e2-e4

დედოფლის ბედნიერებისთვის მებრძოლი პაიკის ბლოგი

Posts Tagged ‘ვლადიმერ ნაბოკოვი

3D

with 4 comments

სანამ წერილის წერას დავიწყებდი, მანამდე სავარძელში ვიჯექი და ჭერს შევყურებდი. წვიმის წვეთებმა გამოჟონა და ჭერზე სველი წერტილი გაჩნდა, რომელიც ნელ–ნელა იზრდება. ვუყურებდი მის გაფართოება – გაზრდას და იცი რა გამახსენდა? შენს ოთახში კედელი რომ მაჩვენე, სადაც მამაშენი წელიწადში ერთხელ სიმაღლეში გზომავდა და კედელზე ხაზს უსვამდა. როგორ სწრაფად იზრდებოდი ჰანა! ახლა სულ რაღაც ორი ასანთის ღერის სიგრძითღა ჩამომრჩები სიმაღლეში. (ღიმილი)

ცუდია მარტო წერილებით რომ ვახერხებთ ურთიერთობას. ნაბოკოვის “ლოლოტა” გამახსენდა. მანდ ერთი ფრაზაა ასეთი: დედამის მხოლოდ ორგანზომილებიან სივრცეში ხედავდაო. ანუ, მხოლოდ ეკრანზე. მე ეკრანზეც ვერ გხედავ.

სხვათაშორის, საუკუნის ბოლოს თუ კიდევ გამოსცემენ მაგ წიგნს, ფრაზის ბოლოს განმარტების გაკეთება მოუწევს რედაქტორს, რადგან საქმე ისე მიდის რომ მალე ორგანზომილებიანი სივრცე არავის ეცოდინება რას ნიშნავს.

3D ტექნოლოგიების განვითარების პერსპექტივაზე ვკითხულობდი ამას წინათ. კინოში უკვე იკიდებს ფეხს 3D, მალე ტელევიზორებში გვექნება მისით სიამოვნების საშუალება. ექსპერტების აზრით 2014 წელს მსოფლიოს მაშტაბით საერთო რაოდენობის  45% სამგანზომილებიანი ტელევიზორები იქნება. უკვე წლის ბოლოს იგეგმება  ახალი ტექნოლოგიით შექმნილი ტელევიზიის ეთერში გასვლა, სადაც თავიდან ცხოველების შესახებ დოკუმენტურ ფილმებს გაუშვებენ. ESPN კი ივნისში გასამართი ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის მატჩების ტრანსლირებას გეგმავს 3D ფორმატით.

შენ იცი, მე ჯერ არ დამიგემოვნებია 3D და ამიტომ ცოტა მიჭირს წარმოდგენა თუ როგორი შეიძლება იყოს ფეხბურთის რეპორტაჟები. ერთს კი ვფიქრობ, აი, კაგრი მომენტის გაფუჭების შემდეგ ფეხბურთელების დიდი ნაწილი, ზუსტად მაშინ როცა მათ ახლო ხედით გვიჩვენებენ ხოლმე, თავის ემოციას გადაფურთხებით რომ გამოხატავს, საინტერესოა 3D ფორმატში როგორი სანახავი იქნება ეგ მომენტი? არვიცი, უბრალოდ ვიკითხე.

ბელგიაში უკვე გამოდის გაზეთი, (La Derniere Heure) რომელშიც ილუტრაციები სამგანზომილებიანია, მოირგე სპეციალური სათვალეები და ისიამოვნე. სამხრეთ კორეაში მალე გამოუშვებენ წიგნს, საიდანაც, როგორც კვპირდებიან გმირები “გადმოხტებიან”. როდის მომწერ ისეთ წერილს რომ თან გადმოხტე კიდეც?! (ღიმილი)

ექიმები ამბობენ რომ ადამიანების 5%, ვისაც დარღვეული აქვთ თვალების სწორი კოორდინაციის უნარი, მათვის შეიძლება ჯანმრთელობისთვის სახიათო აღმოჩნდეს  სამგანზომილებიანი გამოსახულება. 3D ფილმის ყურების დროს საჭიროა მარცხენა და მარჯვენა თვალი იდეალურად მოქმედებდნენ, ისე კი არა რომ ერთი თვალი ზარმაცობდეს და სხვა მიმართულებით იცქირებოდეს. (როგორც მე მაქვს.)

წავედი მე, ჭერზე სველ წერტილს უნდა დავაკვირდე. მაინტერესებს გახდება თუ არა წვიმის წვეთი სამგანზომილემიანი და დაეცემა თუ არა იატაკზე.

არავინ

:) :( :D :*( :-* O_O looool

with 8 comments

როგორი ნაცნობი სახეა! სიცილაკი, იგივე სმაილიკი, ან თუნდაც უბრალოდ სმაილი. რა იქნებოდა ჩვენი ვირტუალური ცხოვრება სმაილიკების გარეშე?

სიცილაკი მსოფლიომ ერთი ნახვით შეიყვარა! მას არა აქვს სქესი, ეროვნება, მაგრამ ის მთელ მსოფლიოს უყვარს, მასაც ძლიერ ვუყვარვართ! მისი შემქმნელი გახლავთ ამერიკელი მხატვარი-დიზაინერი ჰარვი ბოლი, რომელმაც ნახატი სულ რაღაც ათიოდე წუთში შექმნა ერთ-ერთი კომპანიის დაკვეთით და 45 დოლარი მიიღო ანაზღაურების სახით. თავდაპირველად სიცილაკი მხოლოდ ფირმის თანამშრომლებს ეკეთათ მკერდზე, რათა მათ თავისი საქმე ხარისხიანად და გაღიმებულებს შეესრულებინათ – სმაილმა ეს შეძლო.

