e2-e4

დედოფლის ბედნიერებისთვის მებრძოლი პაიკის ბლოგი

Archive for მაისი 2010

ნატიფი

with 7 comments

გამარჯობა ჩემო ნატიფო!

სომერსეტ მოემის რომანს ვკითხულობდი, “მთვარე და ექვსპენიანი”, წიგნში ერთი ჩვეულებრივი ფრაზა შემხვდა: ნატიფი, სამხედროსავით დამახასიათებელი ზიზღით წარმოსთქვაო. ვისთვის ჩვეულებრივი, ჩემში კი ამ წინადადებამ მეხსიერებაში მოგონებები ამოატივტივა. ახლა შევეცდები მოგონებებიდან ერთი ტივი შევკრა და ერთად გავცუროთ ზღვაში. მესაჭე მე ვიქნები, შენ წინ დამიჯექი და ასე ვიცუროთ. (ღიმილი)

თავიდანვე ვიტყვი რომ სიტყვა ნატიფი ძალიან მიყვარს. ნატიფი – კარგად ჟღერს, მე ასე მესმინება. ნატიფი –ლამაზად გამოკვეთილი, მშვენიერი, მოხდენილი, ფაქიზი, – ასეა განმარტებული ეს სიტყვა.

სავალდებულო სამხედრო სამსახურში მსახურობისას, ვარჯიშის დროს, სამხედრო ნაწილიდან ქუჩაში გამოვდიოდით მთელი ასეული და სამხედრო დისციპლინის დაცვით, მწყობრად დავრბოდით. ქუჩაში, ერთ–ერთ შენობას პატარა აბრა ეკეთა, რომელზეც “ნატიფი ხელოვნების სკოლა” ეწერა. სიტყვა ნატიფი დიდი, დანარჩენი კი შედარებით მცირე ზომის ასოებით. ამიტომ ყოველთვის მიხაროდა იმ ქუჩაზე ჩარბენა. ჯერ სამი ის, რომ სამხედრო ნაწილიდან გარეთ გადიოდი, “გრაჟდანზე”, მეორე ის რომ გოგონებსაც შეათვალიერებდი და პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი – ნატიფი, ამ საოცარი ასოთწყობის ამოკითხვა კიდევ ერთხელ შემეძლებოდა.

ეს ის ცნობილი სკოლა არ არის, პარიზში, ლუვრის მოპირდაპირედ რომ დგას და საინტერესო არქიტექტორებს ზრდის, რომლებმაც მოგვიანებით მრავალი ნატიფი შენობა შემატეს პარიზს, ბოზ–არტის (Beaux-Arts) სტილის სახელით ცნობილი. ის შენობა მუდამ დაკეტილი იყო, მაგრამ ჩემთვის აბრაზე “ნატიფი”–ს დანახვა მაინც ერთგვარი შვება იყო სამხედრო სამსახურის მოსაწყენი და ძალზედ უხეში ცხოვრების სტილიდან გამომდინარე.

ასე რომ ჩემთვის სრულიად გასაგებია, თუ როგორი ინტონაციით იტყვის ნამდვილი სამხედრო პირი სიტყვას, ნატიფი. რომელ სინატიფეზეა საუბარი როცა ოფიცერი ავიაგამანადგურებლის მიერ დაბომბვას სილამაზეს უწოდებს. ადამიანი პროფესიის მიხედვით იცვლება, და ეს ნორმალურიცაა. ასევეა სამხედროც, ისიც იცვლება, განსაკუთრებით ომის შემდეგ.

ახლა ერთ ფილმზე მოგიყვები. ეს არის ორენ მოვერმანის ფილმი “მაუწყებელი”. (“The Messenger”) კოტია ფოსტალიონი ხომ გახსოვს? (ფილმი “მე, ვხედავ მზეს”) გამწარებული, სოფლის კრებაზე წერილებით სავსე ჩანთას რომ დააგდებს ძირს და ღმერთს შესთხოვს, ჩამოდი დედამიწაზე და შენ თვითონ დაარიგე წერილები, აღარ მინდა მე ფოსტალიონობა და სოფლელებისთვის მათი შვილების ფრონტზე დაღუპვის ცნობების მიტანაო. მოგეხსენება ამერიკელები პრაგმატული ხალხია, ისინი ღმერთის დედამიწაზე ჩამოსვლას ვერ დაელოდებოდნენ და ამიტომაც პენტაგონში სპეციალური განყოფილება შექმნეს (Casualty Notification), რომლის ამოცანაც ომში დაღუპული ამერიკელი მებრძოლების შესახებ მათი ოჯახის წევრებისათვის და ნათესავებისათვის ინფორმაციის დროულად შეტყობინებაა. სწორედ ამაზეა მოვერმანის ფილმიც.

