e2-e4

დედოფლის ბედნიერებისთვის მებრძოლი პაიკის ბლოგი

ჩემი მეორე ბლოგი

with 23 comments

ჩემი მეორე ბლოგი.

Written by ჯორჯ პაიკი

მარტი 28, 2011 at 01:49

ინფორმაციული ქვები

ფადი ასლის და ია ფარაულავას ურთიერთობები, ფილიპ კირკოროვმა ქალი თმებით ითრია და წიხლები ურტყა, ტრაქტორის ნაწილის გამო ჩადენილი მკვლელობა, თვითმფრინავმა აფრენისთანავე კატასტროფა განიცადა – არავინ გადარჩენილა, ძალიან მაგარ ქვეყანაში ვცხოვრობთ… რატომ მაწამებთ? ის მაინც მითხარით, ასეთი რა დავაშავე.

სისულელეებით, საშინელებებით, ტყუილებით სავსე ინფორმაციული ნაკადი მუდმივად მოედინება ჩემსკენ, აღარ ვიცი სად დავიმალო. თავი გამებერა. სარკეში ვიხედები და ვეღარ გამიგია, ეს თავია თუ აეროსტატი.   “რიდერი” 1000+ წაუკითხავ ინფორმაციას მიჩვენებს, რეალურად 5000+ მაინც იქნება. მგონი, რაღაც ტელე–არხი იყო ადრე, 1000+ ერქვა და ღამით ეროტიკული ფილმები გადიოდა, აი, ზუსტად მსგავსი ამბები ხდება ჩემს თავში, რაც იმ ფილმებში ხდებოდა.

“გუგლის” გამოთვლით უკვე გამოცემულია 129,864,880 დასახელების წიგნი. ჯერ მარტო იმდენი წერტილი და მძიმე იქნება ყველანაირ ტექსტში დასმული, ისინი ერთად რომ შევკრიბოთ დედამიწაზე დიდი მოცულობის პლანეტა გამოვიდოდა. თუნდაც ახლა, რამდენი სისულელე იწერება, ამ პოსტის ჩათვლით – ბევრი, ძალიან ბევრი.

პოსტს ინფორმაციული ქვები ჰქვია და გეტყვით რატომაც, ოღონდ ჯერ ცოტა შორიდან მოვუვლი.

ა.შ.შ.–ს შტატ კალიფორნიის და მის მოსაზღვრე რამდენიმე შტატის ტერიტორიაზე გადაჭიმულია უდაბნო Mojave (ამის მთარმგმნელი მე არ ვარ). ამ უდაბნოს ტერიტოზეა ნაციონალური პარკი “სიკვდილის მდელო” (Death Valley National Park), რომელიც ბევრი რამით არის საინტერესო. ამ ველზეა ყველაზი დაბალი წერტილი ზღვის დონიდან მთელ ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტზე, (-86 მეტრი) დედამიწის დასავლეთ ნახევარსფეროში ყველაზე მაღალი ტემპერატურა აქ არის დაფიქსირებული  (+56,7 °C) და რაც ყველაზე მთავარია (ყოველ შემთხვევაში ჩემთვის) სიკვდილის ველზეა ტბა Racetrack Playa.

ეს უბრალო ტბა არ გეგონოთ, იგი იდუმალებითაა მოცული. მის ფსკერზე, რომელზეც თითქმის მთელი წლის მანძილზე წყალი არ დგას და მშრალია, არაფერი არ ხარობ, სამაგიეროდ ბევრი ქვა ყრია. უჩვეულო არ იქნება თუ ვიტყვი, რომ ქვები სხვადასხვა ზომის და წონისაა, მაგრამ თუ ვიტყვი რომ ქვები მოძრაობენ? თან ისე, მათ ამაში არც ცხოველები და არც ადამიანები არ ეხმარებიან, ხოლო მათი გადაადგილება არცერთ სულიერს არ უნახავს თვალით – მაშინ ხომ უჩვეულო იქნება? ჩათვალეთ რომ უკვე ვთქვი.

ქვები მოძრაობენ ტბის ფსკერზე და თან როგორ. ზოგი მათ მოსრიალე, ზოგი კი მოცეკვავე ქვებს ეძახის. ისინი რამდენიმე ათეული მეტრი სიგრძის კვალს ტოვებენ გადაადგილების დროს. თავიდან ამ მოვლენას ყველა ზებუნებრივ ძალებს უკავშირებდა, მერე კი მისი მეცნიერული კვლევა დაიწყო და “მოცეკვავე ქვების” ფენომენის გამომწვევი მრავალი ჰიპოთეზა გაჩნდა. მეცნიერების ნაწილი მოვლენის ახსნას მაგნიტური ველების ზემოქმედებით ცდილობდა, ასევე განიხილებოდა ქარის ზეგავლენა, წყლის, (წელიწადის გარკვეულ პერიოდში წვიმების გამო ტბის ზედაპირი მცირე ხნით წყლით იფარება) ყინულის თხელი ფენის, რომელიც ზოგჯერ ღამით ყინვის დროს წარმოიქმნება. ბუნებრივი პირობებიდან გამომდინარე, ტბაში წყლის დაშრობის შემდეგ მისი ზედაპირი საკმაოდ სლიპინა ხდება, რაც აადვილებს ქვების გადაადგილებას. Paula Messina გასული საუკუნის 90–იან წლებში თანამედროვე ტექნიკური საშუალებებით იკვლევდა ასეულობით ქვის გადაადგილების ტრაექტორიას, ტერიტორიის სპეციფიკურ ატმოსფერულ–გეოლოგიურ ფაქტორებს და ამ თემაზე დისერტაცია დაიცვა. მან ასე თუ ისე ნათელი მოჰფინა ქვების მოძრაობის საიდუმლოებას, მაგრამ მიუხედავად ამისა მაინც რჩება პასუხგაუცემელი კითხვები. რატომ ხდება რომ ზოგიერთი ქვა მოძრაობს დანარჩენები კი არა? რატომ არიან ქვები გაფანტულები ტბის მთელ ზედაპირზე, მაშინ როცა ქარი თითქმის ყოველთვის ერთი მიმართულებით უბერავს და წესით ქვები ერთ ადგილას უნდა იყოს შექუჩებული.

სამაგიეროდ მე ვიცი თუ რატომ ხდება ასე. დროა საიდუმლოს ფარდა ავხადო. ინფორმაციული ქვები ის ქვებია, რომლებიც ტვინში მოხვედრილი უსარგებლო ინფორმაციის შედეგად წარმოიქმნება, როგორც კენჭები თირკმელებში – ორგანიზმის დარღვეული ფუნქციონირების გამო. ტვინში გაჩენილი ინფორმაციული ქვები გარკვეული ფსიქოლოგიური და ემოციური მდგომარეობიდან გამომდინარე იწყებენ მოძრაობას, სრიალს, ცეკვას და ტვინს კაწრიან. კალიფორნიაში, “სიკვდილის ველზე” მდებარე იდუმალი ტბის ფსკერზე ქვების გადაადგილება სხვა არაფერია თუ არა ჩემ ტვინში მიმდინარე პროცესების ანარეკლი.

