურია და არ მეორდება, როგორც ადამიანის თითის ანაბეჭდი. ყველა ადამიანის ცხოვრებაც განსხვავებულია ერთმანეთისგან და ამ მხრივაც ჰგავს ზებრის შავ–თეთრი ზოლების განლაგებას. პესიმისტები იმასაც ამბობენ: ზებრას ყოველთვის ერთით მეტი შავი ზოლი აქვსო – ვეთანხმები, თუმცა მაგას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს.

დავუბრუნდეთ კითხვას – რა უნდა ზებრას ასანთის კოლოფზე? თავიდან მეგონა რომ თავად ზებრის “ფილოსოფიური ხასიათიდან” გამომდინარე იქნებოდა ასანთის კოლოფზე. ასანთიც ხომ ანთებამდე ღია ფერისაა, მერე კი იწვება და შავდება, ანუ თეთრ ფერს მოსდევს შავი ფერი. არის რაღაც ლოგიკა? მეგობრაბსაც ვკითხე: ერთმა მითხა ზებრა ჩემთვის სიცხესთან ასოცირდება და ასანთზეც შეიძლება მაგიტომ ხატიაო, მეორემ მითხრა, ალბათ, ასანთის გამომშვები ფაბრიკის დირექტორსაც ჩემსავით ძალიან უყვარს ზებრებიო.

ინტერნეტში ვცადე უფრო ზუსტი პასუხის მოძებნა, მაგრამ ბევრს ვერაფერს მივაგენი. ერთი ის გავიგე, რომ მოსკოვთან ახლოს მდებარე ქალაქში არსებული ასანთის ფაბრიკა უშვებს ზებრებიან ასანთს ბულგარეთის დაკვეთით. ხო, სხვათაშორის მაგ ფაბრიკაში თურმე გაბრაზებული პენსიონერები რეკავენ შემდეგი ტექსტით: გუშინ მაღაზიაში ასანთი შევიძინე, დავთვალე და კოლოფში 42 ღერი აღმოჩნდა, მაშინ როცა მეზობლის კოლოფში 46 ღერი იდო… (წესით და რიგით კოლოფში 45 ღერი უნდა იდოს.)

ასანთის შექმნის ისტორიასაც გადავხედე და მივხდი: ზებრის ასანთის კოლოფზე ყოფნის ასახსნელად განსაკუთრებით ღრმა აზრების ძიება უაზრობა. მარტო ზებრა კი არა? ასანთის კოლოფზე უამრავი რამის ნახვაა შესაძლებელი, შენ მარტო წარმოიდგინე: ცხოველები, ფრინველები, თვითმფრინავები, ადამიანები და ა.შ. ფილატელისტი კი ვიცოდი მაგრამ ვინმე ასანთის კოლოფებსაც თუ აგროვებდა არ მეგონა, ამ ყველაფერს ფილუმენია ეწოდება.

წითელი თავუკა რომ აქვს ასანთს ეგეთი მომწონს მე. შენს ცოტა ხნით წითურად შეღებილ თმებს მაგონებს, ჩემო ჰანა, ჩემო ასანთის ღერო. (ღიმილი) ადამიანი ასანთის ღერი – ანუ რას ავანთებდი ერთხელ ანთება რომ შემეძლოს?  ნერონი ამაზე დაუფიქრებლად გაგცემდა პასუხს: ის რომს შეენთებოდა. მე კი გეტყვი რომ შენ წაგიკიდებდი ცეცხლს და სანამ ჩავიფერფლებოდით ერთად ვივლიდით…

პ.ს. ასანთის ღერის სევდა – და რა ძნელია იყო ასანთის ღერი, და კბილის საჩიჩქნად გამოგიყენონ.

არავინ