ფილმის მთავარ გმირებს, კაპიტან ტონის (ვუდი ჰარელსონი) და სერჟანტ ვილის (ბენ ფოსტერი) მეტად რთული მისიის შესრულება უწევთ. დამეთანხმები ადვილი არ არის კარზე დაკაკუნება და მშობლისთვის იმის თქმა, რომ მისი შვილი დაიღუპა. ამასთან ერთად საჭიროა წინასწარ განსაზღვრული ინსტრუქციის დაცვა, მაგალითად ჯობია კარზე დააკაკუნო, თორემ ზარად შეიძლება რაღაც მხიარული მელოდია იყოს. ასევე პირდაპირ უნდა უთხა – ის დაიღუპა, ან მოკვდა. არ შეიძლება თქვა, ჩვენ ის დავკარგეთ, რადგან ეს ორაზროვანი ნათქვამია. აკრძალულია დაღუპული მებრძოლის ოჯახის წევრს ხელით შეეხო. მოკლედ, მაუწყებლები, რომლებთაც ამერიკელებმა “სიკვდილის ანგელოზები” უწოდეს, დიდი პროფესიონალიზმით და მე ვიტყოდი მკაცრი სინატიფით ასრულებენ თავიაანთ საქმეს.

ფილმში, ერთ–ერთი დაღუპული მეომრის ქვრივი, სერჟანტს ასეთ ამბავს უყვება: ერთხელ კარადა გავაღა, საიდანაც პერანგი (ქმრის) გადმოვარდა. მე მას ვუსუნე. საშინელი სურნელი ჰქონდა. საზიზრარი. ეს არც ქალის სურნელი იყო, არც სასმელის, არც თამბაქოს კვამლის. მას სიბრაზის, გაღიზიანების სუნი ასდიოდა… და შიშის. მას იმ ადამიანის სუნი ასდიოდა, როგორ ადამიანადაც ის იქ იქცა.

აი, ხომ გეუბნებოდი ომი ცვლის ადამიანს მეთქი. ამით ჩვენი ცურვა დამთავრდა. კარგად ჩემო ლამაზად გამოკვეთილო.

არავინ

სიტყვებზე მეტი

with 10 comments

ყველაფერს სიტყვებით ვერ გადმოსცემ, სხვა დანარჩენისთვის კალიგრამი არსებობს.

დღეს, როგორც ყოველთვის, შენზე ვფიქრობდი, შენზე და ჩვენს მომავალზე. ყრუ – მუნჯების ქორწილში მიმავალი მუსიკოსის ფიქრები მომდიოდა თავში. მუსიკოსის, რომელსაც ვერ გაეგო თუ რა უნდა გაეკეთები ქორწილში, სადაც ქორწილის ყველა სტუმარი ყრუ –მუნჯი იქნებოდა – რა აზრი ექნებოდა მის მიერ შესრულებულ მუსიკას?! მერე, ბუნდოვან და გაურკვეველ მომავალზე ფიქრს შევეშვი და პიკასოს მოპარული ნახატზე ცნობების კითხვის წყალობით ჩემთვის სრულიად უცნობი მხატვარი აღმოვაჩინე, რომელიც ნახატებს საბეჭდი მანქანის საშუალებით ქმნიდა. ამაზე ცოტა მოგვიანებით.

ადამიანმა მრავალი ათასწლეულის წინ დაიწყო ინფორმაციის გრაფიკულად გადმოცემის გზების ძიება. პირველ მცდელობას კლდეებზე შესრულებული ნახატები წარმოადგენს. ასეთი პიქტოგრაფიული ნამუშევრების უძველესი ვარიანტები აღმოჩენილია დევანდელი ერაყის ტერიტორიაზე, ჩინეთში.

შემდეგ პიქტოგრამამ ევოლუცია განიცადა და გაჩნდა იდეოგრამა. იდეოგრამა არის გრაფიკული სიმბოლო და გამოხატავს მთელ სიტვას, საგანს, იდეას. დიდი ხნის მანძილზე პიქტოგრამა და იდეოგრამა ერთობლივად გამოიყენებოდა ინფორმაციის გადმოსაცემად. ამის კარგი მაგალითია მაიას ტომების გრაფიკული წერილები.

წლების განმავლობაში იდეოგრამამაც განიცადა ცვლილება და უფრო აბსტრაქტული ხასიათი მიიღო. უკვე მნიშვნელოვანი აღარ იყო საგანი და მისი განმომხატველი გრაფიკული სიმბოლო ვიზუალურად ერთმანეთის მსგავსი ყოფილიყო.

დაახლოებით ჩვ. წ. ა – მდე III – II ათასწლეულის მიჯნაზე დაიწყო გრაფიკული ნიშნების ბგერით გადმოცემა. ამავე პერიოდში შეიქმნა ანბანი, რომელის შექმნაც შუმერებს უკავშირდება.

ანბანის შექმნის მერე კი დაიწყო კალიგრაფიის (kali – ლამაზი, gramma – წერილობითი ნიშანი) გაუმჯობესება. იმის გამო, რომ საუკუნეების მანძილზე ადამიანს ხელით უხდებოდა დიდი მოცულობის ტექსტების გადაწერა, მისმა დონემ განვითარების მაღალ მწვერვალებს მიაღწია. სამაგიეროდ მე მაქვს საშინელი კალიგრაფია. მე–11 კლასშიც კი მასწავლებელმა “უ” და “ბ” ასო  გამომიწერა პირველკლასელივით, იმდენად საშინლად ვწერდი. (ღიმილი)

თუ რამე არ ავურიე ეს იყო დამწერლობის განვითარების მოკლე ისტორია. ყველაფერი კი იმიტომ დავწერე რომ კალიგრამის შესახებ გითხრა.