პ.ს. სოფელში, წელიწადში ერთხელ, ფუტკრის სკებიდან თაფლით სავსე ფიჭებს ვიღებთ, რასაც სპეციალურ მოწყობილობაში (ციბრუტში) ვაწყობთ და სახელურით ვატრიალებ. ამ დროს დიდი სისწრაფით, წრიულად მბრუნავი ფიჭებიდან თაფლი გარეთ იტყორცნება და ციბრუტის ფსკერზე გროვდება. როცა ამ სახელურს ვატრიალებ სულ იმაზე ვფიქრობ, იქნებ ერთხელ ჩემი თავიც ციბრუტივით დატრიალდეს და ყურებიდან ყველანაირი უსარგებლო და უვარგისი ინფორმაცია, აზრები და ფიქრები გადმოიღვაროს–მეთქი. ჯერ–ჯერობით არაფერი არ გამოდის და ქვებიც ისევ აგრძელებენ ტვინის კაწვრას.


Written by ჯორჯ პაიკი

იანვარი 6, 2011 at 17:44

ჭეშმარიტებით სავსე

ღვინოშია ჭეშმარიტებაო – ამბობენ. რატომაც არა, ღვინო მაგარი რამ არის! კარგად იცით, საახალწლოდ ადამიანების უმრავლესობა განსაკუთრებით დაეძებს ხოლმე ჭეშმარიტებას. ჭიქებით, ფიალებით, ყანწებით – ჭეშმარიტებისკენ სავალი გზა ძალიან ფართოა და გრძელი. პირადად მე არ მიყვარს სახალხო მსვლელობები და მაშინ როცა ყველა ზეიმობს, როგორც წესი ვითგრუნები. არც ყანწებით და ფართო გზებით მიყვარს სიარული, მცირე დოზით და ვიწრო ბილიკებით მირჩევნია გადაადგილება. აი, ახლაც სასიამოვნო ვიწრო ბილიკს მივუყვები და ვარ.

ამ დღეებში, ჰერმან ჰესეს “ზიტჰარტა” წავიკითხე. წიგნი ძიებაზეა. სიცოცხლის არსის, საკუთარი “მე”–ს ძიებაზე, სრულყოფილების მიღწევაზე. ვაღიარებ, საკუთარ “მე”–ზე უკეთ, გუგლში სასურველი ფაილების “სერჩვა” უფრო მიადვილდება, ამიტომ წიგნისგან შთაგონებულმა გადავწყვიტე ერთხელ კიდევ მომეძებნა “მე”, ამჯერად გუგლში. გუგლი იმიტომ შევარჩიე რომ ის საუკეთესოა. (გუგლზე გამახსენდა: ერთი კითხულობდა, რომელია ყველაზე საუკეთესო საძიებო სისტემაო – დაგუგლე და გაიგებო, იყო პასუხი.)

პირველად ქართულად ვცადე, აი, შედეგიც:

ვიკიპედია, მანდ არ შევედი თორემ პოვნის რა გითხრათ და ნამდვილად კი დავიკარგებოდი. შემდეგ ძირითადად ქართული ბლოგებია, რომლებსაც ისედაც ვადევნებ თვალს და ყველა თავისებურად კარგია, თუმცა “მე” ვერც იქ ვიპოვე. მერე რუსულად და ინგლისურადაც ვეძებე, მაგრამ ამჯერადაც უშედეგოდ. ამდენი “სერჩვისგან” დავიღალე და შევეშვი.

არადა ჰესე გვეუბნება თავის წიგნში, რომ მიზნისკენ ისე უნდა ისწრაფვოდე, როგორც წყალში ჩავარდნილი კენჭი მიექანება ფსკერისკენ – პირდაპირ, მიზანმიმართულად და შეუჩერებლად. ჩემი საქციელი კი გამოუცდელ მოთხილამურეს მაგონებს მთის მწვერვალიდან თხილამურებზე შემდგარი ქვევით ნელი სრიალით, სლალომ–სლალომ რომ ეშვება.

ჰესე იმასაც ამბობს: ადამიანი ხშირად ხიდან მოწყვეტილ ფოთოლს ჰგავს, ქარის დაბერილზე ჰაერში რომ ფარფატებს და მიწაზე ეცემა, ზოგი კი ვარსკვლავივითა, მას ვერანაირი ქარი ვერ შეუცვლის მიმართულებას და თავის არჩეულ გზას მიჰყვება.

წიგნი იგავის სტილშია დაწერილი და ერთგვარად ჭკუის დამრიგებლური პათოსი გაჰკრავ. ალბათ, ათი წლის წინ რომ წამეკითხა უფრო მომეწონებოდა, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში ღირს მისი წაკითხვა. თუნდაც იმიტომ რომ გამეგო, ცოდნის გადაცემა შეიძლება – სიბრძნის არა. (სიბრძნე მაინც სულ სხვაა.) ხო, წიგნში სხვებთან ერთად ერთი პერსონაჟიცაა, ქალი, რომელმაც 42 სასიყვარულო თამაში იცოდა.

გრადუსმა ძალა დაკარგა, მე მოვრჩი.

პ.ს. ფანჯრიდან ხმა მესმის, ვიხედები და რვიანების ხაზვით (არ ვაჭარბებ) მიმავალ კაცს ვხედავ. მიდის, როგორც ზიტჰარტა დადიოდა ჭეშმარიტების საძიებლად, თუმცა ის უკვე სავსეა ჭეშმარიტებით.

Written by ჯორჯ პაიკი

იანვარი 3, 2011 at 17:20

ხელისგულები კლაკიორთა ხელში

გაცნობებთ, რომ ხელისგულების საკმაოდ დიდი რაოდენობა მოხვედრილია ბოროტმოქმედთა ხელში, რომლებიც დაუნდობლად იყენებენ ხელისგულებს ტაშისთვის. მსგავსი უმსგავსო ქმედება იწვევს ჯაჭვურ რეაქციას, დამნაშავეთა გავლენის ქვეშ ექცევიან უდანაშაულო ადამიანები, რომლებიც ასევე იწყებენ ტაშის კვრას, რითიც საბოლოოდ ისევ და ისევ ხელისგულები ზარალდებიან.

არავინ დაობს, ხელისგულების ერთ–ერთი საპატიო მისია სწორედ ტაშის ახმიანებაა, მაგრამ ეს მაშინ, როცა აპლოდისმენტებით გამოხატული ემოციები, მოწონება, პატივისცემა ნამდვილი და გურწფელია, და არა მაშინ როცა  აპლოდისმენტების უკან ბოროტი ძალები დგანან რომლებიც ტაშს ფულზე ყიდიან ან ყიდულობენ.

