e2-e4

დედოფლის ბედნიერებისთვის მებრძოლი პაიკის ბლოგი

Posts Tagged ‘ბუნება

ინფორმაციული ქვები

ფადი ასლის და ია ფარაულავას ურთიერთობები, ფილიპ კირკოროვმა ქალი თმებით ითრია და წიხლები ურტყა, ტრაქტორის ნაწილის გამო ჩადენილი მკვლელობა, თვითმფრინავმა აფრენისთანავე კატასტროფა განიცადა – არავინ გადარჩენილა, ძალიან მაგარ ქვეყანაში ვცხოვრობთ… რატომ მაწამებთ? ის მაინც მითხარით, ასეთი რა დავაშავე.

სისულელეებით, საშინელებებით, ტყუილებით სავსე ინფორმაციული ნაკადი მუდმივად მოედინება ჩემსკენ, აღარ ვიცი სად დავიმალო. თავი გამებერა. სარკეში ვიხედები და ვეღარ გამიგია, ეს თავია თუ აეროსტატი.   “რიდერი” 1000+ წაუკითხავ ინფორმაციას მიჩვენებს, რეალურად 5000+ მაინც იქნება. მგონი, რაღაც ტელე–არხი იყო ადრე, 1000+ ერქვა და ღამით ეროტიკული ფილმები გადიოდა, აი, ზუსტად მსგავსი ამბები ხდება ჩემს თავში, რაც იმ ფილმებში ხდებოდა.

“გუგლის” გამოთვლით უკვე გამოცემულია 129,864,880 დასახელების წიგნი. ჯერ მარტო იმდენი წერტილი და მძიმე იქნება ყველანაირ ტექსტში დასმული, ისინი ერთად რომ შევკრიბოთ დედამიწაზე დიდი მოცულობის პლანეტა გამოვიდოდა. თუნდაც ახლა, რამდენი სისულელე იწერება, ამ პოსტის ჩათვლით – ბევრი, ძალიან ბევრი.

პოსტს ინფორმაციული ქვები ჰქვია და გეტყვით რატომაც, ოღონდ ჯერ ცოტა შორიდან მოვუვლი.

ა.შ.შ.–ს შტატ კალიფორნიის და მის მოსაზღვრე რამდენიმე შტატის ტერიტორიაზე გადაჭიმულია უდაბნო Mojave (ამის მთარმგმნელი მე არ ვარ). ამ უდაბნოს ტერიტოზეა ნაციონალური პარკი “სიკვდილის მდელო” (Death Valley National Park), რომელიც ბევრი რამით არის საინტერესო. ამ ველზეა ყველაზი დაბალი წერტილი ზღვის დონიდან მთელ ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტზე, (-86 მეტრი) დედამიწის დასავლეთ ნახევარსფეროში ყველაზე მაღალი ტემპერატურა აქ არის დაფიქსირებული  (+56,7 °C) და რაც ყველაზე მთავარია (ყოველ შემთხვევაში ჩემთვის) სიკვდილის ველზეა ტბა Racetrack Playa.

ეს უბრალო ტბა არ გეგონოთ, იგი იდუმალებითაა მოცული. მის ფსკერზე, რომელზეც თითქმის მთელი წლის მანძილზე წყალი არ დგას და მშრალია, არაფერი არ ხარობ, სამაგიეროდ ბევრი ქვა ყრია. უჩვეულო არ იქნება თუ ვიტყვი, რომ ქვები სხვადასხვა ზომის და წონისაა, მაგრამ თუ ვიტყვი რომ ქვები მოძრაობენ? თან ისე, მათ ამაში არც ცხოველები და არც ადამიანები არ ეხმარებიან, ხოლო მათი გადაადგილება არცერთ სულიერს არ უნახავს თვალით – მაშინ ხომ უჩვეულო იქნება? ჩათვალეთ რომ უკვე ვთქვი.