ტერმინი კალიგრამი პირველად ფრანგმა პოეტმა, გიიომ აპოლინერიმ იხმარა. იგი ორი სიტყვის შერწყმით წარმოიქმნა – კალიგრაფია და იდეოგრამა. (შენ უკვე იცი თუ რას ნიშნავს კალიგრაფია და იდეოგრამა. )

მართალია ტერმინი გვიან გაჩნდა, თუმცა ჩვ. წ. აღ – მდე III საუკუნეში უკვე იქმნებოდა კალიგრამის ნიმუშები. ის პოპულარული იყო ძველ საბერძნეთში, შუასაუკუნეების ევროპაში და მეტ – ნაკლებად ახლაც პოპულარული, მაგრამ არც ისე ცნობილი და გავრცელებულია.

საბეჭდი მანქანის გამოგონებამ კი ახალი შტრიხები შემატა გრაფიკულ პოეზიას. კალიგრამის სხვადასხვა სახეობა გაჩნდა. მხატვარმა, რომელზეც ზემოთ გითხარი, საერთოდ არ ხმარობდა ასოებს და მხოლოდ დეფისით, წერტილით და სხვა მსგავსი ნიშნებით ქმნიდა ნახატებს საბეჭდ მანქანაზე. ეს ინგლისელი მხატვარი არის  Dom Silvester Houedard.

მხატვრის სხვა ნამუშევრები შეგიძლია ნახო აქ. კიდევ უამრავი ადამიანის დასახელება შეძლება რომლებიც კალიგრამებს ქმნიდნენ და დღესაც ქმნიან, მაგრამ არ ჩამოვთვლი.

ტატიანა მანკოვას ნამუშევრები არის აქ.

ახლა ჩემ ნახლაფოთარ კალიგრამებს გაჩვენებ:

შენ რომ ქოლგა არ დაგრჩენოდა სახლში, ალბათ, ამ კალიგრამას ვერ შევქმნიდი.

ამას კი მხოლოდ ტოტალიზატორში მოთამაშე ადამიანი გაიგებს. ბილეთში მარტო ერთი თამაში რომ დარჩება “დასასმელი”, ის ერთი თამაშიც თავიდან სასურველი შედეგით რომ წავა, მაგრამ….

აქ კი ცოტა წავიპლაგიატე. ზუსტად ასეთი კონსტრუქციის კალიგრამი ვნახე სხვის მიერ შესრულებული, მე უბრალოდ სიტყვები შევცვალე. ის ნამდვილად ზუსტად გამოხატავს ჩვენს მდგომარეობას – თან ახლოს ვართ და თან ერთად არ ვართ. ხოდა თუ წავედით ზღვაზე, ვუცქიროთ მზის ჩასვლას, სველ სილაზე კალიგრამები ვხატოთ და კიდევ ის ვაკეთოთ რასაც ვერც სიტყვებით და ვერც კალიგრამით ვერ გადმოსცემს ადამიანი.

არავინ

სოლარიუმი

with 11 comments

გამარჯობა ჰანა!

რომ იცოდე როგორ მენატრები… სადაც არ უნდა წავიდე ყველგან შენ გხედავ. ქუჩაში მაწანწალა ძაღლი შემხვდა, დიდ, შავ თვალებში შევხედე და იქაც შენ დაგინახე, მერეღა მივხვდი, მის თვალებში მხოლოდ შიშმშილის გრძნობა ჩანდა – მეტი არაფერი.

საღამოთი რძეს ვსვავდი და შენი თოლიასავით თეთრი სხეული მომაგონდა. ხო, მართლა, რას გადაეკიდე ამ სოლარიუმს? შეეშვი რა ამ ხელოვნურ გარუჯვებს. გასაგებია, კაკაოც კარგია, მაგრამ მე რძე მირჩევნია. იმასაც ამბობენ ულტრაიისფერი სხივები მავნებელია ჯანმრთელობისთვისო.

აკვა და არომა შხეფებს ნატურალური მზის სხივები ჯობია. ხომ იცი, ადამიანები ოდითგანვე თაყვანს სცემდნენ მზეს, მაშინ როცა ისინი კერპთაყვანისცემლები იყვნენ, ახლა კი ხელოვნური მზის აბაზანები მოიგონეს და მას სცემთ თაყვანს.

ჯერ ჰორიზონტალურიო, მერე ვერტიკალური სოლარიუმი და ამის შემდეგ იმაზე დაიწყეს კამათი რომელია უკეთესი, რომლის საშუალებით უფრო სწრაფად ხდება კანის გაშოკოლადისფრება. არადა ისიც არ იციან რომ ნამზეურის სწრაფად მიღება სულ სხვა კომპონენტებზეა დამოკიდებული. მნიშველოვანია ნათურების რაოდენობა, მათი სიმძლავრე და UV-A, UV-B სხივების ურთიერთქმედება.