გასულ საუკუნეებს თუ გადავხედავ ვნახავთ, რომ დაახლოებით 1820 წლიდან ევროპულ ქვეყნებში ასპარეზზე გამოდიან ახალი პროფესიის ადამიანები – კლაკიორები. ისინი ფულის სანაცვლოდ თეატრალურ და საკონცერტო წარმოდგენებს ესწრებოდნენ და შესაბამის მომენტში იწყებდნენ ტაშის დაკვრას. საკმარისი იყო რამდენიმე კლაკიორს ტაში დაეკრა და მთელი დარბაზი მათ დაკრულზე იწყებდა ცეკვას… უხ, უკაცრავად, მინდოდა მეთქვა ტაშის დაკვრას მეთქი. ამით იქმნებოდა წარმატების ილუზია, რაც მომდევნო დღეებში დარბაზის სრულად შევსებას უზრუნველყოფდა.

ცნობილი რუსი საოპერო მომრერალი შალიაპინი იხსენებს: ჩემთან სახლში ვიღაც კლაკიორთა შეფი მოვიდა და აპლოდისმენტების ყიდვა შემომთავაზაო. ეს ამბავი “ლა სკალას” სცენაზე გამოსვლის წინ მოხდა, 1901 წელს. შალიაპინს ტაში არ უყიდია. კლაკიორები არტისტებთან სახლში სტუმრობით ხშირად არ იწუხებდნენ თავს და განცხადებებ ტაშის გაყიდვის თაობაზე პირდაპირ გაზეთის საშუალებით აქვეყნებდნენ მომსახურების ფასებთან ერთად. შესაბამისი თანხის გადახდის შემთხვევაში ისინი აპლოდისმენტების გარდა ბრავო, ბრავო და ბის, ბის ძახილსაც პირდებოდნენ თავიაანთ კლიენტებს. მოკლედე, კლაკიორთა ბიზნესი ყვაოდა, და ეს ყველაფერი საჯაროდ ხდებოდა.

საინტერესოა, მაინც რა განაპირობებდა კლაკიორთა საქმიანობის წარმატებას? გეტყვით, რა განაპირობებდა და ფსიქოლოგიაში კარგად ცნობილი სოციალური მტკიცებულების ფენომენი. მოგეხსენებათ როგორ გვიყვარს ადამიანებს სხვისი მიბაძვა, ძალიან გვიყვარს. ხშირად სარკეც კი ვერ გაიმეორებს მის წინ მდგომი ადამიანის მიმიკებს ისე ზუსტად, როგორც ჩვენ შეგვიძლია, რომ  მაგალითად მივბაძოთ მეზობელს. ვბაძავთ და ვიმეორებთ ერთმანეთის ქმედებებს ყველაფერში.

ალბათ, გახსოვთ თუ რა შედეგი მოჰყვა თავის დროზე გოეთეს წიგნის, “ახალგაზრდა ვერტერის ვნებანი”, გამოცემას ევროპის მრავალ ქვეყანაში – ძალიან ბევრმა ადამიანმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, ისევე როგორც წიგნის მთავარმა გმირმა. ზოგმა შეიძლება იფიქროს რომ ეს შედეგი წიგნის მაღალმა მხატვრულმა დონემ გამოიწვია, თუმცა მთლად ასეც არ არის საქმე. ამერიკაში ჩატარებული კვლევების თანახმად გაირკვა, რომ იმ რეგიონში, სადაც გაზეთის პირველ გვერდზე იბეჭდებოდა თვითმკვლელობის შესახებ დეტალური ინფორმაცია და ეს ფაქტი ფართო მსჯელობის საგანი ხდებოდა, ამის შემდეგ აღნიშნულ რეგიონში თვითმკვლელობების რიცხვი მკვეთრად იზრდებოდა. ასევე იზრდებოდა ავტოკატასტროფების შედეგად დაღუპული ადამიანების რაოდენობაც. (ასე რომ ფრთხილად იყავით, თუ ჩვენთანაც გავრცელდა ინფორმაცია თვითმკვლელობის შესახებ, მანქანით მგზავრობის დროს ერთი ღვედი იმიტომ უნდა შეიკრათ რომ პატრულმა არ დაგაჯარიმოთ, მეორე ღვედი კი იმიტომ რომ უფრო უსაფრთხოდ იმგზავროთ.) ეს კვლევები ადასტურებს თუ რამხელა გავლენა აქვს სოციალური მტკიცებულების პრინციპს ადამიანებზე.

სოციალური მტკიცებულების პრინციპი ყველაზე მეტად მაშინ მოქმედებს, როდესაც ადამიანი ისეთ სიტუაციაში ხვდება, სადაც დარწმუნებული არ არის თუ როგორ უნდა მოიქცეს და სხვის ქმედებებს ბრმად იმეორებს. ასევე მნიშვნელოვანია მისაბაძი ობიექტი რამდენად, ასე ვთქვათ “ჩვენიანია”. მაგალითად, სულაც არაა გასაკვირი თინეიჯერი გოგო თავის თანატოლს თუ მიბაძავს ტანსაცმლის შერჩევაში და არა მოხუც ბებოს.

კლაკიორებს მივუბრუნდები. ჰეი, თქვენ, დაეხსენით ხელისგულებს! შეერთდით, შეერთდით, მაგრად ჩაჭიდეთ ერთმანეთს ხელები რომ თქვენი ტაშის ხმა ვეღარ გავიგო. თუმცა ტყუილად არ ვყვირი?! ჩემი კლავიატურა უფრო მალე გაცვდება ამ სიტყვების წერით ვიდრე კლაკიორთა არმიის ხელისგულები ტაშის კვრით. სამწუხაროდ კლაკიორებმა ხელოვნების გარდა სხვა სფეროებშიც შეაღწიეს, პოლიტიკას ვგულისხმობ. ჯორჯ ბუში უმცროსის გამოსვლას ვუსმენდი, კონგრესში გამოდიოდა სიტყვით და თითქმის ყოველი წინადადების შემდეგ დარბაზში ტაშის ხმა ისმოდა. დათვლა დავაპირე. წუთში სამჯერ, ოთხჯერ, ხუთჯერ… სათვალავი ამერია.

არა და რა კარგი მოგონებაა ტაში. ტაში ჯაზური მუსიკის ცოცხლად შესრულების დროს, მაგარია! ტაში “ბარსელონას” თამაშის ყურების დროს, ფეხბურთელების მორიგ სასწაულზე ჩემი ხელისგულები ავტომატურად რომ იწყებენ მოძრაობას. (მექანიკურია ბიძია მაურინიო) ერთი სიტყვით აპლოდისმენტების უამრავი კარგი ნაირსახეობა არსებობს, თუნდაც ირონიული, მაგრამ ეს ხელისგულებიდან გამოწოვილი ყალბი ტაში არ მომწონს.