ქვები მოძრაობენ ტბის ფსკერზე და თან როგორ. ზოგი მათ მოსრიალე, ზოგი კი მოცეკვავე ქვებს ეძახის. ისინი რამდენიმე ათეული მეტრი სიგრძის კვალს ტოვებენ გადაადგილების დროს. თავიდან ამ მოვლენას ყველა ზებუნებრივ ძალებს უკავშირებდა, მერე კი მისი მეცნიერული კვლევა დაიწყო და “მოცეკვავე ქვების” ფენომენის გამომწვევი მრავალი ჰიპოთეზა გაჩნდა. მეცნიერების ნაწილი მოვლენის ახსნას მაგნიტური ველების ზემოქმედებით ცდილობდა, ასევე განიხილებოდა ქარის ზეგავლენა, წყლის, (წელიწადის გარკვეულ პერიოდში წვიმების გამო ტბის ზედაპირი მცირე ხნით წყლით იფარება) ყინულის თხელი ფენის, რომელიც ზოგჯერ ღამით ყინვის დროს წარმოიქმნება. ბუნებრივი პირობებიდან გამომდინარე, ტბაში წყლის დაშრობის შემდეგ მისი ზედაპირი საკმაოდ სლიპინა ხდება, რაც აადვილებს ქვების გადაადგილებას. Paula Messina გასული საუკუნის 90–იან წლებში თანამედროვე ტექნიკური საშუალებებით იკვლევდა ასეულობით ქვის გადაადგილების ტრაექტორიას, ტერიტორიის სპეციფიკურ ატმოსფერულ–გეოლოგიურ ფაქტორებს და ამ თემაზე დისერტაცია დაიცვა. მან ასე თუ ისე ნათელი მოჰფინა ქვების მოძრაობის საიდუმლოებას, მაგრამ მიუხედავად ამისა მაინც რჩება პასუხგაუცემელი კითხვები. რატომ ხდება რომ ზოგიერთი ქვა მოძრაობს დანარჩენები კი არა? რატომ არიან ქვები გაფანტულები ტბის მთელ ზედაპირზე, მაშინ როცა ქარი თითქმის ყოველთვის ერთი მიმართულებით უბერავს და წესით ქვები ერთ ადგილას უნდა იყოს შექუჩებული.

სამაგიეროდ მე ვიცი თუ რატომ ხდება ასე. დროა საიდუმლოს ფარდა ავხადო. ინფორმაციული ქვები ის ქვებია, რომლებიც ტვინში მოხვედრილი უსარგებლო ინფორმაციის შედეგად წარმოიქმნება, როგორც კენჭები თირკმელებში – ორგანიზმის დარღვეული ფუნქციონირების გამო. ტვინში გაჩენილი ინფორმაციული ქვები გარკვეული ფსიქოლოგიური და ემოციური მდგომარეობიდან გამომდინარე იწყებენ მოძრაობას, სრიალს, ცეკვას და ტვინს კაწრიან. კალიფორნიაში, “სიკვდილის ველზე” მდებარე იდუმალი ტბის ფსკერზე ქვების გადაადგილება სხვა არაფერია თუ არა ჩემ ტვინში მიმდინარე პროცესების ანარეკლი.

პ.ს. სოფელში, წელიწადში ერთხელ, ფუტკრის სკებიდან თაფლით სავსე ფიჭებს ვიღებთ, რასაც სპეციალურ მოწყობილობაში (ციბრუტში) ვაწყობთ და სახელურით ვატრიალებ. ამ დროს დიდი სისწრაფით, წრიულად მბრუნავი ფიჭებიდან თაფლი გარეთ იტყორცნება და ციბრუტის ფსკერზე გროვდება. როცა ამ სახელურს ვატრიალებ სულ იმაზე ვფიქრობ, იქნებ ერთხელ ჩემი თავიც ციბრუტივით დატრიალდეს და ყურებიდან ყველანაირი უსარგებლო და უვარგისი ინფორმაცია, აზრები და ფიქრები გადმოიღვაროს–მეთქი. ჯერ–ჯერობით არაფერი არ გამოდის და ქვებიც ისევ აგრძელებენ ტვინის კაწვრას.


Written by ჯორჯ პაიკი

იანვარი 6, 2011 at 17:44

არაჰუმანური უტოპია

with 12 comments

ცოტა ხნის წინ, ირანულმა მედიამ, გააცრცელა მაღალი რანგის სასულიერო პირის ქადაგებიდან ნაწყეტი. აი, ისიც: “მრავალი ქალი, რომელიც მოკრძალებულად არ იცვამს… რყვნის ახალგაზრდა კაცებს, ლახავს მათ პატიოსნებას და ავრცელებს ღალატს, რაც ამრავლებს მიწისძვრებს”.

გამოდის, ყველაფერი ქალების ( თუ, გარყვნილი კაცების?) ბრალი ყოფილა, მიწისძვრაც და ვულკანიც, რომელიც 14 აპრილს ამოიფრქვა ისლანდიაში.

ვულკან ეიაფიალაიოკულის (რომლის გამოთქმაც ვულკანის ამოფრქვევაზე უფრო რთულია) გაღვიძებამ ევროპას დიდი პრობლემები შეუქმნა. ვულკანიდან ამოსულმა ფერფლმა უზარმაზარი ღრუბელი გააჩინა ევროპის თავზე, რამაც საჰაერო გზებზე, ზვავის ჩამოწოლის ეფექტი შექმნა და ცათმფრენების მიმოსვლა სერიოზულად შეაფერხა. თვითმფრინავებმა ასაფრენ ბილიკზე დაიდეს ბინა, გასაფრენად გამზადებულმა მგზავრებმა კი აეროპორტის მოსაცდელში. სერიოზულად დაზარალდა ეკონომიკა. ევროპა დიდ “ვულკანიზაციას” დაემსგავსა.