ზოგიერთი ყოველდღე დადის სოლარიუმში და აქამდე ისიც ვერ გაიგო რომ “ზაგარი” ქართული სიტყვა არ არის (ეს რათქმაუნდა შენ არ გეხება) და მის მაგივრად სიტყვა გარუჯვა, ასევე, კიდევ უფრო ნაკლებად გავრცელებული სიტყვის – ნამზეურის ხმარება ჯობია. თუმცა ნამზეური როგორ უნდა იხმარო ზამთარში. კარგი, მაშინ ნასოლარიუმი. (ღიმილი)

სოლარიუმის მავნებლობა ვახსენე ზევით – კანის კიბოს იწვევს თურმე, თვალებზეც უარყოფითად მოქმედებს და მასზე დამოკიდებულებას იწვევს. ერთგვარი ნარკომანი შეიძლება გახდე – ულტრაიისფერ სხივებზე დამოკიდებული, რასაც ტანორექსია ჰქვია. კიდევ სითეთრის შიში ჩნდება. წარმოიდგინე ჰანა, დილით იხედები სარკეში და შენ თავს სრულიად თეთრს ხედავ, შენ გეშინია და საწოლის ქვეშ ძვრები, ამ დროს მე შემოვალ ოთახში, მკერდში ჩაგიკრავ და დაგამშვიდებ. (ღიმილი) ბევრ ქცეყანაში 18 წლამდე ადამიანებს ეკრძალებათ სოლარიომში სიარული. შენ დიდი ხანია 18 წლის აღარ ხარ, ეს უბრალოდ ცნობისთვის გითხარი.

ახლა, ზედმეტად ცალმხრივად რომ არ გამომივიდეს იმასაც გეტყვი, სოლარიუმს დადებითი მხარეებიც აქვს.  პროცედურის დროს ადამიანი თავს ბედნიერად გრძნობს, დეპრესია რა არის საერთოდ ავიწყდება და თავში ეგძოტიკური აზრები მოსდის.

ეგზოტიკურ აზრებს სოლარიუმი რად უნდა. ცოტაც მოითმინე, მზემ ძალა მოიკრიბოს და მის სხივებს მივუშვიროთ მკერდი ზღის ნაპირას შეზლონგზე წამოწოლილებმა. გახსოვს ბავშვობაში კოკო შანელით რომ გაშინებდნენ? ხოდა, ისიც იცოდე, კოკო შანელს მიუძღვის დიდი წვლილი ფრიდრიხ ვოლფის მიერ მოგონილი აპარატის პოპულარიზაციაში. (სოლარიუმის აპარატზე მოგახსენებ.)

ვზივარ და ვიღიმი, მაგარი ხარ ჰანა, მაინც როგორ მოიფიქრე სოლარიუმში წიგნის კითხვა?!

კარგად, ჩემო ჭკვიანო გოგონა.

არავინ

არაჰუმანური უტოპია

with 12 comments

ცოტა ხნის წინ, ირანულმა მედიამ, გააცრცელა მაღალი რანგის სასულიერო პირის ქადაგებიდან ნაწყეტი. აი, ისიც: “მრავალი ქალი, რომელიც მოკრძალებულად არ იცვამს… რყვნის ახალგაზრდა კაცებს, ლახავს მათ პატიოსნებას და ავრცელებს ღალატს, რაც ამრავლებს მიწისძვრებს”.

გამოდის, ყველაფერი ქალების ( თუ, გარყვნილი კაცების?) ბრალი ყოფილა, მიწისძვრაც და ვულკანიც, რომელიც 14 აპრილს ამოიფრქვა ისლანდიაში.

ვულკან ეიაფიალაიოკულის (რომლის გამოთქმაც ვულკანის ამოფრქვევაზე უფრო რთულია) გაღვიძებამ ევროპას დიდი პრობლემები შეუქმნა. ვულკანიდან ამოსულმა ფერფლმა უზარმაზარი ღრუბელი გააჩინა ევროპის თავზე, რამაც საჰაერო გზებზე, ზვავის ჩამოწოლის ეფექტი შექმნა და ცათმფრენების მიმოსვლა სერიოზულად შეაფერხა. თვითმფრინავებმა ასაფრენ ბილიკზე დაიდეს ბინა, გასაფრენად გამზადებულმა მგზავრებმა კი აეროპორტის მოსაცდელში. სერიოზულად დაზარალდა ეკონომიკა. ევროპა დიდ “ვულკანიზაციას” დაემსგავსა.

ევროპაში ახალი ტერმინი გაჩნდა – volkation. ტერმინი ორი სიტყვის ნაზავს წარმოადგენს: volcano – ვულკანი და vacation – არდადეგები, ანუ “ვულკანური არდადეგები”.

ისლანდიაში ვულკანის ამოფრქვევა ახალი ხილი არ არის, ასეთები ადრეც მომხდარა, მაგალითად 1821 – 1823 წლების განმავლობაში დიდი წარმატებით აბინძურებდა გამოღვიძებული ვულკანი ევროპის ზეცას. ეიაფიალაიოკულთან ახლოს, სულ რამოდენიმე კილომეტრში, სხვა ვულკანიცაა – ლაკი – რომალსაც ჯერ სძინავს, თუმცა მისი ბოლო გამოღვიძების დროს (1783 წ.) მთელი ისლანდია ლავით დაფარა.