ფოლადის ფუნთუშა

დღეს დილით ელექტრონული წერილი მივიღე. წერილს “არავინ” მწერდა. მინდა გითხრათ, მე და არავინ ჭადრაკს ვთამაშობთ და ასე, დაახლოებით თვეში ოთხჯერ – ხუთჯერ ერთმანეთს ჩვენს მიერ გაკეთებულ სვლებს ვწერთ, მაგალითად ასე: მc3 ან  h6, მეტი არაფერი. ჩვენი საჭადრაკო პარტიის ნახევარგზაზე დაფის ცენტრში განმხოლოებულუ (განმარტოებული) d4 პაიკი გაჩნდა. არ ვიცი, ამ პოზიციამ თუ ჰანასთან არეულმა ურთიერთობამ, როგორც ჩანს ძალიან იმოქმედა არავინზე და საკმაოდ აფორიაქებული წერილი მომწერა. მოდი, პირდაპირ წერილს გაგაცნობთ თორემ ჩემი შესავალი უხეირო ფილმის დასაწყისში კადრს მიღმა მოსაუბრე ადამიანის მონოლოგს ემსგავსება.

გამარჯობა ჯორჯ პაიკ

მას შემდეგ, რაც შენი პოსტი “ხელის თხოვნის ტუტორიალი” წავიკითხე, სულ ვცდილობ რამე ორიგინალური მოვიფიქრო და ჰანას ხელი ვთხოვო. მრავალი მცდელობის მერე როგორც იქნა რაღაც მოვიფიქრე. გავიხადე, დავწექი და წავედი ჰანასთან. რომ მივედი, მარჯვენა ხელი მოვმუშტე, წინ გავიშვირე და დავიწყე. ჩემო ჰანა, ერთი იგავი უნდა მოგიყვე:

იყო ორი ძმა: ერთი სულთანს ემსახურებოდა და მდიდრულად ცხოვრობდა, მეორე კი საკუთარი მარჯვენით შოულობდა ლუკმაპურს. ერთხელ მდიდარმა ძმამ უთხრა ღარიბს: რატომ არ დაუდგები ვინმე მდიდარს მოსამსახურედ, აღარ მოგიწევდა მაგდენი წვალება ერთი ლუკმისთვისო. ღარიბმა უპასუხა: მაგ დამამცირებელი საქმის კეთებას, რასაც შენ ეწევი, მირჩევნია საკუთარი ცხელი ოფლით რკინა გავადნო, მისგან ცომი მოვზილო, პური გამოვაცხო და ის ვჭამო. იგავის მორალი – საკუთარი ხმელი პურის დადება გერჩიოს ხელზე, ვიდრე მოსამსახურის ოქროს ქამარი გერტყას წელზე.

ეს იგავი “ფეისბუქზე” წავიკითხე, იქვე ერთი ასეთი კომენტარი იყო დატოვებული: გააჩნია, ვის რა უდევს სულში. მართალია! ვისაც რა უდევს სულში, ის უდევს ხელისგულში. ჰანა, მე შენ მყავხარ სულში და მიზიხარ ხელისგულში. მინდა სულ ასე გაგრძელდეს. მართალია ოქროს სასახლეების აშენებას ვერ დაგპირდები, მაგრამ ყოველ დილით საწოლში ჩაისთან ერთად ფოლადის ფუნთუშებს მოგართმევ ხოლმე. ეს ვთქვი, ხელისგული გავშალე, საქორწინო ბეჭედი ავიღე და ჰანას გავუკეთე თითზე. ჰანამ გამიღიმა და დაიწყო ჩვენი თანაცხოვრება. პირველი ღამის შემდეგ, დილით ადრე ავდექი. მინდოდა მისთვის ჩაი და ფუნთუშები მიმერთმია საწოლში. წინა ღამით საწოლის ქვეშ სპეციალურად დატოვებული ფოლადი ძალზედ გავარვარებულიყო, მეც ავიღე, მოვზილე და ფოლადის ფუნთუშები გამოვაცხე.  ჩაიც ავადუღე, ერთი კოვზი შაქარი ჩავყარე და მოვურიე. კოვზი ფინჯნის გვერდებს ეხლებოდა და სასიამოვნო ხმას გამოსცემდა. ცოტა არ იყოს ხმა დიდხანს გაიწელა და უსიამოვნო შეგრძნებაში გადაიზარდა… გამომეღვიძა. იმ დილითაც მეზობლის კამეჩის კისერზე  შებმულმა ეჟვანის წკარუნმა გამომაღვიძა. ხო, ყველაფერი სიზმარი იყო.

რამდენი ვიწვალე ეს სიზმარი რომ მენახა და კამეჩები… არა, ჩემი ბრალიცაა, ხომ ვიცი რომ ჰანა უშაქრო ჩაის სვამს, რატომ მოვინდომე ფინჯანში შაქრის ჩაყრა და კოვზით მორევა. მაინც დავუშვი შეცდომა.

კd7

არავინ

Written by ჯორჯ პაიკი

ნოემბერი 16, 2010 at 16:11

50 ცალი სიამოვნება

ფილმში “აპოლო 13”, კოსმოსურ ხომალდზე მომხდარი ავარიის გამო ეკიპაჟის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრა. მათ გადასარჩენად საჭირო გახდა ორიგინალური მოწყობილობის გაკეთება. კერძოდ, დიდი ზომის კვადრატული ფორმის საგანი შედარებით უფრო მცირე ზომის ცილინდრში უნდა მოეთავსებინათ. ალბათ, ბევრ თქვენგანს ნანახი აქვს ფილმი და გახსოვთ თუ როგორ განვითარდა მასში მოვლენები, ამიტომ ფილმზე საუბარს აღარ გავაგრძელებ.

ზემოთ მოყვანილი ეპიზოდი მაშინ მახსენდება, როცა სხვადასხვა სახის სიებს ვნახულობ, სადაც როგორც გვეუბნებიან შესულია ყველა დროსი ასი საუკეთესო ფილმი, ან ასი საუკეთესო წიგნი, სიმღერა და ა.შ. ამ დროს მგონია, რომ რაღაც დიდის და ბევრის მოთავსებას ცდილობენ გაცილებით პატარა ნივთში, სადაც ის წესით არ უნდა ეტეოდეს. მსგავსი განცდა დამეუფლა ჩვენს ქვეყანაში დაწყებული პროექტის მიმართაც, რომელსაც “50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო სანამ ცოცხალი ხარ!” ჰქვია. რა პრობლემაა! მოდით და ჩავტენოთ ორმოცდაათეულში ყველა ის წიგნი რომელიც აუცილებლად უნდა წავიკითხოთ, ვცადოთ მაინც.

გასაგებია, ყველას განსხვავებული გემოვნება გვაქვს და პროექტის დასრულების შემდეგ ბევრი ისეთი კარგი წიგნის დასახელებას შევძლებთ რომელიც ორმოცდაათეულში არ იქნება შესული, ან იმ 50 წიგნში მოხვდება ისეთი ნაწარმოები რაც ჩვენთვის შეიძლება მიუღებელი იყოს, თუმცა ამ წამოწყებას გაცილებით უფრო მეტი დადებითი მხარე აქვს, ვიდრე უარყოფითი. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ 50 წიგნის ახალი გამოცემა დაგვრჩება.

