e2-e4

დედოფლის ბედნიერებისთვის მებრძოლი პაიკის ბლოგი

Posts Tagged ‘ქალღმერთი ვენერა

ფსიქეა, ანუ სად აქვს ამურს თავის მოფხანვის დრო

with 9 comments

უილიამ ბუგერო "ამური და ფსიქეა" სურათზე კარგად ჩანს, ამურს ორივე ხელი დაკავებული აქვს და რომც უნდოდეს თავს ვერ მოიფხანს. გარდა ამისა სიყვარულის ღმერთს იმდენი შეყვარებული წყვილი ჰყავს მისახედი… სამაგიეროდ მე მაქვს ორივე ხელი თავისუფალი, ასე რომ თავს მოვიფხან და დავიწყებ წერას.

დიდი დრო არ გასულა მას შემდეგ რაც პირველად გავიგე ფსიქეაზე. პირველად მარაოს შესახებ წერის დროს ინფორმაციის ძიებისას მივადექი მას. მივადექი პირდაპირ საწოლში, სადაც იმ დროს, როცა მისი მეუღლე სახლში არ იყო, მივიდა დასავლეთის ქარის ღმერთი ეოლი და კოცნა დაუწყო. მერე მეუღლე დაბრუნდა და ნანახით გაბრაზებულმა ეოლს ფრთები დააგლიჯა. ხმაურზე ფსიქეას გამოეღვიძა, ძირს დაცვენილი ფრთები აიღო და მეუღლის სიმამაცით მოხიბლულმა კეკლუცად განიავება დაიწყო.

ფსიქეასთან დაკავშირებული მთავარი ლეგენდა  კი ასეთია: იყო ერთი მეფე, რომელსაც სამი ქალიშვილი ჰყავდა. მათგან ყველაზე უმცროსი – ფსიქეა – დიდი სილამაზით გამოირჩეოდა. მისი სილამაზის ამბავი მთელ დედამიწას მოეფინა – როგორც ღრუბელი ცას. ეს ყველაფერი ქალღმერთ ვენერას ყურამდეც მიაღწია. ფსიქეას სილამაზის მიმართ შურით შეპყრობილმა ქალღმერთმა მასზე შურისძიება გადაწყვიტა და იმდენი მოახერხა რომ ფსიქეას მამა იძულებული გახდა თავისი ულამაზესი ქალიშვილი მითითებული კლდის ძირში მიეყვანა და დაეტოვებინა, იქ კი გოგონა დრაკონს უნდა შეერთო ცოლად. როცა ფსიქეა მარტო დარჩა კლდის პირას, მოულოდნელად ქარმა დაუბერა და იგი ლამაზ, იდუმალებით მოცულ სასახლეში გადააქროლა. ფსიქეას დღისით უჩინარი არსებები ემსახურებოდნენ, ღამე კი ასევე უჩინარი არსება მასთან მიდიოდა და სიამოვნებას ეძლეოდნენ. ცხოვრობდა ასე ბედნიერად ფსიქეა თავის უხილავ მეუღლესთან ერთად. სანაცვლოდ კი მის წინაშე ფიცი ჰქონდა დადებული, რომ მისი ვინაობის დადგენას არ შეეცდებოდა, რადგან საიდუმლოს გამჟღავნება მათ ტანჯვას და განშორებას მოუტანდა. უმცროსი დის ბედნიერებით  გამწარებულმა უფროსმა დებმა ფსიქია დაარწმუნეს, ვითომდა მისი დრაკონი მეუღლე შეჭმას უპირებდა და სანამ რამე საშინელება მოხდებოდა თავად მიპარულიყო ქმართან და მოეკლა იგი. ერთ ღამეს, დებისგან წაქეზებულმა და საკუთარი ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად, მიცემული პირობა დაივიწყა, მძინარე ქმარს ანთებული ლამფით მიუახლოვდა და სახეზე შეხედა – საწოლში ულამაზესი ჭაბუკი, თვით ამური იწვა. მოულოდნელობისგან გაოგნებულ ფსიქეას ხელი აუკანკალდა, ლამფიდან ცხელი ზეთის წვეთი ამურის სხეულს დაეცა და მძინარე გამოაღვიძა.  პირობის დარღვევით და უნდობლობით შეურაწყოფილმა ამურმა ფსიქეა მიატოვა, გაუჩინარდა. შეწუხებულმა ქალმა აღარ იცოდა რა მოემოქმედებინა. დაეხეტებოდა აღმა – დაღმა და თავის ლამაზ სატრფოს ეძებდა. ბოლოს საკუთარ მტერთან, ვენერასთან მივიდა დახმარების სათხოვნელად. სილამაზის ქალღმერთმა ისარგებლა ფსიქეას უსუსური მდგომარეობით და დახმარების სანაცვლოდ საბრალო ქალს ისეთ დავალებებს აძლევდა, რომლის შესრულება ერთი შეხედვით წარმოუდგენელი იყო. თუმცა ფსიქეა სხვების დახმარებით და რაც მთავარია დიდი სიყვარულის მეშვეობით, ყველა დავალებას ასრულებდა, მიუხედავად ბევრი განსაცდელისა და ტანჯვისა. ერთი დავალების შესრულების დროს ფსიქეას ვენერას ჯადოქრობით ლეთარგიული ძილი დაეუფლა. თითქოს საშველი არსაიდან არ ჩანდა, მაგრამ დამწვრობის შედეგად მიღებული ჭრილობისგან გამოჯანმრთელებულმა და მეუღლისკენ გულმობრუნებულმა ამურმა მძინარე ფსიქეა იპოვა და გამოაფხიზლა. ამის შემდეგ ორივე ზევსთან წავიდნენ და ქალღმერთ ვენერასგან თავდაცვა სთხოვეს. ზევსმა გაიგო რა მათი დიდი სიყვარულის შესახებ, უსიტყვოდ დაეხმარა, ფსიქეას კი უკვდავება მიანიჭა. აი, ასე, დიდი სიყვარულითა და ბრძოლის წყალობით რიგითი მოკვდავი გახდა უკვდავი! შეყვარებულებს შეეძინათ შვილი, რომელსაც სიამოვნება დაარქვეს.

სიამოვნება, ფროიდის თეორიის მიხედვით, ფსიქოლოგიური აპარატის მუშაობის ერთ – ერთი პრინციპია დანარჩენ სამ პრინციპთან ერთად. ის სამი პრინციპი არ ვიცი რომელია, რადგან ფროიდი არ მაქვს წაკითხული. ფროიდი უბრალოდ იმიტომ ვახსენე რომ ჭკვიანი ტიპის იმიჯი შემექმნას. გარდა ამისა არ მაქვს წაკითხული აპულეუსის “მეტამორფოზები, ანუ ოქროს ვირი” სადაც როგორც ამბობენ ვრცლად არის მოთხრობილი ფსიქეას ლეგენდის შესახებ. მიუხედავად ყველაფრისა მე მაინც გავთამამდი და რაც ვიცოდი ის დავწერე. აბა რა ვქნა, როცა წერის სურვილი თავის მოფხანვის სურვილს უტოლდება და თან ამასობაში ორივე ხელი თავისუფალი მაქვს, რამე რომ არ დამეწერა არ შემეძლო.

პ.ს. ქართულ ინტერნეტსივრცეში (რომელიც ინტერნეტვაკუუმი უფროა) საინტერესო სტატიას მივაკვლიე, სადაც კარგად არის დაწერილი ფსიქეას ლეგენდის გარშემო. სტატია შეგიძლიათ თქვენც წაიკითხოთ.