ექსპერტების პროგნოზებიც ნაკლებად დამამშვიდებელია. მათი ვარაუდით ვულკანი 60 წლის მანძილზე იბობოქრებს, ამორქვევის პიკი კი 2030 – 2040 წლებში ექნება. ძალიანაც არ შეშინდე ჰანა! იგივე ექსპერტები, მაშინ როცა მარტის შუა რიცხვებში ვულკანი გამოღვიძებას იწყებდა, ამბობდნენ რომ ამოფრქვევის საფრთხე არ იყო.

ისლანდიელი ვულკანოლოგი, ფროინშტეინ ზიგმუნდსონი, რომელიც 18 წლის მანძილზე სწავლობდა ეიაფიალაიოკის ხასიათს, ვულკანის ამოფრქვევის დროს პარიზში იმყოფებოდა და ძალიან წუხდა რომ თვალს ვერ ადევნებდა მისი ვულკანის თავს დატრიალებულ ამბებს. ერთი სტატიის ავტორი კი მის ვულკანს, მის საყვარლად მოიხსენიებდა. ასეა, რაც ერთისთვის საყვარელია, მეორისთვის თავის ტკივილია.

ვიცით, რომ ავიაკომპანიებმა დიდი ფინანსური ზარალი განიცადეს, სხვა საწარმოებმაც და კიდევ რომანტიკამ – ყვავილების ბიზნესი ჩავარდნილა სერიოზულად. თურმე ევროპაში ერთ ქალს ვერ ნახავდი ყვავილით ხელში. მილიონობით ადამიანი აეროპორტის მოსაცდელებში რომ დასახლდა უკვე გითხარი. ისე, თითოეულ მგზავრს შანსი მიეცა ვულკანური არდადეგების დროს ერთი წიგნი მაინც წაეკითხა და უფრო კარგი ადამიანი გამხდარიყო ვიდრე მანამდე იყო – ესეც დადებითი მხარე.

კიდევ შეილება დადებითი მომენტების აღმოჩენა ამ ამბებში, მაგრამ ასე გაგრძელება ნამდვილად აღარ შეიძლება. როგორმე უნდა შეაჩერონ მსოფლიოს ბოსებმა ვულკანის მოქმედება. იმის იმედად ყოფნა რომ ქალები გამომწვევად აღარ ჩაიცვამენ და კაცებს არ გარყვნიან, არ ღირს.

მე მოვიფიქრე გამოსავალი! საჭიროა ისლანდის ცენტრალურ ნაწილში აშენდეს დიდი ჭაბურღილი, რომელიც ძირამდე გაბურღავს კუნძულს, ნახვრეტიდან წყალი ამოვა და მთლიანად ჩაიძირება ისლანდია – პრობლემაც მოგვარდება.

ნაკლებად ჰუმანურია არა? რეალურად განუხორციელებელი იდეაა თორემ ისე ჩაძირავდნენ თვალსაც არ დაახამხამებდნენ. ამ ყველლაფრის შემხედვარე, კიდევ ერთხელ ვრწმუნდები ადამიანის უძლურებაში ბუნების წინაშე. ადამიანს შეუძლია გამოიგონოს კომპიუტერი, გასაბერი ქალი, იარაღი რომელიც მთელ მსოფლიოს გაანადგურებს, მაგრამ არ შეუძლია ხელი შეუშალოს ბუნების ჩანაფიქრს.

ახლა კი ნახე ვიდეო და მიხვდები, რომ ნამდვილად შეიძლება დედამიწის განადგურება ადამიანის მიერ შექმნილი “იარაღით”.

არავინ

ორნი ქოლგის ქვეშ

with 7 comments

კარგი რა ჰანა. ხომ გაგაფრთხილე, ორჯერ გაგიმეორე, ქოლგა როგორ დაგრჩა სახლში?! დაგავიწყდა დაგავიწყდა, კარგი, მაგრამ გაჩერებიდან სახლამდე 2 კილომეტრი ფეხით რომ არ გაგევლო არ შეგეძლო? ტაქსით მისულიყავი. ხოდა, ახლა სიცხეს რომ მოგცემს, დღეში სამი აბი რომანტიკა დალიე, თავთან  ქოლგა დაიდე და გიშველის.

ტყუილად გაქვს სამი ქოლგა. არადა ის შავ–თეთრ ზოლებიანი როგორ გიხდება! ადრე ქოლგის ხმარება მხოლოდ მმართველი ფენის წარმომადგენლებს შეეძლოთ. ასე იყი ძველ ეგვიპტეში, ჩინეთში, ინდოეთში. ინდოეთში ქვეყნის ხელმძღვანელს 13 ქოლგა ჰქონდა, როგორც ძალაუფლების სიმბოლო. 13 ქოლგა მზეს და 12 ზოდიაქოს ნიშანს განასახიერებდა.