ამას წინათ, ერთ რუსულ საიტზე, სტატიის ავტორი სანქტ–პეტერბუგის მეტროში გაგონილ საუბარზე წერდა. პირველი მოსაუბრე: წუხელ ვერ გამოვიძინე, გვიანიბამდე მარინინას (თანამედროვე რუსი მწრალია) ბოლო რომანს ვკითხულობდი, ძალიან შთამბეჭდავია. მეორე მოსაუბრე: არ წამიკითხავს, მე “ანა კარენინას” ვკითხულობ. პირველი მოსაუბრე: და როგორია ის ქალი, კარგად წერს?  აქ, სნობურად ჩამეღიმა. კი, ვისაც რა უნდა ის იკითხოს, რა ჩემი საქმეა… “საჭიროა ბევრი კითხვა, მაგრამ არა ყველაფრის” – ამბობდა რომაელი ისტორიკოსი ტაციტუსი. ისე, ეს არც ტაციტუსის საქმეა… მაგრამ, როგორც არ უნდა სნობურად ჟღერდეს, მაინც არსებობს ისეთი წიგნები, რომელთა წაკითხვაც სასურველია.

პროექტის ფარგლებში უკვე გამოვიდა პირველი წიგნი, ბალზაკის “შაგრენის ტყავი”. რომ დავფიქრდეთ ჩვენი ცხოვრება ძალიან ჰგავს შაგრენის ტყავს. ისევე როგორც ის ჯადოსნური ტყავი, ჩვენი ცხოვრებაც ყოველდღე სულ უფრო და უფრო პატარავდება, ერთი ეგაა, ჩვენ ცხოვრებაში სურვილების ასრულების მექანიზმი უფრო რთულადაა მოწყობილი. ამიტომ, სანამ სულ არ გამქრალა “შაგრენის ტყავი” ჯობია ბევრი კარგი წიგნი წავიკითხოთ და რაც მთავარია 50 ცალზე არ გავჩერდეთ. ასე ვფიქრობ უბრალოდ, მეტი არაფერი.

ბოლოს იმასაც გეტყვით, თითოეული ახალი წიგნის გამოცემა მარტო მკითხველს კი არ უხარია, არამედ ლურსმნებსაც. დიახ, ლურსმნებს. ისინი მუდამ მოხარულები არიან როცა მათ კედელში აჭედებენ და ზედ წიგნის თაროებს კიდებენ, თაროებზე კი ბევრ წიგნს აწყობენ. მსგავსი მოვალეობა მათთვის ნამდვილი ნეტარებაა. აბა თქვენ ლურსმანი უბრალო რკინის ნაჭერი გეგონათ? ქართველ მხატვარ, ავთო ვარაზს აქვს ნათქვამი: ლურსმანზე დაკიდულ ნახატთან ერთად, მხატვრის ცხოვრების ნაწილიც კიდიაო. დაფიქრდით, რამხელა პაუხისმგებლობა აკისრიათ ლურსმნებს.

ხოდა, თუკი ლურსმანზე შეიძლება ნახევარი ცხოვრების “ჩამოკიდება”, მაშინ რა გასაკვირია დიდი ზომის ოთხკუთხედი ფორმის საგანი მცირე ზომის ცილინდრში რომ ჩავდოთ, ნაწილობრივ მაინც.

ფართოდ დაბრმავებული თვალები

უხსოვარ დროს, დედამიწის ერთ პატარა კუთხეში ყველანაირი ადამიანური გრძნობა, ემოცია, თვისება და ხასიათი შეიკრიბნენ. ცოტა ხანში მოწყენილობამ წასვლა დააპირა როცა სიგიჟემ თქვა: მოდი, დამალობანა ვითამაშოთო. ინტრიგამ კოპები შეკრა – ეგ რაღა თამაშიაო. სიზარმაცემ თქვა მეზარებაო, სიამაყემ იუკადრისა – არაო, მე არ შემეფერებაო. სიმართლემ დამალვას რა აზრი აქვს, მაინც ვერსად დაიმალებიო. სამაგიეროდ ენთუზიაზმი ეიფორიასთან ერთად აცეკვდა, სიხარულმა ხტუნვა დაიწყო. ბოლოს მაინც დაიწყეს დამალობანას თამაში.

პირველად სიგიჟე დაიხუჭა და მილიონამდე დაიწყო თვლა, სხვები დასამალად გაიქნენ. რწმენა ცაში აფრინდა, ტრიუმფი ყვლაზე მაღალ ხეზე აძვრა, დამოკიდებულება მის ჩრდილს შეეფარა და იქ დაიმალა. ვნება ვულკანის კრატერში გაუჩინარდა. გულმავიწყობაც დაიმალა სადღაც, მაგრამ ახლა რომ ჰკითხოთ აღარ ახსოვს სად. კეთილშობილებამ ბევრი იდეალური ადგილი მონახა დასამალად მაგრამ ყველა თავის მეგობრებს დაუთმო. სიყვარულმა ბევრი იხეტიალა და ვარდების ბუჩქნარში მიიმალა.

999 998, 999 999, მილიონი, დაიძახა სიგიჟემ, თვლა დაამთავრა, თვალები გაახილა და დანარჩენების ძებნას შეუდგა. პირველი სიზარმაცე იპოვა, რომელიც იქვე, მის უკან დაგდებულ ლოდს ეფარებოდა. ვნებაც ადვილად შენიშნა ამოფრქვეული ვულკანის ლავაში. სევდა მიყრუებულ ადგილას, გამოქვაბულში ნახა. სილამაზე გამჭვირვალე და ცქრიალა ნაკადულის ძირში იპოვა, იქვე კი ორჭოფობა იდგა ღობესთან და ვერ გადაეწყვიტა ღობის რომელ მხარეს დამალულიყო.

მოკლედ, სიგიჟემ ყველა მოთამაშე იპოვა სიყვარულის გარდა. სად არ ნახა, სად არ ეძება მაგრამ ვერსად მიაგნო. ბოლოს როგორც იქნა ვარდის ბუჩქნარს მიადგა, ხელით ტოტები გადასწია და ამ დროს ყვირილის ხმა შემოესმა. თურმე ვარდის ბასრი ეკლები სიყვარულს თვალებში შერჭმია. ასე დაბრმავდა სიყვარული. სიგიჟე ძალიან შეწუხდა. გრძნობდა რა დიდ პასუხისმგებლობას მომხდარის გამო, სიყვარულს დაპირდა: ამიერიდან გვერდიდან აღარ მოგშორდებიო. მას შემდეგ სულ ხელიხელჩაკიდებულნი დადიან სიგიჟე და სიყვარული.