ქალაქ ჩელიაბინსკში ადგილობრივმა მოსახლეობამ იცოდა რა, რომ სატელიტიდან მათი ქალაქისთვის ფოტოები უნდა გადაეღოთ Google Earth-ისთვის, ცენტრალურ მოედანზე შეიკრიბნენ და სმაილიკის საშუალებით გამოხატეს თავისი ემოცია.

რაც შეეხება სმაილის ელექტრონულ სივრცეში  გამოყენებას, ეს უკვე სხვა ისტორიაა. 1982 წელს პროფესორმა სკოტ ფალმანმა პირველად იხმარა ორი წერტილის, ტირეს და ფრჩხილის კომბინაცია სმაილის გამოსახატად, მეილის გაგზავნის დროს. აქვე შეიქმნა მოწყენილი სმაილის ვარიანტიც. (რაღა სმაილია თუ მოწყენილია მაგრამ ასე ჰქვია და რას ვიზავთ) აი ეს ისტორიული მეილიც:

🙂 და 😦 შემდეგ კიდევ ბევრი ემოციის გამომხატველი სიმბოლოები გაჩნდა, რომლებსაც დღეს თითქმის ყველა აქტიურად იყენებს ტელეფონით მესიჯების გაგზავნის თუ ინტერნეტში მიმოწერის დროს. ცხოვრებაში ერთხელ მაინც თუ ვერ მიიღებ გულებით და კოცნით სავსე წერილი ისე რა აზრი აქვს ამ ცხოვრებას. 😀

სკოლაში მასწავლიდნენ ენის გაოყოფა არ შეიძლება, უზრდელობააო, მაგრამ ახალა გამოყავით რამდენჯერაც გაგიხარდებათ. 😛 სადღაც ამოვიკითხე, რომ სკოლის მოსწავლეები საკონტროლო სამუშაოებშიც კი იყენებენ თურმე სიცილაკებს. ასე თუ გაგრძელდა არ არის გამორიცხული მალე წიგნის ფურცლებზეც ვიხილოთ ემოციების გრაფიკული გამოსახულებები. (შეიძლება არის კიდეც და მე არ ვიცი) სხვათაშორის ამაზე 60-იანი წლების ბოლოს ლაპარაკობდა ვლადიმერ ნაბოკოვი, რომელიც ამბობდა: მე ხშირად მომდის თავში აზრად, რომ საჭიროა შეიქმნას რაღაც ტიპოგრაფიული ნიშანი, რომელიც გამოხატავს ღიმილს…

წარმოვიდგინოთ, ვითომ გოეთეს ეპოქაში სმაილიკებს იყენებდნენ წიგნის წერის დროს და დაახლოებით ვნახოთ, როგორი სახე ექნებოდა ამ ყველაფერს. ნაწყვეტი წიგნიდან ”ახალგაზრდა ვერტერის ვნებანი”

ივლისის 18–ს.

ვილჰელმ, რა ბედენაა ეს ქვეყანა უსიყვარულოდ… :\ იგივეა, რაც ჯადოსნური ლიფლიფა უსინათლოდ. სინათლის ჩასვლა ამ ლიფლიფაში და წამსვე აირევიან ნაირნაირი ხატებანი შენს თეთრ კედელზე. და იგი უბრალო მოჩვენების მეტი სხვა არა იყოს რა, ხომ ესეც ბედნიერებაა, რომ ჩვენ უმწიფარ ჭაბუკებივით დავდგებით მის წინაშე,  წამიერად აღტაცებულნი ამ ჭრელ–ფეროვან სანახაობით. დღეს ლოტესთან ვერ წავედი. :-/ მიუცილებლად უნდა მენახა ერთი კაცი. მე მსახური გავგზავნე ლოტესთან, რათა დღის განმავლობაში ახლოს მყოლოდა ისეთი, რომელიც მის სიახლოეს იყო დღეს. მოუთმენლად მოველოდი მის დაბრუნებას. სირცხვილი, *^_^* რომ არ მეკრძალვოდეს, მე მას ვაკოცებდი.  :-* ალბათ შენც გსმენია ბონონიური ქვის შესახებ. თურმე ამ ქვას მზვარეში დასდებენ, მზის სხივებს იტაცებს და ამ მოტაცებულ სხივებს ღამითაც ავრცელებს. ასეთი რამ შეემთხვა ამ ვაჟსაც. იმის შეგნება, რომ რამდენიმე საათის წინ, ლოტეს მზერა , ლოტეს თვალები ❤ მის სერთუკს, მის სახეს, მის სახელოს მოხვდბოდა, ალბათ, ამ მსახურს რაღაც სიძვირფასის შარავანდედით მოსავდა ჩემს თვალში. მე დამამწუხარა მის სიახლოემ. (v_v) ვილჰემ, ეს წამიერი შვებაც ხომ მოჩვენება არ არის? (>_>)

O_O

დიდი ბოდიში მომიხდია გოეთეს წინაშე ასე კადნიერად რომ შევეხე მის ქმნილებას. დარწმუნებული ვარ დიდი გერმანელი საჭიროების შემთხვევაში უფრო კარგად გამოიყენებდა სმაილიკებს, მაგრამ მე მირჩევნია სმაილები ინტერნეტ სივრცეში დარჩნენ და იქ გამოხატონ თავისი ემოციები…

ეს ადამიანი, სიცილაკებით იუმორისტულ ისტორიას მოგვიყვება:

იგივე ვიდეო რუსული სუბტიტრებით.

მორჩა. 🙂