შენ სულ სამი ქოლგა გაქვს მაგრამ მერე რა, მაინც ჩემი დედოფალი ხარ. მე თუ მკითხავ ერთიც საკმარისია – ორნი, ერთი ქოლგის ქვეშ.

სხვათაშორის საქართველოს ზოგიერთ კუთხეში ქოლგებს არ წყალობენ, კაცებს ვგულისხმობ. ერთხელ, ბიჭები ვსაუბრობდით და სიტყვა ქოლგაზე ჩამოვარდა, ერთმა ხაშურელმა თქვა: ჩვენთან კაცმა ქოლგით რომ გაიაროს ქუჩაში მაგრად დასცინებენო. მისი საუბრიდან ისე გამოვიდა რომ ქოლგით სიარული და დიდი “გრეხის” გაკეთება ერთიდაიგივეა.

ამის შემდეგ მეც დავაკვირდი მამაკაცის და ქოლგის ურთიერთდამოკიდებულებას და საინტერესო შედეგებამდე მივედი. დაკვირვების ობიექტი ერთ–ერთი რაიონის ცენტრალური ქუჩა იყო, რაიონს შეგნებულად არ ვასახელებ. მე ამ ყველაფერს ფანჯრიდან ვაკვირდებოდი და აი, რა მოხდა:

გაზაფხულის მზიანი ამინდი იდგა, ხეები გამწვანებული, მერცხლები მოფრენილები, ცაზე, მზის მიუხედავად ღრუბლებიც შეინიშნებოდნენ, ზოგიერთი ღრუბლის ნაგლეჯი ჯადოსნური ხალიჩასავით სწრაფად მოძრაობდა. ხალხიც მეტ–ნაკლებად გამოშლილიყო ქუჩაში, ქალი, კაცი, ბავშვი. მოულოდნელად ღრუბლები გახშირდნენ, მერცხლებმა მიწასთან ძალიან ახლოს დაიწყეს ფრენა და სულ ცოტა ხანში შხაპუნა წვიმაც წამოვიდა. წვიმის დაწყება და ქუჩის ხალხისგან დაცლა მომენტალურად მოხდა. წუთნახევარში ადამიანის ჭაჭანება აღარ იყო. სამი წუთის შემდეგ კი ნელ–ნელა გამოჩდნენ ფეხით მოსიარულეები ქოლგით ხელში. ერთი ქოლგა, მეორე, მესამე, შავი, ჭრელი, ლურჯი… მოკლედ ქოლგების მრავალფეროვნებას ვაკვირდებოდი და ამით ვერთობოდი. უცებ შევამჩნიე, ქუჩაში მხოლოდ ქალები დადიოდნენ! 20 წუთი წვიმდა და ამ დროს არც ერთ კაცს არ გაუვლია, არც უქოლგოთ და რასაკვირველია არც ქოლგით. არადა, წვიმის შეწყვეტასთან ერთად ისევ გამოჩნდნენ ქუჩაში კაცები, როგორც ტყეში სოკოები წვიმის შემდეგ.

შეიძლება ეს უბრალოდ სასწაული შემთხვევითობის ბრალია, მაგრამ რაღაც მეეჭვება. ხო, ქოლგა არც მე მაქვს, თუმცა ეგ არაფერს ნიშნავს. (ღიმილი)

ქოლგის ინგლისურ ენოვანი დასახელება მომწონს – umbrella. დააკვირდი როგორ ჟღერს, ქოლგაზე დაცემული წვიმის მსხვილი წვეთების ხმას მაგონებს – მბრელ, მბრელ.

კარგად. მომწერე როგორ იქნები. სხვა დროს კიდევ მოგიყვები ქოლგებზე, თუ ისევ დაგავიწყდება მისი წაღება.

არავინ

Written by ჯორჯ პაიკი

მაისი 11, 2010 at 14:52

3D

with 4 comments

სანამ წერილის წერას დავიწყებდი, მანამდე სავარძელში ვიჯექი და ჭერს შევყურებდი. წვიმის წვეთებმა გამოჟონა და ჭერზე სველი წერტილი გაჩნდა, რომელიც ნელ–ნელა იზრდება. ვუყურებდი მის გაფართოება – გაზრდას და იცი რა გამახსენდა? შენს ოთახში კედელი რომ მაჩვენე, სადაც მამაშენი წელიწადში ერთხელ სიმაღლეში გზომავდა და კედელზე ხაზს უსვამდა. როგორ სწრაფად იზრდებოდი ჰანა! ახლა სულ რაღაც ორი ასანთის ღერის სიგრძითღა ჩამომრჩები სიმაღლეში. (ღიმილი)

ცუდია მარტო წერილებით რომ ვახერხებთ ურთიერთობას. ნაბოკოვის “ლოლოტა” გამახსენდა. მანდ ერთი ფრაზაა ასეთი: დედამის მხოლოდ ორგანზომილებიან სივრცეში ხედავდაო. ანუ, მხოლოდ ეკრანზე. მე ეკრანზეც ვერ გხედავ.