აი, ასეთ სახალისო იგავს ვკითხულობდი (რომელიც შემოკლებულად მოგიყევით) და გავიფიქრე – ეს იგავი ყველა შეყვარებულმა უნდა იცოდეს. კი, ბევრმა იცის რომ სიყვარული ბრმაა, მაგრამ ფაქტობრივი (იგავური) მტკიცებულებები მაინც სულ სხვაა. უკვე ვაპირებდი თქვენთვის მერჩია წერილის სახით მიწერეთ შეყვარებულებს მეთქი, როდესაც შემთხვევით ჟან–ჟაკ რუსოს რჩევას წავაწყდი სასიყვარულო წერილის დაწერის სტილის თაობაზე. ის ამბობს:

სასიყვარულო წერილების წერა ასეა საჭირო: წერა ისე უნდა დაიწყო რომ არ იცოდე რისი თქმა გსურ, ხოლო ისე უნდა დაამთავრო რომ ვერ გაიგო რა დაწერე.

ყოჩაღ ჟან–ჟაკ ფრანგო, კარგი ფორმულირებაა. აქდან გამომდინარე ჯობია ზეპირად მოუყვეთ იგავი თქვენს რჩეულებს. მე კი ისე მომეწონა რუსოს გამონათქვამი, რომ ჩემ ვირტუალურ ნაცნობს, “არავინ”–ს შევეხმიანე და შევთავაზე – იქნებ ასეთ სტილში მისწერო სასიყვარულო წერილი შენს ჰანას მეთქი. თავიდან იუარა, მერე კი დამთანხმდა. მაშ ასე, წერილი ჰანას:

დიდი ხანია არაფერი არ მომიწერია, შენც სდუმხარ. არც კი ვიცი რა გითხრა. არა, სათქმელი ბევრი მაქვს მაგრამ… ან რა აზრი აქვს რომ გითხრა. მომისმენ მაინც? შენი “ფეისბუქის” კედელზე უკვე “სხვა” პოსტავს მუსიკალურ ლინკებს. მე სულ შენზე ვფიქრობ, მაგრამ აღარ მინდა კიდევ ვიფიქრო. მიყვარხარ. ჯობია არ მიყვარდე. ვიცი, შენ სულ არ ფიქრობ ჩემზე. დაგივიწყებდი რომ შემეძლოს. მორჩა, აღარ მიყვარხარ. ჩვენი ურთიერთობიდან ისევე არაფერი არ გამოვა, როგორც ამ ჩოჩორიდან ზებრა არ გაიზრდება. მაგრამ რომ მიყვარხარ? მშვიდობით. უკვე მენატრები.

აშშ–ს შტატ ჯორჯიაში დაიბადა ჩოჩორი, დაიბადა მაგრამ რა დაიბადა! ჩოჩორის დედა ვირია, მამა კი ზებრა. პატარას ოთხივე ფეხი ზებრისებურად აქვს მოხატული, სხვა მხრივ კი ძალიან ჰგავს დედიკოს. ხასიათით რომელ მშობელს დაემსგავსება ჯერ ძნელი სათქმელია.

არ ვიცი როგორ გაგრძელდება ჰანას და არავინის ურთიერთობა, მაგრამ ის კი ფაქტია, ხშირად ის ასეთი წერილით სრულდება:

ძვირფასო ემი, იმედია, შინ ყველაფერი რიგზე დაგხვდება. ენს გადავეცი შენი განკარგულებები და რომ ჩამოხვალთ, სადილი გამზადებული იქნება შენთვის და ბავშვებისთვის. მე არ დაგხვდებით. გადავწყვიტე ცალკე ვიცხოვრო და ამ დილით პარიზს მივემგზავრები. ამ წერილს იქიდან გამოგიგზავნი. უკან აღარ დავბრუნდები. ჩემი გადაწყვეტილება საბოლოოა. მარად შენი ჩარლზ სტრიკლენდი

წერილი მოყვანილია სომერსეტ მოემის წიგნიდან “მთვარე და ექვსპენიანი”.

ეს კაცი არ გინახავთ?

დაღამდა. ძილის დროა. ის საწოლთან მიდის, ბალიშს ასწორებს, საბანში ძვრება, კედლისკენ ტრიალდება და იძინებს. მერე სიზმრის დრო დგება. სიზმარში კაცი ესიზმრება რომელიც ადრე არ უნახავს, მაგრამ მის სახეს კარგად ხედავს. კაცი მასთან ახლოს მიდის და რჩევებს აძლევს, ასწავლის როგორ უნდა მოიქცეს, ეხმარება. ასე გრძელდება მრავალი ღამის განმავლობაში და ის უკვე ფიქრობს რომ ეს კაცი მხოლოდ მას ეკუთვნის, მაგრამ ყველაფერი ასე მარტივად არაა.

2006 წელს, ცნობილ ნიუ–იორკელ ფსიქიატრს,  პაციენტმა კაცის პორტრეტი დაუხატა და უთხრა რომ ეს კაცი მას ხშირად ესიზმრება. (პოსტის დასაწყისში უკვე მოგიყევით ამ პაციენტის სიზმარი) რამდენიმე დღის შემდეგ ექიმთან მისულმა სხვა პაციენტმა შემთხვევით დაინახა სურათი და მანაც თქვა რომ ეს კაცი ხშირად ესიზმრებოდა. ექიმმა სურათი კაცის გამოსახულებით თავის კოლეგებს გაუგზავნა და სულ მალე გამოჩნდნენ სხვა ადამიანები, ვისაც ასევე ესიზმრებოდათ უცნობი. ამავდროულად ყველა ამბობდა რომ რეალურ ცხოვრებაში მათ ის ნანახი არ ჰყავდათ.

არსებობს საიტი: thisman.org სადაც ბევრი ინფორმაციაა თავმოყრილი ამ უცნაურ ფენომენთან დაკავშირებით. საიტის საშუალებით გაირკვა რომ “ეს კაცი” მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებში მცხოვრებ ათასობით ადამიანის სიზმრებს სტუმრობს. სიზმრებში ის ხან სანაპიროზე გასეირნებას და მზის ჩასვლის ცქერით ტკბობას სთავაზობს მათ და ხან დიდი ქალაქის თავზე დაფრინავენ ერთად.

სპეციალისტები ცდილობენ ახსნან ამ საიდუმლოებით მოცული მოვლენის გამომწვევი მიზეზები. იუნგის თეორიის მიხედვით ეს კაცი ქვეცნობიერის კოლექტიურ არქეტიპს მიეკუთვნება, რომელიც ადამიანისთვის მტკივნეულ თემებზე რეაგირებს. სხვა თეორიის მიხედვით ეს კაცი შეიძლება რეალურად არსებობდეს და ის ადამიანების სიზმრებში შეხწევას სპეციალური ფსიქოლოგიური ხრიკებით ახერხებდეს.

საინტერესოა არა? ჩემთვის საინტერესო იყო და ამიტომაც კიდევ უფრო მეტი ინფორმაციის მოძიება დავიწყე. ცოტა ხანში ყველაფერს ნათელი მოეფინა, თითქოს გათენდაო. არა, “ეს კაცი” არსად მინახავს და არც მისი ასავალ დასავალის შესახებ გავიგე რამე. საქმე იმაშია რომ მთელი ეს ისტორია გამოგონილია! მისი ავტორი კი იტალიელი სოციოლოგი ვინმე Andrea Natella გახლავთ, რომელიც მარკეტინგის სფეროში მოღვაწეობს.