ევროპაში ახალი ტერმინი გაჩნდა – volkation. ტერმინი ორი სიტყვის ნაზავს წარმოადგენს: volcano – ვულკანი და vacation – არდადეგები, ანუ “ვულკანური არდადეგები”.

ისლანდიაში ვულკანის ამოფრქვევა ახალი ხილი არ არის, ასეთები ადრეც მომხდარა, მაგალითად 1821 – 1823 წლების განმავლობაში დიდი წარმატებით აბინძურებდა გამოღვიძებული ვულკანი ევროპის ზეცას. ეიაფიალაიოკულთან ახლოს, სულ რამოდენიმე კილომეტრში, სხვა ვულკანიცაა – ლაკი – რომალსაც ჯერ სძინავს, თუმცა მისი ბოლო გამოღვიძების დროს (1783 წ.) მთელი ისლანდია ლავით დაფარა.

ექსპერტების პროგნოზებიც ნაკლებად დამამშვიდებელია. მათი ვარაუდით ვულკანი 60 წლის მანძილზე იბობოქრებს, ამორქვევის პიკი კი 2030 – 2040 წლებში ექნება. ძალიანაც არ შეშინდე ჰანა! იგივე ექსპერტები, მაშინ როცა მარტის შუა რიცხვებში ვულკანი გამოღვიძებას იწყებდა, ამბობდნენ რომ ამოფრქვევის საფრთხე არ იყო.

ისლანდიელი ვულკანოლოგი, ფროინშტეინ ზიგმუნდსონი, რომელიც 18 წლის მანძილზე სწავლობდა ეიაფიალაიოკის ხასიათს, ვულკანის ამოფრქვევის დროს პარიზში იმყოფებოდა და ძალიან წუხდა რომ თვალს ვერ ადევნებდა მისი ვულკანის თავს დატრიალებულ ამბებს. ერთი სტატიის ავტორი კი მის ვულკანს, მის საყვარლად მოიხსენიებდა. ასეა, რაც ერთისთვის საყვარელია, მეორისთვის თავის ტკივილია.

ვიცით, რომ ავიაკომპანიებმა დიდი ფინანსური ზარალი განიცადეს, სხვა საწარმოებმაც და კიდევ რომანტიკამ – ყვავილების ბიზნესი ჩავარდნილა სერიოზულად. თურმე ევროპაში ერთ ქალს ვერ ნახავდი ყვავილით ხელში. მილიონობით ადამიანი აეროპორტის მოსაცდელებში რომ დასახლდა უკვე გითხარი. ისე, თითოეულ მგზავრს შანსი მიეცა ვულკანური არდადეგების დროს ერთი წიგნი მაინც წაეკითხა და უფრო კარგი ადამიანი გამხდარიყო ვიდრე მანამდე იყო – ესეც დადებითი მხარე.

კიდევ შეილება დადებითი მომენტების აღმოჩენა ამ ამბებში, მაგრამ ასე გაგრძელება ნამდვილად აღარ შეიძლება. როგორმე უნდა შეაჩერონ მსოფლიოს ბოსებმა ვულკანის მოქმედება. იმის იმედად ყოფნა რომ ქალები გამომწვევად აღარ ჩაიცვამენ და კაცებს არ გარყვნიან, არ ღირს.

მე მოვიფიქრე გამოსავალი! საჭიროა ისლანდის ცენტრალურ ნაწილში აშენდეს დიდი ჭაბურღილი, რომელიც ძირამდე გაბურღავს კუნძულს, ნახვრეტიდან წყალი ამოვა და მთლიანად ჩაიძირება ისლანდია – პრობლემაც მოგვარდება.

ნაკლებად ჰუმანურია არა? რეალურად განუხორციელებელი იდეაა თორემ ისე ჩაძირავდნენ თვალსაც არ დაახამხამებდნენ. ამ ყველლაფრის შემხედვარე, კიდევ ერთხელ ვრწმუნდები ადამიანის უძლურებაში ბუნების წინაშე. ადამიანს შეუძლია გამოიგონოს კომპიუტერი, გასაბერი ქალი, იარაღი რომელიც მთელ მსოფლიოს გაანადგურებს, მაგრამ არ შეუძლია ხელი შეუშალოს ბუნების ჩანაფიქრს.

ახლა კი ნახე ვიდეო და მიხვდები, რომ ნამდვილად შეიძლება დედამიწის განადგურება ადამიანის მიერ შექმნილი “იარაღით”.

არავინ