სხვათაშორის, საუკუნის ბოლოს თუ კიდევ გამოსცემენ მაგ წიგნს, ფრაზის ბოლოს განმარტების გაკეთება მოუწევს რედაქტორს, რადგან საქმე ისე მიდის რომ მალე ორგანზომილებიანი სივრცე არავის ეცოდინება რას ნიშნავს.

3D ტექნოლოგიების განვითარების პერსპექტივაზე ვკითხულობდი ამას წინათ. კინოში უკვე იკიდებს ფეხს 3D, მალე ტელევიზორებში გვექნება მისით სიამოვნების საშუალება. ექსპერტების აზრით 2014 წელს მსოფლიოს მაშტაბით საერთო რაოდენობის  45% სამგანზომილებიანი ტელევიზორები იქნება. უკვე წლის ბოლოს იგეგმება  ახალი ტექნოლოგიით შექმნილი ტელევიზიის ეთერში გასვლა, სადაც თავიდან ცხოველების შესახებ დოკუმენტურ ფილმებს გაუშვებენ. ESPN კი ივნისში გასამართი ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის მატჩების ტრანსლირებას გეგმავს 3D ფორმატით.

შენ იცი, მე ჯერ არ დამიგემოვნებია 3D და ამიტომ ცოტა მიჭირს წარმოდგენა თუ როგორი შეიძლება იყოს ფეხბურთის რეპორტაჟები. ერთს კი ვფიქრობ, აი, კაგრი მომენტის გაფუჭების შემდეგ ფეხბურთელების დიდი ნაწილი, ზუსტად მაშინ როცა მათ ახლო ხედით გვიჩვენებენ ხოლმე, თავის ემოციას გადაფურთხებით რომ გამოხატავს, საინტერესოა 3D ფორმატში როგორი სანახავი იქნება ეგ მომენტი? არვიცი, უბრალოდ ვიკითხე.

ბელგიაში უკვე გამოდის გაზეთი, (La Derniere Heure) რომელშიც ილუტრაციები სამგანზომილებიანია, მოირგე სპეციალური სათვალეები და ისიამოვნე. სამხრეთ კორეაში მალე გამოუშვებენ წიგნს, საიდანაც, როგორც კვპირდებიან გმირები “გადმოხტებიან”. როდის მომწერ ისეთ წერილს რომ თან გადმოხტე კიდეც?! (ღიმილი)

ექიმები ამბობენ რომ ადამიანების 5%, ვისაც დარღვეული აქვთ თვალების სწორი კოორდინაციის უნარი, მათვის შეიძლება ჯანმრთელობისთვის სახიათო აღმოჩნდეს  სამგანზომილებიანი გამოსახულება. 3D ფილმის ყურების დროს საჭიროა მარცხენა და მარჯვენა თვალი იდეალურად მოქმედებდნენ, ისე კი არა რომ ერთი თვალი ზარმაცობდეს და სხვა მიმართულებით იცქირებოდეს. (როგორც მე მაქვს.)

წავედი მე, ჭერზე სველ წერტილს უნდა დავაკვირდე. მაინტერესებს გახდება თუ არა წვიმის წვეთი სამგანზომილემიანი და დაეცემა თუ არა იატაკზე.