“პარტიზანული მარკეტინგი”, ასე ეწოდება ახალ მიმართულებას მარკეტინგში, რომლის მიზანიც მცირე ფინანსური დანახარჯით მაქსიმალური შედეგის მიღწევაა. როგორც მივხვდი სწორედ პარტიზანული მარკეტინგის რეკლამაა ზემოთ მოთხრობილი ამბავი.  კარგად მოფიქრებული ისტორია ადვილად გავრცელდა ინტერნეტში და ჩემამდეც მოაღწია, მე ის თქვენამდე მომაქვს და ა.შ.

არადა რა კარგი ისტორია იყო, გული დამწყდა ტყუილი რომ გამოდგა. მაგრამ არაუშავს, სამაგიეროდ  “ეს კაცი” არ დამესიზმრება, იმედია.

Written by ჯორჯ პაიკი

ნოემბერი 2, 2010 at 22:04

ცეკვა სკამთან

აქამდე მეგონა, სკამთან მხოლოდ ნასვამები ცეკვავდნენ და დიდ სისულელედ მიმაჩნდა, მაგრამ ვცდებოდი. ამ ქმედებას თურმე ღრმა ფსიქოლოგიური ახსნა ჰქონია. ამაზე ცოტა მოგვიანებით…

საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, მომავალი წლიდან სკოლებში ცეკვის გაკვეთილების ჩატარება სავალდებულო გახდება. “ელემენტარულად, თავის ქორწილში მაინც უნდა შეძლოს ადამიანმა ცეკვა.” – ამბობს პრეზიდენტი. აქვე ერთი ფრაზა მახსენდება ფილმიდან “ლაზარეს თავგადასავალი” – გშია? იცეკვე! ხედავთ, რამდენი სარგებლობის მოტანა შეუძლია ცეკვას. ხუმრობა იქით იყოს და ცეკვა ნამდვილად არ არის ცუდი. თურმე ცეკვა ხელს უწყობს სწრაფი აზროვნების განვითარებას, კომლექსებისაგან განთავისუფლებას და ა.შ.

აბა, ხელი ასწიოს მან, ვისაც ერთხელ მაინც არ უცეკვია სახლში მარტოს, როცა არავინ გიყურებს და ამით დიდი სიამოვნება არ მიეღოს. ხელებს ვერ ვხედავ, ესე იგი ყველას გვიცეკვია.

ცეკვის ცქერაც სიამოვნებაა. აი, მაგალითად გერმანელი მოცეკვავე და ქორეოგრაფი ქალბატონი პინა ბაუში (Pina Bausch 1940-2009), რომელიც თანამედროვე ქორეოგრაფიის მნიშვნელოვან ფიგურად ითვლება. ქალბატონი რომელიც მკაცრი, ასკეტური სტილის ჩაცმულობით გამოირჩეოდა. მას მუდმივად შავი სამოსი და უხეში, მამაკაცური ჩექმები ეცვა. მაკიაჟს არ ხმარობდა, სარკეში კი მხოლოდ სარეპეტიციო დარბაზში იხედებოდა. პინა ბაუშს თავისი მოღვაწეობის მანძილზე ბევრი კრიტიკის მოსმენა მოუწია. მას აკრიტიკებდნენ ძალადობის და სიკვდილის ამსახველი ექსპრესიული სცენებისთვის, აგრესიული ფემინიზმისთვის, ცეკვის ნორმების დარღვევისთვის. მიუხედავად წინააღმდეგობისა პინა ბაუშის თვითმყოფადმა ხელოვნებამ მყარად დაიმკვიდრა ადგილი მსოფლიო ხელოვნებაში. იმას ვამბობდი, ცეკვის ცქერა სიამოვნებაა მეთქი. ამის ერთ–ერთი მაგალითი პინა ბაუშის ქორეოგრაფიით დადგმული სპექტაკლი “კაფე მიულერი” გახლავთ.

(ეს სპექტაკლის პირველი ნაწილია, სურვილის შემთხვევაში დანარჩენ ნაწილებსაც ადვილად მოძებნით youtube-ზე.)

ალბათ, ბევრმა იცით ბერნარდ შოუს გამონათქვამი ცეკვასთან დაკავშირებით: “ცეკვა, ეს არის ჰორიზონტალური სურვილების ვერტიკალური გამოხატულება.” ბაუშის ცეკვებში კი ადამიანის გრძნობების და განცდების მთელი პალიტრაა წარმოდგენილი. პინა ბაუშისთვის მნიშვნელოვანი ის კი არაა თუ როგორ მოძრაობს ადამიანი, არამედ ის თუ რა ამოძრავებს მას.

სპექტაკლში “კაფე მიულერი” მოქმედება ღამით ხდება. ცარიელი კაფე, ბევრი ცარიელი სკამი და რამდენიმე ადამიანი, რომელთაც იმედი აქვთ დაკარგული. მათ დაკარგული აქვთ სიყვარულის უნარი, რის გამოც სასოწარკვეთილები არიან და თავს მარტოსულ ადამიანებად გრძნობენ. ეს ყველაფერი  სპექტაკლში მხოლოდ ცეკვით არის გადმოცემული, ყოველგვარი სიტყვების გარეში. საჭირო რომ ყოფილიყო, პინა ბაუში ცეკვით მრავალსართულიანი შენობის სახურავზე დაკიდული ადამიანის განცდებსაც გამოხატავდა, რომელსაც ხელზე ფეხს ადგამენ ძირს ჩამოსაგდებად.

ცხადია, სპექტაკლის გმირებს დახმარება ესაჭიროებათ. მართალია სპექტაკლში არიან ასხვა პერსონაჟებიც  რომლებიც მათ დასახმარებლად ბევრს ცდილობენ, თუმცა ყველა მცდელობა უშედეგოდ მთავრდება. ინტერნეტში საინტერესო ინფორმაციას მივაგენი, რომელიც შეიძლება მათ დასახმარებლად გამოდგეს.

ფსიქოლოგიაში არსებობს ფსიქოთერაპიის მიმართულება, რომელსაც გეშტალტ–თერაპია ეწოდება. გეშტალტ (Gestalt) გერმანული სიტყვაა და ფიგურას, მთლიანს ნიშნავს. იდეაში, ადამიანი მის გარშემო არსებულ რეალობას მთლიანობაში აღიქვავს, თუმცა ხდება ისეც, როცა ყველაფრის ერთ მთლიანობაში აღქმა ვერ ხერხდება. (როგორც პაზლის აწყობის დროს) არის დეტალები, რომლებიც ჩვენი ყურადღების მიღმა რჩება. მაგალითად, მიზანი რომელიც დიდი ხნის მაძილზე ვერ განვახორციელეთ, ჩვენში დაუმთავრებელი მთლიანობის (გეშტალტის) სახით რჩება. ასეთი დაუმთავრებელი გეშტალტი ადამიანში შეიძლება ბევრნაირი სახის არსებობდეს, როგორც აუხდენელი ოცნება, ასევე განუხორციელებელი მიზნები, ვერ მიღებული განათლება, სხვისი მოთხოვნით მიღებული გადაწყვეტილება, ურთიერთობები რომლებიც დიდი ხნის წინ დამთავრდა მაგრამ მაინც ზემოქმედებენ ჩვენზე და ა.შ. ასეთი მომენტები ადამიანში სიცარიელის და იმედგაცრუების გრძნობას იწვევს და უარყოფითად მოქმედებს მის ცხოვრებაზე. არსებობს ისეთი დაუმთავრებელი გეშტალტები რასაც უბრალოდ ვერც კი აცნობიერებს ადამიანი.