არავინ

კაკუნი ბლოგზე

with 15 comments

რამოდენიმე დღის წინ უცნობი პიროვნება დამიკავშირდა და ჩემს ბლოგზე წერილების გამოქვეყნება მომთხოვა. როგორც მიმოწერით გაირკვა, მას თავად უნდოდა საკუთარი ბლოგის შექმნა, უკვე დაწერილიც ჰქონდა პირველი პოსტი, მაგრამ გაურკვეველი მიზეზების გამო გადაიფიქრა. უცნაურია ნამდვილად. იძულებული ვარ დავემორჩილო მის მოთხოვნას და დავუთმო ჩემი ბლოგი ადამიანს, რომელიც გამეცნო როგორც “არავინ”.
.
აი რას გვიყვება ის თავის შესახებ:
ვინ ვარ მე? მე ვარ არავინ. ვარ, 22–დან 30 წლამდე ასაკის მაიმახი. სიმაღლე 179 სმ. თუ ცუდ ხასიათზე ვარ 176 სმ. კარგ ხასიათზე ყოფნისას კი 180 სმ. ვაღწევ. წონა: ზამთარში, ზაფხულთან შედარებით 2 კილოგრამით მეტი. თმები შავ–თეთრი. სიყვარული ვერტიკალურია და მბრუნავი, ჩემი წარბები კი ჰორიზონტალურად მორკალულები და ერთმანეთის მიმართულებით მოძრავნი. ყურებს აქვთ უნარი მოსმენილი ინფორმაცია ერთი ყურიდან შეუშვან და მეორედან გაუშვან. ( ფუნქცია ხშირად გათიშულია) თვალებს არ მოსწონთ ბევრი რამ რასაც ხედავენ. ცხვირი ქალის სურნელზე უფრო დიდად ბერავს ნესტოებს. ენა მოკლე. გემოვნება პრეტენზიული, არ უყვარს ამჟავებული ხელოვნება. უყვარს ლიტერატურა, კინო, მუსიკა… სხვებიც უყვარს, მთავარია მაღალი ხარისხის იყოს. (გემოვნება სნობურობისკენ მიიწევს.) მგრძნობელობა ნორმალური. ქოლგით ჩხვლეტასაც ვგრძნობ, ცივ შხაპსაც და კისერზე მცოცავ ჭიანჭველასაც.
.
ყურადღება მიაქციეთ ხოლმე, თუ პოსტის ბოლოს წერია არავინ, ესე იგი ეს მისი ნახელავია. აქვე ხაზგასმით მინდა ავღნიშნო რომ ამ უცნობთან არანაირი კავშირი არ მაქვს, თვალითაც არ მინახავს არასდროს. ესეც მისი პირველი პოსტი:
.
ფორმულა 1–ის ბოლიდები გამოვიდნენ ტრასაზე. პილოტები გასახურებელ წრეზე იწყებენ მოძრაობას. ყველაფერი მზადაა რბოლის დასაწყებად. ყურადღება! მოემზადეთ! სტარტი!
.
ბოლიდებმა დაიწყეს ტრასის გარშემო სრბოლა, დედამიწა უკვე დიდი ხანია რაც თავისი ღერძის გარშემო ტრიალებ, ისღა დამრჩენია მეც შევუერთდე მათ – ბლოგრბოლით.
.
ჰერმან ჰესეს ძალიან უყვარდა წერილების წერა. მისი ცხოვრებაში იყვნენ ადამიანები, ვისთანაც მწერალს ათეული წლების განმავლობაში ჰქონდა მიმოწერა. იგი ასევე ბევრ კრიტიკულ და პუბლიცისტურ წერილს ქმნიდა. ჰესეს შემოქმედება ვერ იქნებოდა სრულყოფილი ყოველივე ამის გარეშე.
.
წერილების წერა მეც მიყვარს – ეს მაკავშირებს მასთან. სხვა მხრივ არაფერი. მაგრამ წერის დასაწყებად ვერ დაველოდები თუ როდის გავხდები ჰერმან ჰესი, ამჯერად წერის სურვილით დავკმაყოფილდები.
.
მოგეხსენებათ, წერილს ადრესატიც სჭირდება, რომელიც მე არ მყავს, ამიტომ წერილებს ჩემს მიერვე გამოგონილ ადამიანებს მივწერ. ეს შეიძლება იყოს ვითომ შეყვარებული, ვითომ საყვარელი, ვითომ მეგობარი და ა.შ. ცნობილ ადამიანებსაც შევეხმიანები, მკვდრებსაც და ცოცხლებსაც. (უფრო მკვდრებს) გარდა ამისა მოგიყვებით დაუჯერებელ და ფანტასტიკურ ამბებს, ეროტიკულ სიზმრებს. ასევე ვეცდები ბლოგზე იყოს იუმორი, (ისეთი, სახეზე მუდამ ფილოსოფიური ღიმილი რომ დაგთამაშებდეთ) ფარსი, ცინიზმი, კრიტიკა, სურათები, უცნაურობები, ტრაგიკომედია, ვიდეოები, მუსიკა, კინო, ლიტერატურა, ქვეცნობიერის ლაყაფი, ერთი და იგივე თემებზე ჩაციკვლა, ასევე დანაპირების არშესრულება. მოკლედ, ყველაფერი ის, რასაც გონება დაფქვავს ქარის წისქვილში.
.
არ დაგავიწყდეთ, მე ვარ არავინ და ჩემ სიტყვებზე პასუხს ვერ მომთხოვთ! რომც გაგლანძღოთ მაინც. ჩემგან სრულიად შესაძლებელია თავში ელვისებურად რაღაც აზრმა გამიელვოს და მაშინვე აქ დავახეთქო, არადა სერიოზულად დაფიქრების შემთხვევაში, მაგალითად ცხრამეტნაოჭიანი ხინკლის ჭამისას ოცდაორჯერ შევიცვალო მისადმი ჩემი დამოკიდებულება.
.
მგონი ყველაფერი ვთქვი რისი თქმაც მინდოდა ამ ეტაპზე. თუმცა კიდევ ერთი… ჰერმან ჰესესთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო გზის მოძებნა, გზის, რომელიც მას, “მის შიგნით” შეიყვანდა და თავის თავს აპოვნინებდა. იგი ფიქრობდა რომ ადამიანს აუცილებლად უნდა ჩაეხედა საკუთარი თავის სიღრმებში და მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებდა ინდივიდუალისტად, პიროვნებად ჩამოყალიბებას. ამასთან ერთად ჰესე მხოლოდ ამით არ შემოიფარგლებოდა. “საკუთარ თავთან მისვლა” მისთვის ასევე ნიშნავდა ადგილის მოძებნას სამყაროში, ადამიანად ყოფნის დიადი ხელოვნება შეესწავლა და ეცხოვრა სხვა ადამიანებთან ერთად ისე, რომ საკუთარი ცხოვრების არსს და მის ინდივიდუალურობას საფრთხე არ დამუქრებოდა.

არავინ

Written by ჯორჯ პაიკი

მაისი 5, 2010 at 13:32