სწორედ გეშტალტ–თერაპიის მიზანია დაუმთავრებელი გეშტალტის გამოვლენა და მისი დამთავრება. ერთ–ერთი მეთოდი რომელიც ამ მიზნებისთვის გამოიყენება არის “ცარიელი სკამის” მეთოდი. (ასევე გამოიყენება “ცხელი სკამის” მეთოდიც”) “ცარიელი სკამის” მეთოდის მიხედვით, პაციენტის წინ დგავენ ცარიელ სკამს და ეუბნებიან რომ წარმოიდგინოს, თითქოს სკამზე ის პიროვნება ზის ვისთანაც მას ადრე პრობლემები ჰქონდა. ამის შემდეგ პაციენტი “პრობლემასთან” იწყებს საუბარს და ფსიქოლოგის დახმარებით ცდილობს მის მოგვარებას, ანუ დაუმთავრებელი გეშტალტის დამთავრებას. სკამზე ადამიანის გარდა კიდევ ნებისმიერი საგნის, თუნდაც თვისების, ან გრძნობის, მაგალითად სიყვარულის დასმა და დალაპარაკებაა შესაძლებელი.

გამომდინარე იქიდან რომ სპექტაკლში “კაფე მიულერი”, ბევრი ცარიელი სკამია, პერსონაჟებს შეუძლიათ ყველა პრობლემა ერთად მოათავსონ სკამებზე და ერთხელ და სამუდამოდ დაამთავრონ მათთან საუბარი.

პოსტის დასაწყისში სკამთან ცეკვა ვახსენე, თქვენი არ ვიცი და მე წერას მოვრჩები თუ არა, ავიღებ ცარიელ სკამს, წარმოსახვით მასზე იმ ადამიანს დავსვავ რომელიც ხელს მიშლის და ერთი მაგრად ვეცეკვები. თან ყურში ყველაფერ იმას ჩავჩურჩულებ რისი თქმაც აქამდე მინდოდა. იმედია გეშტატლ–თერაპიისა და ცეკვის დახმარებით ყველაფერი კარგად იქნება.

ხელის თხოვნის ტუტორიალი

კადრს მიღმა და კადრს გამოღმა უამრავი ორიგინალურობას მოწყურებული ხერხი არსებობს, რითიც მამაკაცი თავისი საყვარელი ქალის მოხიბვლას ცდილობს და ამ გზით სურს მისი გულის ფეთქვის ხმას უსმინოს დარჩენილი ცხოვრება.

შეყვარებული წყვილის ურთიერთობაში ერთ–ერთი დასამახსოვრებელი მომენტი ხელის თხოვნის ეპიზოდია. ქუჩაში ყვირილი, შუა სპექტაკლის დროს სცენაზე ავარდნა და იქიდან მიმართვა, რადიოში გამოცხადება, ვერტმფრენიდან “პროკლამაციების” გადმოყრა, გზაზე ცეცხლოვანი ასოებით სასურველი სიტყვების აელვარება, პაემანზე თეთრ ცხენზე პრინცის ფორმაში გადაცმული მისვლა, თუთიყუშის ჩუქება… მოკლედ უამრავი ვარიანტი არსებობს.

ოჰ, როგორი ჩათაფლული რომანტიკაა!  ოჰჰჰ, რა ნეტარებაა!!! ოღონდ, არასასურველი პასუხის მიღების შემთხვევაში ეს ყველაფერი ნიკოლოზის სიზმრიდან გამოღვიძებას დაემსგავსება. ნიკოლოზის სიზმარი ხომ გახსოვთ? ფილმიდან “უდიპლომო სასიძო”.

ინტერნეტშიც ბევრი რჩევაა ამ თემასთან დაკავშირებით. იმდენად ბევრი რომ სანამ ყველაფრის წაკითხვას მოასწრებს კაცი, მანამდე ფემინისტები დედამიწაზე მატრიარქატის დაბრუნებას მოასწრებენ და კაცებს აქეთ გვთხოვენ ხელს. რამდენიმე რჩევას მაინც გავეცანი და თქვენც შემოგთავაზებთ, მაგალითად ეს:

“საწოლიდან ადრე ადექი. გადი სამზარეულოში, მოამზადე ვახშამი, მოხარშე ყავა და ეს ყველაფერი სინით მიართვი საწოლში შენს საყვარელ ადამიანს. ვაზაში წითელი ვარდი, შამპანიური. რაც მთავარია ყავის ფინჯანთან პატარა კოლოფის დადება და მასში საქორწინო ბეჭდის ჩადება არ დაგავიწყდეს”. ან, ეს: “შეუკვეთეთ ტორტი წარწერით “გამომყევი ცოლად” და მიართვი საჩუქრად”. თუნდაც ეს: “მოაწყეთ რომანტიკული გასეირნება ღრუბლებში”…

მგონი საკმარისია. ამდენ “ორიგინალურ რომანტიკას” რა გაუძლებს.

ყველაზე მეტად შემდეგი ვარიანტი მომეწონა: შეყვარებულთან ერთად მომენტალური ფოტოს გადამღები აპარატის კაბინაში შედით, კარგად მოთავსდით, მომართეთ მოწყობილობა და მაშინ როცა ობიექტივიდან ჩიტი დააპირებს გამოფრენას მოულოდნელად და მოკლედ უთხარით რომ თქვენ ის გიყვართ… ამ დროს აპარატი ფოტოებს ავტომატურ რეჟიმში გადაიღებს – წამიც დაჭერილია!

პ.ს. ამბობენ, გამეორება ცოდნის დედააო, მაგრამ არავის უთქვავს გამეორება ორიგინალურობის დედააო. ამიტომ დაივიწყეთ ყველანაირი ტუტორიალი და თუ მაინცადამაინც რაიმე ორიგინალურის და რომანტიკულის გაკეთება გინდათ, თქვენ თვითონ მოიფიქრეთ. იყავით რომანტიკული, მაგრამ ნუ დაიწვავთ თითებს სანთელზე, რომანტიკული ვახშმის დროს!

სურათზე მარცხნივ: პუშკინი – ორიგინალურობა; მარჯვნივ: დანტესი – გამეორება;

Written by ჯორჯ პაიკი

ოქტომბერი 1, 2010 at 19:58